„მაზაკვალი“, „ბოლი“, „ვოზდუხი“, „კოკაინშჩიკი“, -ეს წინასაარჩევნო რიტორიკაა, თანაც გახარიასთან მიმართებით.
ბოლო პერიოდში ხუმრობენ კიდეც, ქვეყანაში რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერში გახარიას ადანაშაულებენ, ანუ ქათამივით ყველაფერზე მიაკლავენ ხოლმეო. უკვე კახა კალაძეც ღარიბაშვილის ტონალობაში გადავიდა გახარიასთან მიმართებით. მანამდე კალაძე პოლიტკორექტული იყო, ახლა დაარღვია ეს კორექტულობა და ხან ის ვერ გაიგო, რისთვის მივიდა „მაზაკვალი“ მასთან, სათქმელის თქმა ხომ ტელეფონითაც შეიძლებოდა, ხან ნარკოტესტირებაზე ალაპარაკდა იმ „იმედით“, გახარია ნარკოტიკზე დამოკიდებული ხომ არ არისო, ხანაც დებატებს თითქოს დათანხმდა იმ მოტივით, რომ მისთვის არაფრით განსხვავდება გახარია რიჩარდისგან, ან ანა დოლიძისგან და მელიასგან, ხან კი უარი თქვა პერსონალურად გახარიასა და მელიასთან დებატებზე და ყველა კონკურენტთან ერთობლივი დებატები მოისურვა.
რას ნიშნავს წინასაარჩევნო რიტორიკისთვის გაღებული ხარკი?
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნოდ გიორგი გახარიასთან მიმართებით რიტორიკის დამძიმება ნამდვილად იგრძნობა. მისი აზრით, ასეთი ამბავი რომ მომხდარიყო ევროპაში, ანუ ყოფილი პრემიერი წასულიყო ოპოზიციაში, იქ მას მოღალატეს არავინ დაუძახებდა და მის ნარკოშემოწმებას არავინ მოითხოვდა, არავინ იტყოდა, რომ გახარია ადრე არ იყო ნარკომანი და ამ ბოლო პერიოდში განარკომანდაო. სოსო ცინცაძის აზრით, ეს ყველაფერი სისულელეებია, ეს ზომაგადასული აღვირახსნილი პროვინციალიზმია. არავითარი პოლიტიკური კულტურის ნასახი აღარ არის, საქართველო დაცლილია პოლიტიკური კულტურისგან, სადღაა ჯენტლმენური ურთიერთობები.
„ყოველთვის ძლიერს ებრძვიან, სუსტს არავინ ებრძვის, არავინ არ დააბრალებს ნარკომანობას ორკაციანი პარტიის ლიდერს და არ მოითხოვს, წავიდეს და ნარკოტესტი გაიკეთოსო. არავინ დააბრალებს ნიგერიელ მერობის კანდიდატს - ოგბუნუჯუს ნარკომანობას და არ ეტყვიან, წადი, ტესტი მოიტანეო. გახარიას კი დიდი შანსი აქვს, ეს კარგად იციან, რომ არ იცოდნენ, მაშინ გახარიას წინააღმდეგ გააფთრებული შეტევა არ იქნებოდა. მთავარი მაინც ის არის, რომ ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს თაობა, რომელიც გაირყვნა და არავითარი პრინციპი არ გააჩნია. მეც არავითარი სამადლობელი არ მაქვს სააკაშვილის მიმართ, მის დროს დიპლომატიური აკადემია გაუქმდა, მაგრამ, ვინაიდან მან თვითონ დამიძახა და მთხოვა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეობა, ჯენტლმენური პრინციპი არ მაძლევს იმის უფლებას, მასზე ცუდი ვთქვა, არც კარგს ვამბობ, არც ცუდს, მაგრამ ეს, ეტყობა, ჩემს თაობასთან ერთად იკარგება. დღეს უკვე არავითარი ჯენტლმენობა აღარ არის. ელემენტარულად, ადამიანს ლანძღავენ, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ძმობას ეფიცებოდნენ. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა პირადი ურთიერთობა ჰქონდათ გახარიასთან, როგორ მეგობრობდნენ, დღეს კი იძახიან, ჩვენ მას ზურგსუკან „ბოლს“ ვეძახდითო, არასდროს არ მოგვწონდა ეგო, ამ დროს ვაზელინით იყვნენ მის წინაშე. ყველაფერს თავი დავანებოთ, ეს ზიზღს იწვევს, მეტს არაფერს“, - აცხადებს სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნოდ ადამიანები იქცევიან ისე, როგორც ჩვეულებრივ დროს არ მოიქცეოდნენ. მისი თქმით, კალაძე ყოველთვის ცდილობს, კორექტული იყოს. ღარიბაშვილი კი იმით გამოირჩევა, რომ ყოველთვის პირდაპირი და ხისტია. ასევეა ირაკლი კობახიძეც, ის რაჭველია, რაჭველი და ქიზიყელი დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, ორივე პირდაპირი და ჯიუტია. ისინი იმერულ დიპლომატიას ვერ ამჟღავნებენ.
„გააჩნია, ვის რა მოსწონს, ზოგს კალაძის რიტორიკა მოსწონს, ზოგს ღარიბაშვილის. გახარია რომ სუფთა მეგრელია, ესეც შესანიშნავად ჩანს. „მაზაკვალი“ ქიზიყური შეფასებაა ამ ტიპის ადამიანის დასახასიათებლად, ეს შეფასება მთლად ობიექტური არ არის, მაგრამ ერთი რამ უდავოა, გახარიამ უპატიებელი რამ ჩაიდინა, ცუდი პრეცედენტი შექმნა, მართალია, ახლა ცდილობს, ეს ვითარება გამოასწოროს, მაგრამ პარტიასთან და მის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა ერთია, ეს მისი პოლიტიკური ნებაა, მაგრამ, როცა პრემიერ-მინისტრი ხარ და ამ მოტივით გადადგები, რომ კანონს არ ასრულებ, ძალიან მძიმე საქციელია“, - გვითხრა დავით ზარდიაშვილმა და კახა კალაძის წინასაარჩევნო რიტორიკასაც შეეხო.
მისი შეფასებით, კახა კალაძე არ არის ისეთი, მაინცდამაინც შეურაცხყოფა მიაყენოს ადამიანს, ზოგჯერ კი უთქვამს, „მთაწმინდიდან გამოექანოსო“ და რაღაც ამის მსგავსი, ასევე, უყვარს, „ტო“-ს დამატება ნათქვამისთვის, მაგრამ უფრო იუმორში გადადის მისი ნათქვამი, ლანძღვა-გინებაში არაა შემჩნეული, ამ თვალსაზრისით, ვერ აჯობებს ღარიბაშვილს.
მთლიანობაში, დავით ზარდიაშვილი ფიქრობს, რომ არჩევნებმა შეცვალა ყველანი, რა თქმა უნდა, პოზიციონირება არჩევნების დროს უფრო მკაფიოა ხოლმე. რასაც არჩევნებამდე არ იტყვი და არ მისცემ თავს ამის უფლებას, არჩევნებზე შეიძლება თქვა, „ისე, ღარიბაშვილი ყოველთვის ხისტი იყო და ასეთად რჩება“.