„რა კომპრომატები უნდა დაუდო ამომრჩეველს, რომ უარი თქვას მმართველ გუნდზე და დათანხმდეს „ნაციონალების“ ხელისუფლებაში მოსვლას?!“

„რა კომპრომატები უნდა დაუდო ამომრჩეველს, რომ უარი თქვას მმართველ გუნდზე და დათანხმდეს „ნაციონალების“ ხელისუფლებაში მოსვლას?!“

„ვინც სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს, კომპრომატების სახით, ალბათ, ყველა ვარაუდობს, რომ ამომრჩეველზე გავლენას იქონიებს, რაც ძნელი სათქმელია. როდესაც რაღაც ჭარბად არის, ის გავლენის უნარს კარგავს. ამას ხშირად ვერ ხვდებიან და თავისას აკეთებენ. ვფიქრობ, დარჩენილ დროში კიდევ დაიყრება მასალები, სადაც მაკომპრომენტირებელი ინფორმაცია იქნება განთავსებული, ეს ჩვენი არჩევნების კანონია“, - ასე შეაფასა ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან წინასაარჩევნო პერიოდი.

ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულმა მასალებმა, რომელმაც სავარუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იმოქმედა. როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, კიდევ გამოქვეყნდეს ისეთი ჩანაწერები, რაც ასევე მმართველი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ იმუშავებს?

- მმართველი გუნდის წინააღმდეგ კომპრომატების გამოქვეყნება არ არის ახალი, თითქმის ყოველთვის ქვეყნდებოდა 2012 წლის შემდეგ, თუმცა, მაინც მმართველი გუნდი რჩებოდა მმართველობაში და ოპოზიცია ვერ იმარჯვებდა და ეს მხოლოდ წინასაარჩევნო ინფორმაციასა და კომპრომატებზე არ არის დამოკიდებული. როდესაც მხარე კომპრომატებს აქვეყნებს, ვისზედაც კიდევ უფრო დიდი კომპრომატები არსებობს გამოუქვეყნებლადაც („ნაციონალებს“ ვგულისხმობ, რომლის 9-წლიანი მმართველობის მაკომპრომენტირებელი ამბები ყველას ახსოვს), ამის ფონზე, რა კომპრომატები უნდა დაუდო ამომრჩეველს, რომ მან გადაწყვიტოს, უარი თქვას მმართველ გუნდზე და დათანხმდეს „ნაციონალების“ ხელისუფლებაში მოსვლას?! - ძნელი წარმოსადგენია ასეთი რამ.

ნარკოტესტთან დაკავშირებით, მთავრობის ყოფილი მეთაურის, გიორგი გახარიას ირგვლივ ატეხილმა აჟიოტაჟმა, რომლის სათავეშიც „ქართული ოცნებაა,“ თითქოს ხელი შეუწყო პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის პოპულარობას. თქვენი აზრით, იმ სკანდალური განცხადებების შემდეგ, რომელიც ირაკლი კობახიძისგან მოვისმინეთ, მეტი მხარდამჭერი და გულშემატკივარი ხომ არ გამოუჩნდა გიორგი გახარიას?

- გახარიას თემას რამდენიმე ფაქტორი აქვს, - ერთი გახლავთ „ქართული ოცნება“ და მის მიერ ნათქვამი და გამოქვეყნებული ინფორმაცია, მეორე არის თვითონ გახარია, - გახარიას მიმართ დამოკიდებულება იქნება ამ ორ ფაქტორზე დამოკიდებული. რა თქმა უნდა, მოქმედებს ის, რასაც ამბობს მმართველი პარტია, მაგრამ მეორე მხრივ, მათი ეს გამძაფრებული ბრძოლა გახარიას წინააღმდეგ, ამომრჩეველში აჩენს გრძნობას, რომ გახარია „ქართული ოცნების“ არ არის. არც „ნაციონალები“ არიან კეთილგაწყობილი გახარიას მიმართ და ისინიც ცდილობენ მის დისკრედიტაციას. თუ არც „ნაციონალების“ და არც „ოცნების“ არ არის, მაშინ უზარმაზარი რესურის არის იმ ადამიანების ხმები, ვისაც არც ერთი პარტია არ უნდა, ეს ხმები უფრო მეტად დაიძრება გახარიასკენ. თუმცა, კვლავ ვიმეორებ, აქ მნიშვნელოვანია გახარიას მიერ გადადგმული ნაბიჯები. ვფიქრობ, მან გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც არ უნდა გადაედგა.

კონკრეტულად, რომელ ნაბიჯებს გულისხმობთ?

- მაგალითად, ნარკოტესტთან დაკავშირებით - 16 კანდიდატიდან არავის გაუკეთებია, მხოლოდ გახარიამ გადადგა ნაბიჯი - როგორც დანარჩენ კანდიდატებთან ჩაიარა, ისე ჩაივლიდა მასთანაც. ასევე, შეცდომა მიმაჩნია ის, რომ გახარია ჩაერთო მერობისთვის ბრძოლაში. ძალიან ძლიერი კანდიდატურაა კახი კალაძე და რატომ უნდა დაეჯახო მას მაშინ, როდესაც მერობას არც გახარია აპირებდა ხალხის თვალსაზრისიდან გამომდინარე! საზოგადოებას მიაჩნდა, რომ გახარია ცენტრალური ძალაუფლების, ანუ პრემიერობისთვის მებრძოლი პოლიტიკური ფიგურაა და არა მერობისთვის. ამ გადაწყვეტილებამ, გარკვეულწილად, დააგდო მის მიმართ მოლოდინები.

გიორგი გახარიას შესაძლოა მესამე, ალტერნატიული ძალა ვუწოდოთ?

- ყველა გამოკითხვით მესამე გახარიაა. მისი ფიგურა სერიოზული განხილვის საგანი უნდა იყოს. „ქართული ოცნება“ მას განიხილავს სერიოზულად და იმიტომ აქვს ეს ბრძოლა მის წინააღმდეგ. გააჩნია როგორ დამთავრდება ეს არჩევნები, რომელშიც გახარია ჩაერთო. თუ მან დაძლია ყველა და გაიმარჯვა, რაც თითქმის გამორიცხული მგონია, სულ სხვა იქნება მის მიმართ დამოკიდებული 2024 წლისთვის, თუ მელიასა და კალაძესთან დამარცხდა, სულ სხვაა. ძლიერი მარცხი პოლიტიკოსისთვის მძიმე იარლიყია, რომელიც ქვემოთ ექაჩება. არის შუალედური შედეგი: გახარიამ შეიძლება დაძლიოს მელია და დამარცხდეს კალაძესთან. ასეთ შედეგს შეიძლება არ ჰქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა, რადგან კალაძესთან მარცხი მოულოდნელი არ იქნება საზოგადოებისთვის. მელიაზე გამარჯვება იქნება უკვე იმის მკაფიო არგუმენტი, რომ „ნაციონალების“ წინააღმდეგია მერობის შემთხვევაშიც.

არის თუ არა გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი?

- თავში მეც გამოვთქვი აზრი, რომ ის ივანიშვილის პროექტია, იქიდან გამომდინარე, რაც წასვლის წინ მან თქვა, მაგრამ შემდეგ ისეთი მძაფრი ბრძოლა გაიმართა „ოცნებასა“ და გახარიას შორის, ამ ბრძოლაში კი ივანიშვილი თავისი განცხადებით ჩაერთო „ოცნების“ მხარეს, ამ ფონზე ივანიშვილს გახარიას სცენარი არ დაუწერია და გახარია მართლაც თვითონ მოქმედებს.

გიორგი გახარიას ასევე უწოდებენ „რუსულ პროექტს...“

- ვისაც ეს იარლიყი აქვს გახარიასთვის, იმათ დავაკვირდეთ, ეს „ნაციონალების“ იარლიყია. ისინი ამბობენ, რომ ივანიშვილია რუსული პროექტი, ამ შემთხვევაში გახარია რაღა საჭიროა? - ვინც ამოტივტივდება, ყველას მიაკრავენ, რომ „რუსული პროექტია.“

უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში „ქართული ოცნებისა“ და დასავლეთის ურთიერთობა გარკვეუწილად გაფუჭდა. ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამის ფონზე, დასავლეთმა გახარიას ფიგურა წამოწია წინ? - აღსანიშნავია ისიც, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი აშშ-ში იყო...

- დასავლეთი ოდითგანვე ოპოზიციას ეძებს, მათ სურთ მჭიდრო ურთიერთობა იმ ძალებთან, რომლებიც, შესაძლოა, მოვიდეს ხელისუფლებაში: - მხოლოდ ხელისუფლებასთან კი არ გვაქვს ურთიერთობა, იმ პოლიტიკურ ზედა ფენასთანაც, ეს შეიძლება იყოს ხელისუფლება, ოპოზიცია, რომლებმაც შესაძლოა ჩაანაცვლონ ერთმანეთი, - სტრატეგიულად გამართული სურათია დასავლეთის მხრიდან. ნუ გაგვიკვირდება, რომ მის ყურადღების ცენტრში გახარიაც მოექცევა. ეს არ არის უნიკალური მოვლენა, მხოლოდ გახარიას მიმართ გაჩენილი. ეს არის დასავლეთის ზოგადი სტრატეგია, რომელშიც უკვე გახარიაც ფიგურირებს. უნდა ითქვას ისიც, რომ გახარიას კარგი შეხვედრები ჰქონდა და კარგი რეაქციები დასავლეთის იმ ფიგურებთან, ვისთანაც შეხვედრა მოაეხერხა.