თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი უფრო მეტი რუსული თავდაცვის სისტემის შეძენას გეგმავს.
„მომავალში ვერავინ ჩაერევა იმ თვალსაზრისით, თუ რა სახის თავდაცვის სისტემებს შევიძენთ, რომელი ქვეყნიდან და რა დონეზე. ვერავინ ჩაერევა ამაში. გადაწყვეტილებებს მხოლოდ ჩვენ მივიღებთ“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა ტელეკომპანია CBS News-თან ინტერვიუში.
23 სექტემბერს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები ჯანსაღი არ არის.
„ვერ ვიტყვი, რომ თურქეთისა და ამერიკის ურთიერთობებში ჯანსაღი პროცესები მიმდინარეობს. ჩვენ ვიყიდეთ F-35-ი, გადავიხადეთ 1.4 მილიარდი დოლარი და ეს ავიაგამანადგურებლები ჩვენ არ მოგვცეს. აშშ-მა თავდაპირველად ეს საკითხი უნდა მოაგვაროს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თუ ვაშინგტონი ანკარას არ დაეხმარება, თურქეთი თავდაცვით საჭიროებებს სხვაგან დააკმაყოფილებს.
21 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ აშშ თურქეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს, თუ ანკარა რუსეთისგან სამხედრო ტექნიკის შეძენას განაგრძობს.
28 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თურქეთსა და სხვა მოკავშირეებს მოუწოდა, რუსეთისგან შეიარაღების შეძენაზე უარი თქვან.
12 თებერვალს, თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ ოფიციალური ანკარა რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის საკითხში უკან არ დაიხევს.
2020 წლის 14 დეკემბერს, რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის გამო, აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სამმართველოსა და მის ხელმძღვანელს, ისმაილ დემირს.