„თალიბანმა“ ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში დალაქებს კაცებისთვის წვერის შეჭრა და გაპარსვა აუკრძალა, რადგან ეს ისლამის კანონების მათ ინტერპრეტაციას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ BBC წერს.
„თალიბანის“ რელიგიურ პოლიციაში კი განაცხადეს, რომ ნებისმიერი, ვინც ამ წესს დაარღვევს, დაისჯება. ჰელმანდში, სალონებზე განთავსებულ განცხადებებში აღნიშნულია, რომ დალაქებმა შარიათის კანონები უნდა დაიცვან და ჩივილის უფლება არავის აქვს.
დედაქალაქ ქაბულში რამდენიმე დალაქმა განაცხადა, რომ ანალოგიური ბრძანება მათაც მიიღეს. ისინი აცხადებენ, რომ ახალი წესები მათ ბიზნესს აზარალებს.
როდესაც „თალიბანი“ ავღანეთს პირველად მართავდა (1996-2001 წლებში) წვერის შეჭრა აკრძალული იყო, თუმცა რეჟიმის დამხობის შემდეგ სალონებში დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ.