რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავიაკომპანიებს ავღანეთში საერთაშორისო ფრენების განახლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ „თალიბანის“ მთავრობის საგარეო უწყებაში განაცხადეს.
„ვინაიდან ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში არსებული პრობლემები მოგვარებულია და აეროპორტი სრულად ფუნქციონირებს საშინაო და საერთაშორისო ფრენებისთვის, ავღანეთის ისლამური საამირო ყველა ავიაკომპანიას არწმუნებს, რომ სრული თანამშრომლობისთვის მზად არის“, - განაცხადა „თალიბანის“ მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
4 სექტემბერს, ქაბულის აეროპორტი კვლავ გაიხსნა. ასაფრენი ბილიკი, რომელიც აფეთქებისას დაზიანდა, აღდგინეს. შესრულდა ორი შიდა ფრენაც - მაზარ-ი-შარიფისა და ყანდაარის მიმართულებით.