წინა კვირას გავრცელდა ცნობა, რომ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდის კაპიტანმა და ცენტრალურმა თავდამსხმელმა ზაზა ფაჩულიამ მუხლის ოპერაცია გაიკეთა და მწყობრში მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ დაბრუნდება. დიდია ალბათობა რომ ევროპის პირველობაზე ჩვენი ქვეყნის ნაკრები ზაზას გარეშე იასპარეზებს. ფაჩულია გუნდისთვის დიდი ძალაა და მისი გამოკლებით ქართველთა სასლოვენიო შანსები მეტად მცირდება.
გასულ წელს ერთ-ერთ ქართველ კალათბურთის სპეციალისტს ვესაუბრე და ამ პიროვნებამ ერთი მოსაზრება გამაცნო: „ამჟამინდელი თაობა კარიერას 3-4 წელიწადში დაასრულებს. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, სამწუხაროდ მათ შემცვლელებს ვერ ვხედავ. ღმერთმა დაიფაროს და ნაკრების რამდენიმე წევრმა ტრავმა რომ მიიღოს, გუნდი შესამჩნევად დასუსტდება“.
რამდენიმე დღის წინ ნაცნობი სპორტული ჟურნალისტი შემხვდა და ქართული კალათბურთის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ვილაპარაკეთ. არ დაგიმალავთ, ამ თემაზე კამათიც მოგვივიდა და ბოლოს ერთ საერთო აზრამდე მივედით: ბოლოდროინდელი სანაკრებო წარმატებების მიუხედავად სპორტის ეს სახეობა ვერ ვითარდება.
რა ხდება ქართულ კალათბურთში? სწორი მიმართულებით მივდივართ, თუ პირიქით, რეგრესის გზას ვადგავართ? დღევანდელ წერილში სპორტის ამ სახეობის შესახებ მექნება საუბარი. მკითხველს მოვახსენებ, რომ ამ თემის ირგვლივ საკუთარ მოსაზრებებს შემოგთავაზებთ.
კალათბურთი სპორტის ის სახეობაა სადაც ბოლო პერიოდში ქართველებმა გარკვეულ წარმატებებს მივაღწიეთ. ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეორედ ევროპის პირველობის ფინალურ სტადიაზე იასპარეზებს. ამ მაჩვენებლით კონტინენტის არაერთ ქვეყანას მნიშვნელოვნად ვუსწრებთ. სახურავი კარგი კი გვაქვს, მაგრამ საძირკველის რა მოგახსენოთ.
ეროვნული გუნდის მოთამაშეები უახლოეს მომავალში აქტიურ სპორტულ კარიერას დაასრულებენ. სამწუხაროდ მათი შემცვლელები არ ჩანან და ერთი-ორი მოთამაშის გამოკლებით, ქვეყნის უპირველესი კრებული შევსებას ვერ იღებს. თუნდაც ზაზა ფაჩულიას შემთხვევა გავიხსენოთ. „ატლანტას“ ცენტრალური თავდამსხმელისა და შერმადინის გარდა ხეირიანი ცენტრი არ გვყავს. ამ მიზეზით კალათბურთის ფედერაციამ ადრინდელ გამოცდილებას გადაუხვია და უცხოელი გამთამაშებლის ნაცვლად სასწრაფოდ ძლიერი ცენტრალური თავდამსხმელის ძებნას შეუდგა.
ამ დეფიციტის უმთავრესი მიზეზი ის გახლავთ რომ საქართველოში ბავშვთა კალათბურთი ბედის ანაბარაა მიგდებული. არ ეწყინოთ სპორტის ამ სახეობის ამჟამინდელ ხელმძღვანელებს, მაგრამ საქართველოში მოზარდი თაობის განვითარების საკითხს ისინი თავს ვერ აბამენ.
ევროპის პირველობის წინ ნაკრებს მზადების შესანიშნავი პირობები ექნება და დაახლოებით თერთმეტ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ეს მდგომარეობა კლაუს ტოპმიოლერის დროინდელი საფეხბურთო ნაკრების პირობებს მაგონებს. მაშინ ქვეყნის უპირველეს გუნდზე დიდძალი თანხა დაიხარჯა, მაგრამ შედეგი არ ჩანდა. რასაკვირველია, კალათბურთელები თანამემამულე მობურთალებისაგან განსხვავებით უფრო მაღალი დონით გამოირჩევიან და ფაჩულიას ტრავმა რომ არა, სლოვენიაში მოსალოდნელი წარმატების სრული საფუძველი გააჩნდათ.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ამჟამინდელმა მესვეურებმა ადრე არსებული სპორტული ბაზების შენარჩუნება ვერ მოახერხეს. განა სირცხვილი არ არის ის ფაქტი, რომ სუპერლიგის გათამაშება ნაქირავებ დარბაზში მიმდინარეობს? ამჟამინდელი ფედერაციის ხელში ვერის ბაღში მდებარე საკალათბურთო დარბაზი პრაქტიკულად დავკარგეთ, ყოფილი ლენინის სახელობის სპორტულ სარბიელზე კი ბაზრობაა მოწყობილი. დიდუბეში მოქმედ საკალათბურთო დარბაზში ნორმალური მშობელი შვილს არ მიიყვანს.
წესითა და რიგით ეს საკითხი თავად კლუბებმა უნდა მოაგვარონ. მიმაჩნია, რომ ფედერაცია ამ პრობლემით უნდა დაინტერესებულიყო და თუნდაც იმისი სურვილი გამოეჩინა, რომ კლუბებისთვის რეკომენდაციები მიეწოდებინა და ევროპული ქვეყნების გამოცდილება გაეცნო. სამწუხაროდ ფედერაციაში თავს არავინ იწუხებს და ამ საქმის მოგვარებას არ აპირებს. თვითდინებაზე მიშვებული ბავშვთა კალათბურთი მტკივნეულ შედეგებს უახლოეს რამდენიმე წელიწადში დაგვანახებს.
დღეს მიდის საუბარი, რომ ქართული კალათბურთი აღმავლობის გზაზეა და ამის მაგალითად ეროვნული ნაკრები მოჰყავთ. მერწმუნეთ, ამ ბიჭებმა გზა ფედერაციის დახმარების გარეშე გაიკვალეს და ჩინოსნებმა მათი ნამოღვაწარი არ უნდა მიითვისონ. ისინი თავის დროზე საქართველოში რომ დარჩენილიყვნენ, დღეს რიგითი მოთამაშეების სტატუსს ვერ ასცდებოდნენ. მათ თავიანთი სახელი თავდაუზოგავი შრომითა და სხვების დახმარების გარეშე მოიღვეჭეს.
ნაცნობმა სპორტულმა ჟურნალისტმა კამათისას ის ფაქტორი მომიყვანა, რომ თავის დროზე ქორქია-საკანდელიძე მოუწყობელ დარბაზებში გაიზარდნენ.
კოლეგის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად ეს მოსაზრება სასაცილოდ მეჩვენება. დღეს 21-ე საუკუნეა და კალათბურთი მაღალი ტემპებით ვითარდება. მეეჭვება ჩვენნაირი მოუწყობელი დარბაზები აფრიკის განვითარებად ქვეყნებშიც არსებობდეს. სამწუხაროდ საქართველო მსოფლიო კალათბურთის განვითარების ტემპებს საგრძნობლად ჩამორჩა. რადგან მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მაგალითი მოვიყვანეთ, გიპასუხებთ რომ მათი ახალგაზრდობისას დარბაზებში გათბობისა და ცხელი წყლის პრობლემა არ არსებობდა. ეს ის ორი ფაქტორია რომელიც ქართველი მოთამაშეების უმეტესობას აუხდენელ ოცნებად გადაექცა.
ამასთან დაკავშირებით არ შემიძლია დიდუბის დარბაზს არ შევეხო. დარწმუნებული ვარ რომ იქ ახალი მარკოიშვილები, ფაჩულიები და სანიკიძეები კვლავაც გაიზრდებიან, მაგრამ რა ფასად? იქ ისეთი ანტისანიტარიაა გამეფებული რომ კალათბურთელის უმთავრესი ამოცანა ვარჯიშის შემდეგ ჯანმრთელობის შენარჩუნებაა.
მიმაჩნია, რომ კალათბურთის ფედერაციამ მოზარდ თაობებს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს. გავა რამდენიმე წელიწადი, ამჟამინდელი ნაკრების წევრები სპორტულ კარიერას თავს დაანებებენ და სამწუხარო რეალობის მოწმენი გავხდებით. ამისი პირველი ფაქტი რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა. არ მინდა ამაზე ფიქრი, მაგრამ უახლოეს წლებში ევროპის კონტინენტზე მაჩანჩალათა რიგებში გადავინაცვლებთ.
არ მსურს ქართული კალათბურთის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას გადადგომისაკენ მოვუწოდო, მაგრამ თუნდაც საზოგადოება „ქართული კალათბურთის“ წევრებთან დიალოგს ნამდვილად ვურჩევდი. ამ ორგანიზაციაში 60-მდე ადამიანია გაერთიანებული და ვეჭვობ სპორტის ეს სახეობა ფედერაციის მაღალჩინოსნებზე ნაკლებად უყვარდეთ.
ალბათ დადგა დრო, რომ ფედერაციამ კონსულტაციების სახით ქართულ კლუბებს ბავშვებთან მუშაობის ევროპის წამყვან ქვეყნებში აპრობირებული მეთოდები გააცნოს. აუცილებელია კალათბურთის ცნობილი სპეციალისტების მოწვევა და ქართველი მწვრთნელებისთვის ლექცია-სემინარების ჩატარება. კარგი იქნებოდა ნაკრების წამყვან მოთამაშეებს მოზარდი თაობისთვის ხანმოკლე საწვრთნელი ვარჯიშები ჩაეტარებინოთ. ყოველივე ამის ორგანიზაცია სწორედ ფედერაციამ უნდა გასწიოს.
შესაცვლელია სუპერლიგის ხელმღვანელობაც. პირველობის შეხვედრები თბილისში პრაქტიკულად ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს. საჭიროა ახალი კადრები, რომლებიც სუპერლიგის მატჩებს უკეთეს ორგანიზებას გაუკეთებენ და ხალხს სპორტის სასახლეში მოიყვანს. კალათბურთი შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი სახეობაა და ეს პროდუქტი მაყურებელს საინტერესოდ შეფუთული უნდა მიეწოდოს.
ქართულ კალათბურთში არაერთი გადაუჭრელი საკითხია. ზემოთ მოუწყობელ დარბაზებზე და ბავშვთა პრობლემებზე ვისაუბრე. ამ თემის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება და კვალიფიციური მწვრთნელებისა და მსაჯების დეფიციტსაც დავამატებდი. კალათბურთის ფედერაციამ ყოველივე ამას დროულად უნდა მიხედოს.
დადგა დრო რომ ქართული კალათბურთი ახალ სიმაღლეებს შეეჭიდოს. ჩემი აზრით ამჟამინდელი ფედერაციის მაღალჩინოსნები 21-ე საუკუნის მაჯისცემას ფეხს ვერ უწყობენ და სპორტის ამ სახეობას რეგრესისაკენ მიაქანებენ. დროა ასპარეზზე ახალი, ჯანსაღი და საღად მოაზროვნე ძალები გამოჩნდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში დღევანდელი დროებითი წარმატებები მალე სანატრელი გაგვიხდება.