„ჯოიბა გადავიტანო კოვიდი და მქონდეს ბუნებრივი იმუნიტეტი და არ ავიცრა, ეს არის რუსული „რულეტკის“ თამაშის წესი“

„ჯოიბა გადავიტანო კოვიდი და მქონდეს ბუნებრივი იმუნიტეტი და არ ავიცრა, ეს არის რუსული „რულეტკის“ თამაშის წესი“

საქართველოში ვაქცინაციის ტემპმა იკლო. ამაზე სპეციალისტებიც საუბრობენ და სტატისტიკაც მეტყველებს. ბოლო ოთხ დღეში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 54 784 ადამიანი აიცრა. ბოლო რამდენიმე დღეა, აცრის საშუალო დღიური მაჩვენებელი 12-14 ათასის ფარგლებშია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 24 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 715 073 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 963 663 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.9%. სრულად ვაქცინირებულია 751 410 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 26.3%.

რატომ იკლო ვაქცინაციის ტემპმა და რაშია გამოსავალი, for.ge-ს ამ კითხვებს, ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე პასუხობს.

აცრების რაოდენობა ბოლო დღეებია შემცირდა. რა გახდა ამის მიზეზი, რომ ვაქცინაციამ იკლო?

- რაოდენობა ადამიანების, რომელებიც თავიდანვე მზად იყვნენ ვაქცინაციისთვის, ნელ-ნელა იწურება. რაც ვაქცინაცია დაიწყო, სამწუხაროდ, იმ დანარჩენ 800 ათას მოსახლეში ვერ შევძელით გარღვევის მიღწევა, რომლებიც დღემდე ყოყმანობენ, რომ ვაქცინა გაიკეთონ. ეს კი გამომდინარეობს იქიდან, რომ მათ არასწორი ინფორმაცია აქვთ, ან კითხვებზე პასუხები არ აქვთ ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მოსახლეობა დაბნეულია იმ არასწორი ინფორმაციით, რომელიც სამედიცინო საზოგადოებიდან მოდის, რაც კიდევ ორმაგად სამწუხაროა.

ასევე, ეს ხდება იმიტომ, რომ ამ ხნის განმავლობაში სათანადო კომუნიკაცია არ ხდებოდა, თითოეულ ადამიანამდე ვერ მივედით, მათ ენაზე სწორ დროს ვერ ავუხსენით. მათთან არ მივიდნენ ის ადამიანები, ვისაც დაუჯერებენ - ეს არის ძირითადი პრობლემა.

გამოსავალს რაში ხედავთ, რათა ვაქცინაციის რაოდენობამ კვლავ მოიმატოს?

- ძალიან კარგია, რომ მობილობის ბრიგადებმა აქტიურად დაიწყეს მუშაობა, ბარიერები მოიხსნა, ონლაინ ჯავშანი საჭირო აღარ არის და ახლა შემდეგ ეტაპზე უნდა გადავიდეთ. როგორც არჩევნების დროს კარდაკარი ტარდება და ამა თუ იმ პარტიის წევრები თითოეულ ოჯახში დადიან, მთავრობამ ასეთი მობილიზება უნდა გააკეთოს, თუკი ხელისუფლებას ოპოზიციაც მხარს აუბამს, უფრო კარგი იქნება. თითოეულ ადამიანს უნდა ავუხსნათ ვაქცინაციის სიკეთე და ავუხსნათ, რომ სიკვდილიანობისგან იცავს. თუ ზამთრამდე საკმარისი რაოდენობის ადამიანი ვერ ავცერით და ასეთი მთელი ქვეყნის 80%-ია, მაშინ ძალიან ცუდი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის წინაშე დავდგები, თავი რომ დავანებოთ სიკვდილიანობასა და ჯანმრთელობის დაკარგვას. ეს პრობლემა ეროვნული გამოწვევა, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა, რომ დავარწმუნოთ და დარწუნების შემდეგ ადვილია აცრა. როდესაც ჯანდაცვის ცნობილი წარმოამდგენლები მოსახლეობასთან კომუნიკაციას აწარმოებდნენ, მათ შეძლეს და დაარწმუნეს, რომ აცრა საჭიროა და აიცრა კიდეც მოსახლეობის უმეტესობა, ანალოგიური შეხვედრები უნდა გავაგრძელოთ. ამის შემდეგ, სხვა წამახალისებელი კამპანიებიც უნდა განხორციელდეს.

ასევე, ბატონმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ „ფაიზერი“, რომელიც დღეს საქართველოშია, შესაძლოა გაფუჭდეს, რადგან მას შენახვის ვადა ეწურება. ამის საშიშროების წინაშე ვდგავართ, რომ ეს ნაჩუქარი „ფაიზერი“ გავაფუჭოთ?

- ნაჩუქარი „ფაიზერის“ გარდა, მილიონი დოზა ნაყიდი გვაქვს. „ფაიზერის“ შემთხვევაში პრობლემა არის კიდევ ის, რომ ის ნაწილი, რომელიც ცენტრალურ ლოკაციეში დაბალი ტემპერატურის მაცივრებშია განთავსებული და შემდეგ სოფლებში გადადის, იქ ჩვეულებრივ მაცივრებში ერთი თვე ინახება. თუ ერთი თვე გავიდა, შემდეგ, მისი უკან გაყინვა არ შეიძლება. სავარაუდოდ, ამ ნაწილის დანაკარგებზეა საუბარი. მეორე თემა არის ის, რომ „ფაიზერის“ გარკვეულ პარტიას დეკემბრის თვემდე აქვს ვადა. ამიტომ, ისევ და ისევ მივდივართ იქამდე, რომ მიდგომა უნდა შევცვალოთ, ვიაროთ კარდაკარ და სახელმწიფოს ყველა რესურსი უნდა ჩაერთოს, რათა ჩვენ მოვახერხოთ ადამიანის მიყვანა ვაქცინამდე, ან ვაქცინის მიტანა ადამიანებამდე.

ასევე ასაკი უნდა დავწიოთ 12 წლამდე, რადგან სწავლის დაწყება სასკოლო ოთახებში და აუდიტორიებში გვინდა. სრულად დისტანციურ სწავლება ვერ ჩაანაცვლებს, ცოცხლად საკლასო ოთახში სწავლებას. რეკომენდირეულია და დიდ ბრიტანეთში ყველა ბავშვისთვის აცრა რეკომენდირებულია. თუ ჩვენთანაც ასე მოხდა, მჯერა, რომ ძალიან ბევრი მშობელი აცრის და დაიცავენ საკუთარ შვილებს, მით უმეტეს „დელტა შტამის“ ფონზე, რომელიც სამწუხაროდ, ბავშვებსაც გარკვეულწილად აზიანებს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, არ მგონია რომელიმე ვაქცინას ვადა გაუვიდეს. მაგრამ, ისიც უნდა ვიცოდეთ, მეხუთე ტალღის დროს, რომელსაც ველოდებთ, რისკის ქვეშ იქინებიან 50 წლის ზემოთ მოქალაქეები. აი, ამ შემთხვევაში 65 წელს ზემოთ შეიძლება ბუსტერის დაშვება, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ.

რას იტყვით ლევან რატიანის განცხადებაზე, რომელმაც განაცხადა, რომ კოვიდ გადატანილს უფრო აქვს იმუნიტეტი, ვიდრე აცრილსო...

- ვიცი, რა კონტექსტშიც თქვა ლევანმა ეს და მისი სიტყვები კონტექსტიდან ამოვარდნილია. სწორი ინტეპრეტაციაა საჭირო. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვაქცინა სიკვდილისგან გვიცავს. ის, რომ ჯოიბა გადავიტანო კოვიდი და მქონდეს ბუნებრივი იმუნიტეტი და არ ავიცრა, ეს არის რუსული „რულეტკასავით“. ყველას მოეხსენება, რუსული „რულეტკის“ თამაშის წესი, რომელიც ძალიან ბოროტულია - როდესაც ტყვიას დებ იარაღში, დაატრიალებ ბარაბანს და არ იცი ტყვია გავარდება თუ არა. ზუსტად ასეთი თამაშია კოვიდთან მიმართებაშიც - მოდი, მე ვირუსს გადავიტან და იმუნიტეტი მექნება, მაგრამ არავინ იცის, თავად გარდაცვლილ ადამიანთა სიაში მოხვდება თუ არა. ასე რომ, დაველოდოთ ბუნებრივ იმუნიტეტს, არ შეიძლება.