რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთში ფიზიკური დასჯის აღდგენას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ს „თალიბანის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მოლა ნურუდინ ტურაბიმ განუცხადა.
ავღანეთში „თალიბანის“ წინა მმართველობის დროს, 1996-2001 წლებში, ქვეყანაში ნორმად იქცა დანაშაულებისთვის ფიზიკური დასჯა და სტადიონზე სასიკვდილო განაჩენების აღსრულება. მაგალითად, ქურდობაში ბრალდებულებს ხელს კვეთდნენ, მკვლელებს კი თავში მათი მსხვერპლების ნათესავები ესროდნენ. ნურუდინ ტურაბი, რომელიც მაშინ სათნოების პროპაგანდის სამინისტროს ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ ფიზიკური დასჯა ავღანეთში კვლავ აღდგება, თუმცა ჯერჯერობით არაა გადაწყვეტილი, იქნება თუ არა ეს პროცესი საჯარო.
„ხელის მოკვეთა აუცილებელია უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ამას შემაკავებელი ეფექტი აქვს. ყველა გვაკრიტიკებდა იმის გამო, რომ სტადიონზე სასჯელს აღვასრულებდით, მაგრამ ჩვენ არასდროს გვითქვამს რამე სხვების კანონებსა და სასჯელებზე. ვერავინ გვიბრძანებს, როგორი უნდა იყოს ჩვენი კანონმდებლობა“, - განაცხადა ტურაბიმ.