„პარტიიდან გადინება გახარიას უკვე აღარ გატეხავს, პოლიტიკოსები ამაზე აცრილნი არიან - გახარიას კი, ეს „ვაქცინა“ სამით კი არა, 50 დოზით აქვს მიღებული“

„პარტიიდან გადინება გახარიას უკვე აღარ გატეხავს, პოლიტიკოსები ამაზე აცრილნი არიან - გახარიას კი, ეს „ვაქცინა“ სამით კი არა, 50 დოზით აქვს მიღებული“

მთელი საქართველოს მასშტაბით გიორგი გახარიას პარტიაში ჯერ წევრიანდებიან, შემდეგ მის პარტიას პერმანენტულად ტოვებენ. გახარიასგან გამიჯვნის რამდენიმე ვერსია შეიძლება განვიხილოთ - ზეწოლა გახარიას მომხრეებზე, რომ მათ დატოვონ აღნიშნული პარტია, უფრო კარგი დაპირების შეთავაზება, ვიდრე გახარია მათ ჰპირდება და გონების უეცარი გასხივოსნება, რომ გახარია თურმე ცუდი კაცია, რადგან კახა კალაძეს დაუპირისპირდა.

რამდენად არის ეს ფსიქოლოგიურად გახარიას გატეხვისთვის გამიზნული?! დააზარალებს მას, რომ მის პარტიას ზედიზედ ტოვებენ, თუ შეგუებულები არიან პოლიტიკოსები ღალატს და პრაგმატულ მიდგომას საკუთარი მომხრეების მხრიდან?

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ფაქტები შეიძლება უფრო პიარის ამბავია, რადგან პარტიას წინასაარჩევნოდ ბევრი ტოვებს ხოლმე, თუმცა შეიძლება ეს ზეწოლის შედეგიცაა. ფაქტია, გახარიას პარტია სპეციფიკური პარტიაა, ეს არის ყოფილ ჩინოვნიკთა პარტია. გახარიამ თუკი ვინმე წაიყვანა თავის პარტიაში, ესენი არიან ყოფილი სახელმწიფო მოხელეები, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე, ეს ჩინოსანთა პარტიაა, მისი უახლოესი გარემოცვაა.

„როცა ასეთი ორგანიზაცია იქმნება, ის უფრო მიდრეკილია, ტიპური კლიენტელა იყოს, ანუ უფროს-უმცროსობითაა დაქვემდებარებული. ეს თანამოაზრეთა ერთობა კი არ არის, პოლიტიკური ნების ჩამოყალიბების მიზნით კი არ არის შექმნილი ასეთი ორგანიზაცია, არამედ სარგებლის მიზნითაა შექმნილი, რაც წამგებიანია პოლიტიკაში. გახარია უფრო მეტს დაჰპირდა თავის თანამოაზრეებს და ამ დაპირებას, რაც დრო გადის, აშკარად ვერ ასრულებს“,- აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა ჩვენთან საუბრისას და, შეკითხვის საპასუხოდ, არჩევნების შემდეგ გახარია თუკი ვერ შეასრულებს დაპირებას, მისი მომხრეები მას მტრად მიუბრუნდებიან თუ არა? - განმარტა, რომ გახარიასთან მიმართებით დაახლოებით იგივე ვითარებაა, რაც ბურჭულაძის პარტიას მოუვიდა. ბურჭულაძეც თავის მომხრეებს დაჰპირდა ძალიან დიდ ხელფასებს საარჩევნო კამპანიის დროს, რამაც დიდი მოლოდინი შექმნა, მაგრამ ბურჭულაძემ ეს ვალდებულებები ვერ შეასრულა და მისი პარტია დაიშალა.

ამის მიუხედავად, დავით ზარდიაშვილი არ ფიქრობს, რომ საბოლოოდ გაკოტრებული დარჩება გახარია. მისი აზრით, ყოფილ პრემიერს გარკვეული პერსპექტივა აქვს.

„მე რასაც ვუყურებ, თუნდაც სოციალურ ქსელში, თუნდაც პირად საუბრებში, გახარიას მომხრეები ჰყავს. ეს ის ხალხია, რომელიც გულაცრუებულია „ქართულ ოცნებაზე“,- მიიჩნევს დავით ზარდიაშვილი.

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას გახარიას შარშანდელ ქმედებებს იხსენებს და ამბობს, რაც გააკეთა გახარიამ, რა დროსაც ის გადადგა, ეს იყო არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ წისქვილზე წყლის დასხმა, არამედ უღირსი საქციელი. ნანა კაკაბაძის აზრით, წისქვილზე წყლის დასხმა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გაეკეთებინა გახარიას, უღირსი საქციელი კი იმაში გამოიხატა, რომ მან, როგორც შეეძლო, დახმარების რგოლი გადაუგდო „ნაციონალებს“.

„ეს უზნეო საქციელი მან ყველაზე კრიტიკულ დროს ჩაიდინა საკუთარი გუნდის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ალბათ, თანდათან კიდევ მეტად გააცნობიერებენ მისი გუნდის წევრები, რომ ადამიანი თუ შეძლებს, უღალატოს იმ გუნდს და იმ ადამიანს, რომელმაც ის წუმპიდან ამოიყვანა და ქვეყნის პირველ პირად აქცია, ბუნებრივია, ის მარტივად უღალატებს ყველა იმ დანარჩენს, ვისაც დღეს თავის გუნდში მოიაზრებს. ცხადია, მათ მიმართ არც მორალური და არც არანაირი ვალდებულებები არ გააჩნია. ამიტომ ნანა კაკაბაძე ფიქრობს, რომ გახარიას თანდათანობით დატოვებენ თავისი გუნდის წევრები.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით, არავინ იცის, რა კატეგორიის ხალხი ტოვებს გახარიას, შეიძლება, კონკრეტულად ერთმა მათგანმა ზეწოლით დატოვოს გახარიას პარტია, მაგრამ ხუთი რიგითი მოქალაქე, რომელიც კიდევ ეჭვობდა, მიეცა თუ არა გახარიასთვის ხმა, შეიძლება გახარიას თანამოაზრედ იქცეს. მან შეიძლება იფიქროს, რომ ჩაგრავენ, არაპატიოსნად ექცევიან გახარიას, ის უსამართლობის მსხვერპლია და სწორედ ამ მოტივით ხმა მისცეს გახარიას.

„საკუთარი პარტიიდან თანამებრძოლების გადინება გიორგი გახარიას უკვე აღარ გატეხავს, რადგან პოლიტიკოსები ამაზე აცრილნი არიან. გახარია კარგა ხანია იყო ამ ხელისუფლების პრემიერი და ეს „ვაქცინა“ მას სამი დოზით კი არა, 50 დოზით აქვს მიღებული“, - გვითხრა სოსო ცინცაძემ.