ვინ იყო ახმედ-ფაშა, რომლის მიერ აგებულმა რაბათის ციხემ თურქების ზედმეტი გულმოდგინება გამოიწვია?! თურქული მხარე ამ ძეგლებზე ცვლილებებს მოითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაოები არაკანონიკურია.
გადმოცემის თანახმად, ახალციხის ახმედ ფაშა-ჯაყელი რაბათის ციხის აგებისას ცდილობდა, აია სოფიას მიმსგავსებით აეშენებინა მეჩეთი, რადგან აია სოფია, როგორც ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია (რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა ოსმანთა მიერ) იმთავითვე იპყრობდა არა მხოლოდ ქრისტიანების, არამედ მუსლიმანების ყურადღებას.
აია სოფიათი ზედმეტად დაინტერესების გამო, ერთ-ერთი გადმოცემით, თურქებმა ახმედ-ფაშა დასაჯეს და თავი მოკვეთეს. თუმცა, ისტორიკოსები ამ ვერსიას რეალობასთან არ აკავშირებენ და აცხადებენ, რომ თურქებს ახმედ-ფაშა სიკვდილით ამის გამო არ დაუსჯიათ. უბრალოდ, ახალციხის ფაშა თვითონ აწესებდა იმერეთის სამეფოდან თურქებისთვის მისაყიდ ტყვეთა რაოდენობას. როცა იმერთა მეფე სოლომონ პირველმა თურქებს ხარკი შეუწყვიტა, სულთან მუსტაფა მესამის დავალებით ახმედ-ფაშა დაუკავშირდა არზრუმისა და ყარსის ფაშებს, დაღესტნელ ფეოდალებს და 1757 წელს 40 ათასიანი ლაშქარი გაგზავნა იმერეთში. თუმცა ისინი სოლომონმა ხრესილის ველზე სასტიკად დაამარცხა. ამ მარცხის გამო სულთანმა ახმედ-ფაშა თანამდებობიდან გადააყენა და ციხეში ჩასვა. ახმედ-ფაშა ციხიდან გაიპარა, მაგრამ მალე ხელახლა დაატყვევეს და სულთნის ბრძანებით თავი მოკვეთეს.
დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა. მათ უკვირთ, რატომ იძლევა თურქული მხარე მითითებებს საქართველოში ქართველი მუსლიმანის - ჯაყელის მიერ აშენებული რაბათის ციხესთან დაკავშირებით?!
ცნობილია, რომ თურქეთთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ახალი პროექტი ითვალისწინებს ახალციხის ციხეში აგებულ მეჩეთსა და მედრესეზე 2012 წელს წარმოებული სარესტავრაციო სამუშაოებისას დაშვებული ხარვეზების გამოსწორებას: გუმბათის ფერის შეცვლას (არსებული ოქროსფერი საფარის ტყვიისფრით ჩანაცვლებას), პირვანდელი რკინის ცხაურების დაბრუნებას, ნაგებობების გარშემო სადრენაჟო სისტემის შემოწმებასა და, საჭიროების შემთხვევაში, მოსაპირკეთებელი მასალის გაუმჯობესებას. ქართული მხარე ვალდებულებას იღებს, გამოიტანოს მეჩეთის შიდა სივრციდან ჯვრის გამოსახულებიანი შუასაუკუნეების ქვის რელიეფები, რომლებიც ადგილმონაცვლეობას ექვემდებარება.
ამ ყველაფრის გამო ნაციონალებმა განგაშის ზარებს ისე შემოკრეს, თითქოს, მათ დროს არ წამოიჭრა აზიზიეს მეჩეთის აშენების საკითხი და აჭარა თურქული გავლენის ქვეშ არ მოექცა. დღესდღეობით განაწყენებული ვანო მერაბიშვილი მოძრაობას აყალიბებს რაბათის ციხის გადასარჩენად და ფიქრობს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ამ ციხეს საფრთხე ემუქრება.
თავის მხრივ, პრეზიდენტს მიუღებლად მიაჩნია რაბათის ციხის რაიმე ფორმით შეცვლა და მიიჩნევს, რომ ეს რეალურად ნიშნავს დღევანდელი რაბათის ციხის განადგურებას, რომელიც ერთ-ერთი მთავარი კულტურული და ტურისტული ცენტრია ამ ტერიტორიაზე და წარმოადგენს მესხეთის სიამაყეს.
მიტროპოლიტი თეოდორე რაბათში რესტავრირებულ მეჩეთს მართლმადიდებლურ ტაძრად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ეს სულაც არ არის მეჩეთი და მის საკურთხეველს ისევე ვერ მოშლიან, როგორც ტრაპეზს, რომელიც იქ დგას. მაშინ მთელი ახალციხე ფეხზე დადგება. უბრალოდ, მიტროპოლიტი დასაშვებად მიიჩნევს სახურავის შეცვლას და მისთვის არანაირი პრობლემა არ არის, ოქროსფერი სახურავი იქნება, თუ - ტყვიისფერი.
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე კი აცხადებს, რომ რაბათის ტერიტორიაზე რესტავრაცია ისე გაკეთდა, რომ არქეოლოგიური გათხრები არ ჩატარებულა. ამ დროს კი არსებობს გადმოცემა, რომ იქ იყო ქართული ტაძარი, რომელიც შემდეგ დაშალეს და მე-17-18 საუკუნეში აშენდა მეჩეთი. შემდგომში, როდესაც რუსები შემოვიდნენ და თურქებისგან გაათავისუფლეს ტერიტორია, მიშენდა საკურთხეველი და ბოლოს, როგორც ტაძარი, ისე ფუნქციონირებდა.
მეუფე თეოდორეს თქმით, იმ ტერიტორიაზე ადრე მუზეუმი იყო და სხვადასხვა ადგილიდან ჯვრის გამოსახულებიანი ქვებიც სამუზეუმო ექსპონატად ამიტომ იყო მიტანილი.
კულტურის მინისტრის მოადგილე მარინა მიზანდარი კი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მეჩეთის ადგილზე მე-16 საუკუნის ქართული ეკლესია მართლაც იყო, თუმცა სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებამდე იქ არქეოლოგიური გათხრები უნდა ჩატარებულიყო. მისივე თქმით, სამუშაოები ჩატარდა სწრაფად, დაუფიქრებლად, არათანმიმდევრულად. ამიტომ ახმედის მეჩეთზე ნაცვლად ტყვიისფერისა, რომელიც იყო პირვანდელი ფერი გუმბათისა, განჩდა სრულიად მიუღებელი ოქროსფერი, რაზეც თურქეთის მხარეს შენიშვნები ჰქონდა.
ეკლესიის ისტორიის მკვლევარი ელდარ ბუბულაშვილი მიიჩნევს, რომ რაბათის ციხეში მდებარე აჰმეთის მეჩეთის აღდგენა არქეოლოგიური გათხრების შემდეგ უნდა მომხდარიყო, რადგან იმ ადგილზე ქართული ეკლესიის ნატაძრალი აუცილებლად გამოჩნდებოდა.
მისი თქმით, გადმოცემები არსებობს, რომ ახალციხის ციხეში (რაბათის) ქართული ეკლესია არსებობდა, თუმცა ამის შესახებ ისტორიული წყაროები არ მოგვეპოვება, განსხვავებით, რაბათის გალავნის იქით არსებულ წმინდა მარინეს ეკლესიისგან.
რაბათის ციხის ირგვლივ For.ge სპეციალისტების ხედვით დაინტერესდა.
არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი აცხადებს, რომ რაბათის ციხე ქართული კულტურის პროდუქტია და არა მუსლიმანურის. მართალია, იგი მუსლიმანური რელიგიის აღმსარებელმა ააშენა, მაგრამ ეს შეიქმნა ქართულ მიწაზე, ქართული ხელებით და ქართული მენტალიტეტით. ამიტომ ეს არ არის ხელწამოსაკრავი ობიექტი არქიტექტურული თვალსაზრისით.
თუ რამდენად ზუსტად ასახავს რაბათის ციხე მუსლიმანური სუნიტური რელიგიის მიმართულებას და რამდენად კანონიკურია, იგი არ გამორიცხავს, თურქებმა ან სხვა ადამიანებმა შეიტანონ შესწორებები, მაგრამ ეს არ შეეხება რაბათის არქიტექტურულ-კომპოზიციურ მხარეს, რაც ქართულ მიწაზეა აღმოცენებული.
არქიტექტორის თქმით, რაბათის ახმედის მეჩეთზე არსებული ოქროსფერი (რომლითაც ნაციონალებმა გადახურეს ტაძარი) საქართველოსთვის დამახასიათებელი არ ყოფილა. ჩვენში ოქრო არ იხმარებოდა და ეს ნაციონალთა სუბიექტური გადაწყვეტილებაა.
საერთოდ, მყვირალა, ჭყეტელა ფერი საქართველოში არასდროს გამოიყენებოდა, რაც, თუნდაც, ბაგრატზე გააკეთეს, ეს მწვანე ფერიც არ იყო დამახასიათბელი ჩვენი არქიტექტურისთვის. ამდენად, გიგა ბათიაშვილის აზრით, ახმედის მეჩეთის ტყვიის ფურცლით დაფარვა შეიძლება, რადგან ეს უფრო დამჯდარი ფერი იქნება და უკეთესიც გამოვა.
„ოქრო დამახასიათებელია იქ, სადაც ტყვიისფერი ცა არის. რუსეთში, პეტერბურგში ოქროს გუმბათები სწორედ ამით არის განპირობებული. ჩვენთან კი კრიალა, სუფთა ცაა და ამ ცას არ უხდება ჭყეტელა ფერები. პირიქით, დამჯდარი ფერია საჭირო. რაც შეეხება ჯვრის გამოსახულებიანი ქვის რელიეფების გატანას მეჩეთის შიდა სივრციდან, ეს წმინდა რელიგიური საკითხია და სულ სხვა დონეზე უნად გადაწყდეს. თუმცა უნდა ვთქვა, რომ თურქები რასაც ითხოვენ, ეს მათი უფლება არ არის. რაბათის ციხე ჩვენს მიწაზე აშენებულია ქართული სულით, ქართული ტრადიციებით, ქართული სამშენებლო კულტურით. ვის აქვს უფლება, იმავე მუსლიმანური რელიგიის წარმომადგენელ აჭარლებს აუკრძალოს, რომ ქართული პურისა და ჭადის გამოცხობისას ჯვარი არ გამოსახოს?!“ - კითხულობს გიგა ბათიაშვილი.
ამასთან, არც იმას ეთანხმება, რომ რაბათს რაიმე საერთო ჰქონდეს აია სოფიასთან.
მისი თქმით, არავითარი საფრთხე არ ემუქრება რაბათს და ის ქართველ ხალხს არ დაუნგრევია, უბრალოდ, წესრიგში მოიყვანეს და ცოტა სუბიექტური მომენტები ჩართეს. ამიტომ ახლა ტყუილად იქმნება ეს აჟიოტაჟი ნაციონალების მხრიდან.
მხატვარ გია ბუღაძეს ვერ გაურკვევია, რატომ თვლიან თურქები რაბათს თურქული კულტურის ძეგლად, მაშინ, როცა ეს არის ქართული კულტურის ძეგლი, ოღონდ ქართველი მუსლიმანების - ჯაყელების მიერ აშენებული. მით უმეტეს, რომ ერთი პერიოდი, იქ ქრისტიანული სამლოცველოც კი იყო, - ეკლესია. ამიტომ, რეალურად, ამდენი უფლება თურქულ მხარეს არ უნდა ჰქონდეს რაბათის ციხესთან მიმართებით.
„ასე რომ, თურქები ნუ გამოიდებენ თავს, თითქოს, ეს მათი კულტურის ძეგლია. სინამდვილეში, ნამდვილად ჩვენი კულტურის ძეგლია ოშკი, ბანა, ხახული, პარხალი, ოთხთა ეკლესია და სხვა, ამ ძეგლების გამო თავი არ უნდა გამოიდონ თურქებმა და მით უმეტეს, - სომხებმა და მე მგონი, არც გამოიდებენ თავს. საერთოდ, გუმბათებთან დაკავშირებით წინა ხელისუფლებას სერიოზული პრობლემა ჰქონდა, იგივე დაემართათ ბაგრატთან დაკავშირებითაც. აქ მარტო გუმბათის ფერზე არ არის საუბარი. თუმცა, თუ თურქულ მხარეს აწყობს, რომ ამას პოლიტიკური შინაარსი შესძინოს, ეს ძალიან ცუდი იქნება. ხოლო, თუ საქართველოში ორივე დაპირისპირებული პარტია ერთმანეთთან ანგარიშსწორებისთვის იყენებს რაბათის თემას, ეს კიდევ უფრო უარესია“, - აცხადებს გია ბუღაძე.
მისი თქმით, ტექნიკური საკითხია, უნდა ჩანაცვლდეს თუ არა ახმედის მეჩეთის გუმბათი ტყვიისფრით, ეს არსებითი არ არის და თუ ჩანაცვლდება, ამით არაფერი გაფუჭდება.
რაც შეეხება ჯვრის გამოტანას, გია ბუღაძის თქმით, ბოლო პერიოდში იქ საერთოდ არ ყოფილა მეჩეთი. ამიტომ თურქულმა მხარემ ამხელა მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭოს ამ ადგილს. უფრო მეტიც, გია ბუღაძეს მიაჩნია, რომ ეს ჯვრის გამოსახულებიანი ქვის რელიეფები აუცილებლად უნდა დარჩეს.
„მე მესმის, რომ ამ თემებით სერიოზული თამაში მიმდინარეობს და სერიოზული მოთხოვნაა, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს, რადგან რეალურად, შეიძლება საშინელი შედეგი მივიღოთ ოშკთან მიმართებით და შეიძლება, ეს არაჩვეულებრივი გუმბათი ჩამოიქცეს. თუმცა ამისთვის თურქულმა მხარემ ხელი არ გაანძრია და თუ პრობლემა მართლაც შეიქმნა, ეს სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს. ვისურვებდი, ორმა მეზობელმა და კეთილგანწყობილმა ქვეყანამ ისტორიული მემკვიდრეობა და კულტურული ძეგლები არ აქციოს პოლიტიკური ანგარიშსწორების საგნად. ეს არის ქართული კულტურის ძეგლი და გარედან ჩარევები არ შეიძლება“, - გვითხრა გია ბუღაძემ.
აქვე განმარტა, რომ რაბათის მეჩეთი მართლაც აია სოფიას მიმსგავსებით აიგო, რადგან აია სოფია ყველა ქრისტიანისთვის და შემდგომ უკვე მუსლიმანისთვის დიდებული მშენებლობისა და ღმერთის დიდების ნიმუში გახლდათ. თვითონ აია სოფიას იდეა, მისი გუმბათიანი სისტემა კი ძველი რომიდან მოდის, რომის პანთეონის გუმბათის იდეიდან. ასე რომ, ამ ყველაფრის საფუძველი ისევ რომია.
ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია აცხადებს, რომ არავინ არ აპირებს რაბათის დანგრევას. უბრალოდ, შესაძლოა, შესწორდეს და გაუმჯობესდეს გარკვეული დეტალები. ამიტომ მისთვის გაუგებარია, რატომ აყალიბებს ვანო მერაბიშვილი მოძრაობას რაბათის ციხის გადასარჩენად?!
„თითიდან გამოწოვილი პრობლემაა, აღარ იციან, რა მოიგონონ. გუმბათის ფერს თუ შეცვლიან, ამით რა დაშავდება?! კულტურაშიც პოლიტიკაა გარეული და პოლიტიკა კომპრომისის გარეშე არ არსებობს. ჩვენ თუ გვინდა, მოვითხოვოთ, რომ სამაგიეროდ, ჩვენი სურვილისამებრ გარემონტდეს ოშკი და სხვა ეკლესიები, ჩვენც რაღაც უნდა დავთმოთ. ის გამუსლიმანებული ქართველების მიერ აშენებული ძეგლია. აია სოფიასთან რაბათის კავშირს ვერ ვხედავ. იგი განსხვავებულია, თურქებმა როცა დაიპყრეს კონსტანტინეპოლი, ამის შემდეგ აია სოფიას მიხედვით აშენდა მათი ძეგლები, თუნდაც სულეიმანის ცნობილი მეჩეთი სტამბულში“, - აღნიშნა გოგი ხოშტარიამ.
ამასთან, დასაშვებად მიიჩნია, რომ ჯვრის ქვის რელიეფები გამოვიტანოთ ამ ძეგლიდან, რადგან, თუ ის მეჩეთია, იქ ჯვარს რა უნდა?
ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური აცხადებს, რომ ეთნიკურად, გენეტიკურად ახმედ-ფაშა ქართველი იყო, მაგრამ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე, გამაჰმადიანებული ჯაყელების შთამომავალი გახლდათ. ეს ადამიანები კი დიდი მოწინააღმდეგეები იყვნენ ქრისტიანობის. თუმცა 1828-29 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ, როცა სამცხე-ჯავახეთი დავიბრუნეთ, რუსებმა იქაური მეჩეთი ეკლესიად გადააკეთეს.
გიორგი ოთხმეზურის თქმით, რეკომენდაციის უფლება ნებისმიერ სპეციალისტს აქვს, მათ შორის - თურქებს, მაგრამ ისტორიკოსი დარწმუნებულია, რომ ეს ძეგლი არ იყო ისეთი, როგორც ახლა არის აღდგენილი. ფაქტობრივად, ახლა თავიდან არის აშენებული რაღაც გრანდიოზული კომპლექსი, რაც ასე არ ყოფილა და უფრო პატარა იქნებოდა. იძველეების კვალი და ნაშთი კი, სამწუხაროდ, უკვე დაკარგულია. ამდენად, ისტორიკოსი პრობლემას ვერ ხედავს, თუკი რაბათის ციხეში რაიმეს შეცვლიან და შეაკეთებენ.
„აია სოფიასთვის მეჩეთის მიმსგავსების გამო ახმედ-ფაშას არ მოკვეთეს თავი. სიკვდილით იმის გამო დასაჯეს, რომ ვერ გაუმკლავდა იმერეთის მეფე სოლომონ პირველს და ვერ მოახერხა მისი დამორჩლება. ამიტომ გადააყენეს ფაშობიდან. მოგვიანებით ქართველების დიდი ნაწილი იქიდან გაასახლეს, მაგრამ ვიღაცები მაინც დარჩნენ. ახალციხეში იყვნენ ქართელები, ასევე, ჩასახლებული გრიგორიანელი სომხები. შეიძლება, მას შემდეგ გაჩნდა იქ ჯვრის სტელები, ამას სკრუპულოზულად გამოკვლევა სჭირდება. ეს ძეგლი სტილიზებულად არის გაკეთებული, თორემ ქართველი მაჰმადიანების მიერ აშენებული ისეთი მაჰმადიანური კულტურის ძეგლებიც არსებობს, მაგალითად, კვირიკეს მეჩეთი, რომლის ჩუქურთმებიც ოსმალური კულტურისთვის არ არის დამახასიათებელი და ქართულია“, - აცხადებს გიორგი ოთხმეზური და მიიჩნევს, რომ თურქები ზედმეტად აქტიურობენ, რადგან ბევრ უფლებას ვაძლევთ და არაერთ დათმობაზე მივდივართ.
„ქართული ოცნების“ ახალციხის ყოფილი მაჟორიტარი, ისტორიკოსი გურამ კუტალაძე არ გამორიცხავს, რომ რაბათის კომპლექსის აღდგენისას, შესაძლოა, თურქებმა თავის დროზეც გამოხატეს უკმაყოფილება, მაგრამ წინა ხელისუფლება ამას მალავდა.
რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის მიერ რაბათის ციხის გადარჩენის მცდელობას, გურამ კუტალაძე აცხადებს, რომ ეს მერაბიშვილის პოლიტიკური განცხადებაა და ნაციონალები ამით ცდილობენ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის გამართლებას. ამ შემთხვევაში, საუბარია საკუთარი კულტურის წინააღმდეგ მიმართულ ვანდალიზმზე.
კერძოდ, რაბათის მიმართ მათ არაპროფესიული, გაუცნობიერებელი დამოუკიდებულება გამოხატეს. ამიტომ გურამ კუტალაძე ეთანხმება კულტურის სამინისტროს პოზიციას, რომ რაბათის კომპლექსზე სასაუბროდ სპეციალისტები უნდა მიიწვიონ და მეცნიერულად განიხილონ ამ ძეგლის საკითხი.
„მიმაჩნია, რომ იქ ბევრი რამ არ შეესაბამება რაბათის ციხის კომპლექსის არქიტექტონიკას, სამშენებლო წესებს და გაუფასურებული და ბანალური ნიმუშებითაა მოფენილი, რაც დემონტაჟს უნდა დაექვემდებაროს. მაგრამ ეს უნდა გადაწყვიტონ ამ დარგის სპეციალისტებმა და არა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც არაფერში ჩახედული არ არის“, - აღნიშნა გურამ კუტალაძემ.
მისივე თქმით, რაბათი ეს არის სრული გაუგებრობა და ისტორიის წინააღმდეგ მიმართული ბოროტება. თუმცა არავინ უნდა იყოს მოწადინებული, რომ ფასეული დაინგრეს. უბრალოდ, ის, რაც არ წარმოადგენს ღირებულებას და პირიქით, ძეგლს აცლის მისთვის აუცილებელ, თუნდაც ტურისტულ ფასეულობას, ის უნდა დაექვემდებაროს დემონტაჟს.