წისქვილკომბინატებმა მოთხოვნა წამოაყენეს, მთავრობამ პრეტენზია იუკადრისა

წისქვილკომბინატებმა მოთხოვნა წამოაყენეს, მთავრობამ პრეტენზია იუკადრისა

საქართველოში პურის გაძვირებისთვის უკვე ყველა პირობაა შექმნილი. ფასის მომატება, ჯერჯერობით, არ მოხდება, თუმცა, დიდი ალბათობით, არჩევნების შემდეგ დაიწყება. ყველაფრის მიზეზი გლობალურ ბაზარზე დაწყებული ტენდენციაა, სადაც ხორბლის ღირებულება მუდმივად მატულობს. 1 ტონის ღირებულებამ უკვე 300 დოლარს მიაღწია.

პრობლემა კიდევ ისაა, რომ ხორბლის მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში (რუსეთში) პროდუქტის გაძვირებამ და მცურავმა საბაჟო ტარიფმა შესაძლოა, საქართველოში წისქვილკომბინატების მუშაობას პრობლემა შეუქმნას. ასეთ შემთხვევაში, როგორც ბიზნესი აცხადებს, დაიხურება ბევრი წისქვილი, შესაბამისად, ადამიანები სამსახურის გარეშე დარჩებიან.

წისქვილკომბინატ „ბარაქის“ დირექტორის, ლადო ბიძინაშვილის თქმით, სექტორის ფქვილის იმპორტზე გადასვლა ქვეყანას კომპლექსურ პრობლემას შეუქმნის და უმუშევრად 5 000 ადამიანი დარჩება.

„რეალური პრობლემა რუსეთის მიერ საბაჟო გადასახადის დაწესებამ შექმნა, ამიტომ დღეს ფქვილისა და ხორბლის იმპორტს შორის, მინიმუმ, 52-დოლარიანი სხვაობაა (რამდენიც მცურავი საბაჟო გადასახადია) რუსეთის მხრიდან, გადასახადის დაწესება ცალსახად ადგილობრივი წარმოების წახალისებას ემსახურება, რადგან ფქვილზე არ არსებობს მსგავსი რამ.

თუ წისქვილები გაჩერდება, ეს გამოიწვევს ჯაჭვურ, კომპლექსურ პრობლემებს. პირველ რიგში, მინიმუმ, 5 000 ადამიანი დარჩება უმუშევარი. მეორე საკითხია ბიუჯეტში შენატანები, რომელსაც სექტორი ვახორციელებთ და არის მესამე, მნიშვნელოვანი ასპექტი - დაფქვის დროს მორჩენილი ქატო, რომელიც მეცხოველეობაში მიდის. ამით მომიჯნავე დარგებსაც შეექმნებათ პრობლემა და მნიშვნელოვნად გაძვირდება პროდუქტი.

დღეს საქართველოს შეუძლია, შექმნას ხორბლის 2-წლიანი მარაგიც კი. იგივე ვერ მოხდება ფქვილზე. ამის ლოგისტიკა ქვეყანას არ აქვს და შეიძლება, პროდუქციაზე დეფიციტიც კი გამოიწვიოს. ამიტომ, ამ ეტაპზე, სექტორი ეძებს გამოსავალს. შექმნილია მთავრობასთან სამუშაო ჯგუფი. ყოველკვირეულად იმართება შეხვედრები და ვეძებთ გამოსავალს. ფაქტია, მოსავლის აღების დაწყებიდან დღემდე, ხორბლის ფასი 50%-ით არის გაზრდილი“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ლადო ბიძინაშვილმა.

„გლობალ მილინგის“ დირექტორი გვანცა კიმლაძე ამბობს, რომ იაფი მარაგი თითქმის ამოწურულია, ხორბალი კი მუდმივად ძვირდება.

„მარაგი აღარ არის და რთულია იმის თქმაც, რამდენად აისახა მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გაძვირება და რუსეთის მცურავი საბაჟო გადასახადი საქართველოს ბაზარზე. ხორბალი ძვირდება ყოველდღიურად, ყოველ საათში“, - განაცხადა მან.

სიტუაციიდან გამომდინარე, დარგი ითხოვს ინფორმაციას, თუ საით წავა პროცესები. მაგალითად, მეზობელმა აზერბაიჯანმა მსგავსი გამოწვევის პასუხად მთლიანი ჯაჭვი გაათავისუფლა დამატებითი ღირებულების გადასახადისგან და დაბლოკა ასევე ფქვილის ექსპორტი.

იქნება თუ არა ანალოგიური მიდგომა საქართველოშიც, რთული სათქმელია. სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ „სიტუაციის მიხედვით, საჭიროებისამებრ სახელმწიფო ჩაერევა“.

„გვესმის, რომ მდგომარეობა არ არის მარტივი იმიტომ, რომ პანდემიამ შეიტანა დისონანსი ბევრი მიმართულებით, მათ შორის აგროსასურსათო საქონელი გლობალურად გაძვირდა. ჩვენ ვხედავთ, რომ საერთაშორისო ინფლაციური პროცესები მიდის, ამიტომ ეს პერიოდი ერთად უნდა გავიაროთ სწორად და პასუხისმგებლიანად. მოსახლეობასთან ჩვენ გვაქვს ასევე პასუხისმგებლობა.

სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა გამოიხატებოდა ყველა ეტაპზე, ყველა ნაწილში. თქვენ გახსოვთ, პანდემიის პირველივე დღეებიდან სუბსიდირების უპრეცედენტო პროგრამები ავამოქმედეთ და ამის ბენეფიციარები მათ შორის წისქვილები იყვნენ. გავაგრძელებთ კომუნიკაციას და ამ დარგს, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შევუწყობთ ხელს იმგვარად, რამდენადაც ეს ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებში შედის. ასევე, დაცული იქნება საბაზრო ეკონომიკის პრინციპები.

ბაზარი საქართველოში არის აბსოლუტურად ღია. უფრო კონკურენტუნარიანი რომ იყოს ნებისმიერი სხვა ქვეყნის ხორბლის მიწოდება, რა თქმა უნდა, საქართველოში იქნებოდა უფრო მეტი ოდენობით წარმოდგენილი. დღეს ყველაზე კონკურენტუნარიანი არის ამ ქვეყნის (რუსეთის) მოწოდებული ხორბალი.

რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს ლოგისტიკური კავშირი სხვა ქვეყნებთან, მათ შორის, ხორბლის მწარმოებელ და ექსპორტიორ მსხვილ ქვეყნებთან, მაგალითად, ყაზახეთი, უკრაინა, ისე რეგიონის მიღმა ევროპის აღმოსავლეთში. კომპლექსურია თემა, ვითარებას მეხორბლეთა ასოციაციასთან ერთად ვაკვირდებით და სიტუაციის მიხედვით, საჭიროებისამებრ სახელმწიფო ჩაერევა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.