ENKA საქართველოს ერთ თვეში ტოვებს, სავარაუდოდ, წინ მილიარდიანი დავაც გველის

ENKA საქართველოს ერთ თვეში ტოვებს, სავარაუდოდ, წინ მილიარდიანი დავაც გველის

თურქული კომპანია ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს. ინფორმაცია დღის ბოლოს, Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებით გახდა ცნობილი. კომპანია ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზად საკონტრაქტო პირობების დარღვევასა და დიდი ხნის ფორსმაჟორულ სიტუაციას ასახელებს.

„შპს ENKA Renewables-მა, რომელიც ჩვენი კომპანიის 90%-იანი შვილობილი კომპანიაა, შეატყობინა საქართველოს, რომ შეწყვიტოს საქართველოს სახელმწიფოსთან გაფორმებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულება ნამახვანის კასკადის HEPP პროექტის შემუშავების, მშენებლობის, საკუთრებისა და ექსპლუატაციის შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ გამჟღავნებული გადაწყეტილება სრულად შეესაბამება „მატერიალური მოვლენების კომუნიკეთი“ გათვალისწინებულ პრინციპებს და ჩვენ პირადად ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ინფორმაციის გამჟღავნებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

საუბარია 800 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე და 433 მეგავატი სიმძლავრის ორ ჰიდროელექტროსადგურზე, რომელსაც „მეორე ენგურსაც“ კი უწოდებდნენ. თურქული კომპანიის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლებისთვის. ეკონომიკის სამინისტრომ უკვე მიიღო კომპანია „ენკასგან“ წინასწარი შეტყობინება პროექტიდან ერთი თვის შემდეგ შესაძლო გასვლის შესახებ. სამინისტროში თვლიან, რომ ეს ცუდი სიგნალია ინვესტიციებისთვის, თუმცა იმედს იტოვებენ, რომ ENKA-ს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ გაგრძელდება კომუნიკაცია ინვესტორ კომპანია ENKA-სთან რათა სწორი და სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება გამოინახოს.

„მთავრობის მხრიდან კეთდება ყველაფერი, რათა მოიხსნას კითხვები პროექტის შესახებ. იმედი გვაქვს, რომ პროცესი პოზიციების დაახლოებითა და რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პროექტი არის კომპლექსური და ამდენად, ინვესტორები მსგავსი პროექტის განხორციელებისას არაერთ სირთულეს აწყდებიან.

თუმცა ისიც ცხადია, რომ პროექტი არ არის მარტივი, მას აქვს ეკოლოგიური, სოციალური და ტექნიკური ხასიათის გამოწვევები და ამდენად, როგორც მთავრობის, ასევე ინვესტორის ვალდებულებაცაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პროექტში შემავალი ცალკეული მახასიათებლების ხელახალი შესწავლა გაიმართოს. ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით გაგრძელდეს ინვესტიციების მოზიდვა, რათა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და რაც მთავარია, ენერგეტიკული უსაფრთხოება სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

რაც შეეხება ENKA-ს ისტორიას, არსებობს მთავრობის განკარულება, N2 405 ბრძანება თურქულ კომპანიაზე მიწის გადაცემის საკითხზე და რომელსაც ხელს აწერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. ყოფილი პრემიერის ხელმოწერით მოხდა რიონის ხეობის 99 წლით გადაცემა 121 ლარად თურქულ კომპანია ENKA -ზე ისე, რომ ჯერ კვლევებიც კი არ არსებობდა, შეიძლებოდა თუ არა საერთოდ ამ ტერიტორიაზე გიგანტური ჰესის მშენებლობა.

„რიონის ხეობის მცველი“ ვარლამ გოლეთიანი, რომელიც ყოფილი პრემიერის პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს, ამბობს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ENKA-ს გადაწყვეტილება.

„თუ კომპანია დარჩებოდა რიონის ხეობაში გაცილებით დიდი იქნებოდა ზარალი, ვიდრე გასვლის შემთხვევაში. გასვლის შემთხვევაშიც იზარალებს სახელმწიფო, რადგან კომპანია ყველა შემთხვევაში მოგებული რჩებოდა. კომპანია საქართველოდან გასასვლელად ემზადებოდა. ვიღებთ მოლოცვებს. ეს უდიდესი გამარჯვებაა მთელი საქართველოსთვის. ამას გარკვეული წინაპირობები ჰქონდა, მაგრამ ჩვენ არ ველოდებოდით, პირიქით არჩევნების შემდეგ ველოდით, რომ დაიძაბებოდა ვითარება და მოგვიწევდა იგივე გზით წასვლა - ვგულისხმობ პროტესტს...

ყოველდღე მოდიოდა ენკა და ჩვენ რომ არ ვუშვებდით, ამას იღებდა დრონით და ვვარაუდობდით, რომ ემზადებოდა საარბიტრაჟო დავისთვის და მტკიცებულებებს აგროვებდა - რომ არ მიეცათ მუშაობის შესაძლებლობა. ეს უდიდესი გამარჯვებაა მთელი საქართველოსთვის. ბოლო დროს არ იყო ესეთი ერთობა და მთავარი ამ მიზნის მიღწევა იყო. ადამიანებმა უნდა იფიქრონ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, - აცხადებს ვარმალ გოლეთიანი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ხელშეკრულების გაწყვეტა კომპანია „ენკას“ გადაწყვეტილებაა, საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს.

„ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ჩვენთვის არის ერთ-ერთ პრიორიტეტი, არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, ეს არის ცუდი სიგნალი შემდგომი ინვესტიციებისთვის, თუმცა საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს.

მთავრობას აქვს 10-წლიანი სამოქმედო გეგმა, მათ შორის ენერგეტიკის კუთხით და მილიარდობით დოლარის ინვესტიციის მოზიდვაა დაგეგმილი. ეს არის, რა თქმა უნდა, სამწუხარო გადაწყვეტილება. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე თვლის, რომ „ნამახვანჰესის“ ინვესტორის გაქცევა არის სერიოზული დარტყმა ქვეყნის საინვესტიციო რეპუტაციისთვის. ამასთან, როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციას ასე ადვილად არ დებენ, როგორ ამას ხელისუფლებაში აცხადებენ და ახალი ინვესტორის პოვნას გვპირდებიან.

„ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელებას მრავალი წელი დასჭირდება ან საერთოდ გაიზიარებს ხუდონის ბედს. ამაში პირველ რიგში დამნაშავეა საქართველოს ხელისუფლება, პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობა ეთამაშებოდა პირდაპირ რუსეთიდან მართულ ძალებს, ვარლამებს და მასთან მიტმასნილ შავრაზმელებს, რომლებმაც ჟურნალისტების დარბევაშიც მიიღეს შემდეგ მონაწილეობა, დაადგმევინა თბილისის ქუჩებში „საპროტესტო“ აქცია.

ქვეყანაში გზააბნეულ, თავაბნეულ ან ეკოლოგიური თემებით გულწრფელად აღელვებულ ადამიანებს რა გამოლევს, მაგრამ მათი მთავარ დამნაშავეებად გამოყვანა არ გაუვა „ქართულ ოცნებას“. ისინი „უნებლიე მტრები“ არიან, ესენი შეგნებულად „ვარლამები“ და მავნებლები“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

„ლელოს“ წევრი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას გააკოტრებს, რასაც საქართველოს ეკონომიკა ვერ გაუძლებს.

„როგორც ხედავთ კიდევ ახალი საჩივრის/სარჩელის საფუძველი წარმოიშვა. ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს. შეუძლებელია „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენ მოვახერხოთ და გადავურჩეთ იმ გამოწვევებს, რომელსაც „ოცნება“ უქმნის თავისი უუნარო, არაკომპეტენტური მავნებლური მართვით“, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

პროექტის შეწყვეტას გამოეხმაურნენ ენერგეტიკოსებიც. მურმან მარგველაშვილს მიაჩნია, რომ ეს თავიდან ბოლომდე მთავრობის პასუხისმგებლობაა. შედეგი მოსალოდნელი იყო, რადგან ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და პროექტის განხორციელებისთვის არსებული არასათანადო გარემო ამის წინაპირობას ქმნიდა.

„მედიაციის პროცესი, ფაქტობრივად, გამოყენებული იყო დროის გასახანგრძლივებლად და რეალურად ის შედეგი მოიტანა, რაც გვაქვს. ენერგეტიკულ გაერთიანებას ამას ნუ დავაბრალებთ, ისევ ჩვენს თავს დავაბრალოთ“, - თქვა ენერგეტიკოსმა.

ის ინვესტორის მხრიდან მთავრობასთან 800 მლნ დოლარის ღირებულების პროექტზე ხელშეკრულების გაწყვეტას ენერგეტიკის სექტორზე „დარტყმად“ აფასებს და ამბობს, რომ საქართველო ამ გადაწყვეტილებით დიდ ზარალს მიიღებს.

„ენერგეტიკის სექტორისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დარტყმაა, რაც შეიძლებოდა ჩვენს ქვეყანას მიეღო. ეკონომიკაში 800 მლნ დოლარის ინვესტიცია, რომელიც ხალხმა ვერ გაიგო რა იყო და პლუს, ჯარიმები, რომელიც შესაძლოა, დაგვაკისრონ, ეს შეიძლება რამდენიმე ასეული მილიონი იყოს“, - განაცხადა „ბიემთან“ მარგველაშვილმა.

ენერგეტიკოსი მიიჩნევს, რომ ინვესტორი კომპანია საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავას საქართველოს წინააღმდეგ აუცილებლად დაიწყებს.

„ნებისმიერი კომპანია, როდესაც ქვეყანა არ უქმნის პირობებს და ვერ ახერხებს სამუშაო გარემოს შექმნას, არბიტრაჟში წავა. იქ საკმაოდ მკაცრი პირობებია. ჩემი აზრით, ეს, დაახლოებით, 1 მლრდ დოლარის ზარალი იქნება, რაც მიუღებელ ინვესტიციას და ჯარიმას მოიცავს. ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და საინვესტიციო გარემოსთვის ეს უდიდესი დარტყმაა“, - დასძინა ენერგეტიკოსმა.

კომპანიის მხრიდან მომავალი ნაბიჯი რომ საერთაშორისო არბიტრაჟში წასვლა იქნება, ამას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორიც ადასტურებს. ლევან ვეფხვაძის აზრით, ნამახვანჰესის ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება „ენკას“ მხრიდან მოსალოდნელი იყო.

„არსი იმის, რატომაც „ენკასთან“ პრობლემა შეიქმნა, ისაა, რომ სახელმწიფომ თავის დროზე არ აიღო პასუხისმგებლობა, ის ყოფილიყო მოლაპარაკების მთავარი მწარმოებელი, ვგულისხმობ 2017-2019 წლებს, თუ არ გვინდა, მომავალშიც სხვაგანაც იგივე განმეორდეს, რადგან ეს გარკვეულ ადამიანთა ჯგუფებს წაახალისებს, რომ სხვა პროექტებშიც ანალოგიურად მოიქცნენ, ვინაიდან „ენკა“ წავიდა და ნამახვანჰესი გაჩერდა. მთავრობის მიდგომები დროულად უნდა გადაიხედოს, რომ ბევრი „ენკა“, ბევრი სარჩელი, პრობლემა და თავისტკივილი არ მივიღოთ ამ ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

ხელისუფლების ბრალეულობას ვერ ხედავს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომელიც თვლის, რომ კონტრაქტის გაწყვეტა ტრაგედია და აპოკალიფსი არ არის. მისი თქმით, იმითავითვე საჭირო იყო მეტი მუშაობა, რომ ეს კონტრაქტი ყოფილიყო ისეთი, რომ შესრულებადი ყოფილიყო.

„ასე არ მოხდა, რაც სამწუხაროა. შესაბამისად, აქედან უნდა გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ასეთი რამ არ მოხდეს. ნამახვანჰესის აშენების საკითხი შეიძლება გადაიდოს. რამდენიმე ვარიანტია, მოლაპარაკებები გაგრძელდეს იგივე კომპანიასთან, ან ხელახლა გაგრძელდეს ტენდერი და შეირჩეს ისეთი კომპანია, რომელიც პირობებს, რაც ჩვენს საზოგადოებას გააჩნია, უკეთესად შეასრულებს“, - ამბობს დავით ზარდიაშვილი.

წმინდა პოლიტიკური მხარე რომ შევაფასოთ, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, უცხოელ პარტნიორებთან ცუდად ჩანს, როდესაც შენ უცხოურ კომპანიას გაუშვებ ქვეყნიდან.

„ამის შემდეგ ეჭვის თვალით გიყურებენ და თან გამოდის, რომ ხელისუფლებამ ვერ მოუარა სიტუაციას საიმისოდ, რომ ასეთი გართულებები არ ყოფილიყო. ანუ, გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლების იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს ბიზნესის შემომტანს, რადგან ეს ხელისუფლება ვერ ახერხებს ბიზნესისთვის საჭირო პირობების მოგვარებას. აი, ეს პოლიტიკური შედეგებია უსიამოვნო და ცუდი“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

Katana . "პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. ყოფილი პრემიერის ხელმოწერით მოხდა რიონის ხეობის 99 წლით გადაცემა 121 ლარად თურქულ კომპანია ENKA -ზე ისე, რომ ჯერ კვლევებიც კი არ არსებობდა, შეიძლებოდა თუ არა საერთოდ ამ ტერიტორიაზე გიგანტური ჰესის მშენებლობა."
!!!
ორიოდე დღის წინ, თბილისის მერობის კანდიდატთა დებატებზე რომ გახარიამ ხელები დაიბანა - მე არაფერ შუაში ვარო, მე შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი, როცა ეს ხელშეკრულება დაიდოო, ეს როგორ არის?!
ასეთი მოკლეფეხება ტყუილი როგორ უნდა თქვა კაცმა?! ზეპირი შეთანხმება ხომ არ იყო, შემოწმება არ უხერხდებოდეს შენს ნათქვამს!..
3 წლის უკან
Katana . "ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება აღმოჩნდეს, რომ დენი აღარ გვაქვს ქსელში და დავაბრუნოთ 90-იანი წლების სიბნელე", - საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა ხელმძღვანელი ლევან ვეფხვაძე.
*
. ამ ტრაგიკული განცხადების ავტორს არა აქვს წაკითხული ხელშეკრულება?!
"90-ანი წლების სიბნელეს" რომ არ დავუბრუნდეთ, ამისათვის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ის არის, რომ ამხელა ხეობა თურქ ინვესტორს "ვათხოვოთ" ერთი საუკუნით (მერე, რა თქმა უნდა, დაგიბრუნებს და ტაო-კლარჯეთსაც ზედ დაამატებს, მადლიერების ნიშნად!), დავტბოროთ მხოლოდ იმისათვის, რომ ჩვენსასავე მიწაზე, ჩვენი ერთი მშვენიერი ხეობის ჩაძირვის ფასად გამომუშავებული დენი, 15 წლის განმავლობაში (მხოლოდ!) ყველა სხვა მომწოდებელზე ძვირად (Sic!) მოგვყიდოს, ხოლო შემდეგ კი, თუ მოუნდება, საერთოდ დაგვიკიდოს და ვისაც უნდა იმას მიჰყიდოს ეს დენი?!
თან, ყველაფერზე (მათ შორის, წყალმა რომ დაიკლოს და ინვესტორს მოგება შეუმცირდეს) პასუხისმგებლობა მხოლოდ ქართულ მხარეს რომ ეკისრება, ეს არის კარგი?!
ამისთანა კაბალურ ხელშეკრულებას მისტირით?!
არ მინდა ვიფიქრო, რომ ამგვარ პირობებზე ხელისმომწერ ქართულ მხარეს ინტელექტის ნაკლებობით მოუვიდა ეს!
შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია, რომ ძალიან დიდი თანხები იმალება ამ ხელშეკრულების უკან...
3 წლის უკან