ქართველი სამხედროები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. ამ ეტაპზე საქართველოში საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის 126 სამხედრო მოსამსახურე ჩამოვიდა.
სამშვიდობოებს აეროპორტში საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები და III ქვეითი ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი დახვდნენ.
32-ე ბატალიონი ISAF-ის მისიის ფარგლებში ავღანეთში 6 თვის განმავლობაში წარმატებით ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ბატალიონის სამშობლოში დაბრუნება ეტაპობრივად მოხდება. 22 აპრილამდე ბატალიონი სრულად დაბრუნდება სამშობლოში. ისინი ავღანეთში როტაციის წესით IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.
ავღანეთის საერთაშორისო მისიიდან დაბრუნებული კაპრალი ნიკა ყიფშიძე ოჯახში მოულოდნელად მივიდა. სამშობლოში დაბრუნების სიხარულთან ერთად, ნიკა ყოფშიძეს ოჯახში ახალი წევრი დახვდა. პატარა სალომე მამის ავღანეთში ყოფნისას დაიბადა და დღეს პირველად შეხვდა მას. კაპრალ ნიკა ყიფშიძის მსგავსად, ოჯახის წევრებს სიურპრიზი გაუკეთეს ასევე, გიორგი და დავით ჩუბინიძეებმა.