საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დებატები გაიმართა, რომელში მონაწილეობასაც თბილისის მერობის თექვსმეტივე კანდიდატი იღებდა. თუმცა, დებატების დაწყებიდან ორ წუთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ ეთერი დატოვა.
სტუდიის დატოვებამდე მელიამ თქვა, რომ ის ვერ იქნება ერთ სივრცეში მოძალადე და კორუმპირებულ ადამიანთან, რომელიც კრიმინალებს მართავს.
„ეს ფორმატი არანაირად არ უწყობს ხელს რეალური დებატების გამართვას და ამაში მალე ჩვენი მაყურებელიც დარწმუნდება და მინდა „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს პირადად ვუთხრა, თუ რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული პირები არიან დღეს ხელისუფლებაში. მოვედი ვუთხრა, რომ ეს ადამიანები არაფერს თაკილობენ და ძალადობენ მშვიდობიან მოქალქეებზე. ეს ბატონი (კახა კალაძე), რომელიც აქ არის წარმოდენილი უსაზღვროდ კორუმპირებული და კრიმინალების მფარველია. ეს ადამიანი უნდა დამარცხდეს და დამარცხდება იმიტომ, რომ არის მოძალადე. ერთ სივრცეში მოძალადესთან ერთად ყოფნას არ ვაპირებ“, – განაცხადა ნიკა მელიამ და სტუდია დატოვა.
მელიას რეპლიკა უკომენტაროდ არც კახა კალაძეს დაუტოვებია. „სულ კარგად ბრძანდებოდეთ. მიკროფონი დაგვიტოვე, მიკროფონი და ისე გადი“.
ამის შემდეგ, დებატები მშვიდ ვითარებაში წარიმართა. თუმცა, „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატმა, როგოც მის პარტიას სჩვევია, პერფორმანსი დადგა და თბილისის მოქმედ მერს ქილით მოხუცთა თავშესაფრის საკვები მიართვა და კალაძე დებატებში გამოიწვია. მაგრამ, „ოცნების“ კანდიდატმა მეტოქეს ჯერ პოლიტიკურად გაზრდა ურჩია და ამის შემდეგ კი დებატებში მონაწილეობის მიღება.
დებატებში მოანწილეობას ექს-პრემიერი და მერობის კანდიდატი გიორგი გახარიაც იღებდა, რომელსაც ყოფილ თანაგუნდელთან რიტორიკული კითხვები ჰქონდა: იზიარებდა თუ არა თანაგუნდელების მხრიდან მის მიმართ წარმოთქმულ ბრალდებებს - ნაკოტიკების მოხმარებას, მოღალატეობას და მიხეილ სააკაშვილთან კავშირებს?
პასუხად კალაძემ თქვა: „ნარკომანობასთან დაკავშირებით, მგონი არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს ის, რომ გიორგი გახარია ნარკომანია. რაც შეეხება შენს საქციელს, მე პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი - არ მომეწონა ის გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე. ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად თავშეკავებული ვიყო, როცა კითხვა ისმება გიორგი გახარიაზე. მე, პირველ რიგში, ვარ კაცი და მერე ვარ პოლიტიკოსი. შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას მე გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ. თბილისმა გადაწყვიტოს“.
ამის შემდეგ დებატები დიდად საინტერესო არც ყოფილა, რადგან თექვსმეტივე კანდიდატს 2-2 წუთი ჰქონდათ საკუთარი პროგრამის გასაჟღერებლად. დებატების დასრულების შემდეგ კი, კახა კალაძის კონკურენტებმა მასთან ფოტოებიც გადაიღეს.
რამდენად საინტერესო იყო ექსპერტებისთვის აღნიშნული დებატები და რა გზავნილი იყო ამ დებატებიდან მათთვის მნიშვნელოვანი? ამ კითხვებით ანალიტიკოსებს მივმართეთ.
ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ეს არ იყო დებატები, ნაწილი კი მიესალმება, რომ თბილისის მერობის თექვსმეტივე კანდიდატს შანსი მიეცათ, საკუთარი თავი წარმოეჩინათ.
ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ დებატებში მონაწილეობა მხოლოდ იმ კანდიდატებმა უნდა მიიღონ, ვისაც გამარჯების პოტენციური შანსი აქვს.
„როდესაც 16 კაცი დგას, ფაქტობრივად, ისინი იძულებულები არიან ლოზუნგებით ილაპარაკონ, რადგან ამ ფორმატის დებატებში შინაარსობრივი საუბარი შეუძლებელია - ეს არის ამომრჩევლისადმი უპატივცემულობა. ასე რომ, მე ამას დებატებს არ დავარქმევდი.
რაც შეეხება მომხდარს, აქაც ყველაფერი გასაგებია. როგორც ჩანს, სახელისუფლებო კანდიდატისთვის, მაინც და მაინც კომფორტული არ იქნებოდა გახარიასთან დებატები. მათ ერთი ელექტორალური ბაზა აქვთ და ამომრჩეველმა მათ შორის შედარებითი ანალიზი უნდა გააკეთოს. ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ სერიოზული რისკი იყო, მათი კანდიდატი შეიძლება კარგად არ გამოჩენილიყო. ამისთვის მათ შეუქმნეს ფორმატი, სადაც მაქსიმალურად გაიდღაბნებოდა სურათი და ვერავინ ვერანაირ დასკვნას ვერ გააკეთებდა“, - განუცხადა ხუხაშვილმა for.ge-ს.
ანალიტიკოსისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქციელი გასაკვირი სულაც არ ყოფილა. გია ხუხაშვილის თქმით, აღნიშნული ქმედება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დამახასიათებელია.
„ნაციონალური მოძრაობა“ ახლა მაქსიმალურ მობილიზებას ახდენს, რადგან მათ არამარტო საარჩევნო სტრატეგია, არამედ პოსტსაარჩევნო სტარტეგიაც არჩეული აქვთ. მათ მუდმივად ე.წ. მუხტის შენარჩუნება სჭირდებათ, რათა მაქსიმალური ესკალაციის ფონი ჰქონდეთ. ფაქტობრივად, მელიამ შეასრულა საკუთარი ამომრჩევლის დაკვეთა. მისი ამომრჩეველი ასე ფიქრობს და პრინციპში ამაზე ითამაშა. მელიას ილუზია არ ჰქონია, რომ ამ დებატებით სხვა სეგმენტიდან ამომრჩეველს მიიმხრობდა. ასე რომ, ყველამ ითამაშა თავისი თამაში“,- გვითხრა ხუხაშვილმა.
ექსპერტმა გიორგი გახარიასი და კახა კალაძის „წაკინკლავებაზეც“ გააკეთა აქცენტი. ხუხაშვილის აზრით: „იყო ეპიზოდი, როდესაც „ქართული ოცნების“ ნარატივი წყალში გადაიყარა - ე.წ. „ნარკოსკანდალთან“ დაკავშირებით, რითაც მათი ტექნოლოგია, საკმაოდ ბინძური და ცილისმწამებლური კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამით კალაძემ დარტყმა მიიღო, მაგრამ მეორე მხრივ, როგორც ადამიანი, ის უკეთესად გამოიყურება, ვიდრე მისი თანაგუნდელები, რომლებიც ყველაფერზე ხელს აწერენ და ნებისმიერი ტალახის სროლა შეუძლიათ.
კალაძის მიერ ნათქვამი განცხადება გახარიას მისამართით, რომ პოლიტიკურად უნდა გაიზარდოს, კომიკურია. აგიხსნით რატომ - გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი იყო, მათივე პრემიერი. კალაძე მის პოლიტიკურ შესაძლებლობებს აღიარებდა. თუნდაც, კვლევებით გახარია კალაძეზე ყოველთვის წინ იყო. ახლა რას ჰქვია პოლიტიკურად უნდა გაიზარდო?! - გაუგებარია ვის ეუბნება „წადი ტოლი ნახეო“?! აბსურდულია. მე მაინც ვისურვებდი, რომ ჩვენს ამომრჩეველს პატივი ვცეთ და რეალური დებატები შედგეს ხოლმე. ამ წუთისთვის ჩვენ რეალური 15% გვყავს ამორმჩეველი, რომელიც არჩევნებზე აპირებს წასვლას, მაგრამ ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული ვის მისცეს ხმა. მათ პატივი უნდა ვცეთ და არჩევანის გაკეთება უნდა გავუადვილოთ. ამის გაკეთება შეიძლება მხოლოდ პირდაპირი დებატებით. სამომავლოდ, ვისურვებდი, როგორც ამერიკაშია, დებატების კომიტეტი შეიქმნას, რომელიც განსაზღვრავს ფორმატს და გამოკვეთს ძირითად კანდიდატებს და მათ შორის მოაწყობს დებატებს“,- განუცხადა გია ხუხაშვილმა for.ge-ს.
გია ხუხაშვილისგან განსხვავებით, ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძისთვის აღნიშნული დებატების ფორმატი მისაღებია. ექსპერტი დებატებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ასე განმარტავს: „დებატებს მივესალმები, რადგან დებატები აუცილებლად უნდა შედგეს, რათა მოსახლეობამ გაიგოს კანდიდატების პოზიციები. რაც შეეხება თავად აღნიშნულ დებატებს, სასურველი იქნებოდა, რომ ნიკა მელია ბოლომდე ყოფილიყო და საკუთარი პოზიცია წარედგინა. კარგია, რომ თითოეულმა მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს მიაწვდინა საკუთარი პოზიცია. ასევე, კარგია, რომ არავის დისკრიმინაცია არ მოხდა და ყველა კანდიდატს დაეთმო თანაბარი დრო“.
ანალიტიკოს ლადო ბოჟაძემ კი აღნიშნული დებატებით გამოიტანა დასკვნა, რომ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე კახა კალაძე იმარჯვებს.
„ამ დებატებით დამტკიცდა, რომ კახა კალაძემ არჩევნები მოიგო. მთელმა თბილისმა ნახა მერობის ერთადერთი კანდიდატი, რომელმაც ზუსტად იცის, თბილისს რა პრობლემები აქვს და ასევე, ზუსტად იცის, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ისევე, როგორც დედაქალაქმა ძალიან კარგად იცის რა გაკეთდა იმ 4 წლის განმავლობაში, რაც კახა კალაძეა მერი და როგორ განსხვავდება 2021 წლის თბილისი 2017 წლის თბილისისგან.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ჩვენ ვერ მოვისმინეთ მათგან კონკრეტული წინადადება, ქალაქის გეგმა და რაც ყველაზე მთავარია, იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც თბილისს ძალიან ბევრი აქვს. ამ დებატებმა, ფაქტობრივად, აჩვენა, რომ მერობის იმ 16 კანდიდატიდან, კახა კალაძე უალტერნატივოა.
ასევე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ნიკანორ მელია, რომელიც დებატებიდან გაიქცა. ძალიან სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან დიდი გზა გაიარა გაქცეული სააკაშვილიდან, ახლა უკვე გაქცეულ მელიამდე. ეს იყო მისი მხარდამჭერების შეურაცხყოფა და შემდეგ დანარჩენი იმ თბილისელების, რომლებიც ამ დებატებს ელოდებოდნენ. ამიტომ, გაქცევით მელიამ აღიარა, რომ ის დამარცხებულია. რაც შეეხება წასვლის მიზეზს, რომელიც მელიამ დაასახელა, ეს დებატები დიდ ხნის წინ იყო დაგეგმილი და თანხმობაც ადრე იყო გაცემული. ბუნებრივია, დმანისის ინციდენტის მოშველიება, უბრალოდ, საბაბი და მიზეზი იყო, რათა გაქცევა გაემართლებინა. თუმცა, ის კალაძეს გაექცა“, - გვითხრა ლადო ბოჟაძემ.
ანალიტიკოსს არც გიორგი გახარია დარჩენია უყურადღებოდ და მის დებატებში მონაწილეობას ასე აფასებს: „ გიორგი გახარია, რა თქმა უნდა, რეიტინგული კანდიდატია. თუმცა, ვფიქრობ, რომ მან გაუცრუა იმედები დედაქალაქის მაცხოვრებლებს, რადგან თბილისის პრობლემებზე მასაც არ უსაუბრია. გამოჩნდა, რომ მან სწორედ ნიკა მელიასთვის მეორე ტურის შანსების გაზრდის გამო დააყენა საკუთარი კანდიდატურა. რაც შეეხება კალაძე-გახარიას ცალკე დებატებს, კანონის წინაშე ყველა თანაბარია და სწორედ ამიტომაც 16 კანდდატს შორის იყო დებატები. ცალკე ვინმესთან დებატები გონივრული არ იქნება, რადგან ყველა ოპოზიციონერის მოსაზრება უნდა იყოს დაფიქსირებული - ეს არის დასავლური დებატების, კონკრეტულად ამერიკული დებატების მოდელი. რაც შეეხება გახარიას, ის ძალიან სუსტად გამოიყურებოდა, პრემიერი გახარიასგან“, - გითხრა ლადო ბოჟაძემ.
შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. დედაქალაქის მერობსთვის კი 16 კანდიდატი იბრძოლებს.
„მესამე ძალა“ - თამარ კეკენაძე, „ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკანორ მელია, „პატრიოტთა ალიანსი“ - გიორგი ლომია, „ლელო“ - ანა ბიბილაშვილი, „ლეიბორისტული პარტია“ - მიხეილ ქიმსიშვილი, „საქართველო“ - გიორგი ქუთათელაძე, „მამული“ - თეიმურაზ ბობოხიძე, „მომავალი საქართველო“ - გიორგი ლაღიძე, „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ, „საქართველოსთვის“, - გიორგი გახარია, „სოციალური სამართლიანობისთვის“ - ქეთევან ნაკაშიძე, „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ - ევგენი ღვინიაშვილი, „თავისუფალი საქართველო“ - ზაზა ხატიაშვილი, „ქართული ოცნება“ - კახა კალაძე, „ხალხისთვის“ - ანა დოლიძე, „მწვანეთა პარტია“ - გია გაჩეჩილაძე.
ეს უთხრა ლეიბორისტების ახალგამომცხვარ კანდიდატს - ქუმსიშვილს, რომელმაც ცალკე მოინდომა მასთან დისკუსია და თავხედურად, ნათელაშვილის ტონალობაში ელაპარაკებოდა კახას!
ხუხაშვილი თუ ალაგ-ალაგ უყურებდა ტელევიზორს, რატომ აძლევს თავს კომენტირების უფლებას, ან თქვენ რატომ არ შეუსწორებთ?!
არც თქვენ გიყურებიათ?