აშშ-ში საფრანგეთის ელჩი ვაშინგტონში მომავალ კვირას დაბრუნდება

აშშ-ში საფრანგეთის ელჩი ვაშინგტონში მომავალ კვირას დაბრუნდება

აშშ-ში საფრანგეთის ელჩი ვაშინგტონში მომავალ კვირას დაბრუნდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის დროს მიიღო.

წყალქვეშა ნავების კონტრაქტთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე დღეს აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

„ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი ოქტომბრის ბოლოს ევროპაში შეხვდებიან ერთმანეთს, რათა საერთო გაგებას მიაღწიონ და ამ პროცესში იმპულსი შეინარჩუნონ. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გადაწყვიტა, რომ საფრანგეთის ელჩი ვაშინგტონში მომავალ კვირას დაბრუნდება. შემდეგ ის ინტენსიურ მუშაობას დაიწყებს აშშ-ის მაღალჩინოსნებთან“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

18 სექტემბერს საფრანგეთმა აშშ-დან და ავსტრალიიდან ელჩები კონსულტაციებისთვის გამოიწვია.

„პრეზიდენტის თხოვნით, გადავწყვიტე დაუყოვნებლივ გამოვიწვიო პარიზში ჩვენი ორი ელჩი კონსულტაციებისთვის. ეს განსაკუთრებული გადაწყვეტილება გამართლებულია ავსტრალიისა და შეერთებული შტატების მიერ 15 სექტემბერს გაკეთებული განცხადების განსაკუთრებული სიმძიმით“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

15 სექტემბერს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ უსაფრთხოების სფეროში ისტორიული ალიანსის შექმნა გამოაცხადეს. როგორც სამი ქვეყნის ლიდერებმა განაცხადეს, ახალი ალიანსი ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონზე იქნება ფოკუსირებული. პარტნიორობის ფარგლებში, აშშ ავსტრალიას ბირთვული წყალქვეშა ნავების განლაგებისთვის საჭირო ტექნოლოგიასა და შესაძლებლობებს გადასცემს.

საფრანგეთმა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ზურგში დანის ჩარტყმასა და დონალდ ტრამპის მსგავსად ქცევაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც საფრანგეთი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ გამოცხადებული ალიანსის მიღმა აღმოჩნდა.

2016 წელს, ავსტრალიამ ფრანგული გემთმშენებელი კომპანია Naval Group-ი შეარჩია, რომელსაც ავსტრალიის ახალი წყალქვეშა ფლოტი უნდა აეშენებინა. კონტრაქტის ღირებულება 40 მილიარდ დოლარს შეადგენდა.