გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ქვეყანა „თალიბანთან“ დაკავშირებით საერთო პოზიციაზე შეთანხმდა, ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.
„აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი გამოთქვამენ სურვილს, იხილონ მშვიდობიანი და სტაბილური ავღანეთი, რომელშიც ჰუმანიტარული დახმარება ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე გადანაწილდება“, - განაცხადა გუტერეშმა.
მოლაპარაკებები აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ნიუ-იორკში, გაეროს გენასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
მისივე თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები მიზნად ისახავენ ისეთ ავღანეთს, რომელშიც ქალებისა და გოგოების უფლებები იქნება დაცული, ქვეყანა კი ტერორისტებისთვის თავშესაფრად არ იქცევა.
„გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ქვეყანა მოუწოდებს „თალიბანს“ შექმნას მთავრობა, „რომელშიც მოსახლეობის ყველა ნაწილი იქნება წარმოდგენილი“.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ აგვისტოში გაეროს ხუთი მუდმივი წევრიდან ორმა - რუსეთმა და ჩინეთმა - უარი თქვა ერთიანი რეზოლუციის მხარდაჭერაზე, მას შემდეგ რაც „თალიბანმა“ ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარა.