ქარდავა მსჯავრდებულია, ხოჯევანიშვილი ჯერ მხოლოდ ეჭვმიტანილი

ქარდავა მსჯავრდებულია, ხოჯევანიშვილი ჯერ მხოლოდ ეჭვმიტანილი

26 ათასი ფაილი, 589-ე დისკი, 181 საათისა და 30 წუთის ხანგრძლივობის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ფოტო, ვიდეო და აუდიოჩანაწერები 2013 წლის 5 სექტემბერს, ე.წ. მოდულის შენობაში, გამანგურებელი აპარატის „შრედერის“ საშუალებით გაანადგურეს.

საერთო ჯამში კი განადგურდა 110 დისკი, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ 144 ფაილს შეიცავდა. 5 სექტემბერს განადგურებულ დისკებში არ შედიოდა სამეგრელოში, სამალავებში აღმოჩენილი მასალები.

2013 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის ტყის მასივში, 8 ცალი პოლიეთილენის კასრი იპოვეს, სადაც დიდი ოდენობით ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, შსს-ს საინფორმაციო ბაზიდან წამოღებული დოკუმენტები, ნარკოტიკული საშუალებები და 18 ცალი ვიდეოფირი აღმოჩნდა. როდესაც გამოძიებამ კასრებში ნაპოვნი ვიდეოფირებზე ჩაწერლი მასალა დაათვალიერა, აღმოაჩინა, რომ ორ მათგანზე ორი მამაკაცის გაუპატიურების ფაქტი იყო ჩაწერილი. გამოძიებამ ფირზე აღბეჭდილი ყველა პირის იდენტიფიცირება მალევე მოახერეხა და ისინი დააკავა.

ნაპოვნი ვიდეოჩანაწერებისა და მოკვლეული მასალით გამოძიებამ დაადგინა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოსა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას პოლიციელებისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისაგან შექმნილი ჰქონდა დაჯგუფება, რომლის წევრებიც უკანონოდ აპატიმრებდნენ ადამიანებს და სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, წინასწარ აშენებულ მიწისქვეშა ბუნაგებში აწამებდნენ და აუპატიურებდნენ.

დაკავებულის გასაუპატიურებლად კი ადამიანს ქირაობდნენ, რაშიც მას ფულს უხდიდნენ. „კასრების საქმეზე“ განაჩენი 2014 წელს გამოაცხადდა. საქმის მასალების მიხედვით, 12 ბრალდებულიდან ერთ-ერთს - თ. უ-ს ბრალი ორი მამაკაცის გაუპატიურებაში ედებოდა, რის სანაცვლოდაც მან მთლიანობაში 55 ლარი აიღო. ამ საქმეზე ბრალდებულია მეგის ქარდავა. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, კოხტა კოდუას - ამჟამად უკრაინაში იმყოფება, თუმცა მისი თავისუფლება დიდხანს არ გასტანს.

თ.უ. გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებაში ამბობს: „2009 წელს, ზაფხულის დასაწყისში, ქალაქ ზუგდიდში მომიხდა ჩხუბი, ჩემთვის უცხო პიროვნებებთან, რა დროსაც ზუგდიდის პოლიციამ დამაკავა და ადმინისტრაციული წესით დამსაჯეს და 10 დღით პატიმრობა და ჯარიმა 100 ლარი მომისაჯეს. ჩემი საქმის წარმოების დროს გავიცანი გამომძიებელი გელა ფეტელავა, რომელმაც პოლიციასთან თანამშრომლობა შემომთავაზა. კერძოდ, სხვადასხვა ინფორმაციის მოტანა დამნაშავე პირებზე. ამაზე მე მას ვუთხარი უარი, რის შემდეგაც მან შემიყვანა თავის უფროსთან კოხტა კოდუასთან, მისსავე სამუშაო კაბინეტში, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის ძველი ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე პოლიციის შენობაში.

კოხტა კოდუას ამ შეხვედრამდე არ ვიცნობდი. კოხტა კოდუამ მითხრა, რომ თუ არ ვითანამშრომლებდი პოლიციასთან, უარესი დამემართებოდა. ანუ დამემუქრა დაჭერით. მე შემეშინდა და თანხმობა განვუცხადე. ამის შემდეგ, კოხტა კოდუამ მითხრა, რომ იყო ერთი პიროვნება, რომელსაც სექსუალური კონტაქტი ჰქონდა საკუთარ დასთან. ამ პიროვნებას ბომბი აქვს შემოტანილი და რაღაცის აფეთქებას აპირებსო. ჩვენ მას როცა დავაკავებთ, დაგირეკავთ, შენ უნდა მოხვიდე და „გააქათმო“ ანუ გააუპატიუროო. მე მას დავთანხმდი“, - წერს თ. უ-ა.

2 სექტემბერს მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხზე მომუშავე დროებითი კომისია. მუშაობის პროცესში კომისიამ ვერ მოიპოვა ვერც ერთი ოფიციალური დოკუმენტი, იმისა რომელიც დაადასტურებდა, რომ აღმოჩენილი ვიდეო, აუდიო და ფოტომასალის მოპოვება კანონიერად ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები განადგურდა, მაშინდელი შს მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავდა, რომ უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერების ასლები არსებობდა.

„სამწუხაროდ, ჩვენი ინფორმაციით, მასალების უმრავლესობა კოპირებულია. არსებობს დიდი ალბათობა, რომ იმ მასალის ასლები, რომელიც შსს-ს არქივში დაგვხვდა და რომელიც მოვიპოვეთ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ჰქონდეთ. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ წლების განმავლობაში ხდებოდა ჩაწერა, მიყურადება, ამიტომ უნდა მოხდეს ამ მრავალწლიანი ნეგატიური მასალის შეფასება, მკაცრი შეფასება უნდა მოხდეს კომისიის მთავრობის და საზოგადოების მხრიდან, ამის შემდეგ ბუნებრივია, საჭირო იქნება გამოძიების დაწყება“, - აცხადებდა 2013 წელს ირაკლი ღარიბაშვილი.

ის, რომ ყოფილ მაღალჩინოსნებს არქივი ქვეყნიდან გატანილი აქვთ, ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ პერიოდულად, ინტერნეტ სივრცეში ვრცელდებოდა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები. ამჯერად ინტერნეტში განთავსებული იქნა დაახლოებით 58 000 დოკუმენტი, რომელიც სასულიერო პირების შესახებ კომპრომატებს შეიცავს. ჩანაწერები ანონიმურმა წყარომ 13 სექტემბერს გადასცა „TV პირველს“, „ფორმულას“ და „მთავარს“. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფარული მასალების გავრცელების საქმეზე გამოძიება დაწყებულია და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის იმასაც, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ამ ყველაფერში ჩართული იყოს გიორგი გახარია, ან ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, რომელიც სუს-ში „ფარულ ოპერატიულ საქმიანობას“ კურირებდა.

რა კავშირი აქვს ფარულ ჩანაწერებთან ხოჯევანიშვილს, ამას ახლა გამოძიება არკვევს. გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ გამოძიება ხოჯევანიშვილამდე ვერ გავა, რადგან, მისი თქმით, ხოჯევანიშვილს ამ მასალებთან არანაირი კავშირი არ აქვს და ვერ ექნებოდა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა „ჭორაობა“ უნდა დაასრულონ და ღია, სერიოზული გამოძიება აწარმოონ.

„ორგანიზაცია „ოცნება“ ისეთ პანიკაშია, რომ დარწმუნებული ვარ, ყველაფერს დაგვაბრალებენ. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გვაქვს. მე ერთ რამეს ვიტყვი ამასთან დაკავშირებით - დროზე გამოძიება, სერიოზული გამოძიება დაიწყონ. დღეს გამოუყვანიათ კიდევ ვიღაც ექსპერტი და აი, როგორ არ იცოდა, უნდა სცოდნოდაო, სირცხვილია ხალხო ამ ზღაპრებში ცხოვრება, ილუზიებში ცხოვრება!

გამოძიება მეგობრებო! ჭორაობა და ტლიკინი კი არა, გამოიძიება! შენ რომ ასეთი კატასტროფა გემართება ქვეყანაში, შენი ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტში, იმის მაგივრად, რომ იფიქრო როგორ დააბრალო, ვის დააბრალო, პოლიტიკურად როგორ დააკონვერტირო, ეკლესია როგორ დააზიანო, სასწრაფოდ გამოძიება უნდა დაიწყო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყოფილი პრემიერის უარყოფის მიუხედავად, სუს-ის მიერ გავრცელებული სკანდალური ფაილების უკან გიორგი გახარიას ინტერესებს ხედავს მეუფე იაკობი, რომლის განცხადებით, გიორგი გახარია შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებისგან ითხოვდა, რომ მღვდლებზე და ზოგადად, სასულიერო პირებზე შეეგროვებინათ კომპრომატები. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური იოვანე მჭედლიშვილი აცხადებს, რომ საჭიროა, გამოძიებამ კითხვებს პასუხი გასცეს და ყველა დამნაშავემ საკადრისი პასუხი უნდა მიიღოს.

„არის ბევრი სიმართლე, უზუსტობა, ტყუილი, ცილისწამება - ყველაფერი ამის ნაზავია. არ მქონია შეგრძნება, რომ ოდესმე არ მისმენენ. არ აქვს მნიშვნელობა, სახელმწიფო გისმენს თუ - სხვა ადამიანები. დღეს ძალიან მარტივად ტეხავენ სოციალურ ქსელებს, მარტივია სხვადასხვა წყაროთი ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება. ვერავის ცილს ვერ დავწამებ. ამისთვის, გამოძიება დაიწყო. გამოძიებამ კეთილი უნდა ინებოს და ყველა ადამიანი დაამშვიდოს სწორად წარმართული გამოძიებით მიღებული პასუხებით. საკადრისი პასუხები უნდა მიიღონ იმ ადამიანებმა, ვინც ამ ყველაფერში იყვნენ დამნაშავეები. არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც, სახელმწიფო სტრუქტურები. შეიძლება, სხვა ადამიანები იყვნენ ამაში ჩართულნი“, - ამბობს მამა იოვანე მჭედლიშვილი.

ფარულ ჩანაწერებში მოხსენიებული პირების შესახებ მედიასაშუალებებში დაუშტრიხავად პირადი ინფორმაციის გავრცელება, „ქართული ოცნების“ წევრის, კახა კახიშვილის განცხადებით, კანონდარღვევაა და ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორი და სახალხო დამცველი არ უნდა დუმდნენ. პარლამენტის წევრის განცხადებით,

უმოკლეს ვადაში უნდა მოხდეს ამ საქმის გამოძიება და დადგინდეს ავთენტურია თუ არა გავრცელებული მასალები.

„პირველ რიგში, გასარკვევია საიდანაა, ავთენტურია თუ არა. ნამდვილად ბევრმა ადამიანმა ამოიცნო. ე.ი. რაღაც ნაწილში ავთენტურია, მაგრამ ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ავთენტურ მასალას, შეიძლება, დაემატოს არაავთენტური. ავთენტურ მასალას, უბრალოდ, მატარებლის ფუნქცია ექნება და არაავთენტურიც გაჰყვება. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, უმოკლეს ვადაშია გამოსაძიებელი.

მოლოდინიც მაქვს და მოთხოვნაცაა ასეთი, რომ აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული სკრუპულოზურად და ყველა ადამიანმა, ვინც მიიღო მონაწილეობა ამაში, ალბათ, პასუხიც უნდა აგოს. მეორე საკითხია, ჩვენ არ ვიცით კიდევ არჩევნებამდე რა მასალები და რა სიმძიმის მასალები გამოქვეყნდება. ჩვენ ხომ ლოგიკა გვაქვს, ჩვენ ხომ კარგად გვესმის, ახლა, ყველაზე მძიმე არტილერია იქნება უკვე არჩევნების პერიოდში იმიტომ, რომ აშკარაა, ეს მასალები იყო ზუსტადაც გამოქვეყნებული საარჩევნო მიზნებისთვის“, - აცხადებს კახა კახიშვილი.

 

Serapina ნეტა, ესეც დასავლეთის დაკვეთა იყო, თუ შინა გვყავს ამდენი გონებაგანათებული?!
1. ვინ იცოდა/იცის რომ ამ განადგურებული მასალის დუბლიკატები არ არსებობს...საქართველოში,ან უცხოეთში?
2. ...და ვისაც აქვს, დღეს რომ მასალათა კომპილაცია(სურვილისამებრ დაჭრა და ამოკრება) გააკეთოს, მაშინ სად უნდათ სრული (*ჭრის გარეშე) მასალის ნახვა?
3. ამას,რაც ასე ბეჯითად გაანადგურეს, იურიდიულ ენაზე, მტკიცებულებათა განადგურება ჰქვია და ეს კადრები რომ გამოჩნდეს, ვინ რას გაარკვევს მერე?!
მარტივად რომ ვთქვათ, არავის უნდა დალაგებული საქართველო!
არც გარედან და არც შიგნიდან... მარტო ხელფასით, ხომ ვერ იცხოვრებენ?!
3 წლის უკან