„სითი პარკი“ მერიას ხარკს უხდის

„სითი პარკი“ მერიას ხარკს უხდის

„სითი პარკის“ თანამშრომლები უკვე რამდენიმე დღეა გაფიცულები არიან, ისინი თბილისის მერიას „სითი პარკის“ მფარველობაში ადანაშაულებენ და 8 აპრილს, მერიის წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

როგორც „სითი პარკის“ თანამშრომლები აცხადებენ, მათ კომპანიის ხელმძღვანელობა აიძულებს, უკანონოდ დააჯარიმონ მოქალაქეები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ანაზღაურებას ვერ მიიღებენ. გარდა ამისა, როგორც ისინი აცხადებენ, „სითი პარკის“ დირექტორმა მათ პირდაპირ უთხრა, რომ კომპანიის მოგების 60% მერიას რჩება, 40% კი - კომპანიას. ამიტომ თანამშრომლები მერიისგან მოითხოვენ, შეიქმნას ადმინისტრაციული ორგანო და არა „სითი პარკის“ მსგავსი სადამსჯელო კომპანია.

გაფიცული თანამშრომლების ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ თანამშრომლები კომპანიის მხრიდან მრავალი სახის ზეწოლაზე საუბრობენ.

მარიამ კუბლაშვილი: მთელი ნუსხაა - ზეწოლა ჯარიმების შემოყვანაზე, ზეწოლა ჯარიმების გამოწერაზე, მუქარა მანქანების ვერშემოყვანის შემთხვევაში სამსახურიდან გაშვების შესახებ, შეუთანხმებლად კონტრაქტების შეცვლა და ბოლოს 4-ლარიან ხელფასებზე გადაყვანა. თანამშრომლებთან შეუთანხმებლად ხელშეკრულებაში შეიტანეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, ეკიპაჟს (მძღოლი და ორი დამხმარე) ევალება დღეში მინიმუმ 8 ავტომანქანის ევაკუაციის განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მათი სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი გახდება.

სამუშაოდ გამოსული ეკიპაჟი მონადირესავით დადის, რადგან თუკი 8 მანქანას ვერ გადაიყვანს საჯარიმოზე, გასამრჯელოს ვერ აიღებს.

გამოდის, მოქალაქეების უკანონოდ დაჯარიმებას აიძულებენ?

- როდესაც ვკითხე, რას ნიშნავდა ხელშეკრულებაში ასეთი პუნქტის შეტანა, მიპასუხეს, რომ დაჯარიმება პრობლემა არ იყო და დამრღვევი მძღოლები საძებარი არ იყო. როგორც გავარკვიე, კომპანიის ებრაელმა მეპატრონემ სპეციალისტები ჩამოიყვანა, რომელთა სპეციალიზაციაა, დედაქალაქის ქუჩებში ამკრძალავი ნიშნების განთავსება. ქალაქში მახეებია დაგებული - ნუთუ დედაქალაქის მუნიციპალიტეტში არავინ დაფიქრებულა იმაზე, როგორ მუშაობს „სითი პარკი“, როგორ არის განლაგებული საგზაო ნიშნები? ზოგიერთ ადგილას, სადაც მონიშნულია, რომ პარკირება შეიძლება, შორიახლოს, შეუმჩნეველ ადგილზე დგამენ პატარა აკრძალვის ნიშანს. ეს კი გულისხმობს, რომ აკრძალვა მონიშვნას აუქმებს და მძღოლი ვერ გაასაჩივრებს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ღამით გაჩერებულ ავტომანქანებზე დილით ჯარიმები ხვდებათ, შორიახლოს კი ამკრძალავი ნიშანი.

მძღოლები კონკრეტულად რის გამო გაიფიქცნენ?

- მათი მოთხოვნაა ფიქსირებული ხელფასების დაწესება, ამბობენ, რომ აღარ სურთ გამომძალველების როლში იყვნენ. რამდენ მანქანასაც გადაიყვანენ ევაკუატორით, იმდენ 4 ლარს იღებენ. მძღოლები იმასაც ამბობენ, რომ დღითიდღე უარესდება სიტუაცია, ამ ყველაფერს კი თბილისის მერია ხელს აფარებს. არსებობს ხალხი, ვისაც შეუძლია ეს თაღლითური სქემა გაშიფროს.

ეს ყველაფერი თანამშრომლებმა ჯერ კომპანიის ხელმძღვანელობასთან გააპროტესტა, ბენიამინ ალაჰაფმა კი მათ განუცხადა, რომ მოგების 60% მერიას მიჰქონდა, მას მხოლოდ 40% რჩებოდა და საქართველოში ეს ბიზნესი იმიტომ ააწყო, რომ მოგება მიეღო.

დამქირავებელს ყოველთვის ერთი პასუხი აქვს - თუ არ მოგწონს სამუშაო პირობები შეგიძლია, წახვიდე. შრომით ხელშეკრულებებშიც იმდენი დარღვევებია, მიჭირს ჩამოთვლა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თანამშრომლებს აფრთხილებდნენ, მერიის ავტომანქანებისთვის ხელი არ ეხლოთ. თუ გაბედავდნენ რომელიმე პრივილეგირებული პირის ავტომანქანის გადაყვანას, მას მაშინვე ათავისუფლებდნენ სამსასხურიდან.

რას მოითხოვთ და სად აპირებთ ამ ყველაფრის გასაჩივრებას?

- გვინდა ამ საკითხის მოწესრიგება ერთხელ და სამუდამოდ, სახელმწიფოებრივ დონეზე მოხდეს. ქალაქში ყველა სფერო, მათ შორის, პარკირება უნდა იყოს ორიენტირებული საჯარო ინტერესზე და არა რომელიმე კონკრეტული ბიზნესმენის შემოსავლის წყაროზე.

ვიდრე სასამართლოში შევიტანთ სარჩელს, მანამდე მოვითხოვთ სახალხო დამცველის ჩართვას ამ საქმეში, ამდენი ადამიანის უფლებაა დარღვეული, სასურველი იქნება თუ ჩაერთვება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და ა.შ. არ არის გამორიცხული, პროკურატურასაც მივმართოთ, რომ გამოიძიონ, რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე, რადგან ამ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოკვლევისას დანაშაულის ნიშნებიც იკვეთება.