მერაბიშვილის შოუ კულტურის სამინისტროში

მერაბიშვილის შოუ კულტურის სამინისტროში

კულტურულ მემკვიდრეობაზე რეალური ზრუნვისა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად კულტურის სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგ ფანდს აჰყვა და ვანო მერაბიშვილს სამინისტროს შენობაში შოუს დადგმაში ხელი შეუწყო. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა რაბათის კომპლექსის ირგვლივ გამართულ ე.წ. მრგვალ მაგიდაზე.

კულტურის სამინისტროს დარბაზში ისეთი ამბავი იყო, გეგონებოდა რაღაც სასწაული მოხდა - დარბაზში დავითვალე: 21 კამერა, ამდენივე ოპერატორი, 30-ზე მეტი ჟურნალისტი, 5 ფოტოგრაფი; ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები, მუზეუმის დირექტორები, პოეტები, პარლამენტარები, ძველი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები და ამ დღის მთავარი „გმირი“ ვანო მერაბიშვილი.

მაგიდა, რომლის გარშემოც სტუმარ-მასპინძლები ისხდნენ, მთლად მრგვალი არ იყო, მოგრძო ფორმა ჰქონდა და მის გარშემო ჟურნალისტები დარბოდნენ, რადგან ხან ერთი გამომსვლელი წამოდგებოდა აზრის გამოსახატად და ხან მეორე.  

მრგვალი მაგიდის გარშემო ისხდნენ: კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია და მისი სამი მოადგილე: მარინე მიზანდარი, ალექსანდრე მარგიშვილი, მანანა ბერიკაშვილი; მეუფე თეოდორე (ჭუაძე); საპატრიარქოს არქიტექტურის საბჭოს წარმომადგენლები: მამა ბესარიონ მენაბდე, ხელოვნებათმცოდნე ქეთი აბაშიძე და ამავე საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თამარ კვანტალიანი; კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მერაბ ბოჭოიძე; ამავე სააგენტოს ყოფილი უფროსი ნიკა ვაჩეიშვილი;  ICOMOS საქართველოს, იგივე ძეგლებისა და ღირშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტის გენერალური მდივანი ნატო ცინცაბაძე; პოეტი დავით მაღრაძე; ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე მიშა წერეთელი; არქეოლოგი ჯუმბერ კოპალიანი; კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ცხადაძე (რომელსაც თავი არ აუწევია, ფურცლებზე გამალებული ხატავდა); ადვოკატი თედო კობახიძე; მხატვარ-რესტავრატორი მერაბ ბუჩუკური; პარლამენტარი გოგი ოჩიაური;  ხელოვნებათმოცდნეები: დავით ხოშტარია, მანანა სურამელაშვილი; ხელოვნების მუზეუმის ხელმძღვანელი გია მარსაგიშვილი და სხვები.

სპეციალისტებთან შეუთანხმებლად, ელვისებული სისწრაფით ჩატარებული სამუშაოები; მეჩეთზე მოხსნილი ცხაურები და ოქროსფრად შეღებილი გუმბათი; აღმოსავლური სტილით გაჯერებული, მოგონილი არქიტექტურა; გამქრალი ისტორიული ფენები - ძირითადად ეს იყო ხელოვნებათმცოდნე მანანა სურამელაშვილის შეფასება, რაბათის კომპლექსზე ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, რაც ბუნებრივია, ნიკა ვაჩეიშვილმა არ გაიზიარა - „ამ პროცესში ყველაზე ცნობილი სარესტავრაციო ფირმები იყვნენ ჩართულები და შედეგიც შესაბამისი იყოო“.

მეუფე თეოდორეს თქმით, რაბათის კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული მეჩეთის ადგილას, წარსულში, ქრისტიანული სალოცავი იყო, რის შესახებაც ჯერჯერობით მხოლოდ გადმოცემა არსებობს; 1752 წელს აჰმედ ჯაყელმა ეს ძეგლი ააშენა და მას საერთო არაფერი აქვს თურქულ კულტურასთან. მეუფის განმარტებით, ეს არის ქართული ძეგლი, რომელსაც მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში (მას შემდეგ, რაც სამცხე-ჯავახეთი რუსებმა დაიკავეს) საკურთხეველი მიაშენეს და იქ წირვა-ლოცვა აღევლინებოდა; არქიტექტურაც ქრისტიანული ტაძრის შესაბამისია და რეალურად, ეს არის არა მეჩეთი, არამედ ტაძარი.

„შესაძლებელია მე ვთქვი, რომ იქიდან ჯვრის გამოსახულებიანი რელიეფების გამოტანა პრობლემა არ იქნება, მაგრამ ეს იყო პირადად ჩემი მოსაზრება. 2002 წელს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, რაბათზე არსებული ტაძრის მეპატრონე არის ეკლესია. გამომდინარე აქედან, ჯვრის გამოსახულებიან რელიეფებს იქიდან გამოიტანენ თუ არა, ეს უნდა შეთანხმდეს საპატრიარქოს არქიტექტურის საბჭოსთან, ისევე, როგორც ის საკითხი, თუ რა ტიპის ექსპოზიცია განთავსდება ტაძარში“, - განაცხადა მეუფე თეოდორემ.

აქამდე საქართველოს ეკლესიის, არც ერთ წარმომადგენელს, ან რომელიმე ხელოვნებათმცოდნეს, გნებავთ ისტორიკოსს მსგავსი განცხადება საჯაროდ არ გაუკეთებია.

აქვე შეგახსენებთ, რომ რაბათის ტერიტორიაზე არსებული მეჩეთი, რომელზეც მეუფე თეოდორემ თქვა, რომ  ეს არის ქრისტიანული ტაძარი, ითვლება მუზეუმის საკუთრებად, იქ დღემდე მუზეუმი იყო და შიგნით ქვის ექსპონატები გახლდათ გამოფენილი, მათ შორის ჯვრის გამოსახულებიანი რელიეფები, რომლის გატანასაც ითხოვს თრქული მხარე და რაშიც კულტურის მინისტრის პირველი მაოდგილე მარინე მიზანდარი პრობლემას ვერ ხედავს.

ნატო ცინცაბაძე დაინტერესდა ვისი იდეა იყო რაბათის კომპლექსის მავრიტანული სტილით რეაბილიტაცია, რაც თურმე ვაჩეიშვილის გემოვნებაში არ ზის. ცინცაბაძემ ჟურნალისტების საყურადღებოდ დასძინა, რომ რაბათის კომპლექსის ტერიტორიაზე შეუქცევადი ჩარევები განხორციელდა. ცინცაბაძის კითხვაზე პასუხი არავის გაუცია.

ამასობაში, მოგრძო მაგიდიდან რაბათის კომპლექსის ახლადდანიშნული დირექტორი წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. მას გამწარებული კაცის გამომეტყველება ჰქონდა, მერაბიშვილს - კმაყოფილი, რადგან თურმე ამ უკანასკნელს ახლადდანიშნული დირექტორის რეპლიკები ნერვებს უშლიდა (მოგვიანებით, სიტყვით გამოსვლისას დირექტორმა მერაბიშვილის საქციელის გამო იქ მყოფებს მოუბოდიშა).

წამოდგა მერაბიშვილი, მივარდნენ ჟურნალისტები და იმდენი მიკროფონი მიუშვირეს, კინაღამ გადაფარეს. მან თქვა, რომ მეჩეთზე უმაღლესი ხარისხის ცხაურების გაკეთებას აპირებდნენ, მაგრამ ვერ მოასწრეს. ანუ, მერაბიშვილმა ამით თქვა ის, რასაც კულტურის სამინისტრო თურქული მხარის პრეტენზიაზე დაყრდნობით ხშირად იმეორებს.

კულტურის სამინისტრო თურქეთთან შეთანხმების ფარგლებში რაბათის კომპლექსთან ახლოს წყვილი აბანოს რესტავრაციას გეგმავს. იგივეს აპირებდა წინა ხელისუფლება. ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ რაბათის კომპლექსის რეაბილიტაციის დროს წყვილი აბანოს რესტავრაცია ვერ მოასწრეს, თორემ ამის სურვილი ჰქონდათ.

რაც შეეხება გუმბათის ფერს, ამაზე მერაბიშვილის განმარტება ასეთი გახლდათ - გუმბათი ოქროსფერი იმიტომ არის რომ რაბათზე ახალი იერუსალიმის მოწყობას ვგეგმავდით, ჩვენ იქ სინაგოგის გაკეთებაც გვინდოდა, მაგრამ ვერ მოვასწარით. გთავაზობთ მორატორიუმი გამოვაცხადოთ და ერთი წლის შემდეგ შევადაროთ ერთმანეთს ჩვენი და თქვენი გაკეთებული. მანამდე გუმბათს არ მოგახსნევინებთ, არც ჯვრის ელემენტებს გაგატანინებთ იქიდანო.

დავით მაღრაძე აჰყვა, მაგრამ უშედეგოდ - მერაბიშვილის ხმა ვერ გადაფარა. ამასობაში, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სიტყვა დაასრულა და დარბაზიდან გავიდა. მაღრაძემ მრგვალი მაგიდის ორგანიზატორებს მიმართა - ამას აქ რა უნდოდა, რატომ მოიწვიეთ, ეგ პარტიის ლიდერია და თუ მერაბიშვილს იწვევდით, მაშინ ნათელაშვილი და კუკავაც უნდა მოგეწვიათ, წესით, არც მე უნდა ვიჯდე აქო. შემდეგ ჟურნალისტებს მისდგა - ახლა გამოჩნდება თქვენ მერაბიშვილი გაღელვებთ თუ კულტურული მემკვიდრეობაო.

ამ ორომტრიალში 21 ვიდეოკამერიდან დარბაზი 17-მა დატოვა და მერაბიშვილს გაჰყვა. მრგვალი მაგიდის გარშემო მსხდომთაგან ერთ-ერთი წამოდგა და დაინტერესდა, სინაგოგის აშენებაზე რომ ზრუნავდით, რაბათის კომპლექსის ტერიტორიაზე სომხური კათოლიკური ეკლესია რატომ არ აღადგინეთ, ნაშთებად რატომ დატოვეთ, ეს თურქეთის მოთხოვნა იყოო?! ამაზე ვაჩეიშვილმა მიუგო, ჩვენ უამრავი სომხური ეკლესია გავაკეთეთ და რაც გასაკეთებელი დარჩა, აგერ ბურთი და აგერ მოედანიო.

სხვათა შორის, მერაბიშვილის წასვლიდან რამდენიმე წუთში დარბაზიდან დავით მაღრაძეც გაუჩინარდა.

ირინე კოჟორიძემ მეჩეთების მოოქროვილი გუმბათების მნიშვნელობაზე მოკლედ ისაუბრა. კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბესო მაცაბერიძემ განაცხადა, რაბათზე გუშინ ვიყავი, ყველაფერი თვალისჩინივითაა მოვლილი და ცრუობს ის, ვინც ნგრევაზე და გაფუჭებაზე განცხადებას აკეთებსო.

მაცაბერიძესთან ერთად ახალციხეში ნინო კორძახიაც ყოფილა, რომელმაც ყურადღება იქ არსებულ მუზეუმზე გაამახვილა - მუზეუმს ძალიან პატარა სივრცე აქვს დათმობილი, საცავი არ გააჩნია, მუზეუმის მდიდარი ბიბლიოთეკა ახალციხის უნივერსიტეტის შენობაში ინახებაო.

მერაბ ბოჭოიძემ მიზანშეუწონლად მიიჩნია გუმბათის ფერსა და ცხაურებზე ასეთი აურზაურის ატეხვა - „გუმბათის ფერს და ცხაურებს ასეთი ვაი-ვიში არ სჭირდება, ცხაურები არსებობს და კიდევ შეიძლება მათი დაყენებაო“.

კულტურის სამინისტროში გამართულ მრგვალ მაგიდას შედეგი არ მოჰყოლია და ეს მოსალოდნელი არც იყო, რადგან გადაწყვეტილებებს, მით უმეტეს, ქვეყნისა და კულტურული მემკვიდრეობის საკეთილდღეოდ, აურზაურში და სპექტაკლებზე არ იღებენ.