ალაბთ, არჩევნების მოახლოვებასთან ერთად საარჩევნო გარემო კიდევ უფრო დამძიმდება, ტოქსიკური გახდება და საზოგადოება ფარული ჩანაწერების გარდა ე.წ. ოპოზიციური მედიით სხვა უფრო მძიმე კომპრომატებსაც იხილავს, მით უმეტეს ამის დაანონსება უკვე მოხდა.
მანამდე კვლავ რჩება გაურკვეველი კითხვები - ვინ გამოიტანა ვორდის ფაილებით, სავარაუდოდ, ოპერატიული მუშაკების პატაკები, თუ ეს ავთენტურია და რა არის ამ ყველაფრის მთავარი მიზანი? რასთან გვაქვს საქმე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხილებასთან, თუ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მანიპულაცია, რომლითაც საზოგადოების განწყობასა და აზრზე გავლენა უნდა მოხდეს?
გათვლა მარტივია - განსაკუთრებით დაარტყა იმ ინსტიტუტს, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ყველაზე დიდი რეიტინგით სარგებლობს - ერთი მხრივ, ამხილო ეკლესია არაერთ ცოდვასა და დანაშაულში, ხოლო მეორე მხრივ, ხელისუფლებას დაუპირისპირო, რითაც ორ კურდღელს ერთდროულად კლავ - ამომრჩეველი განაწყო, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ეკლესიის წინააღმდეგ, რომელსაც მრევლზე ძალიან დიდი გავლენა აქვს. ეს მრევლი კი შენი ამომრჩეველია. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ სუს-ში საბოტაჟი მოხდა და „ნაციონალების“ დროინდელმა უწყების თანამშრომლებმა ენმ-ს კარი გაუღეს, იმაზე მძიმე დარტყმა შეიძლება ქვეყანას და სახელმწიფოს მიადგეს, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. ე.წ. აგენტების ვინაობის გასაჯაროება და მთელი სქემის გამოაშკარავება მტრულად განწყობილი ქვეყნებისთვის დიდი საჩუქარია.
სავარაუდოდ, სუს-ის არქივიდან გაჟონილ ათასობით ფაილში წაიკითხავთ სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, სასულიერო პირების ცხოვრების დეტალებსა და სიტყვასიტყვით გადმოკოპირებულ დიალოგებს.
ამტვირთავის მტკიცებით, ფაილები ნამდვილია. იგი წერს, რომ სპეცსამსახურები უკანონოდ უთვალთვალებენ ათასობით მოქალაქეს, რათა მათი პირადი ცხოვრება შემდგომ შანტაჟისა და დაშინებისთვის გამოიყენონ.
ტექსტიცა და ფაილებიც 12 სექტემბერს დარეგისტრირებულ ვებ-გვერდზეა განთავსებული. ყველა მასალა იმავე დღეს აიტვირთა. საიტის მფლობელზე არაფერი ვიცით. რეგისტრაციისას მან ისარგებლა ისეთი კომპანიის მომსახურებით, რომელიც ფარავს დომენის კლიენტების დეტალებს.
საიტის ბმული მედიასაშუალებებს 13 სექტემბერს დილით გაუგზავნა ანონიმურმა საფოსტო მისამართმა. დღის ბოლოს ვებ-გვერდის მონახულება შეუძლებელი იყო ქართული IP მისამართებიდან. თუმცა VPN-ის გამოყენების შემთხვევაში, საიტზეც შედიოდი და ფაილებიც იტვირთებოდა. (VPN (Virtual Private Network) თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიაა, რომელიც ცვლის თქვენს IP მისამართს.)
მომხდარით უკვე დაინტერესდა პროკურატურა. გამოძიება დაწყებულია „კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე“.
გამოძიების დაწყებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მალევე გამოეხმაურა. გავრცელებულ განცხადებაში სუს-ი მზადაა, ითანამშრომლოს პროკურატურის გამოძიებასთან, თუმცა, ამასთან, იცავს უწყების „პატივს და ღირსებას“.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე, თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რადგან მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას, ამცირებს ნდობას სამართალდამცავი უწყებების მიმართ და უკიდურესად აზიანებს სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნო გარემო კიდევ უფრო დამძიმდეს. ოპოზიციამ და მასთან აფილირებულმა მედიებმა იმაზე მეტი გამოიტანონ სააშკარაოზე, ვიდრე ველით, ხოლო მისი ავთენტურობის ტვირთი კი სახელმწიფოს დაეკისროს. საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ რთულია მსგავს ფაილებში ეძებო სიმართლე და ტყუილი. თუმცა ერთი სიმართლე მაინც უნდა თქვა, რომ საზოგადოებას რამდენიმე ტყუილი დააჯერო. მისი თქმით, ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ალბათ „ოცნებამ“ 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლისას დაუშვა, ის იყო, რომ ძალოვანი უწყებები დამნაშავე გენერლების და ხელმძღვანელობასთან ერთად, მათი ხელქვეითი ჯარისკაცებისგანაც არ გაასუფთავა, რომლებსაც ახლა ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვის ფაქტობრივად, საბოტაჟის მოწყობა შეუძლიათ.
„ის რაც მედიაში მივიდა, რუსეთის სპეცსსამსახურებსაც ეცოდინებათ. წარმოგიდგენიათ, რამხელა დონის საბოტაჟთან შეიძლება საქმე გვქონდეს. ახლა დაჯექი და იმტვრიე ადამიანმა თავი, სიმართლე რომელია და ტყუილი რომელი. მეორეც, ყველაფერი გარდაცვლილ ადამიანს დააბრალო, რომელიც თავსაც ვერ იმართლებს, ყველაზე ადვილი გამოსავალია. სამწუხაროდ, ქვეყანა ძალიან დიდი რისკის ქვეშ დგება და ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციების თემა. პოლიტკური შურისძიებით დაბრმავებულები ვერც კი ათვითცნობიერებენ ქვეყანა რამხელა რისკის და დარტყმის ქვეშ შეიძლება დადგეს. ეს არის იმის ბრალი, რომ 2012 წელს „ოცნებამ“ მხოლოდ გენერლების დასჯა გადაწყვიტა, ჯარისკაცებს არ შეეხო და მათი გადაბირება დაიწყო. ახლა რაც ხდება, სწორედ ამის ბრალია. საბოტაჟი შიგნიდანვე ხდება და არჩევნებისთვის ვინ რას იზამს და როგორ, ეს კიდევ საკითხავია“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, „ნაციონალები“ ახლა იმას ცდილობენ, რომ ეკლესია, მრევლი და სასულიერო პირები ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყონ - აჩვენონ, რომ მათზე უკეთესები არ არიან. თან ამის პარალელურად, ეკლესიის დისკრედიტაციას ახდენენ, რათა კარგად იციან, სასულიერო პირებს თავის მრევლზე რა დონის გავლენა შეუძლიათ მოახდინონ. ამიტომ ტყუილს და მართალს ერთმანეთში ურევენ და გამოძიების დალოდების მაგივრად, მტკიცებულებით ფორმაში საუბრობენ, რომ ჩანაწერები ავთენტურია.
„რა თქმა უნდა, არჩევნების მოახლოვებასთან ერთად კიდევ ბევრი რამ სააშკარაოზე გამოვა. თუმცა საქმე ისაა, რომ ამით რის მიღწევას ცდილობენ, ვერ ვიგებ. თუ ჰგონიათ, რომ მოსახლეობა ამით მხარს „ნაციონალებს“ დაუჭერს, ცდებიან. ხელისუფლებაზე რომც განაწყენდნენ, თვალთვალის მოწინააღმდეგე ხალხი იმ პოლიტკურ ძალას დაუჭერს მხარს, ვინც ეს სისტემა შექმნა? ეს არის აბსურდი, რაღაც გავლენა ექნება, მაგრამ არა იმ დონის, რომ ენმ-ი ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდეს. რასაც ესენი აკეთებენ და მათი მტკიცებით ე.წ. აგენტების ვინაობას ასე საჯაროდ ამხელენ, ძალაინ სახიფათოა. თუ ეს ადამიანები იქ ნამდვილად მუშაობენ, ამ ყველაფერს უკუეფექტი ექნება. ამიტომ გამოძიებამ ახლა შიდა სტრუქტურული კვლევა უნდა დაიწყოს, რა ხდება და რამხელა დარტყმა შეიძლება ქვეყანას მიადგეს. ასეთი მოსმენების გაკეთება მხოლოდ ხელისუფლებას არ შეუძლია. ნებისმიერი ჯგუფი დაჯდება და სასულიერო პირებს ეკლესიებშიც და კელიებშიც თავისუფლად მოუსმენენ. ამიტომ სანამ ექსპერტიზის პასუხები არ იქნება, არის თუ არა ეს მასალები ავთენტური, დანარჩენზე ზედმეტია საუბარი“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კი ამბობს, რომ საზოგადოება ე.წ. ოპოზიციური მედიების პარალელურმა გამოძიებებმა და ფეიკების ტირაჟირებამ უკვე დაღალა. ამიტომაც სანამ გამოძიება არ ჩატარდება და ამ ჩანაწერების ავთენტურობა არ დადგინდება, რამდენი ზღაპარი და ისტორიაც არ უნდა მოიგონონ, მათ ნათქვამს უკვე არავინ აღარ იჯერებს. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ვორდის ფაილებში რა არის მართალი და რა ტყუილი ამის გარკვევა ძალიან რთულია. თუკი ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამის ტირაჟირებით რაიმე სახის ქულებს ჩაიწერს მწარედ ცდება.
„რატომ უნდა აღვიქვათ ე.წ. ოპოზიციური მედიის მიერ გამოტანილი ინფრომაცია რეალურ ფაქტებად, როცა ეს ხალხი ათას ტყუილსა და სიბინძურეშია მხილებული? პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებას ველი. ფაილებზე თუ აუდიო ჩანაწერებზე, რაც აქვთ, საექსპერტო დასკვნები დაიდება და საბოლოოდ გაირკვევა, არის თუ არა ავთენტური ჩანაწერები. ამის შემდეგ კი, თუ უსაფრთხოების სამსახურის რომელიმე ჩინოვნიკის ბრალეულობა გამოიკვეთება, რომელმაც თავისი სამსახურეობრივი მოვალეობით ისარგებლა და ეს ყველაფერი სიმართლე თუ ტყუილი გარეთ გამოიტანა.
ძალიან ამორალურია, როცა გარდაცვლილ ადამიანს ნემსაძეს აბრალებენ. არავინ იცის, იმ ადამიანმა თავი რატომ მოიკლა. იყო ეს ოჯახური თუ ფინანსური პრობლემები. მიცვალებული ვერაფერს იტყვის, ამიტომ ხელი მასზე აქვთ გაშვერილი. სამწუხარო ისაა, რომ „ნაციონალების“ დროინდელი ბევრი თანამშრომელია დარჩენილი, რომელიც ყველაფრის მკადრებელია და არავინ არ არის დაზღვეული ციხე იქიდანაც ტყდებოდეს. ამიტომ ჯობია, ყველა გამოძიებას დაელოდოს და გაირკვეს ეს ვინ გააკეთა“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.