ნიკა მელია, რომელიც 2020 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს, პარლამენტის ტრიბუნის დატოვებას და თბილისის მერის სკამის დაკავებას უკვე მეორედ ცდილობს.
მელიას პოლიტიკური კარიერა სკანდალებითაა დახუნძლული. იმის მიუხედავად, რომ მას საპარლამენტო იმუნიტეტი იცავდა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს იმუნიტეტი მოუხსნეს და ციხეშიც აღმოჩნდა. „დიდი ფიქრის“ შემდეგ, მელიამ გირაო გადაიხადა, საპატიმრო დატოვა და კვლავ პარლამენტში ვიხილეთ. ახლა კი, მელია კახა კალაძეს ეცილება მერის სავარძელს.
For.ge დაინტერესდა რა ქონებას ფლობს ნიკა მელია და რა ქონებით აპირებს მერის თანმდებობის დაკავებას?
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს დეკლარაცია 2020 წლის 31 დეკემბერს აქვს შევსებული და გიორგი გახარიასგან განსხვავებით, მელიას დეკლარაცია საკმაოდ ღარიბულად გამოიყურება. თუმცა, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ყურადღებას იქცევს. მელიას დეკლარაციის „სიღარიბეს“ ისიც ამტკიცებს, რომ მისი გირაო 40 ათასი ლარი ევროპულმა ფონდმა გადაიხადა.
რაც შეეხება მის ქონებას, ნიკა მელია თბილისში ორ ბინას ფლობს - 2009 წელს სოლოლაკში, ჭონქაძის ქუჩაზე 105კვ.მ ბინა 80 ათას ლარად შეიძინა, ხოლო 2011 წელს 140კვ.მ ბინა ხოშტარიას ქუჩაზე 180 ათას დოლარად იყიდა. იგი ფლობს ასევე ავტოფარეხს, რომლის 15%-იანი წილია მის საკუთრებაში.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, საბანკო ანგარიშებზე ჯამში - 31 518 ლარი, ხოლო ნაღდი ფულის სახით 8 ათასი დოლარი ჰქონდა.
ამასთან, 2019 წელს მისი, როგორც პარლამენტის წევრის ხელფასი, 46 549 ლარს შეადგენდა. როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, 2019 წელს მამისგან, ანზორ მელიასგან საჩუქრის სახით 10 ათასი დოლარი მიიღო.
შეგახსენებთ, ნიკა მელია 2016-2019 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი. თუმცა, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენეს, პროკურატურამ პარლამენტს მისი დეპუტატის მანდატის შეჩერების მოთხოვნით მიმართა. 26 ივნისს საპარლამენტო უმრავლესობამ მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა, თუმცა სასამართლომ ის დარბაზიდან 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 2019 წლის 12 ნოემბერს პარლამენტარს უფლებამოსილება შეუჩერდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ გლდანის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. პირველ ტურში მიიღო 31 391 ხმა ანუ 44,06% და დაიკავა პირველი ადგილი. მეორე ტურში მონაწილეობაზე მელიამ უარი განაცხადა, მიუხედავად ამისა, მისი გვარი დატანილი იყო საარჩევნო ბიულეტენზე. მან მეორე ტურში ხმების 10,64% მიიღო.