„სისხლიანი 9 წელი“, - ეს თითქოს „ქართული ოცნების“ სლოგანი გახდა 2012 წლიდან დღემდე. ერთგვარი პროპაგანდა, რომელიც წინა ხელისუფლების, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მოქმედებს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში ამოქმედდება ხოლმე: „თუკი მე არ მომცემ ხმას, სისხლიანი რეჟიმი დაბრუნდება ხელისუფლებაში“ - მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან ამაზე აპელირებას იმდენად ხშირად აქვს ადგილი, რომ საბოლოოდ, ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს იმასაც, რომ ამან უკურეაქცია გამოიწვიოს.
მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, ამომრჩეველს მხოლოდ ორი გზა ჰქონდა: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, - უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში სხვა არჩევანი მოქალაქეებს თითქმის არ აქვს, თუმცა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პოლიტიკური სურათი თითქოს შეიცვალა - მმართველ ძალას გამოეყო საკმაოდ რეიტინგული პოლიტიკოსი, გიორგი გახარიას სახით და ანალიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილება საკითხი, რომ მთავრობის ყოფილი მეთაური შესაძლოა, სწორედ ის მესამე ძალა გახდეს, რომელსაც ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი ნაწილი დიდი ხანია ელოდება.
წინასაარჩევნოდ ქუჩებში გამოჩნდა ე.წ. სისხლიანი ბანერები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ „სისხლიან რეჟიმს“ გვახსენებს. ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, ეს იმდენჯერ ნაცადი ხერხია, დღეს შესაძლოა, ამან აღარ იმუშაოს, თუმცა, მეორე ნაწილი თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „იმდენად უსუსურია“, რომ ის „ქართულ ოცნებას“ ვერც დღეს დააკლებს რამეს.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან ე.წ. ბუმერანგის ეფექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხშირად იმ „9 წლიან სისხლიან რეჟიმზე“ აპელირება, შესაძლოა, თავად „ქართულ ოცნებას“ მიბრუნდეს ცუდად. თუმცა, როგორც საყვარელიძემ თქვა, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად არაეფექტურია, ის მმართველი ძალის წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობს.
„ანალოგიური ტიპის აგრესიული ბანერები ოპოზიციასაც ჰქონდა ადრე. დემოკრატიის ერთ-ერთი პრინციპი უნდა გავითვალისწინოთ: რომელიმე პოლიტიკოსის მიმართ თუკი რაიმე კომპრომატი არსებობს, არჩევნების წინ ამოტივტივდება ხოლმე და იქნება მცდელობა იმისა, რომ ამომრჩეველს გააცნოს მეტოქის უარყოფითი მხარეები, ანალოგოიური მაგალითი ახლაც გვაქვს. საკითხი შეიძლება ასე დაისვას - ზედმეტმა ხშირმა გამოყენებამ, ხომ არ შეიძლება საწინააღმდეგო ეფექტი მისცეს? არსებობს ასეთი ბუმერანგის ეფექტი, როდესაც ზედმეტად ხდება პროპაგანდაში რაღაც იდეიის პედალირება, ამან შეიძლება უკურეაქცია გამოიწვიოს. შეიძლება ეს „ქართული ოცნებისთვის“ შეცდომა იყოს, მაგრამ იმდენად არაეფექტურია ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდა, რომ მეეჭვება ამან „ქართულ ოცნებას“ ავნოს.
ხმების პროპორცია „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის დაახლოებით ისეთი იქნება, როგორიც ყველა იმ არჩევნებში, რაც აქამდე ჩატარებულა. ასეთი საკითხის დასმის დროს, „ოცნება“ თუ „ნაციონალები“ - ყოველთვის იმარჯვებდა „ოცნება.“ რაც შეეხება გახარიას, მთელი „კოზირი“ ამ შემთხვევაში ისაა, რომ მესამეა და დაახლოებით 50%-ს უახლოვდება ამომრჩეველთა ის რაოდენობა, რომელსაც არც „ოცნება“ უნდა და არც „ნაციონალები.“ ამ 50%-დან ხმების აღების ყველაზე მეტი შანსი გახარიას აქვს და ეს საკმაოდ დიდი პროცენტია, რომ არაფერი ვთქვათ იმ ხმებზე, რომელსაც გახარია „ოცნებიდან“ და „ნაციონალებიდან“ აიღებს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან.
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ საზოგადოება დაიღალა იმ „9- წლიანი რეჟიმის“ შეხსენებით, რაზეც, მისი თქმით, ქართველებმა 2012 წელს თქვეს უარი. როგორც ანალიტიკოსი ამბობს, „ქართული ოცნება“ „უუნარო ხელისუფალია,“ რომელსაც ბოლო 9 წლის განმავლობაში მოსახლეობისთვის კარგი არაფერი გაუკეთებია.
„როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ აქვს იმედი, რომ ეს ბანერები ქუჩაში იმუშავებს, ამიტომ გადმოკიდეს. ძალიან წამგებიანი და უსუსური სლოგანია. ეს სისხლიანი 9 წელი დასრულდა 2012 წელს და დაასრულა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ.“ ეს იგივეა, ვისაუბროთ სტალინზე. ქართველმა ხალხმა უარი თქვა სისხლიან 9 წელიწადზე, 2012 წლის არჩევნებით. ასევე ციხეში წავიდნენ უგულავა, მერაბიშვილი, უამრავი ადამიანი, ახლა მეგის ქარდავა. ვიღაცებს მიუსაჯეს, სასამართლომ სწორად იმუშავა, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ბოლო 9 წლის განმავლობაში ჰქონდა უამრავი საშუალება, ეს 9 წლიანი რეჟიმი მართლაც დაესრულებინა, მაგრამ არა!
„ნაცმოძრაობას“ არანაირი ავტორიტეტი არ გააჩნია, ყველა დასცინის და მაქსიმუმი, რაც შეიძლება აიღოს „ქართული ოცნების“ დახმარებით, 20-25%-ია. ერთი კვირა რომ არ ილაპარაკონ „ნაცმოძრაობაზე“ 12%-საც ვერ აიღებს. „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ თავისი უსუსურობა და უუნარობა დამალოს სისხლიანი 9 წლის უკან. ეს არის მცდელობა, არაფერი აკეთოს და ამავე დროს ძალაუფლება ჰქონდეს ხელში. იმედია მაქვს, რომ მათი გათვლები ახლა მაინც არ გამართლდება.
მართლაც, ხალხს არ აწამებენ ციხეში, ქუჩაში არ დასდევენ ადამიანებს და არ ხოცავენ, მაგრამ ამაზე ქართველებმა უარი თქვეს დიდი ხანია. შენ რას სთავაზობ გარდა იმისა, რომ ახსენებ რა მოხდა მაშინ? რამდენ ხმას აიღებს ახლა გახარია, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, დიდი მნიშვნელობა აქვს - შეკრებენ თუ ვერა, მესამე ძალის ხმებს, და ამ შემთხვევაში გამოჩნდება, საზოგადოებაში რამდენად არის მოლოდინი ამ მესამე ძალის. 15%-მდე თუ აიღო ამ სამმა ძალამ ერთად, ე.ი. ეს არის მესამე ძალაზე ორიენტირებული ამომრჩეველი“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.