„ამ არჩევნების შედეგები საინტერესო იქნება იმ მხრივაც, თუ რომელი ხმები აღმოჩნდება უფრო მეტი გახარიას ყულაბაში - ის ხმები, რომლებიც გახარიამ წაართვა „ქართულ ოცნებას“, თუ ის ხმები, რომლებიც მან წაართვა ე.წ. შუაშისტებს, ანუ წვრილ-წვრილ პარტიებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.
„ქართული ოცნება“ ბოლო დროს ძალიან ხშირად აფრთხილებს მოსახლეობას, რომ „ნაციონალები“ არჩევნების მეორე დღისთვის ემზადებიან, ირაკლი ღარიბაშვილიც უკვე მერამდენედ აგზავნის მესიჯს შიდა და გარე მოხმარებისთვის, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში არჩევნები აღარ ჩატარდება. როგორ ფიქრობთ, დაიღალა ჩვენი საზოგადოება წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო განწყობებით, ე.წ. არჩევნების არჩევნებით? არჩევნები კვადრატში, კუბში ერთადერთი დღის წესრიგია, რასაც ოპოზიცია ელექტორატს სთავაზობს?
- ხელისუფლება რომ უნდა შეიცვალოს, რასაკვირველია, ესაა დემოკრატიის კანონი, ხელისუფლების არჩევითობა და მონაცვლეობა საჭიროა და „ნაციონალები“ ხშირად ამ გრძნობებზე თამაშობენ, რომ მთელი რვა წელი „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და იგი უნდა შეიცვალოს. ბევრი ადამიანი ამ ლოგიკას მისდევს, მაგრამ აუცილებლად ეს უნდა მოხდეს კონსტიტუციური გზით. „ქართული ოცნების“ მთავარი დამსახურება რა არის? არა მხოლოდ ის, რომ სააკაშვილის რეჟიმი მოგვაშორა, არამედ ის, რომ ეს გააკეთა თავიდან ბოლომდე კონსტიტუციის და სამართლის ფარგლებში, წესიერი გზით მოვიდა ხელისუფლებაში და არა უწესო გზით. სახარებისეული იგავია, ქურდი და მპარავ-ავაზაკი იმით იცნობა, რომ სახლში წესიერი გზით კი არ შედის, არამედ შეიპარება, ან უფრო უარესს აკეთებს, შეანგრევს სახლს. არ უნდა დაუჯერო იმ ადამიანს, რომელიც იმთავითვე უწესოდ იქცევა. მათ უნდათ ხელისუფლების უწესოდ შეცვლა. ძალიან სწორია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას აქედანვე აფრთხილებს, მომდევნო სამი წლის განმავლობაში არჩევნები აღარ გაიმართება. ამას ითხოვს კონსტიტუცია და მომდევნო სამი წლის განმავლობაში არჩევნები არც უნდა ჩატარდეს. მეც ასე ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება დაიღალა ამდენი არჩევნებით, ტელევიზორში უფასო რეკლამები ამის ყველაზე კარგი დემონსტრირებაა. ეს ყეყეჩობაა, როცა, მაგალითად, ვისმენთ „პარტია არის „გირჩი“, „მესამე ძალა არის რწმენა“, ან კიდევ შალვა ნათელაშვილს მოვუსმინოთ, „ეს არჩევნები არის დიდგორი“... ამ სიგიჟეს ვუსმენთ, ამ აბსურდს. ეს არ არის არავითარი რეკლამა, ეს არის ანტირეკლამა. ყველაზე საშინელება კი ის არის, რომ ამ არჩევნებისთვის ოპოზიციის მხრიდან მთავარი დაპირება კიდევ არის არჩევნები. მოტივი ის არის, რომ 2 ოქტომბრის არჩევნების არ სჯერათ. სხვათა შორის, ერთი ექსპერტის ინტერვიუ წავიკითხე, რომელიც ჭკვიან ადამიანად მიმაჩნია, ამ დროს სისულელეს ამბობს, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს, რადგან ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს არ სჯერა 2 ოქტომბრის არჩევნებისო. შე დალოცვილო, სად არის გარანტია, ის მეორე არჩევნები რომ ჩატარდება, იმას დაიჯერებს ამომრჩეველი? ხომ შეიძლება, იმ მეორე არჩევნებზე უფრო უარესი შედეგი დადგეს ოპოზიციისთვის? არჩევნები ზედიზედ რომ ტარდებოდეს, მაშინ განსხვავება მოისპობოდა რიგით ჩატარებულ და რიგგარეშე არჩევნებს შორის. საბოლოოდ მივალთ იქამდე, ყოველ ორ თვეში ერთხელ ვატაროთ არჩევნები. ეს მოიტანს სტაბილურობას და სიმშვიდეს?
არჩევნები თუკი მობეზრდა ხალხს, არის ალბათობა, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა გარდა აღარავინ მივიდეს საარჩევნო ყუთთან?
- არჩევნების დანიშნულება ის არის, რომ ხალხი იძლევა მანდატს, ე.ი. საკუთარ წარმომადგენლებს ირჩევს და მათ ანდობს მმართველობას. ამ მანდატს თავისი ვადა აქვს, ეს ელემენტარული კონსტიტუციური წესრიგისთვისაა სავალდებულო. ცოტა ხალხი მაინც მივა ამ არჩევნებზე. როდესაც პოლიტიკური გადაძაბვა ხდება, ანუ ერთმანეთის ლანძღვა პოზიციის და ოპოზიციის მიერ, ეს ყველაფერი ხალხში აპათიას იწვევს. ისედაც ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობა მაღალი არ არის და დაბალია, მით უმეტეს, დღეს, როცა გადაიძაბა ხალხი. ამის მიუხედავად, არჩევნების ჩაშლა გამორიცხულია, ეს ადრე ხდებოდა, როცა მინიმუმი მივიდოდა არჩევნებზე. ახლა ერთი კაციც რომ მივიდეს, არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდება.
ასევე, მოსაბეზრებელია წინასაარჩევნო რეიტინგები, რადგან აქედანვე იკითხება, რომ არც ერთი პარტია ხალხთან გულწრფელი არ არის. სულ ბოლოს დაიდო „ქართული ოცნების“ კვლევა, კალაძეს მერის არჩევნებში 56,1%, მელიას 28,3%, გახარიას 6%. ოპოზიციის სოციოლოგიური გამოკითხვების მსგავსად, რეალობა აქაც შელამაზებულია?
- არ მაქვს საფუძველი, ვიფიქრო, რომ განსაკუთრებით თბილისში, კალაძე არ გაიმარჯვებს. გასაგებია, რომ ასეთი კვლევების სანდოობა დაბალია, მაგრამ ტენდენცია ნათელია, რომ ამ არჩევნებზე ყველგან მოიგებს „ქართული ოცნება“, ამომრჩევლის განწყობასაც რომ თავი დავანებოთ, თვითონ პარტიული განწყობებითაც, წინასაარჩევნო კამპანიას მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“ ატარებს.
არა მარტო „ქართული ოცნება“ ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას, არამედ ამ საქმეში მას ეხმარება მიხეილ სააკაშვილი, თავისი „ჩამოსვლებით“, ასევე, გახარიაზეც ამბობენ, რომ ის მაშველი რგოლია „ოცნებისთვის“. თქვენ რას ფიქრობთ?
- სააკაშვილს თავისდაუნებურად გამოსდის ეს, სააკაშვილის „ჩამოვალ და ვერ დამიჭერთ“ იგივეა, რასაც მელია იძახდა, „არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ“. სააკაშვილის ჩამოსვლა არეულობის მაპროვოცირებელია, ამიტომაც ირწმუნება, ჩამოვალო. იმასაც ვერ ხვდება სააკაშვილი, ამით რეიტინგს მატებს ამ ხელისუფლებას.
იქნებ, ხვდება კიდეც ამას, მაგრამ აწყობს, მუდმივად იყოს „ნაცმოძრაობა“ მთავარ ოპოზიციონერ ძალად?
- ეს უკვე შეთქმულების თეორიაა და ასეთი რამის არ მჯერა. სააკაშვილი რომ იძახის ჩამოვალო, მისი ჩამოსვლა იქნება ერთ-ერთი მძლავრი ფაქტორი არეულობის მოსაწყობად, ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილი არჩევნების შემდეგ არეულობას აანონსებს. თუმცა საბოლოოდ აღარ ჩამოდის, რადგან ხვდება, რომ არეულობის რესურსი არ არსებობს. რომც ჩამოვიდეს, არაფერი არ მოჰყვება ამას, უბრალოდ, დააპატიმრებენ. რაც შეეხება გახარიას, როგორც „ქართული ოცნების“ მაშველ რგოლს, მე არ ვიცი, რაში გამოიხატება მისი მაშველობა. ვითარება არის ასეთი, გარკვეული ხმების ნაწილს „ქართულ ოცნებას“ წაართმევს გახარია, ამ მხრივ საინტერესო იქნება უშუალოდ არჩევნების შედეგები, თუ რომელი ხმები იქნება უფრო მეტი, ის ხმები, რომელიც გახარიამ წაართვა „ქართულ ოცნებას“, თუ ის ხმები, რომლებიც მან წაართვა „ნაცებს“ არა, მაგრამ შუაშისტებს, ანუ წვრილ-წვრილ პარტიებს. წინა არჩევნებს რომ შევხედოთ, „ნაცებმა“ აიღეს 27%, ერთი ამდენი და ცოტა მეტიც აიღეს წვრილ-წვრილმა პარტიებმა, სადღაც 28-29%, შესაძლოა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი წაიღოს გიორგი გახარიამ, ანუ წვრილ-წვრილი პარტიები კიდევ უფრო დააზიანოს, ამიტომ საინტერესოა, ვინ იქნება გახარიას ამომრჩეველი-შუაშისტები უფრო მეტნი იქნებიან, თუ მერყევი ხალხი, რომლებიც „ოცნებას“ ჰყავდა და ჰყავს.
თუკი ხელისუფლება აპირებდა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის გამოცხადებას და, თუკი ნიკა მელია აღარ გამოდის გადამტრიალებელი, მაშინ ხომ შეიძლება კითხვა გაუჩნდეს გიორგი გახარიას, მელიას არდაჭერის გამო რატომ გამომაცხადეს მოღალატედ?
- მელია გადამტრიალებლად მაინც გამოდის, უბრალოდ, ამნისტირებულია. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, უბრალოდ, მას პასუხი არ მოეთხოვება ამნისტიიდან გამომდინარე.
თუკი სახელმწიფო გადატრიალებაა, მაშინ ამნისტია რატომ უნდა შეეხოს ამბოხებულებსა და რევოლუციონრებს?
- ამნისტია პარლამენტის უფლებაა და ნებისმიერ დანაშაულსაც შეიძლება შეეხოს, მათ შორის, ასეთ ამაზრზენ დანაშაულსაც კი. თანაც, ამბოხების მცდელობა ეს არ არის, მელიას ბრალად წაყენებული აქვს მასობრივი არეულობის ორგანიზება. თუმცა გამოძიება კვალიფიციურად რომ წარმართულიყო, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი იქამდე მივიდოდა, რომ ეს იყო ამბოხების ორგანიზება. არ ვიცი, რატომ მოხდა ასე, ეს გამოძიებას უნდა ვკითხოთ, ალბათ, არ იყო საკმარისი მტკიცებულებები, რომ უფრო მძიმე დანაშაულზე გველაპარაკა. ეს ამნისტია არის პოლიტიკური პროცესის შედეგი, შარლ მიშელის ხელშეკრულება რომ დაიდო, აქედან გამომდინარე მოხდა ეს ყველაფერი. „ქართული ოცნება“ არც ფიქრობდა ამის ამნისტირებას, ეს მოიტანა შარლ მიშელის შეთანხმებამ. ერთ-ერთი საკითხი აქ იყო მელიას საკითხი. ამას მოჰყვა გახარიას გადადგომა. გახარიამ საკუთარ პარტიას კი არ უღალატა, პარტიასთან კი არ შეექმნა კონფლიქტი, მან უღალატა თავის სახელმწიფოებრივ ვალდებულებას. ის იყო პირველი პირი აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მთავარი გარანტორი და მთავარი ფიგურა, რომელსაც უნდა უზრუნველეყო სამართლის აღსრულება - სისხლის სამართლის დამნაშავის დაპატიმრება. ის კი იმ მოტივით გადადგა, თურმე მელიას დაპატიმრება პოლარიზაციის ხარისხს გაზრდიდა, ესკალაციას გაამწვავებდა, მტრობას გააღვივებდა და თურმე ის ამ ყველაფერზე მაღლა დადგა. სამართლის შესრულებაზე თურმე იმიტომ თქვა უარი, იქნებ, მტრობა შეიცვალოსო. ცხადია, ამ მიზანს ვერ მიაღწია. ვითარების განმუხტვა ამას არ მოჰყოლია, პირიქით, ამ ამნისტიის აქტსაც კი „ნაცმოძრაობა“ ისევ ამბოხების გასაღვივებლად იყენებს. წარმოგიდგენიათ, რა ძალასთან გვაქვს საქმე? შარლ მიშელის დოკუმენტიც კი, რომელსაც ახლახანს მოაწერეს ხელი „ნაცებმა“, პოლარიზაციისთვის აქვთ გამოყენებული. ისინი ყველა ზომას მიმართავენ, როგორმე არაკონსტიტუციური გზით შეცვალონ ხელისუფლება.