ნარკოტიკების სკანდალი გრძელდება და გიორგი გახარიას „ქართული ოცნების“ წევრები უკვე ღიად ნარკოტიკების მოხმარებაში ადანაშაულებენ. მათი აზრით, გახარიამ ტესტზე უარის თქმით და დროის გაწელვით დაამტკიცა, რომ მის ირგვლივ გაჩენილი ეჭვები რეალურია. თუმცა გაჩნდა კითხვები, თუკი გახარია ნარკოტიკების მომხმარებელია, მაშინ ის როგორ გახდა ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ - პრემიერი? გამოდის, რომ ქვეყნის პირველი პოლიციელი, რომელიც ნარკორეალიზატორებს აკავებს და კლუბ „ბასიანში“ ნარკოტიკების გამო საკმაოდ დიდ სკანდალში გაეხვა, ნარკომომხმარებელია? - ამ კითხვებზე „ოცნებაში“ ამბობენ, რომ გახარია ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნარკოტიკებს არ მოიხმარდა, მას ეს პრობლემა ახლა დაეწყო და ამიტომაც ტესტის გაკეთება მისთვსი დამღუპველი იქნება. დროს წელავს და კარგად იცის, რომ ჯერ ერთი, თმის ანალიზი არ არის ზუსტი და მეორეც, მისი პასუხი 2 ოქტომბრამდე ანუ არჩევნებამდე ვერ მოესწრება.
„ქართულ ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ ანალიზზე უარის თქმით, გიორგი გახარიამ ნარკოლოგიური პრობლემები თავად აღიარა. ყოფილმა თანაგუნდელმა ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში გახარიას „კოკაინშიკი“ უწოდა. მმართველი გუნდის წევრები გახარიას ურჩევენ, რომ საერთოდ თავი დაანებოს პოლიტიკას, რადგან მას გამარჯვების შანსი არ აქვს.
ქვეყნის ყოფილი პრემიერი სამხარაულის ექპერტიზის ბიუროს, უნდობლობას უცხადებს და პასუხს ნარკოტესტზე, ავსტრიიდან ელოდება. ნარკოტესტის პასუხები 2 კვირაში გახდება ცნობილი.
„როგორც ორშაბათს ბრიფინგზე ვთქვი, მეორე დილით – სამშაბათს გავფრინდი, იმავე საღამოს დავბრუნდი „თურქიშ ეარლაინსით“. დანარჩენს ყველაფერს დეტალურად შეგატყობინებთ, როგორც კი პასუხები იქნება. პასუხი იქნება საჯარო“, – განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს და დასძინა: „ამ თემას დავუბრუნდები, მე ამ თემაზე საუბარი მხოლოდ დავიწყე. ჯერ ილაპარაკონ... ირაკლი კობახიძეს არაფერს არ ვუპასუხებ. პირველი - ამაზე დროის დაკარგვა არ მინდა. მეორე - ადამიანს, რომლის სიტყვასაც აზრი არ აქვს, ჰაერი აღარ ირხევა ხო, როგორ უნდა ვუპასუხო?!“
„ყველაზე კრიტიკულ მომენტში გიორგი გახარიამ საკუთარ გუნდს, ქვეყანას უღალატა, სჯობს, სხვა თემებზე ვისაუბროთ ნაცვლად იმისა, რომ ვიღაც „კოკაინშიკზე“ დავხარჯოთ დრო“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე საუბრისას.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, გიორგი გახარიას ნარკოდამოკიდებულებაზე ეჭვები მისი ხელისუფლებაში ყოფნისას გაუჩნდათ, თუ ახლა, კობახიძემ უპასუხა: „ეს პრობლემა, ჩვენი ინფორმაციით, მას გაუჩნდა ბოლო პერიოდში და ამიტომ ვერ ჩააბარა ტესტი. დანარჩენი, მოიტანოს ტესტი და დაამტკიცოს ის, რომ მას ეს პრობლემა არ აქვს. აქ მარტივად არის საქმე. ეს ყველაფერი ჩვენთვის ცნობილი გახდა ძალიან მარტივად – კახა კალაძე გამოვიდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნებისთვის და ეს კაცი უცებ აიჭრა, გაღიზიანდა, დაიბნა. მერე რომ გავარკვიეთ, მას ჰქონია სერიოზული პრობლემა. დრო გავიდა უკვე. კეთილი ენება და მოეტანა ტესტი. ავსტრიაში არა იქ ჩააბარა, მოეტანა ტესტი, ამას თავის ვადები აქვს, ახლა დაგვიანებულია. იმის გამო, რომ თავს ვერ აღწევს ამ პრობლემას, ერთი კვირაც ვერ მოითმინა, სწორედ ამის გამო გაუჭირდა ტესტის ჩაბარება. ეს ჭანჭიკი დღეს აქტუალური არ არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ თმის ღერის ტესტი არის სხვა რამ და უფრო ღრმა კვლევა სხვა რამ. ამიტომაც გახარიას პასუხი ჩატარებულ ანალიზზე რაც არ უნდა იყოს, ის დამაჯერებელი ვერ იქნება. რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, რომელმაც გახარიას „კოკაინშიკი“ უწოდა, ქადაგიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ მსგავსი დასკვნები ლოგიკურად ჩნდება მაშინ, როცა მსგავს ინიციატივას სპეკულაციები მოჰყვება.
„კალაძის განცხადება და ქმედება სრულიად ლოგიკური იყო, რადგანაც ეს იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა. ამას კი მთელი რიგი სპეკულციები მოჰყვა ყველა კანდიდატის მხრიდან, რომელთაც კალაძისგან ეს შეთავაზება ჰქონდათ. ამიტომ საზოგადოებაშიც და პოლიტიკურ წრეებში ლოგიკური ეჭვები გაჩნდა. ადამიანებმა ნარკოდამოკიდებულების ტესტი არ ჩააბარეს და ამაზე რიგი პანიკა ვნახეთ. გახარიამ საქართველოში ტესტის გაკეთებას თავი აარიდა. თმის ტესტი ვერ იძლევა იმ სურათს, რასაც სიღრმისეული კვლევა აკეთებს. სისხლიდან გაკეთებული ტესტი და უფრო ღრმა კვლევა არის სხვა რამ, შეიძლება, ესეც გამიზნული ნაბიჯია, არ ვიცი. ამიტომ ჩვენ კი არაფერს ვამტკიცებთ, ამას მისი მხრიდან გამოწვეული პანიკა და აჟიოტაჟი გვაფიქრებინებს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა for.ge-სთან.
„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტაატი ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ გიორგი გახარია სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო, ძალიან მარტივ ტესტზე უარს აცხადებს. ღუდუშაურის for.ge-სთან ამბობს, რომ ნარკოტესტს ყველა პოლიტიკოსი და კანდიდატი აბარებს, ამიტომაც მისთვის სრულიად აუხსენლია გახარიას ნარკოტესტს ასეთი აჟიოტაჟი რატომ მოჰყვა.
„ძალიან მარტივია, როცა დედაქალაქის მერობის კანდიდატი ხარ, შენს ამომრჩეველს და საზოგადოებას პატივი უნდა სცე და ძალიან მარტივი 15-წუთიანი პროცედურა უპრობლემოდ გაიარო. საზოგადოებას აჩვენო რამდენად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობ, რომლის პროპაგანდაც თითოეული ჩვენგანის ამოცანაა. ყველაფრის ამის საპასუხოდ კი პანიკა და აქეთ ცილისწამება მივიღეთ. გასაგებია, რომ ამის სამართლებრივი ვალდებულება არ არსებობს, მაგრამ თუ რაღაცა შიში გაქვს, ესეც ღიად უნდა თქვა. ამას რაღაცა მასკარადები და შოუების დადგმა არ სჭირდება. გამოხვიდე და პირდაპირ თქვა, რომ პრობლემა გაქვს. როგორც ჩანს, ამა თუ იმ ნარკოტიკურ ნივთიერებასთან შემხებლობა აქვს. აქედან გამომდინარე, საზოგადოება გადაწყვეტს, უნდა თუ არა ნარკოტიკებზე დამოკიდებული მერი ჰყავდეთ, თუ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი მერი აირჩიონ. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის საპასუხოდ გახარიამ შოუ მოაწყო“, - ამბობს ღუდუშაური.
მისივე თქმით, გახარიას ლოგიკა იყო, რომ მას დრო არ ჰქონდა, მაგრამ ამ ტესტის ანტიპროპაგანდას იმდენი ძალისხმევა და დრო დაუთმეს, რომ სრულიად ნათელია, რაღაცის ეშინიათ. არადა სულ რაღაც 15 წუთში შეეძლოთ ამ ეჭვების გაფანტვა. დეპუტატი ამბობს, რომ ამის მაგივრად დღეები იმის მცდელობაში გაატარეს, როგორმე ტესტისთვის თავი აერიდებინათ.
ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ გახარიას დამოკიდებულებამ და ცინიკურმა განცხადებებმა ნარკოტესტთან დაკავშირებით მისი გაოცება გამოიწვია. ნიკოლეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ თუკი მას პრობლემა არ აქვს, ამ ტესტის გაკეთება ამხელა პრობლემას რატომ უნდა უქმნიდეს?
„როდესაც თმის ღერით მსგავსი ანალიზი კეთდება, პასუხის მისაღებად დრო უფრო მეტია საჭირო, რაც იმაზეა გათვლილი, რომ ეს ტესტი 2 ოქტომბრამდე არ იქნება. ეს კიდევ დამატებით ეჭვებს აჩენს. რა გახდა 15-წუთიანი ტესტის გაკეთება და ამ თემაზე საუბარი საერთოდ დასრულდებოდა. თუ ის ტესტს იმიტომ არ იკეთებს, რომ რეალურად ნარკოტიკებთან მართლაც შეხება აქვს, ეს არ ვიცი, რა დონის სკანდალი შეიძლება იყოს. ამიტომ მას ამისთვის ძალიან მარტივი გზა ჰქონდა. თუმცა ის გზა აირჩია, რომელიც დამატებით ეჭვებს აჩენს. მის მხარდამჭერებშიც სერიოზული უნდობლობა გამოიწვია. კარგად ვხედავთ, რომ ყოველ დღე, ამა თუ იმ მიზეზის გამო, მის პარტიას მხადამჭერები და წევრები ტოვებენ. მათ შორის ერთ-ერთი ისაა, რომ ისინი არ იყვნენ ბოლომდე საქმის კურსში მას „ნაციონალებთან“ როგორი ურთიერთობები ჰქონია. ამის მტკიცებულებებია ზუსტად ნიკა მელიას მხარის აბმა, რომელმაც გახარიას უარის შემდეგ ნარკოტესტზე უარი თქვა. ეთქვა, რომ თუ კალაძე იკეთებს, მეც დაგანახებთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობ. ეს რა არის? ენმ გახარიას როდიდან უთანაგრძნობს და მხარს უჭერს?“,-ამბობს ნიკოლეიშვილი for.ge-სთან.