„ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ეს ფაილები ხომ ხელისუფლებაში იმალება, რამდენად კანონიერად იყო ჩაწერილი სხვა საკითხია. ვინც არ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, უსაფრთხოების ხელმძღვანელი, მნიშვნელობა არ აქვს. არსებობს სტანდარტები, სადაც ხელისუფლება აგებს პასუხს ჩაწერილი და შენახული ფაილების გარანტირებულ დაცვაზე“, - განუცხადა ანალიტიკოსმა პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-ს.
ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება. ვისმენთ ურთიერთბრალდებებს - ოპოზიცია „ქართულ ოცნებას,“ ხოლო მმართველი პოლიტიკური ძალა ოპოზიციურ სპექტრს ადანაშაულებს. თქვენ პირადად ვის პასუხისმგებლობას ხედავთ?
- ამაზე პასუხი არა თანამდებობის დატოვებით, ციხით უნდა აგონ. როგორ მოხდა ოპოზიციისა და ოპოზიციური ტელევიზიის ხელში? - ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება თავის ადგილზე არაა, ის შესაცვლელია, რადგან ვერ პასუხობს გამოწვევებს. ყოველი ჩვენგანი დაუცველია, არ ვიცით გვწერენ თუ არა, კანონით თუ უკანონოდ.
როგორ ფიქრობთ, შესაძლოა ამ ყველაფერში ოპოზიციის ხელიც ერიოს?
- არ ვფიქრობ ასე. მინიშნებაც კი არ შეიძლება ოპოზიციაზე, ტელევიზიებსა და ჟურნალისტებზე. როგორ მოხდა ჟურნალისტების ხელში, ამაზე პასუხი უნდა აგოს ხელისუფლებამ.
ელოდებით, რომ კიდევ გამოქვეყნდება რაიმე ჩანაწერი, რაც უკვე დაანონსდა კიდევაც?
- ყველაზე სერიოზული გავრცელებულია უკვე, თუმცა, გამორიცხული არაფერია. ხელისუფლებამ რაც გამოაქვეყნა, შეიძლება ჩათვალოს, რომ არასაკმარისია, - დარტყმა მიაყენოს როგორც გახარიას, ასევე ეკლესიას. ეს არის საკმაოდ პრიმიტიულად ჩაფიქრებული ხელისუფლების მხრიდან, რაღაც პროვოკაცია, რომ სხვას გადააბრალო. გონიერი ამომრჩეველი, ალბათ, მიხვდება, რომ ასეთ ხელისუფლების პირობებში ცხოვრება შეუძლებელია. უნდა მოხდეს ყველაფერი, რომ ეს ხელისუფლება წავიდეს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ჩანაწერები შესაძლოა, გიორგი გახარიასა და ალექსანდრე ხოჯევანიშვილს გაეტანათ. მსგავსი რამ შესაძლებელია?
- თუ ვიღაცამ გამოიტანა, გამოდის, რომ სუს-ი არ არსებობს. როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვას პრემიერ-მინისტრმა, რომელიც იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი. ე.ი. ის უშვებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი მოშლილია, რომ არანაირი სტრუქტურა და დაცვის სისტემა არ არსებობს. ეს ასეც რომ იყოს, ამაზე არ უნდა ლაპარაკობდეს პრემიერ-მინსიტრი. ანუ ადამიანი, რომელიც წავიდა სამსახურიდან, თან გაიყოლა ფაილები. როდესაც ხარ თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი და ვერ უზრუნველყავი გამოდის, რომ შენც შეგეძლო გამოტანა. ეს არის ძალიან გამაოგნებელი, სამარცხვინო განცხადება, რომელიც აჩვენებს რამდენად უსუსურია პრემიერ-მინისტრი.
რამდენად არის შესაძლებელი წინასაარჩევნოდ გიორგი გახარიას დაკავება?
- სახელმწიფოში, სადაც ყველაფერი მორღვეულია, შესაძლებელია. პირველ რიგში უნდა დააპატიმრონ ის ხალხი, ვინც ამის საშუალება მისცა, მერე გახარია, ან რატომ უნდა დააპატიმრონ, რადგან სისტემა არ არსებობს? რა დროს გახარიას დაპატიმრებაზეა საუბარი, თუ არ მოხდა იმ ადამიანების დაპატიმრება, ვინც უზრუნველყო სისტემა ყოფილიყო მორღვეული.
მთავრობის ყოფილი მეთაური ხშირად ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მართვის მეთოდები ძალიან ჰგავს ერთამენთს. არსებობს გარკვეული მსგავსება მათ შორის?
- „ქართული ოცნება“ პირდაპირ დაემსგავსა „ნაცმოძრაობას.“ მათ შორის განსხვავება მხოლოდ სახელწოდებაშია, დანარჩენი, ყველაფერში მათ ბაძავენ. მთელი სისტემები გადაიბარეს. უბედურება ის არის, რომ გახარია ამას ემსახურებოდა, ყველაფერს ხედავდა. მიუხედავად ამისა, გახარია სწორად მოიქცა, ის ისევე მოიქცა, როგორც სააკაშვილი, რომელიც წამოვიდა შევარდნაძის სისტემიდან.
„ნაცმოძრაობა“ როდესაც აკრიტიკებს გახარიას, ცოტა დაფიქრდეს. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ გახარია არ ურტყამს ივანიშვილს, მაგრამ ურტყამს „ქართულ ოცნებას.“ სააკაშვილი ურტყამდა შევარდნაძეს და ამით ურტყამდა „მოქალაქეთა კავშირს“. ჩვეულებრივი ამბავია პოლიტიკაში, როდესაც პარტიიდან მოდიხარ და უპირისპირდები იმ პარტიას, სადაც იყავი. მგონია, რომ გახარია თავის თამაშს თამაშობს და არა სხვის თამაშს.
გიორგი გახარია არის თუ არა მესამე ძალა?
- ამ წუთში პოზიციონირებს, როგორც მესამე ძალა. ცდილობს საზოგადოებაში გააჩინოს განცდა, რომ მისთვის მიუღებელია, როგორც „ქართული ოცნება,“ ისე „ნაციონალური მოძრაობა,“ რაც ვერ გააკეთა თავის დროზე „ლელომ,“ მაინც ტრიალებდა „ნაცმოძრაობის“ ორბიტაზე. თუ ვინმე შეიძლება იყოს მესამე ძალა, ეს უფრო გიორგი გახარიაა, ვიდრე სხვა.
ანალიტიკურ წრეებში საუბრობენ, რომ გიორგი გახარიას მაქსიმუმი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ჩანაცვლება და მთავარი ოპოზიციური ძალის ადგილის დააკავებაა...
- „ნაცმოძრაობა“ ჩანაცვლებულია, მისი სიცოცხლისუნარიანობა განპირობებულია მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ მის პროპაგანდაზე. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ლანძღავს ოპოზიციურ პარტიას, „ოცნება“ მისგან ქმნის საყვარელ ოპოზიციას. „ნაციონალური მოძრაობის“ ხმების ნახევარი „ქართული ოცნების“ მიერ არის მინიჭებული.
„ქართულ ოცნებას“ ეშინია გახარიასი და არა „ნაციონალური მოძრაობის.“ გახარიას დიდი და სასტიკი დანაშუალები არ ჩაუდენია „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით. გახარიას სინდისზე კი არის „გავრილოვის ღამე,“ მაგრამ ეს უფრო „ქართული ოცნების“ სინდისზეა, ვიდრე გახარიასი.
„ქართული ოცნება“ გაჭედილია აწმყოსა და წარსულში, „ნაცმოძრაობა“ მხოლოდ წარსულია, მას აწმყო არ გააჩნია. ამ ფონზე, გახარია უფრო წარმატებული ფიგურაა და მთელი ენერგიით ებრძვიან გახარიას.
იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, როგორ ფიქრობთ?
- გამოვრიცხავ, რომ იყოს. „ქართული ოცნება“ ძალიან მყარად დგას, პარლამენტს, მთავრობას, პრეზიდენტს აკონტროლებს და ა.შ. ამიტომ, არავითარი საფუძველი არ არსებობს. კრიზისზე რომ საუბრობენ, ისიც კი არ არსებობს, ეს სჭირდება „ქართულ ოცნებას“, რომ თქვას „რა დროს პენსიები და სიღარიბეა, ჩვენ კრიზისი გვაქვს“. ეს კრიზისი არის ხელოვნური. კრიზისია, როდესაც პრეზიდენტი პარლამენტს უპირისპირდება, პარლამენტი მთავრობას და ა.შ. არაფერი ამ ტიპის არ ხდება. კრიზისი არის ხელისუფლების მოგონილი, რომ არაფერზე აგოს პასუხი და ყველაფერი გადააბრალოს სხვას. „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება ვადამდელი არჩევნები და არ იქნება.
ვადამდელი არჩევნების ერთადერთი გარანტია არის 50 ათასი კაცი დღე და ღამე იყოს ქუჩაში, რუსთაველზე, სხვა ქალაქებიც პარალიზებული იყოს და ერთ კვირაში ჩამოვარდება ეს ხელისუფლება. „ქართული ოცნება“ ძალიან უუნარო და სუსტია. მთელი მისი პლსი არის ის, რომ ოპოზიცია უფრო მეტად სუსტია. ისტორიაში პირველად, ქვვეყნას ოპოზიცია არ ჰყავს.