მცხეთაში თანამედროვე არქიტექტურის ადგილი არ არის

მცხეთაში თანამედროვე არქიტექტურის ადგილი არ არის

სულ რაღაც სამიოდე თვეში დაგეგმილ სესიაზე იუნესკო გადაწყვეტს, დარჩეს თუ არა მცხეთა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში. თუკი მცხეთაში ახალი განაშენიანება შენარჩუნდება, მცხეთას იუნესკოს ნუსხიდან ამოღება ემუქრება.

მეტიც, იუნესკო კატეგორიულად ითხოვს, შეწყდეს ყველანაირი მშენებლობა მცხეთის ტერიტორიაზე, სვეტიცხოვლისა და ჯვარს შორის არსებულ მონაკვეთზე, რადგან მიიჩნევს, რომ მტკვრისა და არაგვის შესართავს შორის ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ზონას ეკუთვნის და აქ თანამედროვე არქიტექტურის ადგილი არ არის. საუბარია შუშის ადმინისტრაციულ შენობებზე, მუნიციპალიტეტის ახალ შენობაზე, რომელზეც სამ მილიონნახევარი ლარი დაიხარჯა. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობამ კი საერთაშორისო კრიტიკა გამოიწვია, რადგან იუნესკოში მიიჩნევენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან ასე ახლოს მშენებლობების წამოწყება დაუშვებელია.

წინა ხელისუფლების დროს მშენებლობების დაწყებისთანავე იუნესკომ ქართულ მხარეს მოუწოდა, შეწყვეტილიყო სამუშაოები, მაგრამ შენობები მაინც აშენდა, შემდეგ უკვე დაკანონდა და ახალი საცხოვრებელი უბნებიც გაჩნდა მცხეთაში.

დღესდღეობით კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი არ გამორიცხავს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბრძანება გაუქმდეს და მცხეთაში ძველი დაცვის ზონები აღდგეს. ამასთან, მცხეთაში მშენებლობა აღარ უნდა გაგრძელდეს, რადგან ეს უკანონობა იქნება და საჭირო გახდება შენობების დემონტაჟი.

მცხეთის ძეგლების შესახებ For.ge არქეოლოგს, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატს, მცხეთის ქალაქ-მუზეუმის ყოფილ დირექტორს თემურ ბიბილურს ესაუბრა.

არასწორი განაშენიანების გამო მცხეთას იუნესკოს ძეგთა დაცვის ნუსხიდან ამოღება ემუქრება. კონკრეტულად, რა არ მოსწონს იუნესკოს?

- მცხეთა მთლიანად, როგორც ქალაქი, ან როგორც ურბანული ერთეული, 1994 წელს არ შესულა იუნესკოს სიაში, არამედ შევიდა მისი ცალკეული ძეგლები - არმაზციხე-ბაგინეთი (ანუ ანტიკური ხანის სამეფო რეზიდენცია), ჯვარი, სვეტიცხოველი და სამთავრო. ეს ოთხი ერთეული შევიდა. მე იქ ცხრა წლის განმავლობაში გახლდით ქალაქ-მუზეუმის დირექტორი და წამოვედი იქიდან, მაგრამ როგორც ჩემმა ყოფილმა თანამშრომლებმა მითხრეს, 2010 წელს კორექტირება გაუკეთებიათ და არმაზციხე-ბაგინეთი ამოუღიათ იუნესკოს სიიდან. ეს ფაქტი არ გადამიმოწმებია, მაგრამ თუ ეს მართალია, მაშინ ერთ-ერთი მიზეზი იქნებოდა არასწორი განაშენიანება. 2007 წელს, ნოემბრის არჩევნების წინა პერიოდში, ფული რომ ძალიან სჭირდებოდათ ნაციონალებს, იქ ჩართული იყო მთელი ძალები - გუბერნატორი, მცხეთის იმდროინდელი გამგებელი - ყიფშიძე, ნამგალაური და სხვები. ეს ადამიანები ხელის გადაგრეხის მეთოდით გვაიძულებდნენ, რათა ხელი მოგვეწერა თანხმობაზე, რომ არმაზციხის ქვედა ტერასები, რკინიგზამდე მთლიანად გაყიდულიყო.

ვისზე უნდა გაყიდულიყო?

- არ ვიცი. ჯერ ეს გაყიდვაც სისულელე იყო, მაგრამ მაინც ამას აპირებდნენ. მაშინ პაატა გაფრინდაშვილმა და მე მოვახერხეთ, რომ წერილის უკანა მხარეს, სადაც ჩვენი ხელმოწერა უნდა გაგვეკეთებინა, დავტოვეთ ჩანართი, რომ თუ გაყიდდნენ, მხოლოდ ერთი პირობით - მყიდველის მიერ უნდა მომხდარიყო სრული არქეოლოგიური შესწავლა და ურბანული ძეგლების გამოჩენის შემთხვევაში, მათი კონსერვაცია იყო საჭირო. რეგისტრაციაში გატარებული ეს წერილი დღესაც არსებობს. წარმოიდგინეთ, რამდენიმე ათეულ ჰექტარზეა საუბარი. თუმცა მათ არ მიაქციეს ყურადღება და ამ წერილმა გაიარა მთელი ინსტანცია.

ამით თქვენ ფიქრობდით, რომ ეს ადგილები არ გაიყიდებოდა და გადარჩებოდა?

- ეს იმას ნიშნავდა, რომ, ფაქტობრივად, მყიდველი იქ ვერაფერს ააშენებდა, რადგან ათეულობით მილიონ თანხას მოითხოვდა ამის გაკეთება. მე მგონი, ვერც გაიყიდებოდა, რადგან თუ ვინმე იყიდდა, უბრალოდ, ამ ტერიტორიას ვერ გამოიყენებდა. იგივე მცდელობა ჰქონდათ 2008-ში სამთავროს ველთან მიმართებითაც და ამის გადამოწმება იოლად შეიძლება. მცხეთაში ბევრს ახსოვს ეს, მაშინდელი მუნიციპალიტეტის თუ მცხეთის მუზეუმის თანამშრომლებსაც, კულტურის სამინისტროს დღევანდელ მუშაკებსაც, მათ შორის, ზვიად ბატიაშვილს. კერძოდ, მაშინ სამთავროს დიდი მწვანე ველის გაყიდვა იყო გადაწყვეტილი. წარმოიდგინეთ, სამთავროს ტაძრის წინ მდებარე ტერიტორიაზეა საუბარი. სამთავროს მე მაინც მონასტერს არ ვუწოდებ, მიმაჩნია, რომ ეს არის მთავარი საეპისკოპოსო ტაძარი. მანდაც იგივე პროცედურა იყო. მაშინაც წერილობითი დასტური მომთხოვეს. მაშინ კულტურის მინისტრის მოადგილე იყო ვაჩეიშვილი, მის კაბინეტში ხდებოდა ეს ომი. ჯერ კიდევ მცხეთის გამგებლის რეზიდენციაში კითხვა დამისვა გამგებელმა ყიფშიძემ, დავუშვათ, გაიყიდა ეს ტერიტორია, რა შეუძლია აქ ააშენოს ადამიანს? არადა, ეს ტერიტორია მაშინ მკაცრი დაცვის ქვეშ იყო, რადგან აქ რამდენიმე არქეოლოგიური ზონა იყო და სამი-ოთხი ზონა იცავდა. გამეცინა და ვუთხარი, რომ ერთადერთი, რაც შეიძლება, გააკეთოს კეთილსინდისიერმა მყიდველმა, რომელსაც თქვენ მოატყუებთ, იონჯა დათესოს-თქო, კარგი იონჯა მოდის, სხვას ვერაფერს გააკეთებს-თქო. სხვათა შორის, იგივე კითხვა დაუსვამთ ზვიად ბატიაშვილისთვისაც. ზვიადმა ისე, რომ ჩვენ ერთმანეთში არ მოვლაპარაკებულვართ, უპასუხა, ერთდერთი, რაც შეუძლია გააკეთოს ახალმა მყიდველმა, ვარდები დათესოს, ლამაზიაო. არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, ჩოჩელი ახალი დანიშნული იყო გუბერნატორად, ყველა არხმა აჩვენა დილის სიუჟეტი ერთ კვირა დღეს, თუ როგორ რგავენ ბროწეულის ნერგებს ამ ველზე. ამ სიუჟეტმა ძალიან გვახალისა. მოგვიანებით, რომელი ნერგის წაღებაც ხალხმა ვერ მოასწრო, ისინი გახმა.

სამთავროს არქეოლოგიური ველი, ფაქტობრივად, სამთავროს მონასტრის გაგრძელებაა და მასაც არქეოლოგიური ზონის სტატუსი იცავს. როგორც ჩანს, ამ ადგილზე არ შემოსულა ინვესტორი და ამიტომაც დარგეს ბროწეულები?

- როგორც ვიცი, გაყიდვას გადაურჩა ეს ადგილი და ამიტომაც დარგეს ბროწეულები. ამ ადგილების გაყიდვის საფრთხე რომ ვიგრძენით, კომპანია „სარაჯიშვილის“ მეპატრონეს გუჯარ ბუბუტეიშვილს მივმართეთ. მას მცხეთაშივე აქვს რეზიდენციასავით და რესტორანი. მას ვთხოვეთ თანხები და ტრანსპორტი მოძრავი ძეგლების, ქვების გადასატანად. ზუსტად გუჯას ბაღსა და ამ დიდ მწვანე ველს შორის ერთ ღამეში ღია არქეოლოგიური პარკი შევქმენით. ამან კარგა ხანს იმუშავა, სამი-ოთხი თვე მაინც. ეს პარტიზანულად გავაკეთეთ, რაზეც მემუქრებოდა ყიფშიძე და მაშინდელი პროკურატურა. მუქარის მიუხედავად, ჩვენ ეს არ დავშალეთ, მათაც ვერ გაბედეს ხელის ხლება. როცა მივხვდი, რომ მათთან ჭიდაობა შეუძლებელი იყო და იქიდან 2008 წლის 3 იანვარს წამოვედი. მართალია, ჩემი განცხადება იდო წამოსვლის შესახებ, მაგრამ ვაჩეიშვილმა დამასწრო და მაინც გამათავისუფლა. მახსოვს, მაშინ „მაესტროზე“ თამარ ჩიქოვანთან გავაკეთე გადაცემა, სადაც პირდაპირ ვთქვი, თუ რა ელოდა ამ ძეგლებს.

ნიკა ვაჩეიშვილს ძეგლთა დაცვის უწყება ებარა. თუ გავითვალისწინებთ, რომ საერთაშორისო კონვენციით, ძეგლი ხელშეუხებელია, მისი საქციელი რით აიხსნება?

- მომიტევეთ, მაგრამ, რაც ბაგრატზე გაკეთდა, ზუსტად იგივე ვარიანტია. მოდით, პირდაპირ გეტყვით, სამწუხაროდ, ჩვენმა სამღვდელოებამაც, რომლებსაც უდიდეს პატივს ვცემ, ბაგრატის შემთხვევაში მაინცდამაინც დადებითი როლი არ ითამაშა. რას ნიშნავს, ბაგრატი უნდა აღდგეს და იქ წირვა-ლოცვა გაიმართოს?! თუ გახსოვთ, ღალიას მონასტერი კვიპროსზე, 2009 წელს მისი გათხრების მეორე ეტაპი რომ დასრულდა და გათხრები მაღალ დონეზე ჩატარდა, სიუჟეტი გავიდა „იმედზე“ კვიპროსიდან, ნიქოზიიდან, სადაც ჩვენი მხრიდან წარმოდგენილნი იყვნენ ნიკა ვაჩეიშვილი, პაატა გაფრინდაშვილი, რომელიც მაშინ ნიკას მოადგილე იყო, ერთ-ერთი მეუფე და იქითა მხრიდან იყო წარმოდგენილი უმაღლესი კომისარი, ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ, კულტურის მინისტრი და იქაური ქალაქის მერი. ძალიან კარგი საუბარი შედგა და როგორც კი საქმე მიდგა, ჩვენებმა თქვეს (მე მგონი, სამღვდელო პირმა თქვა ამის შესახებ), რომ აქ ჩატარდება აღდგენითი სამუშაოები და შემდეგ უნდა განახლდეს სამონასტრო ცხოვრება, მათ სახეები შეეცვალათ და კატეგორიულად გვითხრეს, თუკი სამონასტრო ცხოვრება გინდათ, გვერდზე გამოგიყოფთ ტერიტორიას, გაჩუქებთ და იქ ააშენეთ, რაც გინდათ, მაგრამ ეს დარჩება დაკონსერვებული ძეგლადო. ე.ი. ბერძენი ამბობს, რომ ქართული ძეგლი მათ ტერიტორიაზე ძეგლად დარჩება. ამ დროს კი ჩვენს ტერიტორიაზე მდებარე უმნიშვნელოვანესი, საეტაპო მნიშვნელობის ძეგლი რიგით ნაგებობად ვაქციეთ.

მართალია, ეს ხდებოდა ვაჩეიშვილის დროს, თუმცა ამბობენ, რომ ასეთი ბრძანებები პირველი პირისგან მოდიოდა. ვაჩეიშვილს შეეძლო, მას წინ აღდგომოდა?

- მას შეეძლო წინააღმდეგობის გაეწია, პოზიცია საჯაროდ დაეფიქსირებინა და როგორც ბევრმა ნორმალურმა ხალხმა გააკეთა, წამოსულიყო სამსახურიდან. რომ გითხრათ, ნიკა ვაჩეიშვილი არკომპეტენტურია-თქო, ასე არ არის, თავის ვიწრო სპეციალობაში კომპეტენცია აქვს, მაგრამ უფრო უარესი, ის კომფორმისტია. კაცი, რომელიც წავიდა დათმობებზე, მან ვერ გაუძლო ზეწოლას, სკამის, თანამდებობის ცდუნებას.

წლების წინ აქტიურად საუბრობდნენ, რომ მცხეთაში აპირებდნენ კაზინოების აშენებას.

- რატომღაც ასეთნაირად გავრცელდა. უბრალოდ, ბადრი პატარკაციშვილის ინიციატივით, მცხეთა უნდა გადაექციათ სანიმუშო ქალაქად და იგი ავტონომიური მართვის საერო ქალაქი უნდა ყოფილიყო. ეს იყო საპატრიარქოს იდეის საპირისპირო, მაშინ „24 საათში“ გამოქვეყნდა ანონიმური პროექტი - მცხეთის საეკლესიო სტატუსის შესახებ და ამან მღელვარება გამოიწვია. ცხონებული შარაძე იმ დროს ეკლესიის მხარეს იჭერდა, იმ დროს სვეტიცხოვლის წინამძღვარი იყო ზენონი იარაჯული, რომელიც ახლა ინგლისშია. აქეთ მხარეს აღმოვჩნდით ჩვენ, დანარჩენები. ეს იყო ღიად დაპირისპირებული ბრძოლა. ნათია უზნაძე მაშინ დამწყები ჟურნალისტი იყო და გურამ შარაძე მას ეკითხებოდა, თქვენ იცით, რომ აქ დიდი სტადიონი (და არა კაზინო) უნდა აშენდესო? მცხეთაში მართლაც უნდა აშენებულიყო ოლიმპიური ტიპის დიდი სტადიონი 30 ათას კაცზე. ვიციო - მიუგო ჟურნალისტმა. მერე მოგწონთო? ჟურნალისტს გაუკვირდა, რატომ არ უნდა მოსწონებოდა სტადიონის აშენება?! გურამ შარაძემ კი უთხრა, წარმოიდგინეთ, ჩვენი ნაკრები თამაშობს, მოუგო მოწინააღმდეგეს და 30 ათასი კაცი რომ ტაშს დაუკრავს, წირვა-ლოცვას ხელს შეუშლისო. ეს იყო აბსურდი, ისევე, როგორც მცხეთაში თურმე ნიჩბოსნობა არ შეიძლებოდა, რადგან სპორტულ ტრუსებში ქალებს და კაცებს არ უნდა ევლოთ. არადა, მცხეთაში ყოველთვის იყო კარგი ოლიმპიური სანიჩბოსნო სკოლა. ამიტომ ეს ვიღაცამ ააგორა, რომ თურმე, ბადრის და მავანთ უნდოდათ, კაზინოების ქალაქად ექციათ მცხეთა.

ფაქტია, რომ დღეს სვეტიცხოვლის აღქმა გართულებულია, რადგან გარშემო ლანდშაფტში არაერთი ნაგებობა იკითხება, რაც მცხეთას ავთენტურობას აკარგინებს.

- კოლონების რაღაც უბედურება რომ გააკეთეს, ტურისტული საინფორმაციო ცენტრის სახით, ეს შენობა კოლონების გარეშე არსებობდა. 2000 წელს და უფრო გვიან პერიოდში ეს შენობა იყო აგურის, უპრეტენზიო, უსახური, მაგრამ ხელის არშემშლელი ერთსართულიანი ნაგებობა, რომელიც მცხეთის აღორძინებისა და განვითარების ფონდმა, გია შაიშმელაშვილმა ააგო. 2001 წელს, მუზეუმის დირექტორად რომ მივედი, ეს შენობა გადმოსცეს მუზეუმს და იქ გავაკეთეთ კარგი საგამოფენო სივრცე და სალონი. შემდეგ ჩვენ ეს წაგვართვეს და გადასცეს ეკლესიას. ასე რომ, ეს შენობა არსებობდა, უბრალოდ, მას შეუცვალეს იერ-სახე, ფსევდონაგებობა, იდიოტური რამ გააკეთეს, რამაც დაუკარგა იქაურობას ავთენტურობა.

მაგრამ ამ შენობის გარდა, გარშემო დასახლებებიცაა, ამ სახლების ნაწილი ახალი აშენებულია?

- გარშემო სახლების 90 % ისევ ისე არსებობს, როგორც იყო. სახლებში ძირითადად იგივე მცხეთელები ცხოვრობენ, ვისაც პირადად ვიცნობდი. უბრალოდ, ამ სახლებს დაუმატეს აივნები. მცხეთის ვითომ რეკონსტრუქცია, უფრო ზუსტად კი, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიის „გაფუჭება“ რომ დაიწყო, მათ არაფერი ჰკითხეს და მცხეთის სიღნაღიზაცია მოახდინეს - მიაშენეს აივნები, გადახურეს კრამიტით. შიგნიდან ინტერიერი არ გაუკეთებიათ, უბრალოდ, ფასადური რეკონსტრუქცია მოახდინეს.

იუნესკოს სწორედ ეს არ მოსწონს, რადგან დაიკარგა სვეტიცხოველი.

- რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ 2005 წელს კახა ტრაპაიძე იყო დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელიც ხმალამოღებული იბრძოდა სვეტიცხოვლის ეზოში, გალავანში ჩაშენებულ კელიებში ევრორემონტების და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების წინააღმდეგ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. სულ ახლახანს „რუსთავი-2“-ში აჩვენეს კადრები, თუ როგორი იყო მცხეთა რეკონსტრუქციამდე და ამის დასტურად მე-19 საუკუნის ერმაკოვის ფოტო გვიჩვენეს. ირონიით იყო ნათქვამი, ნუთუ ისეთივე უნდა ყოფილიყო ახლაცო?! არადა, ასეთი იყო თუ არა მცხეთა, ყოველ შემთხვევაში, ისეთი ნამდვილად არ ყოფილა, როგორიც დღეს არის. იმავე სიუჟეტში ჩემმა კოლეგამ გოდერძი ნარიმანაშვილმა აღნიშნა, აქ გათხრები ჩატარდაო, მე-3-4 საუკუნის ფენები იყოო. სვეტიცხოვლის წინ, მოედანზე მართლაც ჩატარდა გათხრები, მე-4 -5 საუკუნის ფენები ამოვთხარეთ, ნაქალაქარის ტერიტორია იყო, გაითხარა ქუჩებიც, სახლები, წმინდა ნინოს მთელი ეპოქა, მარნები და ა.შ. ეს კომუნისტების დროს ხდებოდა 1985 წელს. იმ დროს ცხონებულმა ანდრია აფაქიძემ, ირაკლი ციციშვილმა და სხვებმა დააყენეს საკითხი, რომ ეს დაკონსერვებულიყო და ენახა ხალხს. მართალია, კომუნისტებს ფული ჰქონდათ, მაგრამ არ ვიცი, რის გამო, უარი თქვეს ამაზე. შემდეგ ეს ყველა მეთოდის დაცვით დაკონსერვდა. საკონსერვაციო ფენის აღება კი ყოველთვის შეიძლება. თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა ემოციური დატვირთვა იქნებოდა, სვეტიცხოველში რომ შესულიყავით მე-4-5 საუკუნის ქუჩით?! მით უმეტეს, ეს წარუშლელი შთაბეჭდილება იქნებოდა მომლოცველისა და ტურისტისთვის. ამაზე წერილობით რამდენჯერმე მივმართე მუნიციპალიტეტსაც, კულტურის სამინისტროსაც, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ეს გაეკეთებინათ, მთლიანად ბეტონით დაფარეს ყველაფერი. ვიდრე შეხვიდოდით სვეტიცხოვლის კარიბჭეში, იქ ქალების რიგი იყო, რაღაცას ყიდდნენ და მათ უკან მოჩანდა მწვანე ზოლი, ეგ ზოლი მთლიანად იყო ნაქალაქარის ერთი ნაწილი. რა თქმა უნდა, ესეც მოსპეს და ჩააბეტონეს. ცხადია, ესეც არ მოეწონა იუნესკოს. გარდა ამისა, „რუსთავი 2“-ის სიუჟეტში ნაჭაობარი ადგილი გვანახეს, ერთი მცხეთელი ვიცანი, ამბობდა, აქამდე ჩვენ აქ კოღოები გვსპობდნენო. ეს მართლია, მაგრამ, იცით, ჭაობი იქ საიდან გაჩნდა? ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, ჟინვალჰესის აშენებისას, არაგვი რომ გადაკეტეს, მაშინ მდინარის ნაკალაპოტარში გაჩნდა ჭაობიანი ადგილი, რომლის ამოშრობაც თანდათანობით მიმდინარეობდა. ქალაქის ურბანული თუ სამშენებლო ნაგავი ფენა-ფენა იყრებოდა, მერე მიწა ეყრებოდა და იქმნებოდა ახალი ზოლი, დაახლოებით ისეთივე მეთოდით, როგორც ჰოლანდიაში კეთდება სანაპირო ზოლი. ყველაფერი იმ კონდიციამდე იყო მისული, რომ გარკვეული დროის შემდეგ მართლაც შეიძლებოდა სანაპირო ზოლის ან სხვა რამის გაკეთება. ახლა კი ჭაობიან და ტენიან ადგილას მათ ააგეს ნაგებობები - მუნიციპალიტეტის შენობა, რეესტრის შენობა. ეს ქვედა ზონაში ხდება.

თუ გავითვალისწინებთ, 2007 წლიდან რა ტემპითა და მეთოდიკის დარღვევით შენდებოდა ეს შენობები, რაც გორის ქარის მაგალითმაც აჩვენა, წარმომიდგენია, ამ შენობებს რა დაემართება ორ-სამ წელიწადში. ის, რაც დაემართა პარლამენტს ქუთაისში და იმ ადამიანების მდგომარეობა, ვინც აქ იმუშავებს, სახიფათოა, რადგან ეს ნაჭაობარ ადგილზეა აშენებული.

მცხეთის მუზეუმის შენობა 2012 წელს გაიყიდა, დღევანდელი მუზეუმის დირექტორს, ჩემს ყოფილ მოადგილეს მაისურაშვილს, ამაზე ხმა არ ამოუღია. ამ დროს სხვა ამაზე განგაშის ზარს ჩამოკრავდა. მე ძველი, გასარემონტებელი შენობა დავტოვე, ახლა კი ის გაიყიდა და წყალკანალმა იყიდა. ასე რომ, მცხეთაში მუზეუმი არ ფუნქციონირებს, მუზეუმი ტაფაზე დადეს და შეაგდეს ყოფილი გარემოს დაცვის სახლში და გამოუყვეს სამი ოთახი.

მცხეთასთან დაკავშირებით ამჯერად იუნესკოსთან მოლაპარაკებები დაგვიანებულია?

- არმაზციხე-ბაგინეთის ნუსხიდან ამოღებაზე ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება ამ ნუსხიდან სხვა ძეგლების ამოღებას, სამთავროს ჯერ კიდევ არაფერი ემუქრება, ჯვარსაც მეტ-ნაკლებად არაფერი ემუქრება, თუმცა, ზოგადად, საფრთხე ჯვარსაც ემუქრება, რადგან ჯვარი და სვეტიცხოველი ერთ ზონაში ხვდებიან თვალსაწიერს. სვეტიცხოველი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია, თუ ის მაინც არ მოანგრიეს, რასაც შესასვლელთან ვხედავთ, უდაოდ ამორიცხავენ ამ ტაძარს სიიდან. ამიტომ უნდა მოინგრეს კოლონებიანი უბადრუკობა. მით უმეტეს, რამდენიმე ნაგებობაზე აბსოლუტურად არამცხეთული, არაქართლური აივნები მიაშენეს და ამით იკარგება სვეტიცხოველი. არადა, ძეგლი განმხოლოებურად არ აღიქმება. არქეოლოგია ლანდშაფტში ჩაწერილი ერთეულია.