წინასაარჩევნო პერიოდში, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ნარკოტესტის აღების საკითხი ერთგვარი განხეთქილებისა და დაპირისპირების საგანი გახდა. ის, რაც ამ დღეებში ვიხილეთ, „ქართული ოცნების“ და პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატებს შორის, ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, ამცირებს იმის ალბათობას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, გიორგი გახარიასა და კახა კალაძის ალიანსი ვიხილოთ.
ანალიტიკურ წრეებში საუბრობენ, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ამ არჩევნების შედეგებზე. იმ შემთხვევაში თუკი გიორგი გახარიას პარტია მაღალ პროცენტს ვერ აიღებს, კახა კალაძისთვის პოლიტიკურად წამგებიანი იქნება ექსპრემიერ-მინისტრის პარტიაში გადასვლა და თუნდაც, ნომერ მეორე ფიგურად ყოფნა.
ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა ნაწილი თითქმის ერთხმად აღნიშნავს, რომ კახა კალაძე „ქართული ოცნების“ უპირობო ლიდერია და მსგავსი რეიტინგი მქონე პირი მმართველ პოლიტიკურ პარტიას დღეს არ ჰყავს. ამის ფონზე კი არ გამორიცხავენ, რომ კახა კალაძე არა გიორგი გახარიას პარტიაში, არამედ „ქართულ ოცნებაში“ უფრო მაღალ თანამდებობაზე ვიხილოთ.
მსგავს სცენარს განიხილავს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე და For.ge-სთან ამბობს, რომ კახა კალაძემ ამ არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლოს.
„ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს მას შემდეგ, რაც არჩევნები ჩაივლის და ახალი რეალობა გამოჩნდება. ამ ეტაპზე, არ მგონია რაღაც განხეთქილება იყოს და კალაძემ ეს გუნდი დატოვოს, თუმცა, არჩევნების შემდეგაც, ალბათობა იმისა, რომ კალაძე გამოეყოს „ქართულ ოცნებას“ და გახარიასთან გადავიდეს, მეეჭვება.
ვითარება სხვაგვარად ლაგდება: კალაძე, ფაქტობრივად, არის ერთადერთი უპირობო ლიდერი „ქართული ოცნების“ და ამ შემთხვევაში რატომ უნდა დატოვოს ეს პარტია და გახარიასთან გადავიდეს ნომერ მეორე ფიგურად? ალბათობა იმისა, რომ ის უფრო მაღალ თანამდებობაზე ვიხილოთ „ოცნებაში,“ უფრო დიდია.
კალაძე არის ლიდერი, ყველანაირი გამოკითხვით და შესაძლოა ოფიციალურად დაიკავოს პოზიცია პარტიაში. არჩევნების შემდეგ, „ქართულ ოცნებაში“ შესაძლოა მოხდეს ძალიან დიდი რეორგანიზაცია და აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი შესაძლებელია - კალაძემ შესაბამისი პოსტი დაიკავოს პარტიაში“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიამ თბილისის მერის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებით კახა კალაძის წინააღმდეგ, დიდი შეცდომა დაუშვა. როგორც საყვარელიძემ For.ge-სთან აღნიშნა, კალაძისთვის გახარიას პარტიაში გადასვლა პოლიტიკურად წამგებიანია. შესაბამისად, მან მმართველ გუნდში შესაძლოა, უფრო მაღალი თანამდებობა დაიკავოს, რადგან, მისი თქმით, კალაძე „ქართულ ოცნებაში“ უპირობო ლიდერია.
„გააჩნია გახარიას შედეგი როგორი იქნება, თუ მისმა პარტიამ მნიშვნელოვანი შედეგები დადო, გასაკვირი არ იქნება, რომ ბევრმა მოისურვოს მასთან გადაბარგება, უშუალოდ კალაძე მოისურვებს თუ არა, არ ვიცი. თუ შედეგი არ იქნება, ასეთი მიგრაციის საფუძველიც არ არის. ჩვეულებრივ ემიგრაციაც ხდება იმ ქვეყნებისკენ, სადაც უკეთესია ცხოვრება. გახარიასთან პოლიტიკური ცხოვრება თუ უკეთესი იქნება, მიგრაცია მოსალოდნელია, წინააღმდეგ შემთხვევაში - არა.
აქ ერთი პრობლემაა, რადგან გახარია და კალაძე კონკურენტები არიან, გახარიას მაღალი შედეგი ნიშნავს, რომ კალაძე უნდა დაიჩაგროს, კალაძის მაღალი შედეგი ნიშნავს, რომ გახარია უნდა დაიჩაგროს. არ ვთვლიდი სწორად გახარიას კანდიდატურის დაყენებას და კალაძესთან დაპირისპირებას.
თუკი კალაძეს მყარი პოზიციები ექნება, ალბათ, ის „ოცნებაში“ უფრო მეტი პერსპექტივის პატრონი იქნება, ვიდრე, ვიდრე გახარიას გუნდში გადასვლის შემთხვევაში. გახარიას გუნდში საპრემიერო პირი გახარია იქნება და „ოცნების“ გუნდში დროთა განმავლობაში საპრემიერო კანდიდატი შეიძლება გახდეს კალაძე. ასეთ გათვლებს, ალბათ, თვითონაც გააკეთებს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.
სოციალური ქსელში ვიდეოჩართვაში მოქალაქემ კახა კალაძეს ჰკითხა, რას ფიქრობს, რატომ არ ენდობა გიორგი გახარია სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რის გამოც ის აპირებს ნარკოტესტის ევროპის ავტორიტეტულ საექსპერტო ბიუროში ჩატარებას, რაზეც კახა კალაძემ უპასუხა, რომ მისთვის გულდასაწყვეტია გიორგი გახარიას განხადებების მოსმენა.
„არ ვიცი, გაუგებარია ჩემთვის განცხადებები, რაც ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ. არ მეგონა თუ ასეთი პანიკა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. ადამიანურად გული მწყდება გიორგი გახარიას ამ ვითარებაში რომ ვუყურებ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
ინფორმაციისთვის, გიორგი გახარიას განცხადებით, ნარკოტესტთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ მზადდებოდა პროვოკაცია. როგორც მთავრობის ყოფილმა მეთაურმა აღნიშნა, ის არ ენდობა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და აპირებს ანალიზის ჩასაბარებლად უცხოეთში გამგზავრებას.