ბიუჯეტის პარამეტრები, შარშანდელთან შედარებით, უფრო ეფექტურად გამოიყურება. ეს იმ დროს, როცა არჩევნების შემდეგ, 2013 წლის დასაწყისში გარკვეული ეკონომიკური სტაგნაცია მართლაც შეინიშნებოდა. თუმცა, ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, ახლა ვითარება გაცილებით უკეთესია. მაშინ როდესაც ფინანსთა მინისტრი ბიუჯეტის გადაჭარბებაზე საუბრობს, საპარლამენტო უმცირესობა მის „გარღვევაზე“ აკეთებს აქცენტს.
2013 წლის პირველი კვარტლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 63,5 მლნ ლარით გადააჭარბა 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, საგადასახადო შემოსავლების კუთხით ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
მისივე ინფორმაციით, 2013 წლის მარტში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების კუთხით მობილიზებულია 745.5 მლნ ლარი, რაც 41.5 მლნ ლარით აღემატება 2012 წლის მარტის მონაცემებს. საგადასახადო შემოსავლების კუთხით ზრდა გასულ წელთან შედარებით დაფიქსირდა ასევე მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში.
საერთო ჯამში კი, 2013 წლის პირველ კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების კუთხით მობილიზებულია 1 615.5 მლნ ლარი, რაც 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 63,5 მლნ ლარით აღემატება.
მიუხედავად ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მონაცემებისა, ნაცმოძრაობა ვერაფრით იჯერებს, რომ ბიუჯეტის შესრულება შესაძლებელი იყო. უმცირესობის დეპუტატის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პირველ კვარტალში 83-მილიონიან „გარღვევას“ ჰქონდა ადგილი.
როგორც ჯაფარიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ამაზე ერთი მხრივ, ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში წარდგენილი დოკუმენტი და მასში მოცემული საპროგნოზო მაჩვენებლები, ხოლო მეორე მხრივ, ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია მოწმობს, რომლის მიხედვით, 1 აპრილის მდგომარეობით, შემოსავლები მილიონ 553 ათასი ლარი იყო.
„ეს იმას ნიშნავს, რომ პირველ კვარტალში 83-მილიონიანი „გარღვევა“ იყო. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ყველა ბანკი 30-31 მარტს, შაბათ-კვირას სრული დატვირთვით მუშაობდა, რათა შემოსავლების მობილიზება მაქსიმალურად მომხდარიყო“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
დეპუტატის თქმით, ამ შემთხვევაში, ფინანსთა მინისტრის მხრიდან გასული წლის მონაცემებთან შედარება, „არარელევანტურია“.
„სამწუხაროა, რომ ფინანსთა სამინისტრო ცდილობს დახატოს სურათი თითქოს ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობაა“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
ფინანსთა მინისტრი კი ირწმუნება, რომ ქვეყანაში ეკონომიკური გარემო გაუმჯობესებულია, შესაბამისად, წლის ბოლოს ბიუჯეტის შესრულებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ხადურის თქმით, ამას მაკროეკონომიკური პარამეტრების პოზიტიური მაჩვენებლები ადასტურებს.
„გაზრდილია ბიზნესაქტივობა, მათ შორის, მცირე და საშუალო საწარმოთა ბრუნვა. პირველი კვარტლის მონაცემები მიუთითებს, რომ 2013 წლის ბიუჯეტის შესრულებას არანაირი პრობლემა არ შეექმნება და მთავრობა აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს“, - აღნიშნა ხადურმა.
იმავდროულად ფინანსთა მინისტრი განმარტავს, რომ მთავრობა საგადასახადო განაკვეთების შემცირებას არ აპირებს, მაგრამ ადმინისტრირების გამარტივების კუთხით მუშაობა მიმდინარეობს.
„საგადასახადო განაკვეთების შემცირება არ იგეგმება იმიტომ, რომ საგადასახადო განაკვეთების შემცირება გულისხმობს ბიუჯეტის შემოსავლების შემცირებას, ბიუჯეტი კი უკვე დაგეგმილია, ამიტომ - არა. რაც შეეხება ადმინისტრირების თვალსაზრისით პროცედურების გაუმჯობესებას და სრულყოფას, ის, რომ გადამხდელისთვის უფრო გასაგები იყოს საგადასახედო კანონმდებლობა, ამაზე ყოველდღიურად ვმუშაობთ. ვფიქრობთ, ძალიან მალე ჩავატარებთ პრეზენტაციას ექსპერტებისა და ჟურნალისტებისთვის, იმ საკითხებზე რომელზეც ვმუშაობთ”, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.