საფრანგეთმა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ზურგში დანის ჩარტყმასა და დონალდ ტრამპის მსგავსად ქცევაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც საფრანგეთი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ გამოცხადებული ალიანსის მიღმა აღმოჩნდა.
აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ უსაფრთხოების სფეროში ისტორიული ალიანსის შექმნა გამოაცხადეს. როგორც სამი ქვეყნის ლიდერებმა განაცხადეს, ახალი ალიანსი ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონზე იქნება ფოკუსირებული.
პარტნიორობის ფარგლებში, აშშ ავსტრალიას ბირთვული წყალქვეშა ნავების განლაგებისთვის საჭირო ტექნოლოგიასა და შესაძლებლობებს გადასცემს.
„ამერიკის ქცევა მაშფოთებს. ეს სასტიკი, ცალმხრივი და არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილება იმას მახსენებს, რასაც ბატონი ტრამპი აკეთებდა. გაბრაზებული ვარ. ასე არ ხდება მოკავშირეებს შორის. ეს ზურგში დანის ჩარტყმაა. ჩვენ ავსტრალიასთან ნდობით აღსავსე ურთიერთობა ჩამოვაყალიბეთ და ახლა ეს ნდობა დაირღვა“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
2016 წელს, ავსტრალიამ ფრანგული გემთმშენებელი კომპანია Naval Group-ი შეარჩია, რომელსაც ავსტრალიის ახალი წყალქვეშა ფლოტი უნდა აეშენებინა. კონტრაქტის ღირებულება 40 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
„პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებიდან მოულოდნელად ვიგებთ, რომ ავსტრალიელებსა და საფრანგეთს შორის კონტრაქტი დასრულდა და რომ შეერთებული შტატები ავსტრალიელებს შეთავაზებას გაუკეთებენ, რომლის შინაარსი ჩვენ არ ვიცით. ვნახოთ, რა მოხდება. დღეს, ჩვენი პოზიცია ძალიან მტკიცეა და ახსნა-განმარტებას მოვითხოვთ“, - განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.