„ის მასალები, რაც საჯაროდ გამოიფინა, საკუთარი ავთენტურობის დადასტურებას ითხოვს. ასე ხელაღებით ვერ დავიწყებ საუბარს იმაზე, რომ ეს არის კონკრეტული პოლიტიკის ან მართვის მეთოდების გამოვლინება, ან იგივე მეთოდებით მართვა, როგორითაც წინა ხელისუფლება ხელმძღვანელობდა“, - ასე აფასებს For.ge-სთან ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სასულიერო პირებს უსმენს და საიდუმლო მასალებმა სუს-იდან გაჟონა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში კიდევ უფრო აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ დღეს „ქართული ოცნება“ მართვის იმ ბერკეტებს იყენებს, რასაც წინა ხელისუფლება - ეს იქნება დაშინება, შანტაჟი და კომპრომატებით ომი. რა პარალელის გავლება შეგვიძლია, თუნდაც იმ მასალებიდან გამომდინარე, რაც ორი დღის წინ გამოქვეყნდა?
- პოლიტიკოსებს შეუძლიათ ასეთი პარალელი გაავლონ, იმიტომაც არიან ისინი პოლიტიკოსები, მით უმეტეს წინასაარჩევნო პერიოდია და „გემრლიელი ლუკმაა,“ თუმცა, სანამ მასალების ავთენტურობა არ დადასტურდება, ძალიან რთულია ამაზე მტკიცებით ფორმაში საუბარი. საყურადღებოა ასეთი დეტალი, რომ რატომღაც ეს მასალები გამოქვეყნდა „ვორდის“ ფაილში. თუ ეს მასალები მიყურადებით იქნა მოპოვებული, მაშინ მათ მომპოვებელს არ უნდა გასჭირვებოდა ისიც, რომ რამდენიმე აუდიო ფაილი აეტვირთა, ამით კი დადასტურებულიყო რეალობა, რომ ამ ადამიანებს უსმენდნენ.
ასევე, მინდა ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას, ბოლო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოდის გარკვეული სახის ინფორმაცია, რამდენადაც მე ვიცი, ამაზე დაწყებულია გამოძიება. ეს, რა თქმა უნდა, კარგი კუთხით არ წარმოაჩენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. უფრო საშიშია თუ ეს ინფორმაცია მოხვდა გარე მყოფი ძალების ხელში.
ექსპრემიერ-მინისტრი და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ნარკოტესტთან დაკავშირებით, მის წინააღმდეგ სამხარაულის ექსერტიზის ბიუროში მზადდებოდა პროვოკაცია. აქედან გამომდინარე, მან მიიღო გადაწყვეტილება, ანალიზების ჩასატარებლად უცხოეთში გაემგზავროს. აღნიშნულს როგორ შეაფასებთ?
- გახარიას სურს, რომ მაქსიმალური პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი მიაყენოს „ქართულ ოცნებას“ ამ წინასაარჩევნო დროში და ვფიქრობ, ამაში ჯდება მისი ცნობილი განცხადება, რომ ის არ ენდობა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს, მის წინააღმდეგ იგეგმებოდა პროვოკაცია და ა.შ. ეს არის პოლიტიკური თამაშის ნაწილი. ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში ბოლომდე არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ნარკოტესტთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და ეს ყველაფერი შემთხვევით არ იქნებოდა დაწყებული, რომ არ ყოფილიყო რაღაც ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ძირითად კანდიდატებს აქვთ პრობლემები ნარკოტიკებთან.
გიორგი გახარია ხშირად ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მართვის სტილი იგივეა, რაც „ნაცმოძრაობის“ დროს იყო. უნდა აღინიშნოს, რომ გახარია ექსპრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრია, რომელმაც ყველაზე კარგად იცის მმართველი პოლიტიკური ძალის შიდა სამზარეულო. როგორ ფიქრობთ, რატომ საუბრობს ასე ხშირად ის ამაზე?
- იცის ძალიან კარგად, გეთანხმებით, მაგრამ როგორც გარე დამკვირვებლებმა ისე ვიმსჯელოთ. „ოცნების“ მართვის მეთოდები რომ ჰგავდეს „ნაცმოძრაობის“ მართვის მეთოდებს, დღეს მედიაგარემო არ იქნეოდა ისეთი, როგორიც არის. ის ადამიანები, რომლებიც ოპონირების რეჟიმში არიან ხელისუფლებასთან, ასე თუ ისე, თავისუფალ რეჟიმში მოქმედებენ, თუმცა, არ გამოვრიცხავ იმას, რომ „ქართულ ოცნებაში“ შესაძლოა, ვინმეს ცდუნება გაუჩნდეს მეტი ინფორმაცია მოიპოვოს ან გააკეთოს ისეთი რამ, რომ გაიიოლოს საქმე ამ კუთხით, გაიგოს რა ხდება მოწინააღმდეგის ბანაკში, მაგრამ თუ ასეთ რამეს აქვს ადგილი, მას მაინც არ აქვს ისეთი მასობრივი ხასიათი, როგორიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჰქონდა. არ გამოვრიცხავ, რომ იყოს ცალკეული გამოვლინებები, მოიძებნოს ადამიანი, ვისაც რაღაცაზე ხელი წაუცდეს, მაგრამ მასობრივად ასეთ რამეს ადგილი არ აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამბობს, თუკი მმართველი პოლიტიკური ძალა 43%-ს ვერ აიღებს, რაც შარლ მიშელის დოკუმენტით არის განსაზღვრული, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მაინც ჩატარდება. რა პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ, თუკი „ქართულმა ოცნებამ“ 43%-ზე ნაკლები აიღო?
- „ქართულმა ოცნებამ“ კი გამოაცხადა ეს დოკუმენტი ანულირებულად, რადგან ის იყო მთავარი ხელმომწერი მხარე, მაგრამ მეორე საკითხია, ევროკავშირი რამდენად სცნობს ამ დოკუმენტს ანულირებულად. როდესაც ერთი მხარე იღებს ასეთ გადაწყვეტილებას, ალბათ მეორე მხარემაც უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. „ქართულმა ოცნებამ“ მოიხსნა ყველა ის პასუხისმგებლობა საკრარულ 43%-თან დაკავშირებით, მაგრამ მეორე საკითხია, რა პოზიცია აქვს ამაზე ევროკავშირს, მგონი, მას პოზიცია ჯერ არ შეუცვლია და იმედს გამოთქვამს, რომ ყველა მხარე დაუბრუნდება შეთანხმებას.
ამ დოკუმენტზე არის სხვა პარტიების ხელმოწერებიც. ამ დოკუმენტში დარჩა სხვა პუნქტები, რომელიც სრულდება. აქ მთავარი ამოსავალი წერტილი იყო ის 43%. მმართველმა ძალამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ მისთვის ამ პუნქტის შესრულება იქნებოდა სარისკო, არ გაწია ეს რისკი და მოახდინა მისი ანულირებულად გამოცხადება. შედგება თუ არა ვადამდელი არჩევნები, დამოკიდებულია ორ ფაქტორზე, - რამდენად მასობრივი იქნება სახალხო პროტესტი და მეორე, - რამდენად ძლიერი იქნება საერთაშორისო ზეწოლა.
ოპოზიცია წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილი აქვს დაშინებას, მოსყიდვას...
- ოპოზიცია, რა თქმა უნდა, გააკეთებს ასეთ განცხადებებს და უკვე კეთდება მათი სიტუაციური მოკავშირე არასამთავროებების მიერ და ა.შ. ეს ჩვეულებრივი კამპანიაა წინასაარჩევნო პერიოდში, რომელიც გვინახავს. ოპოზიციამ შექმნას განცდა, რომ არჩევნები ყალბდება, ეს მათი ტრადიციული მიდგომაა, რომელიც გაგრძელდება 2 ოქტომბრამდე და შემდეგაც.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი, არა 2 ოქტომბრისთვის, ანუ საარჩევნოდ, არამედ 3 ოქტომბრისთვის ემზადება, როდესაც უკვე ცნობილი იქნება შედეგები. თქვენი აზრით, რა მოხდება 3 ოქტომბერს?
- „ქართული ოცნების“ მიერ 43%-ის აღების ალბათობა არის 50%-50%-ზე, თანაბარი შანსია, თუ გავითვალისწინებთ იმ კომპრომატებით ომს, რომელიც დაიწყო მის წინააღმდეგ და არჩევნების მოახლოებასთან ერთად, უფრო გაძლიერდება. მე ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი, „ფანჩატურის“ ოპოზიცია, მაღალი ალბათობით, არ შეეგუება ამ არჩევნების შედეგებს და დაიწყება საპროტესტო გამოსვლები.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ოცნებამ“ აიღო 43%-ზე ნაკლები, რომელმაც თქვა, რომ ვადამდელს არ დანიშნავს, ამას მოჰყვება პროტესტი, მაგრამ მეორე საკითხია, რა მასშტაბის და ხანგრძლივობის იქნება ეს პროტესტი. ასევე შეუერთდება თუ არა ამ პროტესტს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თითქოსდა აპირებს ჩამოსვლას და ამასთან, როგორ შეხედავს ამ ყველაფერს დასავლეთი. ამ შემთხვევაში ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა შესაძლოა უფრო ხისტი პოზიცია გამოამჟღავნონ და „ქართულ ოცნებას“ მოსთხოვონ მიშელის დოკუმენტის პირობების შესრულება, მიუხედავად იმისა, რომ ის აქედან გავიდა. ზეწოლის ფორმები დასავლეთს ძალიან ბევრი აქვს.