„ზვიად გამსახურდია თბილისში 1994-ში ჰყავდათ ჩამოსვენებული“

„ზვიად გამსახურდია თბილისში 1994-ში ჰყავდათ ჩამოსვენებული“

ჟურნალისტმა ირაკლი შონიამ დაახლოებით თვენახევრის წინ დაიწყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაღუპვის დეტალების მოკვლევა, რის შედეგებსაც პერიოდულად ახმოვანებს მედია-კავშირ „ობიექტივის“ ეთერით, სადაც მას შაბათობით საავტორო გადაცემა მიჰყავს. ამბობს, რომ მოკვლევის პარალელურად, გარკვეული პირები ღიად ემუქრებიან, მაგრამ უკანდახევას და დაწყებული საქმის შუა გზაზე მიტოვებას არ აპირებს. for.ge ჟურნალისტ ირაკლი შონიას შეხვდა და ესაუბრა.

ირაკლი შონია: საზოგადოების გარკვეული ნაწილი ბესარიონ გუგუშვილის ვერსიას იზიარებს, რომლის თანახმად ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა. საზოგადოების დიდ ნაწილს სჯერა, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს. ოფიციალური ვერსიით, პრეზიდენტმა „თავი მოიკლა“ 1993 წლის 31 დეკემბერს, ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში, ღურწკაიების ოჯახში, მაგრამ ჩემს მიერ მოკვლეული ფაქტებით დასტურდება, რომ ზვიად გამსახურდია ერთი, ან ორი დღით ადრე მოკლეს, სხვაგან და არა სოფელ ძველ ხიბულაში. აქცენტი მიზანმიმართულად კეთდება ხიბულაზე, მაშინ, როცა მანამდე, სოფელ ჯიხაშკარში გაცილებით საყურადღებო ამბები მოხდა. ჯიხაშკარში, ჯონსონ კვარაცხელიას ოჯახში პრეზიდენტი თავს გაცილებით უსაფრთხოდ გრძნობდა. მან კვარაცხელიებთან ყველაზე დიდი დრო დაჰყო.

თქვენს მიერ მოკვლეული ფაქტებით სად მოკლეს ზვიად გამსახურდია?

- ამაზე საუბარი სამეგრელოდან დაბრუნების შემდეგ უფრო უპრიანი იქნება. დავინტერესდი როგორ მოხვდა პრეზიდენტი კვარაცხელიებთან. აღმოჩნდა, რომ ჯონსონ კვარაცხელიას ქალიშვილი, დიანა უზენაეს საბჭოში მუშაობდა და მისი ოჯახი პრეზიდენტის ერთგულ მომხრედ ითვლებოდა. როცა პრეზიდენტი ჯიხაშკარში ჩასულა, დიანასთვის უკითხავს - „არიან ამ სოფელში ჩემი მომხრეებიო?“ რაზეც პასუხად მიუღია - „ორი ოჯახის გარდა ყველანი თქვენი მომხრეები არიანო“. ამის გაგონების შემდეგ ზვიად გამსახურდიას უთქვამს, „ბედნიერი ადამიანი ვარო“.

1993 წლის 28 დეკემბერს, ჯიხაშკარში ყოფნისას პრეზიდენტთან მივიდნენ ძმები ჩუხუები (კავკასიოლოგი მერაბ ჩუხუა, რომ იყო, იმის მამა და ბიძა). მათ განუცხადეს, „აქ გაჩერება საშიშია, მდევარი კარზეა მომდგარი, ჯონსონ კვარაცხელიას სახლი გაყიდულია, უფრო უსაფრთხო ადგილას უნდა გადაგიყვანოთო“. მასპინძლების განმარტებით, ზვიად გამსახურდიას წასვლა რატომღაც არ უნდოდა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, მაინც უკითხავს, „სად უნდა გადავიდეთო?“. ჩუხუებს ხიბულა არ დაუსახელებიათ, მაგრამ უთქვამთ, რომ „ეს არის ძალიან კარგი, უსაფრთხო და მიმალული ადგილი, სადაც ეზოშიც თავისუფლად შეგეძლებათ გამოსვლაო“.

რეალურად კი სოფელ ხიბულაში ის სახლი, სადაც ზვიად გამსახურდია 28 დეკემბერს გადაიყვანეს, არის სოფლის ცენტრში. სახლის წინ ტრასა გადის და ეზოში თავისუფლად გადაადგილება კი არა, ადამიანის აივანზე გამოსვლაც არ დარჩება შეუმჩნეველი. საინტერესოა, თავიდანვე იცოდნენ ჩუხუებმა ეს ყველაფერი და პრეზიდენტს ატყუბდნენ?! აგრეთვე საინტერესოა დაცვის უფროსმა, რობიზონ მარგველანმა თავად რატომ არ შეამოწმა ეს ადგილი, ეგება-და, სად მიჰყავდათ პრეზიდენტი?!

ტელეიმედით ღურწკაიების ინტერვიუ გავიდა, რომელშიც ცოლ-ქმარი ჰყვება, რომ სახლში მარტო იყვნენ, როცა მათთან მძიმედ დაავადებული ზვიად გამსახურდია მიიყვანეს, რომელიც თურმე კვნესოდა. რეალურად, სამეგრელოში არც ერთი ის ოჯახი არ ადასტურებს პრეზიდენტის მძიმედ ავადმყოფობას, რომელსაც იმ პერიოდში მასთან შეხება ჰქონდა. არავინ ამბობს, რომ პრეზიდენტი რაიმეს უჩიოდა. ლუდმილა ღურწკაია ცოცხალი აღარ არის. მთელი ამ ოცი წლის მანძილზე ცნობილი იყო, რომ პრეზიდენტს ცოლ-ქმარი დახვდა. რეალურად კი, იქ იყო მათი ვაჟიც, ნუკრი ღურწკაიაც.

ახლა ყველაზე მთავარს მოგახსენებთ - ოფიციალური ვერსიით აქამდე ცნობილი იყო, რომ გასროლა უკუნ სიბნელეში, 1993 წლის 31 დეკემბერს მოხდა და გაიგეს თუ არა გასროლის ხმა, ხანდაზმულმა ცოლ-ქმარმა სირბილით აირბინეს შიდა კიბე, რაც რეალურიად არის ტყუილი. თქვენ რომ ნახოთ პირველიდან მეორე სართულზე ასასვლელი შიდა კიბე, დარწმუნდებით, რომ ზევით ასვლა მარტივი არ არის, მით უმეტეს არბენა და თან ხანდაზმული ადამიანებისთვის. კიდევ ერთი დეტალი - აქამდე თუ ცოლ-ქმრის არბენის ამბავი იყო ცნობილი, ახლა აღმოჩნდა, რომ გასროლის შემდეგ შიდა კიბე მათმა ვაჟმა, ნუკრი  ღურწკაიამ აირბინა.

აქამდე რობიზონ მარგველანი ირწმუნებოდა, რომ გასროლოს შემდეგ დაცვის თანამშრომელ ბაჩუკი გვანცელაძესთან ერთად კედელზე თავს ურტყამდა. რეალურად კი გასროლის შემდეგ, როცა კიბე  ნუკრი ღურწკაიამ აირბინა, მარგველანი კარში ჩადგა და  ნუკრი ღურწკაიას ოთახში შესვლაში ხელს უშლიდა, მაგრამ  ნუკრი ღურწკაია ოთახში მაინც შევიდა და მას ასეთი სურათი დახვდა - ზვიად გამსახურდიას, თითქოს, ეძინა და მცირე ზომის ნატყვიარი ეტყობოდა.

ახლა თქვენ წარმოიდგინეთ როგორი სურათი შეიძლებოდა დახვედროდა ადამიანს, იქ, სადაც 3-5 წუთის წინ თვითმკვლელობა მოხდა და თან „სტეჩკინით“ - თავი გაგლეჯილი და გარშემო ყველაფერი სისხლით მოთხვრილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ  ნუკრი ღურწკაიას მსგავსი არაფერი უნახავს.

სხვათა შორის, მარგველანმა გვანცელაძის გარდა დაცვის სხვა წევრები ჯიხაშკარში დატოვა და ხიბულაში იმის მომიზეზებით არ გადაიყვანა, რომ სივიწროვეა და ვერ დავეტევითო. რეალურად კი კვარაცხელიების სახლი უზარმაზარია.

თქვენ პირად საუბარში მითხარით ზვიად გამსახურდიას ცხედარი მკვლელობიდან ძალიან მალე თბილისში ჩამოასვენესო.

- დიახ, ასე იყო. თუ ჯიხაშკარში ჯონსონ კვარაცხელიას სახლი „გაყიდული“ იყო, 1 იანვარს პრეზიდენტის ცხედარი რატომ მიასვენეს იქ?! დაცვის წევრები და ბესარიონ გუგუშვილი ირწმუნებიან, რომ კვარაცხელიების ეზოში დავკრძალეთ და გავიფანტეთო. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში ოჯახის უფროსი დაიბარა ერთ-ერთი სამხედრო შენაერთის ხელმძღვანელმა, გუჯუჯი ებრალიძემ და შეახვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს გია მხეიძეს. ამ უკანასკნელმა ჯონსონ კვარაცხელიას განუცხადა, „ვიცით რომ თქვენს ეზოში პრეზიდენტია დაკრძალული და ეგებ სხვა ადგილას გადაასვენოთო“. აქ ჩნდება კითხვა - რატომ ანერვიულებთ შევარდნაძის მომხრეებს პრეზიდენტის სხვაგან გადასვენება?

8 იანვარს ჯონსონ კვარაცხელია გააფრთხილეს - „სახლს გაეცალე, რადგან შესაძლებელია გადასვენების მომენტში თავდასხმა მოხდესო“. ოჯახის უფროსმა სახლი დატოვა და უკან მობრუნებულმა ცარიელი სამარე საკუთარი ხელით ამოავსო. ანუ პრეზიდენტის ცხედარი 1994 წლის 8 იანვარს გადაასვენეს და 15-ში იმავე სოფელში, ოღონდ ზარანდიების თავლაში დაკრძალეს.

სად ესვენა ცხედარი ამ ექვსი დღის განმავლობაში?

- აი, სწორედ ამ მონაკვეთში ჰყავდათ ზვიად გამსახურდია თბილისში ჩამოსვენებული. ცხედარი პირადად ედუარდ შევარდნაძემ ნახა, რომელიც ამ ამბავს მანამდე თურმე არ იჯერებდა. ახლა ირკვევა, რომ შევარდნაძესთან ერთად ჯაბა იოსელიანიც ყოფილა.

15 იანვარს, ზარანდიების სახლში, რომ მიასვენეს, პრეზიდენტის ცხედარი მაშინვე არ დაუკრძალავთ - მისაღებ ოთახში ცხედარი ოთხი დღე ესვენა და ამის შემდეგ გადაასვენეს ვალიკო ზარანდიას თავლაში და იქვე დაკრძალეს, რის გამოც 70 წელს გადაცილებული ვალიკო ზარანდია სასტიკად აწამეს.

საეჭვოდ არ გეჩვენებათ ის რომ, იმ ოჯახის წევრებს, სადაც პრეზიდენტი „თავს იკლავს“, ხმას არავინ სცემს, ხოლო იმ ოჯახის უფროსს, რომლის თავლაშიც ზვიად გამსახურდია დაკრძალეს და რომელიც არაფერ შუაში არ იყო, აწამებენ?!

როგორ და ვინ აწამა ვალიკო ზარანდია?

- ოფიციალური ცნობით ვალიკო ზარანდია ზუგდიდის იზოლატორში ვინმე კუკური ადამიამ სასიკვდილოდ სცემა და აწამა - „ზვიად გამსახურდია შენს თავლაში რატომ დააკრძალინეო“. წინა დღეს კი მას ავთანდილ მარგიანმა უსაფრთხოების გარანტია მისცა. მე მაქვს ვიდეოკადრები, რომელშიც იმჟამინდელი ვიცე-პრემიერი ავთანდილ მარგიანი ვალიკო ზარანდიას ეუბნება - „თქვენ ძალიან სასიკეთო საქმე გააკეთეთ, ხელს არავინ გახლებთ, ვფიცავარ კვირიკეს ხატს. აგერ არიან მოწმეები - ანზორ ბალუაშვილი, გურამ შარაძე, იანდარბიევი, ავთო იოსელიანიო...“ ამ საუბრიდან მეორე დღეს ვალიკო ზარანდია ზუგდიდის იზოლატორში მიიყვანეს და სასიკვდილოდ სცემეს, აწამეს. ერთი თვის შემდეგ ეს ადამიანი გარდაიცვალა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - როდესაც გროზნოში გადასვენების მიზნით ჯიხაშკარში სამარე გათხარეს და პრეზიდენტი ამოასვენეს, იქ დამსწრე პირებმა, ვითომ არ იცოდნენ სად იყვნენ, კითხულობდნენ რა სოფელია, სად ვართო. რეალურად ეს იყო სპექტაკლი. ერთ-ერთ გვარდიელს საყურადღებო ფრაზა წამოსცდა - „უი, ათი დღის წინ რა სხვანაირი იყო ცხედარი და როგორ შეცვლილაო“. ეს ითქვა მაშინ, როცა პრეზიდენტი იყო 38 დღის დაკრძალული და გვარდიელის ამ ფრაზას გურამ შარაძემ მიაქცია ყურადღება. ესეც ვიდეოკადრებშია დაფიქსირებული.

გეკითხებით რას ნიშნავს ათი დღის წინ ცხედარი სხვანაირი იყო?! რამდენჯერ ამოიღეს სამარიდან პრეზიდენტის ცხედარი? აი, ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი სამეგრელოდან დაბრუნების შემდეგ მექნება. ამ დეტალებისთვის, რომელზეც გიამბეთ, მთელი ამ წლების განმავლობაში ყურადღება არ მიუქცევიათ. ეს შიშის გამო მოხდა თუ მიზეზი სხვა რამ არის, ჯერ არ ვიცი.

თქვენი ინფორმაციით, რა სტადიაშია ზვიად გამსახურდიას დაღუპვის საქმის ძიება?

- ალბათ, გახსოვთ, რომ წინა ხელისუფლების დროს საპარლამენტო კომისია შეიქმნა, რომელსაც სათავეში კონსტანტინე გამსახურდია ედგა. მან მითხრა, რომ კომისიამ მუშაობა დაასრულა და 38 ტომი გადასცა პროკურატურას, მაგრამ საქმეს მსვლელობა დღემდე არ მისცემია. მანამდე სამთავრობო კომისია იყო შექმნილი, რომლის წევრიც გახლდათ მანანა არჩვაძე-გამსახურდია, მაგრამ მან მოგვიანებით კომისია დატოვა, ტენდენციურობა, რომ არ დაებრალებინათ. ამავე კომისიაში უზენაესი საბჭოდან რამდენიმე დეპუტატი შედიოდა, პროკურატურიდან - გენერალური პროკურორი ნუგზარ გაბრიჩიძე. ამ საქმეს შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილმა მოკიდა ხელი, ბოლოს ადეიშვილმა, მაგრამ რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ერთხელ თუ ორჯერ შეიკრიბნენ, ეს იყო და ეს, ამის იქით არ წასულან.

„ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში სამეგრელოდან არაერთხელ დარეკეს. მეუბნებიან - „ჩამოდით აქ, ჩვენ გიამბობთ რა მოხდა რეალურად, გაჩვენებთ არაერთ საინტერესო ადგილსო“. გარკვეულ ჟურნალისტებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავენ - „არაერთხელ ჩამოვიდნენ, ინტერვიუები ჩაწერეს, ძალიან საინტერესო ადგილები გადაიღეს, მაგრამ ტელეეთერში დღემდე არაფერს უშვებენო“.

არაერთი ადამიანი დამიკავშირდა, მათ შორის რამდენიმე პირი მუქარით მოვიდა. ესენი არიან ყოფილი სამხედრო პირები, 70 წელს გადაცილებული ადამიანები, რომლებიც ამ ბოლო ოცი წლის განმავლობაში წყვეტდნენ ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს. პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლო დღეებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაზე პირდაპირ განმიცხადეს - „ეს არის უშიშროებაში დაცული დოკუმენტები, რასაც თქვენ, ბავშვები ვერ მიწვდებით. ეს თემა დაივიწყე. ამის იქით თუ წახვალ, შეგაჩერებთ“.

1993-1994 წლებში ერთ-ერთ გავლენიან თანამდებობაზე მომუშავე პირმა პრეზიდენტის დაღუპვასთან დაკავშირებით ძალიან საგულისხმო ფაქტების შესახებ ინფორმაცია მომაწოდა და მიმითითა ადამიანებზე, ვისაც ღირებული ინფორმაცია აქვს.

როდის მიდიხართ სამეგრელოში?

- უახლოეს დღეებში. იქიდან გამომდინარე, რომ აქ, თბილისში ატყდა ერთი ამბავი, მემუქრებიან და „მირჩევენ“ პრეზიდენტის მკვლელობის გამოკვლევას თავი დავანებო, გამორიცხული არ არის სამეგრელოში მუქარა რაღაც ფორმით სისრულეში მოიყვანონ.

მიმართეთ სამართალდამცველებს, ამ მუქარის შემდეგ?

- არ მიმიმართავს და არც ვაპირებ, რადგან უნდობლობას ვუცხადებ. თუ სიმართლის დადგენა უნდოდათ, ამის გასაკეთებლად დიდი დრო ჰქონდათ, მაგრამ არ ინძრევიან და ამ ფონზე, ჩემს მიმართვას აზრი არ აქვს. პრეზიდენტის მკვლელობის საქმეს ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ბოლომდე გამოვიკვლევ.