ქვეყანაში ტურისტული სტატისტიკა ერთი შეხედვით გაუმჯობესებულია, თუმცა მხოლოდ შიდა ტურიზმის ხარჯზე. ომახიანად დაწყებული ზაფხული საკურორტო სეზონი ჯერ კიდევ შუა ზაფხულში შეფერხდა, ხოლო ბოლო კვირეებში საერთოდ ჩაკვდა. ამის მიზეზი, რასაკვირველია, პანდემია და შეზღუდვებია, თუმცა უარყოფითი როლი ითამაშა მომსახურების გაძვირებამ.
„საქსტატის“ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში შიდა ტურიზმის მოცულობა გაორმაგდა. 15 წლის და უფროსი ასაკის ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1 415 000 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 109%-ით მეტია.
ვიზიტებს შორის ტურისტული ვიზიტი (რომლის დროსაც ვიზიტორი 1 ღამით მაინც დარჩა ვიზიტის ადგილზე) 654 500 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 112%-ით მეტია. დანარჩენი ვიზიტები კი ექსკურსიულ ხასიათს ატარებდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 44.1 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 11.6 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.2 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.
2021 წლის მეორე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (47.0 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების-ნათესავების მონახულების მიზნით.
ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 316.2 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 253.9 ათასი ვიზიტი თვეში).
მიუხედავად თითქოსდა დამაიმედებელი მონაცემებისა, საკურორტო ზონებში ზაფხულის სეზონით უკმაყოფილონი არიან. გიდების ასოციაციის პრეზიდენტის ლაშა ბერეკაშვილის თქმით, ტურისტულ სექტორში ზაფხულის დასაწყისში არსებობდა მოლოდინი, რომ სეზონი სწრაფი აღდგენის პერიოდი იქნებოდა, თუმცა არაერთი შემაფერხებელი მიზეზის გამო, ეს მოლოდინი არ გამართლდა.
„ჯავშნების ნაწილი სწორედ 5 ივლისის მოვლენების გამო გაუქმდა, ტურისტები პირდაპირ უთითებდნენ მიზეზს, რატომაც აუქმებდნენ ჯავშნებს. საუბარია ისეთ ჯავშნებზე, რომლებიც ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით იყო დაგეგმილი. ამ პროცესის შესაჩერებლად არანაირი ეფექტიანი ღონისძიება არ გატარებულა. ასე იმუშავა სეზონმა ნაწილობრივი დატვირთვით. ის სწრაფი აღდგენის მაჩვენებელი დაბლა ჩამოვიდა და რაღაც „პლატოზე“ გავჩერდით“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.
გიდების ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, კიდევ ერთი პრობლემა, რის წინაშეც ზაფხულში ტურისტული სექტორი დადგა, საქართველოსთვის წითელი ქვეყნის სტატუსის მინიჭება იყო.
„მას შემდეგ, რაც საქართველოს წითელი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, ტურისტულმა სექტორმა ძალიან დიდი დარტყმა მიიღო. ბუნებრივია, ბევრი ადამიანი იკავებს ჩვენთან ჩამოსვლისგან თავს იმის გამო, რომ ქვეყანაში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. ასევე, შემაფერხებელია ის შეზღუდვები, რომელიც დღემდე არსებობდა, მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება“, - განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა.
ტურისტული კომპანია „ინვენიო თრეველის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ნატალია კლიმიაშვილმა კი სხვა ხელისშემწლელ ფატორებზეც გაამახვილა ყურადღება. მის აზრით, მომსახურება არის კატასტროფულად ძვირი, ხოლო ხარისხი კიდევ უფრო გაუარესდა.
„ჯერჯერობით მაინც ზღვაზე დამსვენებლები აქტიურობენ, კულტურული ტურები იშვიათად ეწყობა. ისედაც არ არის ბევრი ტურისტი და ვინც შემოდის, მათაც დაბალ სერვისს სთავაზობენ, ამ დროს კი ფასები კატასტროფულად გაზრდილია. მომსახურების დონე ევროპულს ბევრად ჩამორჩება, ფასებით კი ევროპულს ვუტოლდებით.
ჯერჯერობით მხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვა ძალიან გაუჭირდებათ. ვისაც ფული აქვს, სხვა ქვეყანაში მიდის, რადგან ძალიან მაღალი დონის მომსახურებას ითხოვს, რომელსაც საქართველოში ვერ მიიღებს“, - აღნიშნა კლიმიაშვილმა.