უმრავლესობა პარლამენტის აპარატის თბილისში დასაბრუნებლად გამოსავალს ეძებს

უმრავლესობა პარლამენტის აპარატის თბილისში დასაბრუნებლად გამოსავალს ეძებს

მმართველი გუნდი პარლამენტის აპარატის დედაქალაქში დაბრუნების თაობაზე მსჯელობს. For.ge-ს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისგან, ვიცე-სპიკერ, ზვიად ძიძიგურს, მაისის ბოლომდე, თბილისში შენობის დაქირავება აქვს დავალებული, სადაც აპარატი რუსთაველის გამზირზე არსებული ისტორიული შენობის გარემონტებამდე ინდა განთავსდეს.

აღსანიშნავია, რომ თბილისში, საკანონმდებლო ორგანოს აპარატის განთავსების ერთ-ერთ ალტერნატიულ ადგილად ეროვნული ბანკის შენობა სახელდება.

პარლამენტის აპარატის გარშემო არსებული ვითარების გარკვევის მიზნით, for.ge ზვიად ძიძიგურს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.

დეპუტატის თქმით, აპარატის თბილისში დაბრუნების შესახებ, მოსაზრებები გამოითქვა, მაგრამ ეს იდეა ვერ განხორციელდება, რადგან პრობლემას თბილისის პარლამენტის შენობის რეაბილიტაციის გარდა, საკანონმდებლო ბაზაც წარმოადგენს.

კერძოდ, საკითხზე საუბრისას, კანონმდებელი იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია და რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციიდან პარლამენტის ადგილსამყოფელი ამოდის.

„საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების გარეშე, ასეთი ნაბიჯების გადადმა გამორიცხულია. პოლიტიკური შეხვედრის დროს, ასეთი მოსაზრებები იყო გამოთქმული, მაგრამ ამას საკონსტიტუციო ცვლილებების უზრუნველყოფა სჭირდება. აპარატის გადატანა არ არის რეალური“, - აცხადებს დეპუტატი.

ვიცე-სპიკერი თბილისის პარლამენტის შენობის სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით გამოცხადებულ ტენდერებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ დროისთვის, კომპანია „ორნამენტი“ შეირჩა, რომელიც სავარაუდოდ, მშენებლობას დაიწყებს.

აპარატის თბილისში დაბრუნება წარმოუდგენლად მიაჩნია, ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს.

როგორც for.ge-ს კობახიძემ განუცხადა, თბილისში ცალკე აპარატი ვერ გადავა, რადგან დედაქალაქში პარლამენტი და აპარატი ერთად უნდა დაბრუნდეს.

„აპარატის გარეშე ვერ ვიარსებებთ. სასესიო პერიოდში, პარლამენტის თბილისში დაბრუნება ძალიან ძნელი იქნება, რადგან აპარატი სრული დატვირთვით მუშაობს. ალბათ, სანამ საზაფხულო არდადეგებზე არ გავალთ, პარლამენტის დაბრუნება ტექნიკურადაც შეუძლებელი იქნება. ჩვენი დროის დიდი ნაწილი გზაში არ უნდა იხარჯებოდეს. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში პარლამენტი და მთავრობა ცალ-ცალკე არ ფუნქციონირებენ. ჩვენი ამოცანაა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მალე მივიღოთ და არ გამოვრიცხავ, რომ მას მხარი ოპოზიციამაც დაუჭიროს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ახირებაა - ქუთაისს ხელი არ ახლონ, უმცირესობა ხვდება, რომ პარლამენტი თბილისში უნდა იყოს. თუ ზაფხულში ინტენსიურად ვიმუშავეთ და პარალელურად, შენობის მშენებლობა დაიწყება, შესაძლოა, სესიები თბილისში საშემოდგომო სესიიდან ჩატარდეს“, - დასძინა კობახიძემ.

თბილისში პარლამენტის აპარატის დაბრუნების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, აპარატის ხელმძღვანელი ზურაბ მარაქველიძე.

„ამ ინფორმაციის შესახებ არაფერი მსმენია. შესაბამისად, არ მიფიქრია იმაზე - თუ რამდენად მოსწრებადია მაისამდე აპარატის თბილისში დაბრუნება“, - განუცხადა for.ge-ს მარაქველიძემ.

საკანონმდებლო ორგანოს აპარატის დედაქალაქში დაბრუნებას უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე აბსურდს უწოდებს და ამბობს, რომ ეს შეუძლებელია.

„ჯერ, ის უნდა გაარკვიონ - საკონსტიტუციო ცვლილებებს იღებენ თუ არა. შემდეგ კი, აპარატის თბილისში დაბრუნებაზე იფიქრონ. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. რაც შეეხება იმას, ივანიშვილმა თუ რა უთხრა ძიძიგურს, ეს ცალკე საკითხია და მას არავითარი კავშირი აქვს იმასთან - თუ სად იმუშავებს და სად არა, პარლამენტი. ეს არც ივანიშვილის გადასაწყვეტია და მითუმეტეს არც ძიძიგურის. ფაქტია, რომ პარლამენტს მართავს ივანიშვილი და არა ხალხის მიერ არჩეული კანონმდებლები“, - განუცხადა for.ge-ს ბობოხიძემ.

ამ დრომდე, გაურკვეველი რჩება, აპარატი თბილისში მაისში დაბრუნდება თუ საშემოდგომო სესიაზე, მაგრამ for.ge-ს ინფორმაციით, თბილისში, პარლამენტის შენობაში, ბიუროს დარბაზისთვის განკუთვნილ კაბინეტში, რამდენიმე მეტრიანი მაგიდა უკვე განთავსდა და ასევე, შენობაში დაწყებულია პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი სამუშაო კაბინეტის მოწყობაც.

რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე არსებული პარლამენტის შენობის რემონტს, ისტორიული შენობის რეაბილიტაცია 1-ელ მარტს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ამ დრომდე, საკანონმდებლო ორგანოში სარემონტო სამუშაოები არ დაწყებულა. ამის ოფიციალურ მიზეზად ის დასახელდა, რომ სამშენებლო კომპანიები სატენდერო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, მაგრამ for.ge-ს ინფორმაციით, რიგი კომპანიების უკან „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენიანი ლიდერები დგანან, რომელთა მხრიდან საბოტაჟის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, პარლამენტის ილია ჭავჭავაძისა და რესპუბლიკის დარბაზების, ასევე პლენარული სხდომის დარბაზის დემონტაჟი მოხდა. უწყებიდან გატანილი იქნა ინვენტარი და ავეჯი. ახალი ხელისუფლების პირობებში კი, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობა დაუბრუნდა და ისტორიული ნაგებობა უკვე პარლამენტის ბალანსზე ირიცხება.

წინა მთავრობის გადაწყვეტილებით, თავდაპირველად შენობა ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარა, რომელმაც მოგვიანებით, შენობა აქტებით „საპარტნიორო ფონდს“ გადასცა.