აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მას სხვა არჩევანს არ უტოვებს, გარდა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა. ამის შესახებ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, თუ რა გეგმები აქვს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპმა უპასუხა:
ვფიქრობ, არჩევანი არ გვექნება. იმ წერტილამდე მივდივართ, როდესაც არჩევანი რეალურად არ გვექნება.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ავღანეთიდან ჯარების გაყვანის პროცესის მართვის გამო.
„როდესაც უყურებ, თუ რა მოხდა ავღანეთში, ეს ყველაზე დიდი სირცხვილია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ბაიდენი არაკომპეტენტური ლიდერია, ხოლო მისი ადმინისტრაცია ჩვენი საზოგადოების დაყოფას უწყობს ხელს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.