საქართველოს ექს-პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც აღნიშნული პოსტი 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა, საკუთარი პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ დააარსა და თბილისის მერობისთვის ბრძოლაში ჩაერთო.
იმის მიუხედავად, რომ გახარიამ პოსტი თებერვალში დატოვა, მან დეკლარაცია მიმდინარე წლის აპრილში შეავსო.
კახა კალაძისგან განსხვავებით, გიორგი გახარიას დეკლარაცია 21 გვერდს არ მოიცავს, თუმცა, არც მისი ქონებაა „ღარიბული“.
ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, გიორგი გახარიას შემოსავალი, 2020 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტზე 41 004 ლარი იყო. ამავე წელს, გახარიამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხურში 2290კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, რომლის ღირებულებაც 85 000 ლარია, რომელიც ექს-პრემიერმა სამ ნაწილად უნდა გადაიხადოს. 2020 წელს მან ამ მიწის ნაკვეთის მხოლოდ ნაწილი, 25 ათასი ლარი გადაიხადა.
ამავე წელს, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის მეუღლემ, მარიკა ფანცულაიამ, საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში 83კვ.მ ბინა 472 400 ევროდ შეიძინა. დეკლარაციის მიხედვით, გახარიას მეუღლემ აღნიშნული ბინა დანაზოგით იყიდა. გარდა ამისა, მარიკა ფანცულაია 2016 წლიდან ფლობს Toyota RAV 4-ის ფირმის ავტომანქანას, რომელშიც 22 000 დოლარია გადახდილი.
აღნიშნულ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და თავად გახარია საფრანგეთში ბინის შეძენას, ტელეკომპანია „პირველში“ სტუმრობისას ასე განმარტავს:
„ჩემი დეკლარაცია 5-6 წელია ივსება. ეს ფული, რომლითაც ჩემმა მეუღლემ ბინა შეიძინა, დეკლარციაში წლებია ფიგურირებს. არ არის საიდანღაც გამოჩენილი ფული. ეს არის ფული, რომელიც ჩემს მეუღლეს ედო დეპოზიტზე. შემიძლია ავხსნა კიდეც საიდან - მე დიდი ხანი ქვეყნის გარეთ ვცხოვრობდი, თუკი, რაიმე უძრავი ქონება ქვეყნის გარეთ გამაჩნდა, ეს ყველაფერი იყო გასხვისებული და ეს ფული დეპოზიტზე იყო შენახული. რა თქმა უნდა, ჩემი შვილის მომავლისთვის. ჩემი შვილი საფრანგეთში სწავლობს. ეს იყო ზუსტად ის, რაც გავაკეთე. ეს არ არის ფული, რომელიც გაჩნდა, გუშინ, ერთი ან ორი წლის წინ. ეს არის ფული, რომელიც დეკლარაციაში წლებია ჩანს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ფლობს თუ არა ბიზნესებს უცხოეთში ან საქართველოში, აღნიშნული ინფორმაციის გრაფა, ექს-პრემიერის დეკლარაციაში ცარიელია, მაგრამ ცნობილია, გახარია მოსკოვში ცხოვრებისას რა საქმიანობას ეწეოდა.
საქართველოში მაღალი რანგის თანამდებობებზე დანიშვნამდე, 2008-2013 წლებში გახარია იყო Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში. 2006-2009 წლებში ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორის რანგში თანამშრომლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსტიტეტთან.
საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, გახარიას ყველა საბანკო ანგარიშზე, ჯამურად, 14 419 ლარი ირიცხებოდა. რაც შეეხება ყოფილი პრემიერის ცოლის სახელფასო ანაზღაურებას, ირკვევა, რომ მარიკა ფანცულაიამ 2020 წელს „ავერსის“ კლინიკაში ექიმი-ბაქტერიოლოგის პოზიციაზე მუშაობის სანაცვლოდ 11 084 ლარის ანაზღაურება მიიღო.
გიორგი გახარიას დეკლარაცია ხარჯების ნაწილსაც მოიცავს. დოკუმენტის თანახმად, 2020 მარიკა ფანცულაიამ უძრავი ქონების ქირავნობის სანაცვლოდ 39 000 ლარი დახარჯა. ასევე, დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს, გახარიამ და მისმა ცოლმა შვილის სწავლის საფასური — 3 660 ევრო გადაიხადეს.
შემატა თუ არა გიორგი გახარიამ საკუთარ ქონებას რამე, ამას იმ შემთხვევაში შევიტყობთ, თუკი ის თბილისის მერი გახდება და ახალ დეკლარაციას შეავსებს.
შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ პოლიტიკური საქმიანობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაიწყო.
2013 წლის მარტიდან, გახდა საქართველოს ბიზნესომბუდსმენი და თანამდებობას იკავებდა 2016 წლის ივლისამდე. 2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე იყო ეკონომიკური საბჭოს მდივანი. 2016 წლის 18 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. 2016 წლის 27 ნოემბრიდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად. იკავებდა ასევე ვიცე-პრემიერის პოსტს. 2019 წლის 30 აპრილიდან 2019 წლის სექტემბრამდე იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი. 2017 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობაში მოხდა მთავრობის წევრების შეცვლა. ცვლილება შეეხო შინაგან საქმეთა სამინისტორსაც და გიორგი მღებრიშვილის ადგილას, 2017 წლის 13 ნოემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა გიორგი გახარია.
2019 წლის 3 სექტემბერს წარადგინეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. საქართველოს პარლამენტმა 8 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე, ახალი პრემიერ-მინისტრის მთავრობას, 98 ხმით ნდობა გამოუცხადა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყო. არჩევნების შედეგებით, გახდა საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 24 დეკემბერს პარლამენტმა გახარიას მთავრობას ნდობა გამოუცხადა.
2021 წლის 18 თებერვალს, გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ამის მიზეზად ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა. მისი განმარტებით, გაუმართლებლად მიაჩნდა ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობდა პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.