ანალიტიკოსები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირების განახლებას არ გამორიცხავენ. ომის დამთავრების შემდეგ ისეთი დაძაბული ვითარება, როგორიც ახლაა, ჯერ არ ყოფილა. ექსპერტები კითხვასაც კი სვამენ, ვინ შეიძლება პირველმა გაისროლოს – ერევანმა, თუ ბაქომ.
ამ ფონზე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მოწოდებით გამოდიან. ამის შესახებ თანათავმჯდომარეების განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ეუთო-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა.
განცხადებას ხელს რუსეთის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი ლავროვი და ბერნარ კუშნერი და, ასევე – აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი აწერენ ხელს. მათ მოლაპარაკებები უკვე გამართეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ელმარ მამედიაროვთან და ედვარდ ნალბანდიანთან.
თანათავმჯდომარე ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელები მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით მხარეებს შეახსენებენ, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზებით, იმ პრინციპებზე დაყრდნობით უნდა მოგვარდეს, რომლებიც ჰელსინკის აქტშია დაფიქსირებული.
„კერძოდ, ეს პრინციპებია ძალის გამოყენებისა და მუქარისგან თავის შეკავება, სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობა და ხალხების თავითგამორკვევისა და თანასწორი უფლებები აღიარება“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა არცთუ დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ სომხეთთან შეთანხმების მიღწევა თუ ვერ მოხერხხდა, შესაძლოა მთიან ყარაბაღში ომი განახლდეს. „თუ შეხვედრები უშედეგო იქნება, ჩვენი იმედები მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით ამოიწურება და ამ შემთხვევაში სხვა გზა აღარ დაგვრჩება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, აზერბაიჯანის მიწა ომის გზით დავიბრუნოთ“, – აცხადებს ალიევი.
მისივე თქმით, აზერბაიჯანმა ბოლო წლებში მილიარდები დახარჯა შეიარაღების მოდერნიზაციისთვის. „ჩვენ ამას იმისთვის ვაკეთებდით, რომ არ გამოვრიცხავთ შეიარაღებული კონფლიქტის ვარიანტს. სრული უფლება გვაქვს, ჩვენი მიწა ომის გზით დავიბრუნოთ. საერთაშორისო სამართალი ამის უფლებას გვაძლევს“, – აღნიშნა ალიევმა.
„ეს უსამართლობა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა დიდხანს ვერ გაგრძელდება. ჩვენ ახლა მშვიდობიან პოზიციაზე ვდგავართ და ამ მოლაპარაკებებშიც ამიტომ ვმონაწილეობთ. ჩვენ 15 წელზე მეტია, დათმობაზე მივდივართ“, – აცხადებს ალიევი.
საგულისხმოა, რომ პრეზიდენტ ალიევის ეს კომენტარები რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელეს.
და მაინც, ექსპერტები სვამენ კითხვას, ვინ გაისვრის პირველი – სომხეთი თუ აზერბაიჯანი? მას შემდეგ, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის ომი 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა, ვითარება შედარებით დამშვიდდა. 16 წლის განმავლობაში ხშირად იძაბებოდა სიტუაცია და ზოგიერთ შემთხევავაში ომის წინაპირობაც იქმნებოდა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი თავის კალაპოტს უბრუნდებოდა.
ამ დროის განმავლობაში აზერბაიჯან-სომხეთის პირობით საზღვარზე დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკებები ბუნებრივ მოვლენად იქცა. თუმცა ომის დამთავრების შემდეგ ისეთი დაძაბული ვითარება, როგორიც ახლაა, არ ყოფილა. სომხური და აზერბაიჯანული მედიები ბოლო თვეების განმავლობაში კონფლიქტის ესკალაციის რეალურ საფრთხეზე საუბრობენ. ომის დაწყების საშიშროება განსაკუთრებით შესამჩნევი იყო გასული თვის 18 რიცხვში, როცა პირობით საზღვარზე შეტაკებას 4 სომეხი და 1 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ბოლო წლების განმავლობაში ეს იყო ყველაზე ტრაგიკული შემთხვევა.
საინტერესოა, რომ ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „წარმატებულად“ ჩათვალა შარშანდელი წელი, როცა მხოლოდ 20 ჯარისკაცი დაიღუპა, წელს კი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ წლის ნახევარია გასული, შეტაკებებს უკვე 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარდა ამისა, კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის სხვა მიზეზებიც არსებობს. საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკოსები თითქმის ორი წელია ამტკიცებენ, რომ აზერბაიჯანის სამხედრო მანქანა მიუახლოვდა თავისი ძლიერების პიკს, როგორც შეიარაღების, ასევე პროფესიონალიზმის დონით, რამაც შესაძლოა ბაქოს ომის დაწყების ცდუნება გაუღვივოს.
საინტერესოა, რომ 29 ივნისს, მსგავსი ტიპის განცხადება გააკეთა პრეზიდნეტმა ილჰამ ალიევმაც: „აზერბაიჯანის არმია ყოველდღიურად ძლიერდება. ეს საკითხი ჩვენთვის პრიორიტეტულია. მრავალი წელია, აგრესიის მსხვერპლნი ვართ, ჩვენი მიწები ოკუპირებულია. უნდა შევძლოთ, რომ სამშობლო აგრესორებისგან გავათავისუფლოთ. მოქნილ დიპლომატიასთან ერთად, აუცილებლად გვჭირდება ძლიერი სამხედრო ძალა. დღეს, აზერბაიჯანის არმიის დონე ძალიან მაღალია. ბაქოს კონფლიქტის მოგვარება მშვიდობიანი გზით სურს, თუმცა, თუ ეს არ მოხერხდა, არმია მზად იქნება სამშობლოს გასათავისუფლებლად. ჩვენ სხვა ქვეყნის მიწა არ გვსურს. მათ ჩვენი მიწა აქვთ ოკუპირებული, ხოლო აზერბაიჯანელები ეთნოწმენდის მსხვერპლნი არიან. მთიანი-ყარაბაღიდან გამოყარეს ათასობით აზერბაიჯანელი მოქალაქე. რამდენი ხანი შეიძლება ამის გაძლება?“
რუსული „ინტერფაქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მსგავსი ტიპის განცხადება გააკეთა თავდაცვის მინისტრმა საფარ აბიევმაც: „ამ დროისთვის აზერბაიჯანის არმიას შეუძლია უმოკლეს დროში წარმატებით შეასრულოს ყველა სამხედრო დავალება. ბაქო არ ოცნებობს ომზე, მაგრამ ეს შესაძლებლობა ყოველთვის იარსებებს“.
გარდა ამისა, ასევე გასათვალისწინებელია რამდენიმე სხვა ფაქტორიც. მაისის თვეში სომხეთმა რუსეთისგან დიდძალი სამხედრო იარაღი მიიღო, ხოლო ივნისში S–300-ის ტიპის რაკეტები. შესაძლოა, ეს ფაქტი ბაქოსთვის ომის დაწყების საბოლოო ნიშანი გახდეს, რადგან რეალპოლიტიკა ცხადყოფს, რომ თუ ქვეყანა აქტიურად იარაღდება, ე.ი. იგი „რაღაცას“ აპირებს.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ აზერბაიჯანმა შესაძლოა რუსეთისგან მიიღოს გარკვეული დაპირებები იმის შესახებ, რომ იგი კონფლიქტში არ ჩაერევა და სომხეთს სამხედრო დახმარებას არ გაუწევს. არსებობს მოსაზრება, რომ ბაქო, სწორედ, ამას ელოდება, რადგან კრემლის ნეიტრალური პოზიციის შემთხვევაში აზერბაიჯანის სამხედრო უპირატესობა აშკარა გახდება (თუმცა, რა მიიღო საქართველომ გენერალ კულახმეტოვის დაპირებისგან ნეიტრალურობის შესახებ, ესეც გასათვალისწინებელია). შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანი და რუსეთი ერთმანეთთან საკუთარი რესურსებით ვაჭრობენ - ერთი მხრივ – მოსკოვი თავისი გავლენით სომხეთზე, ხოლო, მეორე მხრივ – აზერბაიჯანი საკუთარი ენერგორესურსებით.
იმის ნიშანი, რომ მოსკოვმა შესაძლოა ბაქოს მხარი დაუჭიროს, იყო შარშან ოქტომბერშიც, როცა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობის დაახლოების ფონზე, რომელიც კრემლს არ აწყობდა, ექპერტთა ნაწილი ფიქროდა, რომ რუსეთი აზერბაიჯანის წაქეზებას ცდილობდა, რათა სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია დაეწყო, თუმცა ერევანისა და ანკარის არშემდგარ დაახლოებასთან ერთად ეს გეგმაც „ჩავარდა“.
ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლო ხანებში სომხური პრესა წერს, რომ აზერბაიჯანმა რუსეთისგან მიიღო ისეთივე დაპირებები, როგორიც 2008 წელს – საქართველომ, რომ რუსეთი ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ 2008 წლის აგვისტოში, კულუარული ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ასეთი დაპირებები მიიღო გენერალ კულახმეტოვისგან და არა კრემლისგან. კულახმეტოვის დაპირებების ძალა კი, თავისთავად, ნულის ტოლია, რადგან სამშვიდობო ძალების მეთაური კრემლის პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს. აქედან გამომდინარე, ბაქო მსგავსი დაპირებების მიღებას უფრო მაღალი დონიდან – კრემლიდან ცდილობს, რასაც შესაძლოა მიაღწიოს.
„გერმანიის საგარეო პოლიტიკური საზოგადოების“, რუსეთისა და დსთ-ის ქვეყნების კვლევის პროგრამის დირექტორი, ალექსანდრე რარი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ესკალაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს: „საერთაშორისო საზოგადოებას დღეს იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს, ვიდრე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტია. ევროპა დაინტერესებულია, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემა ოდესმე მაინც გადაწყდეს, მაგრამ მოცემულ მომენტში ამ მიმართულებით სერიოზულ ნაბიჯებს არ დგამს. მიმაჩნია, რომ მილიტარისტული განცხადებები საერთაშორისო საზოგადოების რეაქციის შემოწმებაა. იმ შემთხევვაში, თუკი ვინმე აზერბაიჯანში რაღაც მსგავსს გეგემავს, კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამისგან სარგებელს ვერ მიიღებს. მაგალითისთვის კმარა საქართველო, რომელიც 2008 წელს ომის დაწყების გამო იზოლაციაში იმყოფება“.
news.az-თვის მიცემულ ინტერვიუში მოსკოვის უნივერსიტეტის პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ალექსეი ვლასოვიც არ გამორიცხავს კონფლიქტის ესკალაციის შესაძლებლობას: „ვფიქრობ, სიტუაცია ექსტრემალურად არახელსაყრელია, მაგრამ ჯერჯერობით კრიტიკული ზღვარისთვის არ მიუღწევია. არც ერთ მხარეს მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. ახლანდელი მსოფლიოს რეალობის გათვალისწინებით, ნებისმიერი კონფლიქტი ცოტა ხნით გაგრძელდება და დამთავრდება რამდენიმე დიპლომატიური ნაბიჯით, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ არც აზერბაიჯანს და არც სომხეთს არ აქვს „ბლიცკრიგის“ პოტენციალი“.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რეგიონში ჩართულ მძლავრ აქტორებს ლოკალური ომი შესაძლოა აწყობდეთ კიდეც, რადგან დღევადენლი არეული სიტუაციის დალაგების ერთადერთ რეალურ მექანიზმად მიაჩნიათ. თუმცა, ინტერესთა თანხვედრა არც ამ საკითხზე არსებობს – ზოგიერთ აქტორს თუ სურს, რომ აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის ტრანზიტი ევროპაში შეწყდეს, სავარაუდოდ, ზოგიერთის ინტერესებში სომხეთში რუსეთის გავლენის შესუსტება შედის. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 1990-იანი წლებისგან განსხვავებით დღეს არც ერთი მხარე ომს სპონტანურად, რეალური საფუძვლისა და მიზნის გარეშე, არ დაიწყებს.
ნათელია, რომ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის ესკალაცია ძალიან მნიშვნელოვან ეტაპამდეა მისული. მიუხედავად ამისა, ომის პროგნოზი რთულია, თუმცა მისი შესაძლო შედეგების შეფასებისას ხაზგასმით შეიძლება აღინიშნოს, რომ რეგიონში კატასტროფულ შედეგებს გამოწვევს, რადგან შეწყდება ყველა რეგიონული პროექტი, რომელებზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რეგიონის თითოეული ქვეყანა. ომი ცუდ შედეგებს გამოიწვევს საქართველოსთვისაც, რადგან ნეიტრალტეტის დაცვა რთული იქნება, ქვეყნის შიგნით ეთნიკური დაპირისპირების საფრთხე გაიზრდება და, რაც მთავარია, ეკონომიკა დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება.