ოპერაცია, კოდური სახელწოდებით - „ბრწყინვალე რეფორმატორის დასაბრუნებლად“

ოპერაცია, კოდური სახელწოდებით - „ბრწყინვალე რეფორმატორის დასაბრუნებლად“

თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად საზოგადოებრივ საწყისებზე ორგანიზაციას აფუძნებს. მისი თქმით, „საერთო სახალხო მოძრაობამ“ მშვიდობიანად უნდა დააბრუნოს ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფო განავითარა ინვესტიციებით, დანგრეული, ჩაბნელებული საქართველოდან შექმნა სახელმწიფო და დააყენა ფეხზე“.

თაკო ჩარკვიანმა ისრაელის მაგალითი მოიშველია. როცა ისრაელის სახელმწიფო იქმნებოდა, ებრაელები თავიანთ ხალხს მთელი მსოფლიოდან თავის ქვეყანაში ეძახდნენ ქვეყნის შესაქმნელად. საქართველოს კი, ამხელა კულტურის ქვეყანას, 30 წელიწადია არ აქვს რეფორმირებული სამართლებრივი სისტემა. ჩარკვიანის თქმით, მოდის კოალიციური მთავრობა, რომელიც მშვიდობიანად აბრუნებს სააკაშვილს საქართველოში და უბრუნებს არასწორად ჩამორთმეულ მოქალაქეობას.

„კანონი და სახელმწიფოს“ ლიდერის მონდომებამ გაახალისა „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია. მან საკუთარი რეკომენდაცია შესთავაზა თაკო ჩარკვიანს, ჯერ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ დაელაპარაკოს, რადგან სააკაშვილის მარშრუტი მათზეა დამოკიდებული.

„ამ მარშრუტის საკნამდე მისვლა რომ ნდომოდა, რამენაირად მივიდოდა, მაგრამ მგონია, რომ ეს ადამიანების ემოციებამდე მიდის, მაქსიმუმ საზღვრამდე მოიყვანონ მიშა, რათა ხალხი დაძაბონ, გამოვიდნენ და მიშას წინააღმდეგ ხმა მისცენ. პარტიის შიდა ინფრასტრუქტურას არ ვიცნობ, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებობენ ნამუსიანი ადამიანები, რომელთაც ამ თემაზე საჯარო საუბარი არ უყვართ და საჯაროდ არ ამბობენ, რომ მიშა ჩამოვა ზეგ. ასეთი ხალხი არსებობს და ეს დასაფასებელია. თაკო ჩარკვიანის განცხადება არის წინასაარჩევნო“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.

რამდენად გამართლებულია მიშას დასაბრუნებლად სახალხო მოძრაობის ორგანიზაციის ჩამოყალიბება, ანუ ხალხის სახელის გამოყენება?

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარეს ნანა კაკაბაძეს აინტერესებს, რა უფლება აქვს თაკო ჩარკვიანს, შექმნას ორგანიზაცია სახალხო მოძრაობის, ანუ ხალხის სახელით იმ პირის დასაბრუნებლად, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს და ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არ გააჩნია?!

„გაუგებარია, რომ საქართველოში იქმნება ორგანიზაცია, რომელიც იმ პირის ჩამოყვანას უწყობს ხელს, რომელიც ძებნილია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და, რომელსაც მისჯილი აქვს სასჯელი იმ დანაშაულებისათვის, რაც მან ჩაიდინა. ამ დროს ვიღაც ფიქრობს, ეს ადამიანი ციხის ნაცვლად თურმე უნდა იყოს პოლიტიკაში, თანაც საუბარია საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე. ცხადია, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება. ხელისუფლების სისუსტის გარდა ამას ვერანაირ შეფასებას ვერ მივცემთ. როგორ შეიძლება, ჩვენი საზოგადოების ამ ნაწილს არ ჰქონდეს აღქმა, რომ სააკაშვილი კრიმინალია. თაკო ჩარკვიანი თავის ორგანიზაციას ეძახის „კანონი და სამართალი“. ეს არის არაკანონიერი, უსამართლო და ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი ქმედება. როგორ შეიძლება, ასეთ ქმედებას კანონით ახორციელებდეს ჩარკვიანი იქნება ეს, თუ ბაგრატიონი?!“ - აცხადებს ნანა კაკაბაძე for.ge- სთან საუბრისას.

მისივე აზრით, ასეთი „ინიციატივები“ უმეცრებით აიხსნება, თუმცა, რა თქმა უნდა, ფინანსური ინტერესიც არ უნდა გამოვრიცხოთ. ნანა კაკაბაძე დარწმუნებულია, რომ ფინანსურ ინტერესსაც აქვს თავისი ჩარჩოები, როდესაც მცოდნე ადამიანთან გვაქვს საქმე. უმეცარი ადამიანი კი უფრო მარტივად მიდის დანაშაულზე, რადგან არ იცის, კანონი რა არის.

„აქ ერთია ფინანსური ინტერესი და მეორეა უმეცრება. მესამე და ყველაზე მთავარია ჩვენი ქვეყნისადმი უპატივცემულობა. რასაც დღეს თაკო ჩარკვიანი და მისი ე.წ. პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციები ახორციელებენ, ეს არის იმ პოლიტპატიმრების უპატივცემულობა, რომლებიც საბჭოთა პერიოდის, სააკაშვილის, თუ ნებისმიერი ხელისუფალის პირობებში ციხეში დაიღუპნენ, ან იხდიდნენ სასჯელს. ეს არის მათი პირადი შეურაცხყოფა და, ზოგადად, პოლიტპატიმრის ცნების შეურაცხყოფა“, - მიიჩნევს ნანა კაკაბაძე.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილისთვის „მიშა რეფორმატორის“ ცნება უკვე სადავოა. ჩვენთან საუბრისას ანალიტიკოსი აცხადებს, რომ არავითარი პოზიტიური შინაარსი სააკაშვილის რეფორმატორობას არ მოუტანია.

„რისი რეფორმატორია, რომ ცოცხები შეიტანა ციხეში? თუ იმის რეფორმატორი, რომ საქართველომ ტერიტორიების 20% დაკარგა სააკაშვილის ხელში? სახელმწიფოს იდეა ჩაანაცვლა თავისი კერძო კორპორაციის იდეით? რეფორმატორია, რომ სასამართლო მოსპო? ეს ხომ მისი მთავარი ცოდვაა, რაც დღესაც პრობლემაა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში. სასამართლოს რეპუტაციული ზიანი მიადგა მის დროს. მან სასამართლოში მოსპო მხარეთა შეჯიბრებითობა, უდანაშაულობის პრეზუმპციის ნაცვლად ამკვიდრებდა საპროკურორო ბრალის პრეზუმპციას, უდავო ხდებოდა საპროკურორო ბრალი და სასამართლოს იყენებდა, როგორც ინკვიზიციურ ინსტრუმენტს, რომელიც მისთვის ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებდა. ამის მიუხედავად, იძახის, ჩემს რეფორმებს სხვა ქვეყნებშიც ახორციელებენო. მაგალითად მოჰყავს პატრულის რეფორმა. ცხადია, სწორი იყო „გაი“-ს გაუქმება, მაგრამ ეს მისი მოგონილი რეფორმა არ არის, ეს არის დასავლური სტანდარტი“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი და ცდილობს იმის ახსნას, რატომ შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს მიშას მობრუნების სურვილი.

დავით ზარდიაშვილის აზრით, აქ კორპორაციული ინტერესია, თაკო ჩარკვიანი ამ ქვეყანაში სხვანაირად ადგილს ვეღარ ხედავს. როგორც წესი, სახელმწიფოში ყველა მოქალაქე თანასწორია, მაგრამ, როცა სააკაშვილის კორპორაციული წყობა არსებობდა, ვინც სააკაშვილთან იყო კარგად, ის რეალურ ცხოვრებაშიც კარგად გრძნობდა თავს. დავით ზარდიაშვილი ფიქრობს, რომ ასეთ ვითარებასაა ჩარკვიანი მიჩვეული, ვიღაცასთან კარგად უნდა იყოს, ან ხელისუფლებასთან, ან ოპოზიციასთან, ეს არის სოციალური ავადმყოფობა, ამას ჰქვია პატრონკლიენტელიზმი.

„ეს სააკაშვილმაც შესანიშნავად იცოდა და თავისი კორპორაცია ამაზე ააგო. ასევე, გუბაზსაც უნდა კარგი პატრონი. ვინც „ნაცების“ მომხრეა, ისინი არიან კარგი პატრონის ძიებასა და მოლოდინში. ძირითადად ეს არის ხალხი, რომელთაც გარკვეული პრივილეგიები ჰქონდათ. ასეთ ადამიანებს მიაჩნიათ, უკეთესად იქნებიან მიშასთან, რადგან „ქართულ ოცნებაზე“ არიან განაწყენებულნი. შესაძლოა, ზოგიერთი სამართლიანადაც არის განაწყენებული „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ამის გამო ადგე და რჯული შეიცვალო, არ ღირს. აბსურდი და სიგიჟეა ასეთი განწყობა, „მიშა დავაბრუნოთ“. რაც შეეხება რეფორმატორობას, თვითონ „ნაცმოძრაობას“ არ სჯერა, რომ მიშა რეფორმატორია. თაკოსაც არ სჯერა მიშას რეფორმატორობის, უბრალოდ, სჭირდება ასეთი მესიჯები. მიშა რეფორმატორი კი არა, დეფორმატორია. მან ქართული სახელმწიფოს დეფორმაცია მოახდინა“, - გვითხრა დავით ზარდიაშვილმა.

 

Katana . არ იქნებოდა ურიგო, ვინმეს აზრი წაეკითხა "პულიცისტს", იქნებ რაიმეს მიმხვდარიყო, მაგრამ შანსი არ არი!
საერთოდაც მგონია, რომ არასოდეს არაფერი არ წაუკითხავს და არაფერი გაუანალიზებია ცხოვრებაში.
არადა, მის ყოველ გამოჩენას რომელიმე საიტზე ისეთი რეაქცია მოსდევს, იმდენი მკვახე სიტყვა ცვივა მისი მისამართით, ელემენტარული საღი გონების ადამიანი დაფიქრდებოდა - რაშია საქმე,ნეტავი, რას მერჩიან, რატომ გამოხატავენ ამხელა აგრესიას ჩემს მიმართო?
მაგრამ არა! მიერეკება თავისას...
სააკაშვილს ჰყავს თავისი ნამდვილი ფანები, გულწრფელად რომ უყვართ კი არა, რომ აღმერთებენ!.. გუშინ წავიკითხე ერთი ასეთი ქალბატონის წერილი და გავიფიქრე: რამე რო იყოს, ეს ქალი უყოყმანოდ მოკვდება მიშასთვის, როგორც შაჰიდი - ალაჰისათვის-მეთქი!..
მაგრამ თაკო სხვა კატეგორიაა, თაკო, უბრალოდ, " ვიგოდნიცაა". მაგისი ერთადერთი იდეა სარგებელია. საიდანაც სარგებელს ელოდება, იქით შეტრიალდება ფლუგერივით და ისეთ სისულელეებს დასჭექებს, სერიოზულად შეგეპარება ეჭვი მის ნორმალურობაში!..
3 წლის უკან