პრეზიდენტი პარლამენტში ელჩობის კანდიდატების წარდგენის პროცესს ისევ აჭიანურებს. მიმდინარე კვირას, მიხეილ სააკაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს - ყაზახეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, ლიტვასა და ევროპის საბჭოში ელჩობის კანდიდატები წარუდგინა, თუმცა, ქვეყნის პირველი პირი - გაეროში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ბულგარეთსა და ჩინეთში ელჩობის კანდიდატთა წარდგენას ხელს არ აწერს, რის მიზეზადაც თედო ჯაფარიძის დიპლომატიურ სამსახურში დაბრუნება სახელდება.
კერძოდ, პრეზიდენტი პარლამენტში ხუთი დიპლომატის წარდგენას დიდ ბრიტანეთში ელჩობის კანდიდატის, თედო ჯაფარიძის გამო აჭიანურებს. For.ge-ს ინფორმაციით, ყოფილი ხელისუფლების მხრიდან არის მცდელობა, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე თედო ჯაფარიძე სხვა კანდიდატურით ჩაანაცვლონ, რისთვისაც ახალ მთავრობას გარკვეულ გარიგებასაც კი სთავაზობენ.
მმართველი გუნდი პრეზიდენტის მორიგ მოთხოვნას დააკმაყოფილებს თუ არა, ეს მომავალში გამოჩნდება, მაგრამ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე სამი დეპუტატის - ზვიად კვაჭანტირაძის, თინა ხიდაშელისა და გია ვოლსკის კანდიდატურები უკვე განიხილება.
ქვეყნის პირველი პირი ელჩობის კანდიდატებთან დაკავშირებით რატომ ქმნის დაბრკოლებებს - For.ge საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, თედო ჯაფარიძეს ესაუბრა:
რატომ არ აწერს ხელს პრეზიდენტი ელჩობის კანდიდატთა პარლამენტში წარდგენას?
- ელჩების წარდგენის პროცესი ჭიანურდება, მაგრამ ამის მიზეზი არ ვიცით. ფაქტია, რომ ეს პროცესი გაიწელა და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ქვეყანაში ელჩი არ გვყავს, რაც პირველ რიგში, ცუდია საქართველოსთვის. ისეთი ადამიანები გვჭირდება, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ საზღვარგარეთ კომპეტენტურ ინფორმაციას გაიტანენ. დიპლომატიური წესების გათვალისწინებით, შეიძლება ამ საკითხზე, ჩვენი უცხოელი კოლეგები არ საუბრობენ, მაგრამ როცა, ქვეყანაში ელჩი არ გყავს, ამით ამ სახელმწიფოს მიმართ შენს დამოკიდებულებას ავლენ. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ვარ, ამ თანანმდებობაზე თავს ძალიან კარგად და კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ ვინაიდან, დიდ ბრიტანეთში ჩემი გაელჩების პერსპექტივა გაჩნდა, ამას დავთანხმდი, თუმცა, პრეზიდენტი იმ ელჩობის კანდიდატთა პარლამენტში წარდგენას არ აწერს ხელს, სადაც ჩემი გვარი ფიგურირებს.
თქვენ ვარაუდობთ, რომ პრეზიდენტი თქვენს გამო, ელჩობის სხვა კანდიდატებს ბლოკავს?
- ვვარუდობ, თუმცა, რეალურად, ჩვენი პრეზიდენტი რაზე ფიქრობს, ამაზე საუბარი რთულია. სააკაშვილი ძალიან კარგად მიცნობს და მას მეც ძალიან კარგად ვიცნობ, მაგრამ თუ მას და მის გარემოცვას ჩემთან აქვთ კითხვები, მზად ვარ, მათ ნებისმიერ ფორმატში ვუპასუხო. არსად მეჩქარება, რადგან ჩემს კოლეგებთან ერთად მნიშვნელოვან საქმეებზე ვმუშაობ, მაგრამ თუკი ეს ჩემთან არის დაკავშირებული, პრეზიდენტს მოვუწოდებ ჩემზე კიდევ იფიქროს, ხოლო ელჩობის სხვა კანდიდატებს ნუ დაბლოკავს და პარლამენტში მათ წარდგენას ხელი მოაწეროს.
სააკაშვილი დიდ ბრიტანეთში თქვენს ელჩობას, რატომ ეწინააღმედეგება? მასთან პიროვნული უთანხმოება გქონდათ?
- არ ვიცი. „ვარდების რევოლუციის“ პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი და ამ რევულიციას მხარს ვუჭერდი, მაგრამ მისი განვითარება ჩემთვის მიუღებელი იყო, რის გამოც, კრიტიკული ხასიათის პუბლიკაციებს ვაქვეყნებდი. თუ პოლიტიკურ პროცესებს თვალს ადევნებდით, გემახსოვრებათ, რომ ჩემთან დაკავშირებით უამრავი საქმე აგორდა. კერძოდ, ის, რომ თითქოს, რუსეთთან დაკავშირებული ვიყავი, საქართველოს „ევრაზიის კავშირში“ გაწევრიანება მსურს და ა.შ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ვინმეს ჩემთან რაიმე სახის კითხვა აქვს, მზად ვარ მათ ვუპასუხო.
ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა პარლამენტში ელჩობის ცხრა კანდიდატი სახელმწიფოს დაცვის ერთი ქვედანაყოფის საკუთარ დაქვემდებარებაში დატოვების სანაცვლოდ წარადგინა. ანუ, გარკვეულწილად, პოლიტიკურ გარიგებას ჰქონდა ადგილი. ამჟამად, For.ge-ს ინფორმაციით, ყოფილი ხელისუფლების მხრიდან არის მცდელობა, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე თქვენ სხვა კანდიდატურით ჩაგანაცვლონ, რისთვისაც ახალ ხელისუფლებას გარკვეულ გარიგებასაც სთავაზობენ. რა გარიგებაზეა საუბარი?
- რა სურს პრეზიდენტს, არ ვიცი, რადგან ამის თაობაზე არაფერი მსმენია, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ წინა ელჩობის კანდიდატებთან დაკავშირებით, კოაბიტაციის ინტერპრეტირება მოხდა. ასე ვთქვათ, ეს პროცესი გარიგებასა და ვაჭრობას წააგავს, ვიდრე პოლიტიკურ პროცესს, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ქართული პოლიტიკის ისტორიიდან გამომდინარე, ქართული კოაბიტაცია ასეთი უნდა იყოს. თუ ჩემი ელჩობის საკითხი ვაჭრობისა და გარიგების საგნად გადაიქცა, ამისი კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები, რადგან ჩემს თავს ისეთ პოლიტიკურ მოღვაწედ არ ვთვლი, რომ ჩემს გამო ბატალიები შეიქმნას. ნორმალური ადამიანი ვარ და არ ვთლი, რომ ჩემს გამო, დიდი კატაკლიზმები უნდა მოხდეს, ვიღაცა ვიღაცას გაურიგდეს და ა.შ. ჩემთვის ეს ამორალური და მიუღებელია. თუ პრეზიდენტი იტყვის, რომ ჯაფარიძის ნაცვლად, კომიტეტის თავმჯდომარედ უნდა დაინიშნოს სხვა, მაშინ, ელჩობა არ მიღირს. ის თუ კომიტეტის თავმჯდომარე ვინ გახდება, ეს პარლამენტის პრეროგატივაა და არა პრეზიდენტის. ჩვენი პარლამენტის დიდი პატრიოტი ვარ და ვიცი, რომ პარლამენტი კომპრომისების ხელოვნებაა, მაგრამ არის რაღაც ზღვარი, რომლის იქით არ უნდა გადავიდეთ, რადგან ეს არის ჩვენი პარლამენტის პრესტიჟი და რეპუტაცია, რომელიც სჭირდება არამარტო თითოეულ ჩვენთაგანს, არამედ ქვეყნის იმიჯს. პარლამენტი არ არის ის ორგანიზაცია, სადაც შემოვა ქაღალდი, ბეჭედს დაარტყამ და უკან დააბრუნებ. თედო ჯაფარიძეს იმ პიროვნებად არ ვთვლი, რომელიც ვაჭრობის საგანი უნდა გახდეს.
ერთია, პრეზიდენტის მოთხოვნები, თუმცა, მეორეა, ახალი მთავრობის პრინციპულობა. მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილის ახირებებს - რატომ არ სცემს სათანადო პასუხს?
- ჩვენს „ზევით“ რა ხდება, არ ვიცი. ამის თაობაზე მხოლოდ ყური თუ მექნება მოკრული.
თუ ელჩის პოსტზე დაგამტკიცებენ, დიპლომატიურ სამსახურში, რა სტრატეგიით აპირებთ დაბრუნებას?
- ვფიქრობ, რომ დიდი ბრიტანეთი ჩვენთვის აუთვისებელი ტერიტორიაა. მიუხედადავ იმისა, რომ ამ ქვეყანაში კარგი ელჩები გვყავდა, ბრიტანეთი არის ქვეყანა რომლისგანაც ბევრი სარგებელის მიღება შეიძლება. თუ საქართველო-ნატოს ურთიერთობებს გავითვალისწინებთ, აუცილებელია მეტი გააქტიურება. ასევე სასურველია, ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება როგორც კულტურულ სფეროში, ასევე განათლების კუთხითაც.
რაც შეეხება ვილნიუსის სამიტს, ევროპის ასოცირებული წევრის სტატუსის მიღების რა შანსი გვაქვს? ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერა საფრთხის ქვეშაა. ვილნიუსის სამიტისგან, თქვენ რას ელით?
პრიმიტიურლი და გაუბრალოებული შეფასებაა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღებას რაიმე საფრთხე შეექმნება. თუ ამ ქვეყანაში დრამატული და ტრაგიკული რამ არ მოხდება, საფრთხეს რა წარმოადგენს?! რა უნდა მოხდეს?! ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, ამერიკასა და ბრიუსელში ვიზიტით ვიყავი და რეალური კომუნიკაციების დროს, ძალიან დადებითად შეაფასეს ის პროცესები, რაც ქვეყანაში მიდის. პარტნიორებს აქვთ კითხვები და შენიშვნები, მაგრამ ჩვენი ევროპელი კოლეგები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.
ანუ, მათი ტონი შერბილებულია?
- გახარებული არ ვიქნებოდი - თუ ეს ტონი შერბილებული იქნებოდა. რჩევები და შენიშვნები, რაც უფრო კრიტიკული და კონსტრუქციული იქნება, ეს ქვეყნისთვის მით უკეთესია. მთავარია, დასავლეთიდან არ იქნება წამოყვირება და არ იქნება მაგიდაზე ბრახუნი. კრიტიკულ შენიშვნებს კი ჩვენც უნდა შევეჩვიოთ. წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით, ჩვენი გუნდი კრიტიკას კარგად იღებს. თუ გვინდა დემოკრატიული ქვეყანა ვიყოთ, უნდა გავიგოთ, რომ ეს პროცესი არ ჩერდება. სამწუხაროდ, ჩვენ ის საზოგადოება ვართ, რომლისთვისაც ჯერ კიდევ მთავარია - „რას ფიქრობენ საზღვარგარეთ“.
ნაციონალები 19 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, ლოზუნგით „ჩვენი მომავალია ევროპა“ აქციას გამართავენ. ქვეყნის საგარეო კურსთან და ევროინტერგაციასთან დაკავშიებით, პარლამენტმა 19 მუხლიანი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც შესწორებები ოპოზიციონერთა რეკომენდაციებით შევიდა. შესაბამისად, ეს აქცია, რას ემსახურება?
- ეს დემოკრატიული ქვეყნისთვის ნორმალური პროცესია, რადგან ოპოზიციას საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება აქვს. მათ უფლება აქვთ საკუთარი მოსაზრებები ქუჩაშიც გაახმოვანონ, მაგრამ ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს. პარლამენტის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციის პროექტში ოპოზიციონერებმა კარგი დამატებები და შესწორებები შეიტანეს. ამერიკასა და ბრიუსელში, ყველა შეხვედრაზე, ეს რეზოლუცია ერთ-ერთი სასაუბრო თემა იყო და დოკუმენტი ერთ-ერთ დადებით მოვლენად შეფასდა. როდესაც, თბილისიდან-ქუთაისამდე მივდივარ, გზა ნორმალურია და თითქოს, სააკაშვილის რეფორმებს ხედავ და ამბობ, რომ რაღაც გაკეთდა, მაგრამ გზების მარცხივ და მარჯვნივ რომ გაიხედავ და სურამთან ადამიანების ხელში ნაზუქს დაინახავ, ხვდები, რომ ყველაფერი არ არის კარგად და ჩვენი ენერგია იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ამ ნაზუქიანმა ქალმა თქვას - უკეთესად ვარ, ვიდრე ვიყავი. ცხოვრება იდეალური ვერ გახდება, მაგრამ არსებული მდგომარეობა უნდა შევცვალოთ. ხოლო, რაც სააკაშვილმა კარგი გააკეთა, ისიც არ უნდა დავკარგოთ.