„თუ ფონდებში ინვესტიციები ჩაიდება, ეს პრემიერის დამსახურება იქნება“

„თუ ფონდებში ინვესტიციები ჩაიდება, ეს პრემიერის დამსახურება იქნება“

- ზოგადად ის, რომ ეკონომიკა და ბიზნესი განთავისუფლდა მარწუხებისგან და ზეწოლისგან, უდაოდ პოზიტიური პროცესია. ეს იგრძნობა ყველა დონეზე - როგორც რეგიონის, ასევე ცენტრალური ხელისუფლების. არამარტო უშუალოდ ბიზნესმა, არამედ საზოგადოებამაც იგრძნო, რომ გარკვეული წნეხი მოიხსნა. საზოგადოება აღარ არის ზეწოლის ქვეშ. ეს თავისთავად პოზიტიურია და არის პოლიტიკური ნება, რომელიც ახალ ხელისუფლებას გააჩნია. რაც შეეხება უშუალოდ პოლიტიკას, ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით რთული შესაფასებელია, რა პოზიტიურ შედეგებს მოიტანს აღებული კურსი.  შედეგები გამოჩნდება ოთხი–ხუთი თვის შემდეგ, თუმცა მიმაჩნია, რომ უშუალოდ ბიზნესის სექტორთან დაკავშირებით დამოკიდებულება, განწყობა და მიმართულებები სრულიად შეცვლილია.

ამ შემთხვევაში ჩვენ აქცენტები უფრო ბიზნესსექტორზე უნდა გავაკეთოთ, იმიტომ, რომ ჩვენი ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი ბიზნესიდან ივსება. ამიტომ მნიშვნელოვანია ბიზნესისადმი მიდგომა. რთულია ბიუჯეტის რადიკალურად შეცვლა. მთავრობას არ ჰქონდა იმის დრო, რომ ბიუჯეტის სტრუქტურის ძირეული შეცვლა მოეხდინა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ხარჯები შემცირდა. ის ზედმეტი ხარჯები, რომლებიც გარკვეულწილად ინფლაციური პოტენციალის წარმომშობია, ისეთი, როგორიც არის კულტურული ღონისძიებები და რაღაც პროგრამების დასაფინანსებელი ხარჯები, ფაქტობრივად, გაქრა. ამგვარ ხარჯებს არანაირი ეკონომიკური ეფექტი არ ჰქონდა. ხშირად ეს იყო წყალში გადაყრილი ფული, რომელიც ხელს უწყობდა ინფლაციური პროცესების წარმოშობას. ეს იყო ზედმეტად ფეშენებელური ხარჯები, რომლის გაღების უფლებაც ისეთ ქვეყნებს აქვთ, რომელთაც ბიუჯეტის პროფიციტი გააჩნიათ და აქვთ მაღალი შემოსავლები.

კარგია, რომ სოციალური ორიენტირება მოხდა მაქსიმალურად და უმცირეს დროში. მნიშვნელოვანია ის, რომ დაზღვევაში მოექცა მოსახლეობის თითქმის ყველა კატეგორია, ასევე იზრდება პენსია და უფრო მრავალფეროვანი ხდება სადაზღვევო პოლისის სტრუქტურა. ასევე მიშვნელოვანია, რომ ჩვენ ახალი ხელისუფლება დაპირებების მარწუხებში არ მოვაქციოთ. ყველა ქვეყანაში, ევროპის ქვეყნებში, აშშ–ში პოპულარულია დაპირებები. გავიხსენოთ, როდესაც ბარაკ ობამა 2009–2010 წლებში საარჩევნო კამპანის აწარმოებდა, პირდებოდა ამომრჩევლებს, რომ დააზღვევდა მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელასც არ ჰქონდა დაზღვევა. Eეს  დაახლოებით 50–60 მილიონი ადამიანი იყო, მაგრამ როდესაც დათვალეს, მათი დაზღვევის ხარჯმა 900 მილიარდი შეადგინა, რის გამოც შემდგომ ამ პროექტის განხორციელებისგან თავი შეიკავეს. ამიტომ, ყოველდღე აპელირება იმაზე, რომ რაც დაპირდი მოსახლეობას, რატომ არ აკეთებ, თანაც უმოკლეს ვადაში, ჩემი აზრით, ძალიან პრიმიტიულია. რაც შეეხება სახელმწიფოს, ისე ჩანს, თითქოს სახელმწიფო ყველაფერს თავის თავზე იღებს. მაგალითად, იმ ვალდებულებას, რაც გლეხის და ფიზიკური პირის თავის თავზეა ასაღები.

ჩვენ ამ დაპირებებში არ უნდა მივაჩვიოთ მოსახლეობა იმას, რომ მე შენთან მოვალ, დაგიხნავ, დაგითესავ, მოგიყვან მოსავალს, დაგაზღვევ და არავითარი ვალდებულება შენ არ გეკისრება. მსგავსი ნაბიჯები ძალიან საფრთხილოა. ეს შეიძლება იყოს ერთჯერადი, იყოს გამონაკლისი. ასევე სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაც უნდა იყოს საფრთხილო.  ნურავის ნუ ჰგონია, რომ საბოლოოდ ეს ნაბიჯები პოზიტიური იქნება გრძელვადიან პერიოდში. მეორეც, ბიუჯეტს არ აქვს იმის თავი, რომ თავის თავზე აიღოს ისეთი ხარჯები, რომელიც მას არ ეკუთვნის. ჩვენ ეკონომიკური პრინციპები და ბიუჯეტის მოწყობის პრინციპები არ უნდა დავაზიანოთ.

წელიწადზე მეტია ქვეყანაში დეფლაცია ფიქსირდება, თუ შეიძლება დეფლაციის გამომწვევ მიზეზებზე და იმ შედეგებზე ვისაუბროთ, რაც ფასების პერმანენტულ შემცირებას მოჰყვება?

- მე ვერ დავეთანხმები მათ, ვინც დეფლაციაში რაიმე საგანგაშოს ხედავს, რადგან ეს პროცესი არ არის საგანგაშო ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.  ეს გამოწვეულია იმით, რომ ეკონომიკური კრიზისის პერიოდში გარკვეულად ფასების დაცემა მოხდა, მსოფლიო ბაზარზე ფასები დაეცა, იმპორტი გაიაფდა, ასევე ამას ემატება ისიც, რომ გარკვეულად ტარიფები შემცირდა გაზზე, ამას ემატება ისიც, რომ არჩევნების პერიოდში მოსახლეობა ნაკლებ ფულს ხარჯავს, ინვესტორებმა თავი შეიკავეს, ასევე აღარ “გრიალებს” ნაციონალური ელიტა და ნაკლებ ხარჯებს ეწევა. ყველაფერი ამის მიზეზი არის ეს. ამიტომ დეფლაცია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს.

დეფლაცია არ არის იმ დონეზე, რომ რამენაირად ექსპორტზე იმოქმედოს, იმიტომ, რომ დეფლაციას არ აქვს სისტემური ხასიათი, ეს არის უფრო იმპულსური ხასიათის დეფლაცია. ასევე აღსანიშნავია, რომ კონკურენციაში შევიდა ადგილობრივი წარმოება, იგივე ხილ–ბოსტნეული და იმპორტზე ამანაც გარკვეულწილად ფასები დასწია. მე ვფიქრობ, ეროვნულ ბანკს გააჩნია ბერკეტები, რომ ეს პროცესი არეგულიროს. ეროვნული ბანკი ბოლო პერიოდში ახერხებს იმას, რომ ინფლაციური და დეფლაციური პროცესები დაიცვას. ინფლაციაა საშიშროების წარმომქმნელი და არა ისეთი დეფლაციური პროცესები, როგორიც გვაქვს. თავისთავად გასაგებია, რომ ლარის კურსის გამყარება ექსპორტისთვის არ არის მასტიმულირებელი, მაგრამ ექსპორტი მაინც იზრდება. რაც მთავარია, კარგად რეგულირდება ეს პროცესები. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ დეფლაციური პროცესები უფრო მაღალი იქნებოდა. ექსპორტის ხელშემშლელი ეს ვერ იქნება. თუ გინდა რომ ექსპორტი შექმნა, გააძლიერო და გაზარდო,  კონკურენციაში უნდა შეხვიდე იმ ქვეყნებთან, რომლებიც ანალოგიურ პოდუქციას აწარმოებენ. ფოკუსირება უნდა ხდებოდეს საქონელთა ჯგუფებზე, რომლითაც შევძლებთ მსოფლიოში ადგილი დავიმკვიდროთ. ის, რომ ლარის კურსის გამყარება ხელს უშლის ექსპორტის სტიმულირებას, ეს არის თითიდან გამოწოვილი პრობლემა.

როგორ აფასებთ საინვესტიციო ფონდების იდეას, რამდენად ქმედითი იქნება ეს მექანიზმი?

- სახელმწიფო ფონდები, როგორც წესი, ძალიან ცუდად მუშაობს და მოტივირებული არ არის ეფექტიანობაზე. გასაგებია, რომ აქ კერძო ინვესტორები მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ უნდა იყოს განსაზღვრული, რა მოტივაცია უნდა ამოძრავებდეს ინვესტორებს, რომელიც ამ ფონდში გარკვეულ თანხას განათავსებს, როგორი იქნება სახელმწიფოს და კერძო სექტორის მონაწილეობა. მენეჯერების ინტერესები და მოტივაცია მიმართულია საკუთარი თავისკენ, იგი იღებს ხელფასს და შინაგანად არ არის იმ დონეზე მოტივირებული, რომ ფონდები იყოს მაღალეფექტიანი. ამას უფრო სოციალური ხასიათი ექნება, როგორც მე ვფიქრობ, ეს იქნება მორგებული პოლიტიკურ პიროვნებებზე და მათ პოლიტიკურ ნებაზე.

თუ ფონდებში ინვესტიციები ჩაიდება, ეს პრემიერის დამსახურება იქნება. ის, რომ ქვეყანა საინტერესოა ამ ეტაპზე, ამაზე საუბარი არ არის. რატომ ვართ ჩვენ ალტერნატივა სხვა ქვეყნების? ამას რეალურად უნდა შევხედოთ. ინვესტორმა უნდა დაინახოს, რომ საქართველოში განსაკუთრებული ბიზნესგარემოა და ამისთვის არსებობს გარკვეული კრიტერიუმები. რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს ინვესტიციების შემოდინებას საქართველოში. პირველ რიგში, ეს არის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, ამავე დროს საკუთრების ხელყოფა ხორციელდებოდა, ასევე ის, რომ ბიზნეს–ასოციაციები ძალიან სუსტია საქართველოში, ასევე რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა და ემბარგოს რეჟიმი და კიდევ უამრავი სხვა ფაქტორი. ამიტომ იმედი მაქვს, რომ პრემიერი თავად გახდება სტიმული ინვესტორებისთვის, რადგან საკმაოდ სოლიდური კაპიტალის მფლობელია და პირველი სერიოზული ნაბიჯები მის მიერ იქნება გადადგმული.  ინსტიტუციურად და ტერიტორიულდ ქვეყანა ნაკლებად საინტერესოა, რადგანაც ალტერნატივა ძალიან ბევრია.

თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ სოფლის მეურნეობა ქართული ეკონომიკის ლოკომოტივად უნდა იქცეს, ახალი მთავრობის აგრარული პოლიტიკა რამდენად მიგვიყვანს ამ მიზნამდე? ეთანხმებით თუ არა იმ ვექტორებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის დარგში იკვეთება?

- ჩვენ ერთ რამეზე უნდა ჩამოვყალიბდეთ - რა არის სახელმწიფოს მოვალეობა და რა კერძო სექტორის. არ შეიძლება სახელმწიფომ აიღოს თავის თავზე კერძო სექტორის ფუნქციები. ეს არის პრინციპული საკითხი. ჩვენ ინსტიტუციურად შეცდომა არ უნდა მოგვივიდეს. თავისთავად ლიბერარულ პოლიტიკაზე საუბრობდე და მემარცხენეობას უჭერდე მხარს, ეს არასწორია. ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო კარგად გამოჩნდა იმ კუთხით, რომ აქცენტები გააკეთა ინფრასტრიქტურის განვითარებაზე, სარწყავი სისტემის განვითარებაზე და ა.შ.

პირველ ეტაპზე რასაც აკეთებენ, ანუ ის, რომ გლეხებს ეხმარებიან, უხნავენ და უთესავენ, ეს თავისთავად კარგია, მაგრამ შემდეგ ვალდებულება უნდა ავაღებინოთ საკუთარ თავზე იმას, ვისაც ამას ვუკეთებთ, რადგან საკითხავია, მომავალ წელს ვინ იქნება ამ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განმხორციელებელი. რაც შეეხება დაბალპროცოენტიან კრედიტებს, უნდა განისაზღვროს ვინ იქნება ის სუბიექტი, ვინც ამ სესხს მიიღებს, ფიზიკური პირი თუ იქნება, რა ვალდებულებები ექნება მას. ქართული საზოგადოება მიეჩვია იმას, რომ მისცემ თანხას და მერე ვალდებულება არაფერი გააჩნია. ჩვენ გვახსოვს გვქონდა მსგავსი „პიტერშოუს ფონდი“, რომელიც წყალში გადაიყარა.  მართალია, ის შედარებით მცირე მოცულობის იყო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ უნდა გავაჩინოთ სუბიექტი რეგიონებში, კონკრეტულ ადგილებზე, ვინც პასუხისმგებელი იქნება ამ ყველაფერზე. მე არ ვიცი ვინ იქნება ეს სუბიექტი, მაგრამ უფრო კოოპერატივის დონეზე უნდა იყოს, რადგან, ჩემი აზრით, ჯობია ადამიანი იყოს დასაქმებული და მას ჰქონდეს ხელფასი, ვიდრე საკარმიდამო ნაკვეთი, რომელიც მისთვის არაფრის მომტანია. სოფლის მეურნეობა რომ ეფექტიანი გავხადოთ, ვფიქრობ, ამ გაერთიანებისკენ უნდა წავიდეთ. რა თქმა უნდა, ვერავის ვერ აიძულებ გაწევრიანდეს ამ კოოპერატივებში, მაგრამ მოტივატორები უნდა გააჩინო ისეთი, რომ მას ერჩივნოს მასში გაწევრიანება. ამისთვის მათ უნდა გადასცე ტექნიკა, ხელი უნდა შეუწყო დაბალპროცენტიანი სესხის მიღებაში, ეს ერთ კონკრეტულ კოოპერატივს უნდა მისცე.  უნდა მოხდეს ამ ყველაფრის  ფოკუსირება. 

მისასალმებელია, რომ სოფლის მეურნეობამ დაიწყო მექანიზაციაზე მუშაობა, მაგრამ ტექნიკის გაჩენასთან ერთად უნდა უზრუნველყოს მისი ხელმისაწვდომობა არა მარტო დროში, არამედ თანხობრივადაც. ასევე, მთავრობამ უნდა იფიქროს და იმუშაოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაზღვევის პროგრამაზე, რათა მოსახლეობას შევთავაზოთ დაზღვევის რაც შეიძლება დაბალფასიანი პროდუქტი. ძალიან ძნელია კერძო სადაზღვევო კომპანიებზე ვილაპარაკოთ, მაგამ მაშინ, როდესაც ეს სადაზღვევო კომპანიები სახელმწიფოსგან მილიონობით ტრანსფერებს იღებენ, ხომ შეიძლება გარკვეულ წილად ხელი შეუწყონ სოფლის მეურნეობის განვითარებას და დაზღვევა დაბალპროცენტიანი იყოს? გლეხი გადაიხდის თანხას, რომ დაზღვეული ჰქონდეს თავის პროდუქცია.

თუნდაც ის, რაც კახეთში მოხდა, მიმაჩნია, რომ მთლად სწორი არ არის. გასაგებია, რომ მთავრობამ გამოიჩინა კეთილი ნება და აუნაზღაურა გლეხებს ზარალი, მაგრამ არა იმიტომ, რომ დაზღვეული იყო ეს პროდუქცია. ამას არ უნდა მივაჩვიოთ საზოგადოება და გლეხი არ უნდა ნატრობდეს იმას, რომ რაღაც ცუდი დაემართოს მის მოსავალს, რათა დამატებით ანაზღაურება მიიღოს. გლეხი ამაზე მოტივირებული არ უნდა იყოს და სოციალური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს.  საზოგადოება არ უნდა მიეჩვიოს იმას, რომ პირად პრობლემებს მთავრობა უგვარებდეს, მაგალითად, თუნდაც ის, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ბანკებისა და მოსახლეობის ურთიერთობაში, იმიტომ, რომ ორივე კერძოა, ერთი ფიზიკური პირია, მეორე კერძო სექტორია. ის, რომ ვიღაცამ იპოთეკური სესხი ვერ გადაიხადა და ამის გამო ქონებას კარგავს, ეს სახელმწიფოს პრობლემა არ არის. გასაგებია, რომ ყველა გვეცოდება, მაგრამ ხომ ვნახეთ მსოფლიოში რა მოხდა, როგრც ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი  „კეინსიანიზმი“ ყველას დავიწყებული ჰქონდა და აქცენტები იყო ლიბერალურ ეკონომიკაზე. კრიზისის პერიოდში ყველა დაუბრუნდა „კეინსიანიზმს“, ანუ სახელმწიფო რეგულირებას. განხორციელდა ეკონომიკური სტიმულის პაკეტები და ეს ისეთ აზარტში გადაიზარდა, რომ მაგალითად, აშშ–მ „ჯენერალ მოტორსს“ და „კრაისლერს“ დაახლოებით 10 მილიარდზე მეტი თანხა გამოუყო, გერმანიის მთავრობამ „ოპელისა“ და “მერსედერსის“ საშვებულებო ხელფასები დააფინანსა, იაპონიამ კერძო ბანკების გარკვეული ვალდებულებები აიღო თავის თავზე და ა.შ. ფაქტობრივად, ყველა ლიბერალური ქვეყანა გახდა მემარცხენე.  ხდება სოციალური პროგრამების დაფინანსება.

ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ საერთაშორისო რეგულაციები და არ უნდა გვქონდეს „მიშვებულობის“ პოლიტიკა. ახლა ევრობანკის მოთხონაა, რომ დეფიციტი შემცირდეს. როცა, ერთის მხრივ, დეფიციტს ამცირებ, მეორეს მხრივ, სოციალურ დაძაბულობას იწვევ. ანუ დეფიციტის შემცირება ნიშნავს პენსიების, საბიუჯეტო ხელფასების და სოციალური ხარჯების შეამცირებას. ეს იწვევს სოციალურ დაძაბულობას. მაგრამ ამავე დროს ევროკავშირი, ევრობანკი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი გთხოვენ, რომ ეს განახორციელო, თუ გინდა, რომ დამატებით მიიღო კრედიტი. ორ წყალს შუა ხარ, აღარ იცი რა გააკეთო. ამიტომ, როდესაც შენ შედიხარ ევროკავშირში, უნდა დაემორჩილო იმათ წესებს, იმათ რეგულაციებს. მაგალითად, ტრანზიტზე ბალტიისპირეთის ქვეყნებს რაღაც შეზღუდვები აქვთ, იმიტომ, რომ ევროკავშირის წევრები არიან. ეს ორმხრივია, ისევე როგორც სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა. ამიტომ,  ამ მოდელებზე ლაპარაკი ძალიან საფრთხილოა, რადგან შეიძლება იყოს არაპოპულარული, მაგრამ ეკონომიკის გრძელვადიან პერიოდში იყოს პოზიტიური.

ინვესტიციებს რომ შევეხოთ, 2012 წელს სერიოზული კლება გვქონდა, მიზეზად პოლიტიკური არასტაბილურობა დასახელდა. ამ თავლსაზრისით 2013 წელიც საკმაოდ დატვირთულია, თუმცა მთავრობა ინვესტიციების 2 მილიარდიანი ნიშნულის დაძლევას გეგმავს, როგორია თქვენი ხედვა ამ მიმართულებით?

- ინვესტიციების შემოდინება ასეთი მარტივი არ არის, რადგან ისევ გრძელდება დაძაბულობა. აქაც გარანტი უნდა იყოს თავად პრემიერ-მინისტრი. ახლახანს მოხდა მთავრობის ცვლილება და ასე უცებ ისვესტიციების შემოდინება ძალიან რთულია. ძნელია ამ პროცესების შემდეგ საინვესტიციო ბუმის მოხდენა შეძლო. პრემიერი, როდესაც უშუალოდ ჩავა ამა თუ იმ ქვეყანაში და შეხვდება ინვესტორებს, ინვესტიციები მაშინ წამოვა. მე ვერ გეტყვით ორი მილიარდი გვექნება თუ რამდენი, მაგრამ გეტყვით რფა არის ჩვენი მთავარი კოზირი – ჩვენი მთავარი კოზირი თვითონ პრემიერ–მინისტრია. რადგან ჩვენნაირ ქვეყნებში პიროვნებებს უფრო ენდობიან, ვიდრე სახელმწიფოს. წინა ხელისუფლების დროსაც ასე იყო. თავად დადიოდა პრეზიდენტი, ხან ვის აწუხებდა, ხან ვის. ყოველშემთხვევაში, თავად მოძრაობდა. რამდენად აქტიური იქნება ეს მთავრობა, ამაზეა დამოკიდებული ინვესტიციების მოზიდვა.  ამავე დროს მე მიმაჩნია, რომ ყველანაირი ინვესტიციის შემოდინებას უნდა შევუწყოთ ხელი საქართველოში. უფრო მეტიც, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დავიწყოთ ინვესტიციის წარმომავლობის გამოკვლევა.

ეკონომიკური განვითარების რა მოდელია დღეისთვის საქართველოსთვის მისაღები, რა ტიპის ეკონომიკა უნდა ავაშენოთ?

- დღეს აღარ არსებობს ისეთი მკაფიო მოდელები, როგორიც იყო მაგალითად შვედური მოდელი. უკვე შერეულია ეკონომიკა. ამ მოდელებსაც მოქნილი ხასიათი უნდა ჰქონდეს, ადაპტაციის უნარი უნდა ჰქონდეს. ზუსტად ძნელია იმის თქმა, რომელი მიდგომა უნდა იყოს განმსაზღვრელი. დღეს სულ სხვა მიდგომები არსებობს,  აღარ არის მარტო ეკონომიკური ფაქტორები. ჩემი აზრით, ინსტიტუციონალიზმის ფაქტორებია მთავარი. ტრადიციული, კულტურული, ზნეობრივი, ასევე ადამიანის განვითარების ინდექსი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანი როგორ ისვენებს, როგორია მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა, როგორია მთლიანი შიგა პოდუქტი ერთ მოსახლეზე და ა.შ. ამიტომ, აქცენტებმა გადაიწია სხვაგან - საზოგადოება რამდენად თავისუფალია, როგორ შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა და ა.შ. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკაც ყველა ამ მაჩვენებლის მიხედვით უნდა განისაზღვროს.