„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირმა ნადირაშვილი ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი „ფალავანია“ ნეპოტიზმთან ბრძოლისა და მშრომელთა უფლებების დაცვის საკითხებში. პარლამენტში ყოფნისას საზოგადოებას სწორედ ამ მიმართულებით დაამახსოვრა თავი. მას ეკუთვნის ინფორმაცია, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში საჯარო სამსახურებიდან 4 089 ადამიანი გაათავისუფლეს, რასაც ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურები არ ადასტურებენ, სიცრუეს უწოდებენ და რადიკალურად განსხვავებულ ციფრებს ასახელებენ. მაგალითად, ნადირაშვილის ინფორმაციით, თავდაცვის უწყებიდან დათხოვილია -1167 ადამიანი, შსს-დან - 499, ფინანსთა სამინისტროდან - 154, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან - 109.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნადირაშვილის განცხადება, სამინისტროდან 109 ადამიანის გათავისუფლების შესახებ, სიცრუეა. მთლიანად სამინისტროში დასაქმებულია 105 ადამიანი, გათავისუფლებულთა სია კი რეგიონების ჩათვლით, მთლიანად 19-ს შეადგენს.
ნადირაშვილის ინტერესთა სფეროში ნეპოტიზმის ფაქტებიც შედის, მან დაადანაშაულა, თითქმის, ყველა მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის - პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სხვები, თუმცა არაფერი უთქვამს სხვადასხვა უწყებებში დასაქმებულ საკუთარ ნათესავებზე. ნადირაშვილის ირგვლივ ახალი სკანდალი აგორდა, რაც მის „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის“ სამინისტროში მუშაობის პერიოდს ემთხვევა, რასაც ისევ ნეპოტიზმში ბრალდებებით პასუხობს.
ამ თემაზე for.ge სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს მაგდა პოპიაშვილს ესაუბრა.
ცნობილი გახდა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დეპუტატ ირმა ნადირაშვილის საქმიანობის სამართლებრივი შეფასების მიზნით მთავარ პროკურატურას მიმართავს. რა გახდა ამისი საფუძველი?
- ირმა ნადირაშვილი ერთდროულად რამდენიმე შეუთავსებელ თანამდებობას იკავებდა. საბუთების შემოწმებისას სამინისტროს ბაზაში აღმოვანინეთ, რომ ჩვენთან ირმა ნადირაშვილის პირადი საქმე ინახებოდა. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, დავით ტყეშელაშვილის 2009 წლის 16 თებერვლის (N36/კ) ბრძანებით, ირმა ნადირაშვილი დანიშული იყო მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე. მისი თანამდებობრივი სარგო განსაზღვრული იყო 1900 ლარით და თანამდებობაზე მუშაობდა 2010 წლის აპრილამდე, 14 თვის განმავლობაში. მისსავე ავტობიოგრაფიაში, რომელიც განთავსებულია საქართველოს პარლამენტის საიტზე, მითითებულია, რომ ის ამ პერიოდში მუშაობდა „რუსთავი 2“-ში.
ანუ, ეს თანამდებობა საკუთარ ბიოგრაფიაში საერთოდ არ აქვს მითითებული?
- მითითებული საერთოდ არ აქვს და ეს სამსახური რომ ყოფილიყო კანონის სრული დაცვით, ცხადია, ამ ფაქტს არ დამალავდა, ჩაწერდა თავის ბიოგრაფიაში. მას მითითებული აქვს, რომ 2008-დან 2009-წლამდე მუშაობდა პროგრამა „პოსტ-სკრიპტუმის“ მთავარ პროდიუსერად, ხოლო 2009-2010 წლებში ამავე კომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსად. კონკრეტულ თანამდებობაზე მუშაობის თვეები და რიცხვები მითითებული არ არის. 2010-2012 წლებში უკვე პრტეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ მუშაობს.
ანუ, იმ პერიოდში, როდესაც ჩვენთან დაინიშნა საჯარო თანამდებობაზე, პარალელურად იყო „რუსთავი-2-ის“ თანამშრომელი და იღებდა ანაზღაურებას. სამინისტროში არსებული უწყისების შესაბამისად, მის მიერ მიღებულმა ხელფასმა შეადგინა 28.500 ლარი, ხოლო პრემიის სახით მიღებულმა შემოსავალმა - 22.060 ლარი. ჯამში - 50.560 ლარი.
რასთან გვაქვს საქმე -„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-6 მუხლი) შესაბამისად, სახელმწიფო სამსახურში მუშაობის პერიოდში, მის მიერ დაკავებული თანამდებობის გათვალისწინებით, ირმა ნადირაშვილი წარმოადგენდა სახელმწიფო მოსამსახურეს - მოხელეს. ამავე კანონით (64-ე მუხლის მე-3 პუნქტი), „სახელმწიფო მოსამსახურის მიერ შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება და ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება დასაშვებია მხოლოდ იმავე სახელმწიფო დაწესებულების სისტემაში. ეს ნიშნავს, რომ ირმა ნადირაშვილს, თუ ის საჯარო მოხელე იყო, არ ჰქონდა უფლება, პარალელურად ემუშავა „რუსთავი2-ში“.
ამევე კანონით, საჯარო მოსამსახურემ თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ვალდებულია დაიცვას ის მოთხოვნები, რომლებიც მას და მის თანამდებობას შეეხება. ასევე ვალდებულია, ყურადღება გაამახვილოს ნებისმიერ არსებულ თუ შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობაზე, მიიღოს ზომები ნებისმიერი ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევის დაუშვებლობისთვის, განაცხადოს ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნამდე, ან დანიშვნის შემდეგ, როგორც კი ეს ფაქტი მისთვის ცნობილი გახდება.
ჩვენს მიერ მოკვლეული, უფრო სწორად, საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციასა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ირმა ნადირაშვილის პირად საქმეში არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ირმა ნადირაშვილი, 2009 წლის 16 თებერვლიდან 2010 წლის 22 აპრილის ჩათვლით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმათა დარღვევით მუშაობდა.
იმისათვის, რომ ამ საკითხის შესწავლა მოხდეს, მივმართავთ საქართველოს პროკურატურას. არ ვამბობთ, რომ მან რაიმე დაარღვია, მაგრამ ეს არის შესასწავლი მასალა და პროკურატურა დაადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონის დარღვევას. მასალებს ასევე მივაწვდით არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოსა“ და „ახალგაზერდა იურისტთა ასოციაციას“, რომ შეისწავლონ და გამოაქვეყნონ დასკვნა ამ საკითხთან დაკავშირებით.
ბოლო პერიოდში ირმა ნადირაშვილი ცნობილია როგორც ამ ხელისუფლების „მთავარი ბრალმდებელი“ ნეპოტიზმის საკითხებში და მის ჩამონათვალში ახლა თქვენც მოხვდით...
- როგორც ჩანს, ირმა ნადირაშვილს ჰგონია, რომ მხოლოდ მისი ნათესავები უნდა იყვნენ ყოველთვის დასაქმებულები და სხვა არავინ. მნიშვნელობა არ აქვს პროფესიონალიზმს და საკმარისია მხოლოდ ოჯახური ურთიერთობები. ვადასტურებ, რომ ნამდვილად ვარ ირაკლი მელაშვილის მეუღლე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული განვითარების სამინისტროს პრეს-სამსასხურის უფროსი, მაგრამ ვერ დავადასტურებ იმას, რომ ირაკლი მელაშვილი ჩემს გამო დაინიშნა პრემიერის მრჩევლის თანამდებობაზე, რადგან ეს მოხდა ჩემს დანიშვნამდე. გარდა ამისა, შემიძლია ვთქვა, რომ პიარის მიმართულებით 12 წლიანი გამოცდილება გამაჩნია, რაც საშუალებას მაძლევს ნებისმიერ უწყებაში ვიმუშავო ამ მიმართულებით.
ნადირაშვილი ამბობს, რომ ორი კვირის წინ სტრასბურგში, თქვენ ერთ-ერთ ტელეკომპანიას ეხმარებოდით სიუჟეტების მომზადებაში...
- სტრასბურგში მიმდინარეობდა თვითმმართველობათა კონგრესის სესია, სადაც ვიმყოფებოდი ოპერატორის გარეშე, რადგან ფინანსებში ვიყავით შეზღუდული. იქ მომუშავე ტელეკომპანიების ოპერატორებს ვთხოვე, სტრასბურგში გადაღებული შავი მასალა ჩემთვისაც მოეცათ, რაც შემდეგ სამინისტროს საიტზე განვათავსეთ.
ძალიან მაინტერესებს, ერთი, ან მეორე ბრალდება რა შუაშია მის სამსახურში შეუთავსებლობასთან? ძალიან კარგი იქნებოდა, ქალბატონ ნადირაშვილს ამაზე გაეცა პასუხი.
ის ამბობს, რომ სამინისტროდან წამოვიდა, როდესაც „რუსთავი-2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახდა...
- ვიმეორებ, პარლამენტის საიტზე განთავსებულია მისი ბიოგრაფია და საერთოდ არ არის მითითებული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მისი მუშაობის შესახებ ინფორმაცია. იმ წლებში, როდესაც ის მუშაობდა სამინისტროში, მითითებულია რომ პარალელურად „რუსთავი 2-ში“ მუშაობდა, რა თანამდებობაზე, ეს არ დგინდება, ამიტომ ეს პროკურატურამ უნდა მოიძიოს. შესაძლოა, სულაც არ მუშაობდა, თუმცა, ეს მისი ავტობიოგრაფიიდან ნამდვილად არ დასტურდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ბევრი მომხრე მუშაობდა სამინისტროებსა და სხვადასხვა უწყებებში ისე, რომ მხოლოდ ხელფასს იღებდა. სხვა მსგავსი ფაქტი თუ აღმოაჩინეთ სამინისტროში?
- ირმა ნადირაშვილი იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც მხოლოდ გაფორმებული იყო და ხელფასს იღებდა. ის ამ სამინისტროში სულ ორჯერ ჰყავთ ნანახი. როგორც ჩანს, ერთხელ, როცა ბრძანება იწერებოდა დანიშვნაზე და მეორედ - გათავისუფლებაზე. სხვა დროს ნადირაშვილი, როგორც თანამშრომელი და მომუშავე, აქ არავის არ ახსოვს. რაც შეეხება სხვა ფაქტებს, ჯერჯერობით, სხვა ინფორმაცია არ გვაქვს.