დაბრუნდება თუ არა საბჭოთა ანაბრები ივანიშვილის მთავრობის პირობებში რთული სათქმელია, თუმცა პროცესი რომ უნდა დაიწყოს, ამას სადავოდ არც პოზიცია ხდის და არც ოპოზიცია.
"ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო რიტორიკაში ანაბრებს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეს საკითხი ყველას მიავიწყდა. შესაბამისი ნების შემთხვევაში, პროცესი 9 წლის პერიოდში სავსებით მოგვარებადი იყო და ახლა, შეიძლება დასრულებულიც კი ყოფილიყო.
რაც შეეხება ახალ ხელისუფლებას, ექსპერტები ამბობენ, რომ ყველაფერ მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. თუმცა, აღნიშნავენ იმასაც, რომ ბიუჯეტს აქვს რეალურად იმის შესაძლებლობა, რომ შიდა ვალში აღებული საბჭოთა ანაბრების თანხა 10 ან 15 წლიან პერიოდზე გაწელოს, რაც ყოველწლიურად 33-დან 50 მლნ. ლარამდეა რეალურად. ეს, მიმდინარე წლის ბიუჯეტის 0,4%-დან 0,7%-მდეა. ბევრ ქვეყანაში ანაბრების კომპენსირება მოხდა პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლებით, ზოგიერთ ქვეყანაში მეანაბრეებს გადაეცათ სახელმწიფო საწარმოებში წილები ფასიანი ქაღალდების სახით.
"გურია ნიუსთან" საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ "საბჭოთა ანაბრების ნაწილის გასტუმრება იმ ქონებითაც შეიძლებოდა, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" პრივატიზაციით გაანიავა."
საპარლამენტო უმცირესობის წევრი და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ თეორიულად ყველაფერი შეიძლებოდა...
ბატონო გიგი, ალბათ კარგად გახსოვთ საბჭოთა ანაბრების თემა და დაზარალებული მეანაბრეები. მათი დაბრუნება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო. ეს საკითხი კვლავ აქტუალური გახდა, როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ამ შიდა ვალზე უნდა იმსჯელოს თუ არა ახალი მოწვევის პარლამენტმა?
ამ საკითხზე ყოველთვის დიდი მსჯელობა იყო და ძალიან სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. ძალიან ბევრი ოჯახი დაზარალდა და მათ შორის ჩემი ოჯახიც, რომელიც სახსრების გარეშე დარჩა.
დავიწყოთ იქედან, რომ ძალიან რთული იყო ზარალის დათვლა, იმდენნაირი ციფრი სახელდებოდა, თუმცა მე დღესაც მომხრე ვარ, რომ თუკი შეიძლება ამ საკითხის ობიექტურად გადაწყვეტა და თუკი მთავრობა მოახერხებს, ჩავერთო პროცესში.
თქვენ რატომ ვერ მოახერხეთ ამ პრობლემის მოგვარება?
ჩვენს პერიოდში ეს ვერ მოხერხდა, არ იყო რეალისტური იმიტომ, რომ ციფრები რომელიც სახელდებოდა, ძალიან რთულად დასათვლელი იყო. რაღაც პერიოდის შემდეგ კი ეს უიმედო პროცესი გახდა.
"გურია ნიუსთან" საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ "საბჭოთა ანაბრების ნაწილის გასტუმრება იმ ქონებითაც შეიძლებოდა, რომლისპრივატიზაცია "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში მოხდა. თქვენ რას იტყვით ამაზე?
ყველაფერი შეიძლებოდა თეორიულად. პრივატიზაცია არის ერთი პროცესი და ამის გარეშე ქვეყანა ვერანაირ პროგრესს ვერ განიცდიდა. ჩვენი მხრიდან სწორი იყო პრივატიზაციის ხელშეწყობა ყველგან, სადაც ეს კანონიერად ჩატარდა. თუ სადმე რამე დარღვევაა, ეს უკვე მეორე საკითხია. თეორიულად, რა თქმა უნდა შეიძლებოდა, მაგრამ ხომ უნდა დაანგარიშებულიყო, სად და რამდენი იყო გადასახდელი?
კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე დიდი ხანია ამ საკითხს არ შევხებივარ, მაგრამ თუ იქნება რაიმე გადაწყვეტილება, სწრაფი თუ სამომავლოდ გათვალისწინებული, განხილვებში აუცილებლად ჩავერთვები.