„გახარიასთვის პროგრამა მაქსიმუმი არის ორნიშნა შედეგის დადება, ხოლო თუ მელიას ჩაანაცვლებს, ეს იქნება სერიოზული გამარჯვება“

„გახარიასთვის პროგრამა მაქსიმუმი არის ორნიშნა შედეგის დადება, ხოლო თუ მელიას ჩაანაცვლებს, ეს იქნება სერიოზული გამარჯვება“

„როდესაც პარტიული კვლევაა, მისი სანდოობა არის კითხვის ნიშნის ქვეშ. „ფორმულას“ მიერ ჩატარებული კვლევაც, ფაქტობრივად, პარტიული კვლევაა და ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამიტომ, ძალიან ძნელია შეაფასო ეს ყველაფერი. ყველაზე რეალური იქნება, თუ ამ შედეგების საშუალოს გამოვიყვანთ“, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან „ქართული ოცნებისა“ და Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.

„ქართული ოცნების“ კვლევის თანახმად, ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნებას“ 48.6%, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 27.1%, „საქართველოსთვის“ 5.8% უჭერს მხარს. Edison Research-ის კვლევის მიხედვით, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნებას“ გამოკითხულთა 33% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 25%, „საქართველოსთვის“ - 10%. უშუალოდ, სამი თვის წინ შექმნილ პარტიაზე რომ გავამახვილოთ ყურადღება, გიორგი გახარიას პარტია მესამე ადგილს იკავებს. რა შანსები აქვს „საქართველოსთვის“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე?

- გახარიას პარტია ახალია, სამი თვის წინ შექმნილი, მაგრამ თავად გახარია არ არის ახალი. ამ პარტიის მთლიანი პოლიტიკური კაპიტალი, გახარიას პოლიტიკური კაპიტალია. პოლიტიკური ფიგურა გახარიას პარტიაში, ფაქტობრივად, არ ჰყავს. გახარიას პარტიული ელიტა შედგება ძირითადად ყოფილი სახელმწიფო მოხელეებისაგან, საჯარო პირებისაგან, რომლებიც გახარიასთან გადავიდნენ. ასე რომ, მას პოლიტიკური გუნდი არ ჰყავს. ამიტომ, მისი რეიტინგი პარტიის კი არა, მისი რეიტინგია. ეს რეიტინგი არ იყო დამოკიდებული იმაზე, გახარია პარტიას შექმნიდა თუ არა.

დაახლოებით 5%-დან 10%-ის შუაში რომ მერყეობს, ეს უფრო რეალურია, ამ ეტაპზე. როგორ წარმართავს არჩევნებს, ძალიან საინტერესოა, მისი კანდიდატურა რომ თბილისში დააყენა, როგორი აქტივობები ექნება და ა.შ. - ბევრი ფაქტორია.

სანამ გიორგი გახარია საკუთარ კანდიდატურას დააყენებდა თბილისის მერის არჩევნებზე, ყველა ერთხმად ამბობდა, რომ მეორე ტური არ იქნება და „ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე უპირობო ლიდერი იქნებოდა პირველივე ტურში. თუმცა, მთავრობის ყოფილი მეთაურის გადაწყვეტილების შემდეგ, პოლიტიკური რეალობა შეიცვალა. როგორ ფიქრობთ, იქნება მეორე ტური?

- სანამ გახარია კანდიდატურას დაასახელებდა, დიდი იყო იმის ალბათობა, რომ კალაძე გაიმარჯვებდა პირველივე ტურში, ახლა ეს ალბათობა შემცირდა, შესაძლოა, იყოს მეორე ტური, თუმცა, უნდა ითქვას, რომ კალაძის სამოქმედო გეგმის პრეტენზაცია საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. რით დაუპირისპირდება გახარია და რა პოზიციას აირჩევს, ეს არის საინტერესო. ამას ექნება საკმაოდ დიდი მნიშვნელობა.

კალაძე-მელია-გახარია, - ხვალ რომ არჩევნები იყოს, ასე დალაგდება თბილისში მერობის კადნდიდატები. ვნახოთ, რა იქნება შემდგომში, კალაძე ყველა შემთხვევაში იქნება პირველ ადგილზე, მაგრამ შეძლებს კი გახარია მელიას ჩანაცვლებას, ეს იქნება სერიოზული თემა.

გიორგი გახარია გამოვიდა ინიციატივით კანდიდატებს შორის შედგეს პოლიტიკური დებატები, თუმცა, ეს უნდა იყოს ერთი-ერთზე, რაზეც კალაძემ უპასუხა, რომ ცალკე გახარიასთან დებატებში დაჯდომას არ აპირებს. მისი თქმით, ყველა კანდიდატი ერთად უნდა დასხდეს ამ დებატებზე...

- დებატები თუ არის, ეს უნდა იყოს ერთი-ერთზე. როდესაც 7 კანდიდატი დასახელდება, ეს დებატები არ არის, ესაა ბაზარი. ამიტომ უნდა ჩამოყალიბდნენ, რას უწოდებენ დებატებს. მესმის, რომ ყველას მოუნდება კალაძესთან პაექრობა, მაგრამ რეალურად ვთქვათ, სამი კანდიდატია დღეს რეალური კანდიდატი. „ლელოს“ და „აღმაშენებლის“ მიერ დასახელებული კანდიდატები, ეს არის ფორმალობა, ვალი მოიხადეს, სულ ეს იყო. რეალურად, არის სამი კანდიდატი. იყოს დებატები ამ სამ კანდიდატს შორის, მაგრამ არა ერთობლივად, არამედ ცალ-ცალკე. ახლა თუ ყველას ერთად დავსვამთ და ბაზარს მოვაწყობთ, ეს არანაირ შედეგს არ გამოიღებს, იქნება უბრალოდ ყაყანი, ქართული დებატები და არა ნამდვილი. თუ ვინმე დებატებზე არის თანახმა, ეს ერთი-ერთზე უნდა იყოს.

მოსაზრება გამოითქვა, რომ გახარიას პარტიის წევრებზე ერთგვარი დაშინება და ზეწოლა იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,“ არამედ გიორგი გახარიასი ეშინია. რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას?

- გახარია არის კონკურენტი, როგორც „ნაცმოძრაობის“ ისე „ქართული ოცნების“. ამ ეტაპზე, არ მგონია, რომ გახარიას ისეთი მხარდაჭერა ჰქონდეს, რომ მან პირდაპირ გაიწიოს „ქართულ ოცნებაზე“. გახარიასთვის პირველი ეტაპი იქნება ის, რომ მან ჩაანაცვლოს „ნაციონალური მოძრაობა“. შემდგომ ეტაპზე, ის უკვე იქნება კონკურენტი „ქართული ოცნების“.

„ქართული ოცნება“ ყველა კვლევით პირველ ადგილზეა და გახარია ვერ შეძლებს დღეს 35%-ის აღებას, თუ ჩავთლით, რომ „ქართულ ოცნებს“ 33% აქვს. ვერც იმას შეძლებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაანაცვლოს ამ არჩევნებზე. გახარიასთვის პროგრამა მაქსიმუმი არის ორნიშნა შედეგის დადება მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუ მელიას ჩაანაცვლებს, მეორე ტურში გადავლენ კალაძე და გახარია, ეს იქნება სერიოზული გამარჯვება.

რამდენად არის შესაძლებელი, შემდგომი საპარლამენტო არჩევნებისთვის გახარია-კალაძის ალიანსი ვიხილოთ?

- გააჩნია როგორ დალაგდება ვითარება. ალბათ, მეორე ტური იქნება, მაგრამ მაინც კალაძე გაიმარჯვებს და დღეს, თუ ბიძინა ივანიშვილს არ ჩავთვლით, „ქართული ოცნების“ რიგებში დარჩა ერთი გამოკვეთილი ლიდერი, ეს არის კახა კალაძე. მისი რეიტინგი გაცილებით მაღალია დანარჩენი ლიდერების რეიტინგზე. მომდევნო არჩევნებში, შესაძლოა, ვიხილოთ ორი პოლიტიკური ძალა, დავუშვათ გახარია-კალაძე, ოღონდ როგორც კონკურენტები არჩევნებში და არა როგორც ერთმანეთთან გარიგებულები.

არჩევნების შემდეგ იქნება სხვა რეალობა, არ გამოვრიცხავ მათ თანამშრომლობას და კოალიციური მთავარობა გახარია-კალაძის გუნდთან ერთად ჩამოყალიბდეს, თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარია გახდნენ კოალიციური მთავრობის შემქმნელები ან „ნაციონალები“ და „ქართული ოცნება“, მაგრამ ეს არის შემდეგომი არჩევნებისთვის, 2024 წლისთვის ან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის.

tngh გ. გახარიას გუნდი ხმებს "ოცნებასაც" წაართმევს და "ნაცებსაც". ყველა სხვა პარტიას კი, დიდი უპირატესობით მოუგებს.
3 წლის უკან
tngh გ. გახარიას გუნდი ხმებს "ოცნებასაც" წაართმევს და "ნაცებსაც". ყველა სხვა პარტიას კი, დიდი უპირატესობით მოუგებს.
3 წლის უკან
tngh გ. გახარიას გუნდი ხმებს "ოცნებასაც" წაართმევს და "ნაცებსაც". ყველა სხვა პარტიას კი, დიდი უპირატესობით მოუგებს.
3 წლის უკან
zxc ორნიშნა შედეგი არის 10- დან 99-მდე უგზოუკლოდ განათლებულო ექსპერტო!!!!
3 წლის უკან