კერძო მზღვეველები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებით და განსაკუთრებით მისი მეორე ეტაპით (რომელიც ივლისიდან ამოქმედდება) უკმაყოფილებას ვერ მალავენ. რამდენიმე თვეში სადაზღვევო ბაზარზე, სავარაუდოდ, დიდი ცვლილებები დაიწყება.
სადაზღვევო კომპანია „აისი ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელაია კერძო სადაზღვევო ბაზარზე ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტის გაიაფებას ვარაუდობს. მოსალოდნელ ცვლილებებს შენგელაია სახელმწიფო პროგრამების გაფართოებას უკავშირებს.
მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პროგრამა 1-ლი ივლისიდან გაფართოვდება, სადაზღვევო კომპანიებისთვის ჯერჯერობით ბევრი კითხვა არსებობს.
„ვვარაუდობ, რომ სახელმწიფო ყველა მოქალაქეს საბაზისო პაკეტს შესთავაზებს, მსურველს კი ამ პროდუქტის გაუმჯობესების შესაძლებლობა კერძო სადაზღვევო კომპანიაში მიეცემა და ეს ყველაზე რეალური იქნება. სხვა შემთხვევაში მოქალაქეების ჯანმრთელობის სრულ დაზღვევას ქვეყნის ბიუჯეტი ვერ აუვა. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ საბაზისო სადაზღვევო პროდუქტის ხარჯზე კერძო სადაზღვევო ბაზარზე სამედიცინო დაზღვევის პროდუქტის გაიაფება დაიწყება“, - განმარტავს შენგელაია.
შენგელაია განმარტავს, რომ „აისი ჯგუფის“ სადაზღვევო პორტფელი დივერსიფიცირებულია და ამიტომ მას კონკრეტული საფრთხე არ ემუქრება, თუმცა სახელმწიფო პროგრამებისგან სრულად ჩამოშორების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, კომპანიას სამუშაო ადგილების შემცირება მოუხდეს.
საერთოდ კი, სადაზღვევო ინდუსტრია სახელმწიფო პროგრამის მეორე ეტაპის ამოქმედებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსთან კონტაქტით უკმაყოფილოა.
სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, რა პრინციპით ამოქმედდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპი.
თუმცა ხეჩინაშვილი გარკვეულწლიად დარწმუნებულია, რომ წინასწარი განწყობების მიხედვით, სექტორი პროგრამის მიღმა რჩება. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე მთავრობა საკითხზე მუშაობს და მათთან პერიოდულად კონსულტაციები მიდის. თუმცა, ხეჩინაშვილის განცხადებით, ივლისამდე რამდენიმე თვე რჩება და კომპანიებს უნდა ჰქონდეთ დრო, შეძლონ ახალ რეალობაზე გადაწყობა.
მისი თქმით, დღეს ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისებში მხოლოდ 60 ათასია სახელმწიფო პროგრამების გარეთ გაფორმებული და თუ სახელმწიფო პროგრამაში კერძო კომპანიები აღარ იქნებიან, ამას დიდი გავლენა ექნება კომპანიების რეალურ მდგომარეობაზე.
საყოველთაო დაზღვევის საკითხებში ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი ლაშა ნიკოლაძე კი რადიო „კომერსანტის“ ეთერში აცხადებს, რომ სადაზღვევო ბაზარზე იმდენი კომპანია იქნება, რამდენიც ბაზრისთვისაა საჭირო. ლაშა ნიკოლაძის თქმით, ბაზარზე დარჩენა იმაზეა დამოკიდებული, რა ფინანსური მდგომარეობა ექნებათ კომპანიებს და როგორ შეძლებენ მოერგონ რეალობას.
მისი განცხადებით, სოციალურ პროექტებში მონაწილე კომპანიებიდან თითქმის ყველა მოახერხებს ბაზარზე დარჩენას, ხოლო კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამებში არ არიან ჩართულნი, საკუთარი განვითარების გეგმები აქვთ. ნიკოლაძის აზრით, სადაზღვევოების რთული ვითარება და ზარალიანობა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების სიმძიმემ გამოიწვია.
ოფიციალური ინფორმაციით, 2012 წელს, საქართველოს ბაზარზე ოპერირებადმა 14-მა სადაზღვევო კომპანიამ 515,471 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მიიზიდა და ამ თანხის 74%-მდე, ანუ 380,333 მლნ ლარი ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების გაყიდვაზე მოდიოდა.