იუსუფელის კაშხალი ქართულ ძეგლებს წალეკვით ემუქრება

იუსუფელის კაშხალი ქართულ ძეგლებს წალეკვით ემუქრება

ტაო-კლარჯეთის ისტორიულ მიწაზე მდებარე ქართული ძეგლების ტრაგედია  გრძელდება. ამჯერად თურქული გამოცემა „ჰარიეტ დეილი ნიუსი“ უილკო ვან პერჰენის სტატიას აქვეყნებს, სათაურით "იუსუფელი – უნიკალური ადგილი მოსანახულებლად".

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, შავი ზღვის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიულმა ძეგლებმა_ პარხალმა და ოთხთა ეკლესიამ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და ამ ძეგლების მონახულებას სხვა ტურისტებსაც ურჩევს. თუმცა იქვე დასძენს, რომ, ვინც ამ ძეგლების მონახულებას დაგეგმავს, უნდა იჩქაროს, რადგან 2018 წლის მაისისთვის ეს ძეგლები და მიმდებარე ტერიტორიები წყალქვეშ აღმოჩნდება. მათ გაანადგურებს იუსუფელის კაშხალი, რომლის მშენებლობაც სწორედ ამ დროისთვის დასრულდება.

იუსუფელის კაშხალი მსოფლიოში სიმაღლით მესამე და თურქეთში ყველაზე მაღალი იქნება და, სტატიის ავტორის პროგნოზით, კაშხლიდან გადმომავალი წყალი წალეკავს ამ უნიკალურ, ისტორიულ ძეგლებსა და სოფლებს.

ისტორიკოსი დავით ხოშტარია მიიჩნევს, რომ ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ოთხთასა და პარხლის შესაძლო დატბორვის შესახებ ინფორმაცია თურქულ მხარესთან გადასამოწმებელია. უფრო მეტიც, იუსუფელის კაშხლის მშენებლობის გამო არასდროს თქმულა, რომ დიდი ტაძრები დაიტბორებოდა. მისთვის ცნობილი იყო, რომ იუსუფელის გარეუბანში მხოლოდ ქართული დარბაზული ეკლესიის ნანგრევები დაიტბორებოდა.

"მწვანეთა მოძრაობის" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ ჭოროხის კაშხლებთან დაკავშირებით შეთანხმება კულტურული მემკვიდრეობის საკითხს არ ითვალისწინებდა და ჭოროხის ხეობაში კაშხლების ასაშენებლად საქართველოსა და თურქეთს შორის შეთანხმების ოქმი გარემოს დაცვის კუთხით 90-იანი წლების ბოლოს გაფორმდა.

მისივე თქმით, თუკი იუნესკოს მეშვეობით არ მოხდება ამ ძეგლების დაცვა,  მსოფლიოში, ალბათ, სხვა მექანიზმი არ არსებობს.

For.ge პარხალისა და ოთხთა ეკლესიის ბედით დაინტერესდა და სპეციალისტებს მიმართა. 

ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია აცხადებს, რომ ამ ძეგლების ბედიც ადასტურებს, რამხელა მნიშვნელობა ჰქონია ჩვენთვის იუნესკოს და მის მიმართ აგდებული დამოკიდებულება, რაც ჩვენმა გარკვეულმა პირებმა გამოავლინეს, სისულელე და უპასუხისმგებლობა იყო. მეტიც, ამ ადამიანებმა იუნესკო ლამის ბიუროკრატიულ დაწესებულებად გამოიყვანეს. არადა, გოგი ხოშტარიას თქმით, იუნესკო არის იგივე გაერო, ოღონდ, კულტურის სფეროში.

„მათ შეუძლიათ გვითხრან, რომ აგერ, ეგვიპტეში ასუანის კაშხლის შექმნის შედეგად ძვ.წ. მე-13 საუკუნის აბუ სიმბელის მნიშვნელოვანი ტაძარი დაიტბორა, რომელიც ეგვიპტის ფარაონის რამზეს მეორის მიერ იყო აგებული, ხოლო ქალღმერთ ჰატჰორის ტაძარი ეგვიპტის დედოფლის სადიდებლად აიგო,  მაგრამ იქ არსებული უზარმაზარი, ოთხი ოცმეტრიანი ქანდაკება დახერხეს და ახალ ადგილას გადაიტანეს. თვითონ ტაძარი გამოქვაბულშია და გამოქვაბულს ვერ დახერხავდნენ. დღესაც, შესაძლოა, თურქებს ვერ ავუკრძალოთ კაშხლის აშენება, მაგრამ ჩვენი ძეგლების გადატანა აუცილებელი იქნება. ამიტომ  ძეგლი უნდა დაიშალოს, აიწყოს და სადმე სხვაგან დაიდგას, თუკი სხვა გზა არ გამოინახა. აქ თავისი როლი უნდა ითამაშოს იუნესკომ, რომლის მიმართაც ცოტა მეტი პატივისცემაა საჭირო“,_აცხადებს გოგო ხოშტარია და იმასაც იხსენებს, რომ თუნდაც ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით იუნესკოს არცერთი რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული და, როგორც ვაჩეიშვილი ამბობდა, ეს ბიუროკრატია, დროში გაწელვა იყო.

თუმცა, გოგი ხოშტარიას თქმით, საბოლოოდ ისევ იუნესკო გვჭირდება, რადგან იუნესკოს ჩარევის გარეშე ბევრად ძნელი იქნება ჩვენი ძეგლების გადარჩენა. თუმცა იგი არ გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, ისედაც მივაღწიოთ თურქეთთან მოლაპარაკებას.

მისივე განმარტებით, პარხალსა და ოთხთა ეკლესიაზე დიდი ძეგლებიც გადაუტანიათ.  ეს ძეგლები კი ერთი ტიპის ბაზილიკებია, ძალიან  ჰგვანან ერთმანეთს, თუმცა ძალიან  ფრთხილად უნდა მოხდეს მათი გადატანა.

„როგორც მახსოვს, პარხალი და ოთხთა, შედარებით ნორმალურ მდგომარეობაშია, ისინი ბაზილიკებია, ანუ უგუმბათო ნაგებობები და ასეთი ნაგებობა უფრო დიდხანს რჩება ხოლმე. როგორც წესი, გუმბათი უფრო ფაქიზი კონსტრუქციაა, ბაზილიკა კი უფრო ადვილად ინახება“,_განმარტავს ხელოვნებათმცოდნე.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე  აცხადებს, რომ მას ოფიციალური ინფორმაცია არ აქვს პარხალისა და ოთხთა ეკლესიის საშიშროების შესახებ. ამასთან, ეჭვობს, რომ მათ დატბორვა ემუქრებოდეს. მისი ვარაუდით, შესაძლოა, ოთხთა ეკლესიაზე არც იყოს საუბარი, არამედ _ ოთხთა ციხის შესახებ და აქ, უბრალოდ, ძეგლთა აღრევა მოხდა, რადგან უფრო დაბლაა ეს ძეგლი.

მერაბ ბოჭოიძის თქმით, სანამ საქმეში იუნესკოს ჩავრთავთ, მანამდე ქვეყნის მთავრობამ უნდა გაარკვიოს, რასთან გვაქვს საქმე, რადგან ამ ეტაპზეკულტურის სამინისტროსაც არ აქვს ამის შესახებ ინფორმაცია.  

ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძეს თურქული ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არ უნახავს, ამდენად, ვერ ადასტურებს, სადამდე ადის წყლის დონე, თუმცა მიაჩნია, რომ ოთხთა ეკლესია და პარხალი ძალიან მაღლაა და მათ რომ წყალი მიწვდეს, ძალიან ბევრი კასკადი იქნება გასაკეთებელი.

მისი თქმით, ზოგადად, წყალსაცავები აზიანებენ კულტურულ მემკვიდრეობას, არქოლოგიური ნიმუშები იძირება, რამდენიმე ეკლესიაც ხვდება წყლის ქვეშ, მაგრამ საეჭვოა, აღნიშნულ ძეგლებს რამე დაემუქროს. 

„მდინარე ჭოროხზე შენდება ეს კაშხალი და ჭოროხის შემდინარე პარხლისწყალზე აგუბებენ. როგორც ვიცი, გეგმაში აქვთ, რომ ქალაქ იუსუფელის ადგილზეც წყალი უნდა იყოს. პატარა ქალაქია და, რომ იცოდეთ, ქართველებითაა დასახლებული. რატომ აშენებენ მაინცდამაინც მანდ თურქები კაშხალს, ეს კიდევ ცალკე თემაა. ახლა მთავარია, გამოვითხოვოთ პროექტი, თუ რას აპირებენ. პროექტის გამოთხოვის სურვილი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, გზადაგზა რაღაც ემატება ამ პროექტს“,_აცხადებს გიორგი გაგოშიძე და საქმეში იუნესკოს ჩართვა გამოსავლად მიაჩნია, თუმცა იმასაც ადასტურებს, რომ თურქეთმა უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა, რადგან ჩვენი ძეგლი სწორედ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზეა.

კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტის დირექტორი ბესო მაცაბერიძე  აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, იუნესკოზე მეტად საქმეში მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდი უნდა ჩავრთოთ, რადგან იუნესკო მხოლოდ თავის ნუსხაში შემავალ ძეგლებზე აიღებს პასუხისმგებლობას. მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდს კი რამდენად შეუძლია, შეაჩეროს კაშხლების მშენებლობა, ეს მისთვის უცნობია, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ ორგანიზაციას  მონიტორინგის წარმოება მაინც შეუძლია ამ ძეგლებზე.

„დაზუსტებით არ ვიცით, იქ რისი აშენებაა დაგეგმილი. ოთხთა ეკლესიის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, მისახედია. მართალია, ისეთი საგანგაშო არ არის, როგორც ოშკის შემთხვევაში, მაგრამ ისიც საკმაოდ მძიმე დღეშია. მე პირადად საეჭვოდ მეჩვენება, რომ წყლით დაიფარება ოთხთა ეკლესია და პარხალი, ის საკმაოდ მაღლაა ხეობაში და წყალი ვერ მიუდგება“,_აღნიშნა ბესო მაცაბერიძემ.

ჩვენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორ  ბუბა კუდავასთანაც ვცადეთ დაკავშირება, რადგან ექსპერტებმა გვირჩიეს, რომ სწორედ იგი ჩადიოდა ტაო-კლარჯეთში, ამდენად, მას უნდა ჰქონოდა პარხალისა და ოთხთას შესახებ რელური ინფორმაცია, თუმცა მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა.

 

“თქვენი საწინააღმდეგო რა მაქვს?! სადაც გინდათ, იქ შეგხვდებით და დაგელაპარაკებით, მაგრამ არ ვთანამშრომლობ თქვენს საიტთან. ადრე  თქვენთან  ეთიკური ნორმების დარღვევით გავიდა ნინო მიქიაშვილის ინფორმაცია; რომ წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ ასეთი რამ არ უნდა გასულიყო“,_გვითხრა ბუბა კუდავამ.

ამის პასუხად ვუთხარით, რომ ჩვენ ძეგლის ამბავი გვაინტერესებდა და არა კერძო, თუნდაც ნინო  მიქიაშვილთან მისი დაპირისპირების ამბავი, რადგან აქ ყველაზე საგანგაშო ტაო-კლარჯეთის ძეგლების მდგომარეობაა, მაგრამ ბუბა კუდავა მაინც შეუვალი აღმოჩნდა და კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

ჩვენ დავუკავშირდით მწვანეთა პარტიის ლიდერს, პარლამენტარ  გიორგი გაჩეჩილაძეს, რომელიც თავის დროზე თურქების მიერ დემირელის კაშხლის მშენებლობას აპროტესტებდა, რის გამოც შევარდნაძისგან, სურამის ციხის ანალოგიით, ზურაბივით კაშხალში ჩაყოლების მუქარა მიიღო. გიორგი გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ მათი გაფრთხილება არ გაითვალისწინა იმდროინდელმა ხელისუფლებამ, რომ დემირელის კაშხლის გამო ბათუმის სანაპირო ზოლი დაინგრეოდა და კატასტროფები იქნებოდა. ადლია, ანგისა და ბათუმის გარკვეულ ნაწილი საფრთხის ქვეშ მოყვებოდა, აეროპორტის ჩათვლით.

„ჯერ კიდევ კომუნისტებმა რიონის კაშხალი რომ ააშენეს, მას შემდეგ ზღვამ დაიკავა ფოთის ორკილომეტრიანი ტერიტორია. უხუცესებს კიდევ ახსოვთ, თუ სად იყო ხმელეთი. იქ ყოფილი იპოდრომი იყო და შუა ზღვაშია ახლაც ამოწვერილი ეს მიტაცებული ტერიტორია. ამიტომ საფრთხე ძალიან დიდია. ჩვენ მაშინ ვერ მოვახერხეთ ხელისუფლების დარწმუნება, წინააღმდეგობა გაეწია თურქეთისთვის კაშხლების მშენებლობასთან დაკავშირებით. თუმცა უკვე აშენებულია მთავარი კაშხალი, რომელმაც დაკეტა ჭოროხი და იმის ზევით რა აშენდება, ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს“,_აცხადებს გიორგი გაჩეჩილაძე.

ამასთან, მიიჩნევს, რომ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, ალბათ, საერთაშორისო დონეზე უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები. ამაში იუნესკოც უნდა ჩაერთოს და გაეროც. ამ შემთხვევაში, შეიძლება, ქართული ტაძრები გადავარჩინოთ, მით უფრო, რომ თურქები ამ ბოლო ხანებში ძალიან კეთილგანწყობილნი არიან საქართველოს მიმართ. ამიტომ მწვანეთა პარტიის ლიდერი იმედოვნებს, რომ ქართული დიპლომატია ამას მიაღწევს.

მისი თქმით, თურქებს მთლიანობაში 11 კაშხლიანი წყალსაცავის აშენება ჰქონდათ დაგეგმილი და ყველა კაშხალი ჭოროხზე შენდებოდა. უფრო მეტიც, გიორგი გაჩეჩილაძე იმასაც იხსენებს, რომ წინა ხელისუფლების დროს საუბრობდნენ, თითქოს თურქებს მტკვარზეც უნდა აეშენებინათ კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგური, საკმაოდ დიდი წყალსაცავით, პირდაპირ თურქეთ-საქართველოს საზღვარზე. თუ ეს განხორციელდებოდა, მტკვარი, ფაქტობრივად, აღარ იარსებებდა, როგორც მდინარე და ამას ეკოლოგიური კატასტროფა მოყვებოდა.

„ჯერ მარტო თბილისში, მტკვარში ამდენი კანალიზაცია ჩადის და წყალი თუ არ იქნებოდა მტკვარში, ეს ადგილი მარტო კანალიზაციის ხევად გადაიქცეოდა. თურქები მტკვარს იმიტომ უმიზნებდნენ, რომ ჭოროხის ბოლო კაშხალს წყალი არ ჰყოფნიდა. ამიტომ მტკვარზე აშენებული კაშხალი ენერგიას გამოიმუშავებდა და თურქების ბოლო კაშხლისთვის წყლის შესავსებად გადაისროდნენ. ამით წყალს საერთოდ სპობდნენ მტკვარში. სააკაშვილი, ალბათ, დაინტერესებულიც იყო ამით, თუმცა ეს პროექტი შეჩერდა, რადგან ხმაურის ატეხვის შემდეგ თვითონ თურქეთმა თქვა ამაზე უარი. მიხვდნენ, რომ ეს არა მარტო საქართველოსთვის იქნებოდა კატასტროფა, არამედ აზერბაიჯანისთვისაც, რადგან აზერბაიჯანისთვის მტკვარი არის ერთ-ერთი ძირითადი წყალმომმარაგებელი და მინგეჩაურის წყალსაცავს ძირითადად მტკვარი კვებავს“,_აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ და მანაც პარხალისა და ოთხთა ეკლესიის გადასარჩენად იუნესკოს ჩართვის აუცილებლობა დაასახელა.