"საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენს წინაშე მდგომი ყველა ამოცანა, სამართლებრივი იქნება თუ ტექნიკური, გადავჭრათ, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი რომ დაჩქარდეს. ყალბი თავმდაბლობის გარეშე აღვნიშნავ, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია და ვიმედოვნებთ, ვილნიუსის სამიტზე მისი პარაფირება მოხდება. ეს მომლაპარაკებელთა ჯგუფის, თითოეული უწყების წარმომადგენლების დამსახურებაა. ამ მოლაპარაკებისას განიხილებოდა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თემები, როგორიც არის: ტარიფები, სურსათის უვნებლობა, ფიტოსანიტარიული ნორმები, ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის შესვლა და ა.შ.. ცალკე თავი ეხება სოციალური თანამშრომლობის საკითხს: ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც დღეს ევროკავშირის ქვეყნებში მძიმე შრომის ფასად ძალზე მცირე ანაზღაურებას იღებენ, მომავალში ლეგალურად მუშაობას შეძლებენ", - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას ვერაფერი შეაფერხებს" / "გამუდმებული ძახილი, რომ "ევროპის მატარებელი გაგვასწრებს", შანტაჟის მცდელობაა".
"საზოგადოებამ ისე არ უნდა გაიგოს, რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა მთავარი. ჩვენ თვითონ ვიღებთ ვალდებულებას, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნის პროცესი გაგრძელდება, სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი იქნება, რომ პენიტენციურ სისტემაში მდგომარეობას რადიკალურად გავაუმჯობესე¬ბთ, მედია თავისუფალი და დამოუკიდებელი იქნება. ეს ეხება ადამიანის უფლებების, ეროვნულ უმცირესობათა დაცვას; ასევე შრომის კანონმდებლობის დახვეწას, ჩვენი მოქალაქეების უფლებები უცხოელ თუ ადგილობრივ დამსაქმებლებთან მუშაობისას რომ არ დაირღვეს. რაც უფრო მჭიდრო ხდება საქართველოს ინტეგრაცია ევროსტრუქტურებთან, მით მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება, როგორც პარტნიორ ქვეყანას, რომელსაც გაცხადებული აქვს ევროკავშირის წევრობის სურვილი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსი პეტრიაშვილი.
"ვინაიდან სააკაშვილი და `ნაციო¬ნალური მოძრაობა~ მუდმივად ქმნიდა გადაჭარბებულ მოლოდინს, რომ ვილნიუსში სასწაული მოხდება. კონკრეტულ თარიღებს ასახელებდნენ, რომ 2013 წელს შესაძლებელი გახდება ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა, მივიღებთ მიწვევას ევროკავშირისგან და ა.შ. ვფიქრობ, დიმიტროვის განცხადება რეალობასთან ახლოს არის, თუმცა, გააჩნია, რას დავარქმევთ "სასწაულს". ვფიქრობ, ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების შეთანხმების პარაფირება ძალზე მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვის, კეთილმოსურნეებისა და არაკეთილმოსურნეებისთვისაც, ეს იქნება დასტური, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეუქცევადია.", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ბოლო პერიოდში "ნაცმოძრაობა" ცდილობს, ყველა საკითხი ამ თემას მიაბას, აცხადებენ, თუ უმრავლესობა ამ საკითხს, ამ კანონპროექტს ასეთი სახით არ მიიღებს, მაშინ ვილნიუსის მატარებელი გაგვასწრებს, ასოცირების შეთანხმებას საფრთხე დაემუქრებაო. არადა, ეს ასე არ არის, ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკების ბოლო რაუნდი ძალზე წარმატებულად ჩატარდა და ევროპელმა პარტნიორებმაც მკაფიო განცხადებები გააკეთეს. ახლა ამ შეთანხმების საბოლოო სამართლებრივი გაშალაშინების პროცედურაა დარჩენილი, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა მოწადინებული და მობილიზებულია იმისათვის, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების პარაფირება მოხდეს. ასე რომ, სააკაშვილის გამუდმებული ძახილი, რომ "ევროპის მატარებელი გაგვასწრებს" რეალობას არ ასახავს და უფრო შანტაჟის მცდელობაა", - დასძენს ალექსი პეტრიაშვილი.