საბავშვო ბაღებში მაცივრები არა, მაგრამ მაგთიფიქსები აქვთ

საბავშვო ბაღებში მაცივრები არა, მაგრამ მაგთიფიქსები აქვთ

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო, იურიდიული პირი სააღმზრდელო დაწესებულება “მომავალი” (ბაღების გაერთიანება) მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მიმდინარე და მომავალი წლის ბიუჯეტის მიხედვით ცხადი ხდება, რომ  “მომავალის” ხელმძღვანელობა  საკუთარ მომავალზე კარგად ზრუნავს, რადგან თითქმის ნახევარი მილიონი ლარი (3 მილიონიან ბიუჯტში) მათ ხელფასებს ხმარდება (ამაში პრემიები არ შედის). უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად სოლიდური დაფინანსებისა, მიმდინარე წლის სექტემბრიდან ბაღები ფასიანი გახდა. ქალაქში 10 ლარი, სოფელში ხუთი ლარი ღირს. გადასახადის შემოღება ადგილობრივმა ხელისუფლებამ უფულობით აგვიხსნა:

 

“მართალია, გადასახადი დაწესდა, თუმცა ეს მინიმალური თანხაა. შეიძლება ვინმეს ძალიან არ ესიამოვნა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ წელს ბაღები გარემონტდა, ბევრგან ინვეტნარი გამოიცვალა. ნუ იტყვით, რომ ჩვენ მხოლოდ გადასახადებს ვაწესებთ. ჩვენ ქვეყნის საქმეს ვაკეთებთ”, - აღნიშნა პრესაგე.ტვ.-სთან საუბრისას ჩოხატაურის გამგებლის მოადგილემ, დიმა კორიფაძემ.

“ქვენყნის საქმის” გადასამოწმებლად, ჩვენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბუკნარის, ქვენობნის, ბასილეთის, ხიდისთავის და ერკეთის ბაღებს ვესტურეთ.

 

ბუკნარში სასიამოვნო გარემო და უზადო სისუფთავე დაგვხდა. ბაღში ერთი შერეული ჯგუფია. საწოლები ძველისძველია, თეთრეული მშობლების მოტანილი. პრობლემებიც ბლომად აქვთ - სახელურმოტეხილი ფინჯნები, არასაკმარისი სკამები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უმაცივრობა.

 

ბაღის დირეტქორის, ნათელა თავდიშვილის განმარტებით 5 თვეა უმაცივროდ მუშაობენ და ამის შესახებ საქმის კურსშია ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი. ბუკნარის საბავშო ბაღში გვითხრეს, რომ მალფუჭებად პროდუქტს სოფლის ცენტრში მდებარე მაღაზიაში ინახავენ.

 

მაცივარი არც ქვენობნის საბავშვო ბაღში აქვთ. ახლაგარემონტებულ კედლებს საღებავი უკვე ძვრება. მოუწესრიგებელია სველი წერტილები. იქ მისულებს გვითხრეს რომ მაცივარზე და სველ წერტილებზე მნიშვნელოვანი შენობის რემონტი იყო, რადგან დაზიანებული სახურავიდან წვიმა ჩადიოდა.

ბასილეთის საბავშო ბაღს სველი წერტილი ეზოში აქვს. ბაღის გვერდით, ახალგარემონტებული შენობაა, რომელიც, როგორც იქ მისულებს გვითხრეს სამზარეულოსთვის არის განკუთვნილი, თუმცა იქ მხოლოდ ცარიელი კედლები დაგვხვდა:

 

“გამოაცხადეს ციკლონი იქნებაო, შეგვეშინდა(?!) და ძველ შენობაში გადავიტანეთ ისევ(?!)”, - განგვიმარტა ბასილეთის საბავშვო ბაღის ხელმძღვანელმა ინგა მჟავანაძემ.

 

მაცივარი არც ხიდისთავის საბავშვო  ბაღში აქვთ. სველი წერტილები, რომლებიც ეზოშია განთავსებული საკმაოდ მოუწესრიგებელია. ბაღის გამგის თქმით, ისეთი მალფუჭებადი პროდუქტი, როგორიც არის კარაქი, ხორცი და ა.შ. პირადად მას ჩოხატაურიდან მოაქვს.

 

“იმდენი ხელფასი კი მაქვს, რომ ჩოხატაურში ყოველდღე გავიდე და გამოვიდე, მაგისთვის დამატებითი ხარჯი არ მჭიდება”, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ხიდისთავის საბავშვო ბაღის დირექტორმა ნანი გოგიბერიძემ.

 

ერკეთის საბავშო ბაღში კი სავალალო მდომარეობა დაგვხვდა. ჭერი სადაცაა ჩამოვარდება, ხოლო ერკეთელების თქმით ე.წ. ბოსელზე მიშენებული სამიოდე ოთახი გამოუყენებელია. საბავშვო  ბაღის დირექტორის თქმით, ახალი შენობის მოთხოვნა მათ გააკეთეს და ეს ოთახებიც ამიტომ აშენდა, თუმცა იმის გამო, რომ ბოლომდე არ გარემონტდა, ვერ სარგებლობენ.

 

”მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ხელი არაფერზე მომიწერია”, - გვითხრა ბაღის გამგე ნელი ჯინჭარაძემ.

 

არადა, ამ ოთახების რემონტი 80000 ლარი დაჯდა. ეს რომ წყალში გადაყრილი ფულია ჩოხატაურის მუნიციპალუტეტის გამგებლმა გია გიორგაძემც დაგვიდასტურა. ”ერკეთის საბავშვო ბაღი საერთოდ უქმდება”, - გვითხრა გიორგაძემ.

 

რა არის ბაღის გაუქმების მიზეზი?

- როგორც მითხრეს ერკეთის საბავშვო ბაღში 12 ბავშვია, როცა ჯგუფის რაოდენობის მინიმუმი 25 აღსაზრდელი გახლავთ. არ არის გამორიცხული ბაღი ქვემო და ზემო ერკეთის შუაში გადმოვიდეს და მისი მომსახურებით ორივე სოფელმა ისარგებლოს. ამ საკითხზე ახლა ვმუშაობთ.

 

თუკი უქმდება რა საჭირო იყო 8000 ლარის დახარჯვა ობიექტზე, რომლის ფუნქციაც გაუგებარია?

- 8000 ლარად ის გაკეთდა რისი საშუალებაც იყო.

 

ჩვენ ხუთ საბავშვო ბაღს ვესტუმრეთ და არასად არ იყო მაცივრები.

- ბაღებს რა მოთხოვნაც ჰქონდათ ის გაუკეთდათ.

 

რა მოთხოვნა ჰქონდათ?

- ინფარსტუქტურის მოწესრიგება სურდათ.

 

და თქვენ ფიქრობთ რომ იფრასტრუქტურა მოწესრიგებულია? ქვენობნის საბავშო ბაღში რამდენიმე თვის წინ დამთავრდა რემონტი და საღებავი უკვე გაფუჭებულია. არაფერს ვამბობთ იმაზე რომ არცერთ საბავშო ბაღს მოწესრიგებული სველი წერტილი არ აქვს.

- მასეთი რამ ჩვენ არ გვინახავს.

 

ჩვენ ვნახეთ და გადავიღეთ კიდეც. ბაღები, თავიანთი ინფრასტრუქტურითგარედან მტერს უბრმავებს თვალებს, შიგნიდან - მოყვარეს”...

- მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ბაღებისთვის მაცივრების შეძენა.

 

მიმდინარე წელს რატომ არ შეუძინეთ? ბავშვების ჯანმრთელობის ხარჯზე გააკეთეთ ბიუჯეტის ეკონომია?

- ბაღები არასამეწარმეო იურიდიული პირები არიან და ბიუჯეტსაც დამოუკიდებლად განკარგავენ.

 

ბიუჯეტს თავად რომ განკარგავს სააღმზრდელო დაწესებულება “მომავალის” დირექტორი ნინო ბარამიძეც ადასტურებს. მისი თქმით, ერთბაშად ყველაფრის გაკეთება შეუძლებელია:”ჩვენი ორგანიზაცია 3 წელია ჩამოყალიბდა და ერთად ყველაფერს ვერ შევძლებდით. თანდათანობით ყველაფერს ვიზამთ”.

 

სამი წლის განმავლობაში მაცივრების შეძენა ვერ მოახერხეთ?

- ხიდისთავში და ერკეთში ჰქონდათ მაცივრები და ახლახან გაუფუჭდათ. ჩვენც მრავალჯერ მოვითხოვეთ  მაცივრების შეძენა და მომავალი წლის ბიუჯეტში ეგ საკითხი გათვალისწინებულია.

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლმა გვითხრა, რომ თქვენს მიერ მაცივრებზე მოთხოვნა არ გაკეთებულა?

- როგორ არა... ყველა უწყება საქმის კურსში ჩავაყენეთ. საკრებულოს კომისიაზეც დავსვით ეს საკითხი და როგორც გითხარით, მომავალი წლის იანვრიდან ეს პრობლემა ყველა საბავშვო ბაღს მოუგვარდება.

 

როგორც გავარკვიეთ ჩვენს მიერ მონახულებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლების უმეტესობამ არ იცოდა, რომ ბაღებში მაცივრები არ ჰქონდათ.

 

”ყველა ბაღში უნდა იყოს მაცივარი. რისკის ფაქტორი ნებისმიერ მომენტში არსებობს. ყველა პრუდუქტს შენახვის მისი წესი და ტემპერატურა აქვთ. ბაღის ასაკის ბავშვებს განსაკუთრებული კვება სჭირდებათ და მათი საკვების შესანახად მაცივარი აუცილებელია. მით უმეტეს, რომ ახლა ზამთრისთვის უჩვეულო სითბოა. დაუშვებელია ბიუჯეტი ბავშვების ჯანმრთელობის ხარჯზე დაიზოგოს. სხვა რამეზე უნდა გაკეთდეს  ეკონომია და არა ჩვენი შვილების, ჩვენი მომავლის ჯანმრთელობაზე”,- აღნიშნა ჩვენთან საუბრისას პედიატრმა ვახო გაჩეჩილაძემ.

 

მართალია, მაცივრები არა, მაგრამ ყველა ბაღს აქვს მაგთიფიქსის ტელეფონი.  ბაღებში გვითხრეს რომ ეს ტელეფონები კარგი საშუალებაა მშობლებთან საკონტაქტოდ (?!). თუმცა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ არც მაგთიფიქსის გამოყენებით და არც სხვა გზით, ბაღების ხელმძღვანელობას მშობლები იმ საფრთხის შესახებ არ გაუფრთხილებიათ, რაც შესაძლებელია უმაცივრობას მოჰყვეს.