"საქმის მსვლელობაზე ინფორმირებული ვარ, პერმანენტულად ვეცნობი მოძიებულ ახალ მასალებს, თუმცა სჯობს, ამ ეტაპზე კომენტარი საქმეში გაჩენილი ახალი დეტალების თაობაზე, პროკურატურამ გააკეთოს. ზურაბ ჟვანიას საქმეში გაჩნდა ახალი და მნიშვნელოვანი დეტალები, რაც, ვიმედოვნებ, მალე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. პრეზიდენტის განცხადებები შორს არის ადეკვატურობისგან, ამიტომ მისი კომენტირება არც ღირს. ყველაფერი გარკვეული რომ ყოფილიყო, ეს საქმე აქამდე დაიხურებოდა. ვეკითხები პრეზიდენტს, რატომ არ დახურეს საქმე, თუ ყველაფერი გამოძიებული იყო? ეს რვა წლის განმავლობაში ვერ შეძლო "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომლის დაქვემდებარებაშიც იყო პროკურატურა და ვერ შეძლო იმიტომ, რომ არსებობდა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა. ეს არის ყველაზე მარტივი პასუხი პრეზიდენტის მორიგ უპასუხისმგებლო განცხადებაზე. ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილს სამართალდამცველების არაერთ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა", - აცხადებს კოალიცია "ქართული ოცნების" პარლამენტის დეპუტატი გოგა ჟვანია გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "მიხეილ სააკაშვილს ზურაბ ჟვანიას საქმეზე სამართალდამცველების არაერთ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა" / "ვეკითხები პრეზიდენტს, რატომ არ დახურეს საქმე, თუ ყველაფერი გამოძიებული იყო?".
"ერთიანი სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა იმიტომ გადაიდო, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები უმცირესობის წარმომადგენლებთან. რადგან ამ მოლაპარაკებებში არ ვმონაწილეობ, კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არის დადებითი პროცესი. გვსურს, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები სწორედ მოლაპარაკებისა და შეთანხმების გზით წყდებოდეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგა ჟვანია.
"ვერ ვიტყვი, რომ კომუნიკაცია და კოორდინაცია აქამდე დიდი პრობლემა იყო, თუმცა მხოლოდ მივესალმები, თუ ეს კიდევ უფრო გაუმჯობესდება. რაც ხშირად შევხვდებით ერთმანეთს საკანონმდებლო ხელისუფლება და მთავრობა და გავუზიარებთ აზრებს, ეს საქმეს მხოლოდ წაადგება. არის ძალიან ბევრი საკითხი და პრობლემა, რომელთა გადაწყვეტასაც ჩვენი შეთანხმებული მოქმედება სჭირდება. აზრთა სხვადასხვაობა გასაკვირი არ არის, როდესაც ამხელა სტრუქტურებსა და ამდენ ადამიანზეა ლაპარაკი. ყოველთვის ვერ გვექნება ერთი პოზიცია. აქ ლაპარაკია, რომ იყოს მაქსიმალური კოორდინაცია ხელისუფლების სხვადასხვა შტოების ეფექტიანად და გამართულად მუშაობისათვის", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ძალიან უცნაურია, რომ "ნაცმოძრაობა" პარლამენტის ძველ შენობასთან აპირებს აქციის გამართვას. საინტერესოა, ვისკენ არის მიმართული მათი აქცია, ვისი ყურადღების მიპყრობას ცდილობენ? გაემართათ აქცია პარლამენტის ახალ შენობასთან, რომლის აშენებითაც ძალიან იწონებენ თავს, ეს უფრო ლოგიკური არ იქნებოდა? რაც შეეხება უშუალოდ აქციას და საზოგადოების ინტერესს მის მიმართ, ვფიქრობ, ეს ინტერესი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ნათლად ჩანს უკვე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ნელ-ნელა ისტორიას ბარდება. ეს რაღაც ბოლო გაბრძოლების მცდელობებია, რომელიც, არა მგონია, ამდენ ყურადღებას იმსახურებდეს. ამ პოლიტიკური ძალის, განსაკუთრებით მისი ლიდერების - ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის განცხადებე¬ბი საღ აზრს მოკლებულია, ამიტომ მათზე რაც ნაკლებად ვილაპარაკებთ, მით უკეთესი", - დასძენს გოგა ჟვანია.