„როცა ვალი ცხადდება გამარჯვებად და სესხის მომცემის მხრიდან წყალობად, ეს ავადმყოფობაა“

„როცა ვალი ცხადდება გამარჯვებად და სესხის მომცემის მხრიდან წყალობად, ეს ავადმყოფობაა“

„მეორე ადგილზე გახარიას გასვლა შეიძლება უკეთესი იყოს, ვიდრე „ნაცების“ მეორე ადგილზე გასვლა და, საერთოდ, გახარიას რომ ჩაენაცვლებინა „ნაცები“, კარგი იქნებოდა, მაგრამ ამის რეალურ შესაძლებლობას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ჯერ კიდევ არსებობენ მყარად ჩამოყალიბებული „ნაცმოძრაობის“ მომხრეები, რომლებისთვისაც „ნაცმოძრაობა“ არის აღთქმის გვირაბი, რომლიდანაც ვერ გამოდიან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე.

სალომე ზურაბიშვილის ტონი „ქართული ოცნების“ მიმართ გამკაცრებულია. გვარამია ამბობს, რომ მამლის პირველ ყივილამდე უარყო ზურაბიშვილმა „ქართული ოცნება“, როცა განაცხადა, რომ პარადოქსულად ჟღერს ევროკავშირის სესხზე უარის თქმა. როგორ ფიქრობთ, ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა საქართველოს მომავალზე გადის?

- საერთოდ, ოპოზიცია-პოზიციანა ყურმოჭრილი მონები არიან და გაფაციცებულად ყური აქვთ მიდებული ნებისმიერი ევროპელი ჩინოვნიკის გაფაჩუნებაზე, რომ იქაური ტალღა დაიჭირონ. ეს უკვე ზედმეტობაა. ყურმოჭრილი მონობა ერთია და მეორეა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ასე დაგეშილი მონობა. მონებმა არ იციან, რა არის კარგი, რა არის ცუდი, რა არის ვალი, რა არის დახმარება, ეს ყველაფერი ჩვენში არეულია. ეს აგვირიეს ჩვენ დიდი ხნის წინ, როცა სესხებს დახმარებად ასაღებდნენ. ვითომ პროცენტიან ვალს რომ მოგვცემდნენ, თურმე ძალიან დიდი ბედნიერება ყოფილა ქვეყნისთვის, ყველა ტელევიზია პირველ ამბად აცხადებდა, ახლა დაგვეხმარნენ ინსტიტუციური რეფორმებისთვის, გამოგვიყვეს ამდენი თანხა. გადაგვაყოლეს ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებას, 5 მილიარდი თანხაა მთლიანობაში, ის 5 მილიარდიც გადახდილი გვაქვს და ორი იმდენიც გვაქვს გაღებული იმით, რომ თუნდაც იმავე ავღანეთის მისიაში, ერაყის მისიაში ვმონაწილეობდით ჩვენივე ფულით და ადამიანური მსხვერპლით. გარდა ამისა, აშშ-ს მუდმივად ვეხმარებით ჩვენი ტერიტორიებისა და გეოპოლიტიკური დისკომფორტის ხარჯზე. საინტერესოა, ამ ტვინიკოსებს თუ უნახავთ, რა დაუჯდა შეერთებულ შტატებს ავღანეთი? ასჯერ მეტი დახმარება გაიცემოდა ავღანეთში, ვიდრე ჩვენთან, მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთის მოსახლეობა ჩვენთან შედარებით ათჯერ მეტია. რაც შეეხება შეიარაღებული ძალებისადმი გაწეულ დახმარებას, „ჯაველინებს“ გადაგვაყოლეს, გვეუბნებიან, რომ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და მალე ნატოში მიგვიღებენ. არანაირ ნატოში არავინ არ გვიღებს, უბრალოდ, ცდილობენ, პოლიტიკური ზეგავლენა შეინარჩუნონ ჩვენს ქვეყანაზე.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტს აუხსნიან ამ სესხის დეტალების შესახებ. პრეზიდენტმა არ იცის, რომ ეს სესხია და არა საჩუქარი?

- სალომე ზურაბიშვილის ცოდნის შესახებ საუბარი არა მგონია, რელევანტური იყოს. მისი კანდიდატურის წამოყენების ისტორიაც გვახსოვს, როგორც გვახსოვს მისი წინამორბედი მარგველაშვილის შემთხვევა, ვისი გავლენითაც ხდებოდა ეს ყველაფერი... ისედაც კოვიდთან დაკავშირებულ ისტორიაში რაში ვხარჯავთ ამდენ სესხს, რა ბაქჰანალიაა და ბოლოს როგორ მოგვთხოვენ ამ სესხებს, ესეც არ ვიცით. არადა, როგორ იციან მოთხოვნა, კი ვხედავთ საბერძნეთის და კიდევ სხვა ქვეყნების მაგალითზე. არ ვფიქრობ, რომ დიდი გმირობა ჩაიდინა ღარიბაშვილმა, როცა სესხზე თქვა უარი, ამ იდიოტებს ჰგონიათ, ქვეყნის ვალში ჩავარდნა კარგია. ეს არის ავადმყოფური მიდგომა, რომ ვალის აღება თურმე კარგია, ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანს პროცენტიანი ვალის აღება უნდა უხაროდეს? ეს ვალი ხომ გადასახდელია და, როცა ეს ვალი ცხადდება გამარჯვებად და სესხის მომცემის მხრიდან წყალობად, ეს ხომ ავადმყოფობაა. გამოვიდა ჩვენი დაუძინებელი „მეგობარი“ ჯიმ რიში, ეს საკითხი შესწავლას საჭიროებსო. აღარაფერს ვამბობ კელი დეგნანზე, რომელიც ანეკდოტურ ფიგურად გადაიქცა. საიდან მოგვევლინა ეს ქალი იმ ფონზე, როცა ჯერ შეერთებულ შტატებში ჩატარებული არჩევნებით მთელი მსოფლიოს წინაშე იმის დემონსტრირება მოხდა, რომ იქ არავითარი დემოკრატია არ არსებობს. გარდა ამისა, იმის დემონსტრაციაც მოახდინეს ავღანეთის მაგალითზე, რომ არც ერთ მოკავშირეს მათი იმედი არ უნდა ჰქონდეს. ეს რატომ გააკეთეს და რომელი ძალები იდგნენ ამ სრულიად სამარცხვინო ევაკუაციის უკან, ეს ცალკე საკითხია. ამასთან, სადაც გაუვათ, ჯიუტად ყველგან ცდილობენ ლგბტ თემატიკის დაძალებას. სხვათა შორის, ავღანეთშიც მსგავს პოლიტიკას აწარმოებდნენ, რითაც ჭკუიდან შეშალეს იქაურები, გენდერულ თეორიებს ნერგავდნენ, ქალთა უფლებებს და, როდესაც გამობუნძულდნენ იქიდან და დაუტოვეს 85 მილიარდი დოლარის შეიარაღება თალიბანს, ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, ავღანეთში ქალების უფლებას დავიცავთო, არადა, მიატოვეს თავიანთი მოკავშირეები, დაახლოებით 86 ათასი ადამიანი თანამშრომლობდა ამერიკელებთან და ისინი დაუცველები აღმოჩნდნენ.

გახარიას ფაქტორსაც შევეხოთ. ხომ შეიძლება, გახარიამ სწორედ იმიტომ წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა მერობის კანდიდატად, რომ გახარიამ მესამე ადგილზე ჩააჩოჩოს „ნაციონალების“ კანდიდატი. თუკი ასეთი წყობა, კომბინაცია მივიღეთ ამ არჩევნებზე, ქართული პოლიტიკისა და საქართველოს მომავლისთვის უფრო სასარგებლო არ იქნება, „ნაცმოძრაობა“ აღარ იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა და მისი ადგილი დაიკავოს გახარიას პარტიამ? მთავარი ოპოზიციური ნიშა რატომ უნდა ჰქონდეს ამდენ ხანს დაკავებული „ნაცმოძრაობას“, რომელიც პოლიტიკურ ველზე არავის უშვებს?

- ასეთი კომბინაცია მისაღები იქნება, მაგრამ რეალობა როგორია? ჯერ კიდევ არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო მანქანა, არსებობენ მყარად ჩამოყალიბებული „ნაცმოძრაობის“ მომხრეები, რომლებისთვისაც „ნაცმოძრაობა“ არის აღთქმის გვირაბი, რომლიდანაც ვერ გამოდიან. ჩვენ პოსტსამართლის ეპოქაში ვცხოვრობთ, ადამიანებს თავიანთი კუთვნილება ამა თუ იმ პარტიის მიმართ უფრო მაღალი ჰგონიათ, ვიდრე ამ პარტიის მიერ ჩადენილი ათასნაირი არამზადობა. გახარიას არ აქვს აწყობილი ისეთი პოლიტიკური სტრუქტურა, როგორიც აქვთ „ნაცებს“ წლების განმავლობაში. შესაბამისად, მეორე ადგილზე გახარიას გასვლა შეიძლება უკეთესი იყოს, ვიდრე „ნაცების“ მეორე ადგილზე გასვლა და, საერთოდაც, გახარიას რომ ჩაენაცვლებინა „ნაცები“, კარგი იქნებოდა, თუმცა ამის რეალურ შესაძლებლობას ჯერჯერობით ვერ ვხედავ.

კალაძე-გახარიას ბოლოდროინდელმა შეხვედრამ ხომ არ გაამყარა ვარაუდი იმის შესახებ, რომ კალაძე რჩება ერთადერთ ადამიანად ყოფილ გუნდში, ვისთანაც მიესვლება გახარიას?

- არ მაქვს ინფორმაცია ამ შეხვედრის დეტალების შესახებ, თუმცა კალაძის ამოცანა ისაა, არჩევნები დიდი უპირატესობით, პირველსავე ტურში მოიგოს. გახარია, ამ შემთხვევაში, მისთვის პრობლემაა, რადგან ის გარკვეული რაოდენობის ხმებს მიიზიდავს, ძირითადად ეს ნამდვილად არ იქნება „ნაცმოძრაობის“ ხმები, ეს იქნება „ოცნებაზე“ განაწყენებულთა ხმები. შესაბამისად, როგორი ურთიერთობაც არ უნდა ჰქონოდათ ერთმანეთთან წარსულში გახარიასა და კალაძეს, წმინდა ელექტორალური თვალსაზრისით, კალაძისთვის გახარია დღეს პრობლემას წარმოადგენს. სხვა საკითხია, რა მოლაპარაკებები არსებობს ამის მიღმა გახარია-კალაძეს შორის.

ეთიკური ნორმების დაცვად ხომ უნდა ჩავთვალოთ, რომ გახარია მივიდა მერიაში, კალაძეს თავისი გეგმები აცნობა, რომ აპირებდა მერობისთვის ბრძოლას. კონკურენტები ასე არ იქცევიან, მით უმეტეს, ქართულ პოლიტიკაში ასე დელიკატურად არ იქცევიან.

- რა თქმა უნდა, მათ ადრეც ჰქონდათ ურთიერთობები და ახლაც შეხვდნენ ერთმანეთს, ესეც პოლიტიკაა, გახარიას აქვს თავისი დღის წესრიგი, გასაგებია, რომ ეს ადამიანური მომენტია. შეხვედრა საიდუმლოდ თუ უნდოდათ, ყველანაირად მოახერხებდნენ საიდუმლოების დაცვას, არა მგონია, ეს მათთვის პრობლემა ყოფილიყო.

მათ ალიანსს შორეულ პერსპექტივაში ვერ ხედავთ?

- შეიძლება ეს არის კიდეც შორეული პერსპექტივა, მაგრამ უცნაური იქნებოდა, რომ ეს შორეული პერსპექტივა ასეთი ფორმით დაწყებულიყო, რომ პრობლემა შეექმნა გახარიას კალაძისთვის. მას რომ შეექმნა პრობლემა მელიასთვის, ასეთ შემთხვევაში, გახარიას ფაქტორი უფრო მისაღები იქნებოდა კალაძისთვის. რეალურად, ყველა გამოკითხვით, კალაძეს ნამდვილად აქვს უპირატესობა მელიასთან მიმართებით. გახარიას კი ნამდვილად შეუძლია, 8-10%-ის ფარგლებში კალაძის პოტენციური ამომრჩევლის ხმები წაიღოს.

გახარიას „სიურპრიზის“ შემდეგ მეორე ტურის შესაძლებლობას ხედავთ?

- სხვა კანდიდატებიცაა წარმოდგენილი ამ არჩევნებზე, მაგრამ დაახლოებით 20%-იანია განსხვავება კალაძესა და მელიას შორის. გახარია არის ცნობადი კანდიდატი, ის გარკვეული მიზიდულობის ცენტრს ქმნის უკმაყოფილო ამომრჩეველში. შესაბამისად, მეორე ტურის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა ეს არ არის გარანტირებული, გააჩნია, როგორ ჩაივლის წინასაარჩევნო კამპანია და როგორი მდგომარეობა იქნება ქვეყანაში. კალაძე საყურადღებოა იმით, რომ ის პოზიციონირებს, როგორც ერთგვარად დამოუკიდებლად მდგარი კანდიდატი და პოზიციონირებს „კალაძის გუნდის“ სახელით. თითქოს „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებელია, ის ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკურად წონიანი ფიგურაა, რომ ის თავისთავად არის მძიმე წონოსანი. ამასთან, პოზიციონირებს, როგორც ქალაქის წარმატებული მერი. სხვა საკითხია, არის თუ არა ასეთი. ასეთია მისი პიარი.

თქვენ არ თვლით მას წარმატებულად?

- მე საერთოდ ამ ქვეყანაში რაიმე წარმატებაზე საუბარი უხერხულად მიმაჩნია იმ ფონზე, როგორიც არის. მე უფრო სხვანაირად აღვწერდი რეალობას, მაგრამ, როცა საერთო მენტალური ვითარება ასეთია პოზიციაშიც და ოპოზიციაშიც, როცა რეალობის აღწერა აცდენილია ობიექტურ სურათს, რაშიც გადამწყვეტ როლს ასრულებს მედია, უნდა ვილაპარაკოთ განწყობებზე და არა რეალობაზე.

ამ განწყობებს დაემატება ისიც, რომ ყოფილი პრეზიდენტი  გეგმავს გააქტიურებას ქართულ პოლიტიკაში. საქართველოდან მას შეუთვალეს, რომ ჩვენს შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ საკუთარ თავს ისევ გვთავაზობს. რას უნდა ველოდოთ მისგან?

- სააკაშვილს ტრადიციული გააქტიურება აქვს არჩევნების წინ, ახლაც, ალბათ, იტყვის, რომ საქართველოში ჩამოდის. ტრაგედია ის არის, რომ ეს ადამიანი კვლავ არის ერთ-ერთი ინფლუენსერი ჩვენს პოლიტიკაში. მიუხედავად ათასი სისულელისა და კომპრომატისა, რის გამოც ის არ შეიძლება არსებობდეს პოლიტიკურ ველზე, ის მაინც არსებობს, ჰყავს გავლენიანი მფარველები და, რაც მთავარია, არსებობს ერთი წყება ხალხისა, რომელიც მის მიერ ჩადენილი „გმირობების“ მიუხედავად, კვლავ ფანატიკურადაა მისი ერთგული.

ნაწილობრივ, ეს მისი უსასრულო ფინანსური რესურსითაც შეიძლება აიხსნას, პოლიტიკაში ასე ხანგრძლივად პოზიციონირება, თანაც დისტანციურ რეჟიმში უკრაინიდან, ალბათ, ულევ კაპიტალს უკავშირდება.

- ეს კაპიტალი არც დაილევა. არჩევნების წინ მუდმივად იმუქრება, რომ ჩამოვა საქართველოში, მერე აქედან მუდმივად ემუქრებიან, რომ ჩამოსვლისთანავე დააპატიმრებენ და ასე იწევა ტემპერატურა, რაც „ქართულ ოცნებასაც“ აწყობს.

 

 

 

Katana . „როცა ვალი ცხადდება გამარჯვებად და სესხის მომცემის მხრიდან წყალობად, ეს ავადმყოფობაა.“
- ნამდვილად!
მაგრამ, ამ საიტის გარდა, იშვიათად ვხვდები კომპეტეტნურ ადამიანებს, ვისაც ამგვარ სიმართლე ალაპარაკებენ. ეს ძალიან სამწუხარო მგონია, რადგან პირდაპირ მეტყველებს ჩვენი სუვერენიტეტის ერთობ დაბალ ნიშნულზე.
(საბჭოთა პერიოდში ვერც ერთი სიტყვა ვერ გავიდოდა ეთერში და ვერ გამოქვეყნდებოდა ბეჭდურ მედიაში, "მთავლიტის" (ანუ უშიშროების ცენზორის) ბეჭდის გარეშე...
თუმცა, მთავლიტსაც არ ადგა დიდი ჯაფა, ვინაიდან ყველა ჟურნალისტი თვითონ იყო საკუთარი თავის ცენზორი და ზუსტად იცოდა, რისი დაწერა შეიძლებოდა, რისი -არა.
სამწუხაროდ, დღესაც ამ ვითარებას ვხედავ: კრემლის შიში შეიცვალა კოლექტიური დასავლეთის შიშით, კატასტროფულად შემცირდა რისკზე წამსვლელთა რიცხვი...
3 წლის უკან
ლაზი მევალე რომ ვალის არ აღებისთვის მოვალეს პასუხს მოთხოვს ვერ არის ეს პარტნიორული ურთიერთობა. ვალში ყოლა, მუჭში ყოლაო.
3 წლის უკან
trampi 100 %--იანია
3 წლის უკან