ანტირჩეულიშვილური მოძრაობა პერმანენტულ ხასიათს იძენს

ანტირჩეულიშვილური მოძრაობა პერმანენტულ ხასიათს იძენს

„ცენტრ პოინტისა“ და დაზარალებული მენაშენეების დაპირისპირება უკვე პიკს აღწევს. ათასობით ადამიანი პროტესტის მწვავე ფორმას მიმართავს. კონფლიქტის დასრულების გზა კი, რა თქმა უნდა, არ ჩანს.

დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციამ სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ ოფისთან საპროტესტო აქციას გამართა და ტრადიციულად კომპანიისგან ზარალის ანაზღაურება მოითხოვა.  ასოციაციის წარმომადგენლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მთავარი პროკურატურის მუშაობით და აცხადებდნენ, რომ სამართლიანობის აღდგენა ამ დრომდე არ ხდება.

აქციის მიმდინარეობის დროს „ცენტრ პოინტის“ ოფისში დაზარალებულები შეიჭრნენ და ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოითხოვეს. მათთან გავიდა კომპანიის ერთ-ერთი წარმომადგენელი და რამდენიმე დაზარალებული საკუთარ კაბინეტში შეიყვანა. ამას გარკვეული პროტესტი მოყვა, რადგან აქციის სხვა მონაწილეებიც ითხოვდნენ კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას.

აქციაზე მივიდნენ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლები კახა კუკავა და დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომლებმაც აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და მათ ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდეს. აქციის მიმდინარეობისას „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებმა კომპანიის შენობაზე გააკრეს პლაკატები. ისინი მოითხოვენ „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლების სისხლის სამართებლივ პასუხისგებაში მიცემას, მათი ქონებისა და ფულადი სახსრების დაყადაღებას, შემდგომი რეალიზებისა და შენობების დასრულების მიზნით.

აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ „დექსუსის“ საქმიანობა სამართალდამცავმა ორგანოებმა შეისწავლონ და ეკონომიკის სამინისტროში მოხდეს ქვესტრუქტურის შექმნა, რომელთან ერთადაც „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლების ქონებითა და ფულადი სახსრებით, ასევე სახელმწიფო სახსრებით მოხდება შენობების დასრულება.

დღის ბოლოს „ცენტრ პოინტელებსა“ და დაზარალებულ მენაშენეთა წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება დასრულდა. აქციის მონაწილეებს შეხვდა კომპანიის წარმომადგენელი, დირექტორის მოადგილე ირაკლი დარასელია, რომელიც აქციის მონაწილეებს პრობლემების მოგვარებას დაპირდა. მისი თქმით, დღეიდან დაიწყება პროცედურები და მოხდება საცხოვრებელი ფართების მოქალაქეებისთვის დარეგისტრირება, მათ კი ვისაც თანხა არ სჭირდება, ალტერნატიულ ფართს შესთავაზებენ.

სამშენებლო კომპანიაში აცხადებენ, რომ ვისაც ახალი კონტრაქტი კომპანია „დექსუსთან“ არ აქვს გაფორმებული და აქვს ძველი კონტრაქტი „ცენტრ პოინტთან“, დღგ-ს გადახდა არ მოუწევს, ბინების დარეგისტრირება კი, ეტაპობრივად მოხდება. თუმცა აქციის მონაწილეების თქმით, მათ ამ პირობის არ სჯერათ, რადგან „ცენტრ პოინტი“ მათ მუდმივად ატყუებს.

„ჩვენი მოთხოვნაა, მშენებარე ობიექტის მონიტორინგი დაზარალებულები მობინადრეებისგან განხორციელდეს. არ ვენდობით „ცენტრ-პოინტის“ წარმომადგენლებს, რომლებმაც თაღლითურად მიითვისეს ჩვენი კუთვნილი თანხა და გამოუვალ სიტუაციაში ჩაგვაყენეს.

ასევე არ ვენდობით პროკურატურას, რომელიც შეგნებულად აჭიანურებს პროცესს და კომპანიის ინტერესებს უფრო იცავს, ვიდრე ათასობით გაუბედურებული ადამიანისა. ასეთ ვითარებაში ყოველი წუთი ჩვენს საზიანოდაა. თუ არ ვიმოქმედებთ, საბოლოოდ ფარატინა ქაღალდი შეგვრჩება“, - აცხადებს თემურ ფიფია, „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებული მობინადრეების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი.

დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციის განცხადებით, საპროტესტო აქციები მთავარ პროკურატურასთან პერმანენტულად გაიმართება და იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, არ გამორიცხავენ მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის გადადგომაც მოითხოვონ.

მცირე აქცია მთავარ პროკურატურასთან 10 აპრილსაც გაიმართება, 20 აპრილს კი, დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაცია მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავს. ასოციაციის წევრი ია ღონღაძე ამბობს, რომ შესაძლოა „ცენტრ პოინტის“ კლიენტებმა შიმშილობაც დაიწყონ.