სანამ პანდემია არ დასრულდება, ინვესტიციები ვერ მოიმატებს

სანამ პანდემია არ დასრულდება, ინვესტიციები ვერ მოიმატებს

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ვარდნას განაგრძობს. მეორე კვარტალში კაპიტალდაბანდების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.6%-ით - 234 მლნ დოლარამდე შემცირდა. ამის მიზეზი, პირველ რიგში, პანდემიაა. როგორც ქართველი ბიზესმენები ამტკიცებენ, ბევრ უცხოელ ინვესტორს აქვს ქვეყანაში შემოსვლის სურვილი, მაგრამ უმეტესობა პანდემიის დასასრულს და შეზღუდვების გაუქმებას ელოდება.

ამასობაში მონაცემები სულ უფრო უარსედება. მთლიანობაში წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში სულ 366 მლნ-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა - 11%-ით ნაკლები 2020 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით და ყველაზე ნაკლები 2009 წლის შემდეგ.

მეორე კვარტალში ყველაზე მეტი - 77 მლნ დოლარის ინვესტიცია ბრიტანეთიდან შემოვიდა, 32 მლნ დოლარით მეორე ადგილზე ნიდერლანდებია, სამეულს კი 31 მლნ დოლარით ჩეხეთი ხურავს. ათეულში ასევე მოხვდნენ: იაპონია, თურქეთი, შვეიცარია და მალტა.

დარგების მიხედვით პირველ ადგილზე 82 მლნ-ით საფინანსო სექტორია, ორი კვარტლის ჯამში კი მას 180 მლნ დოლარით ასევე პირველი ადგილი უკავია. 65 მლნ-ით ენერგეტიკა მეორე ადგილზე გავიდა, 2 კვარტლის ჯამში კი სფეროში ინვესტირების მოცულობამ 106 მლნ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 13-ჯერ აღემატება. გაზრდილია დამამუშავებელი მრეწველობითა და უძრავი ქონებით დაინტერესებაც.

„ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტს გრუპის“ მმართველი პარტნიორის, გუგა ცანავას აზრით, მიუხედავად იმისა, რომ უკვე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები უკვე არსებობს და ვირუსიც მეტად შესწავლილია, კოვიდ-19 იმდენად რთული ინფექცია აღმოჩნდა, რომ მთელ მსოფლიოში მძიმე სიტუაციაა, რაც ბიზნესკომუნიკაციას და საქმიანობას აფერხებს.

„ბრენდების 50%-თან ხელი მოწერილი გვაქვს ხელშეკრულებაზე, მაგრამ თავისუფლად შეიძლებოდა, ეს მაჩვენებელი 70% ყოფილიყო. ბრენდების 20%-თან შეთანხმება მხოლოდ იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ პანდემია მოლაპარაკებებში ხელს გვიშლიდა. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ-ჩართვები სულ იყო, ხალხი მაინც მიჩვეულია ფიზიკურ კომუნიკაციას, პირად საუბრებს. ზოგიერთი ოფისიც საერთოდ დაკეტილიც იყო“, - განაცხადა „ბიზნეს მედიასთან“ გუგა ცანავამ და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი, რაც ინვესტორებს თავშეკავებისკენ უბიძგებს მთელ მსოფლიოში დაწესებული შეზღუდვებია.

„გადაზიდვების ღირებულება გაიზარდა 500%-ით; როცა ტანსპორტირება ძვირდება და რეგულაციები მკაცრდება, შემავალი პროდუქტების ფასები მთელ მსოფლიოში ძვირდება და საქართველომ რა უნდა გააკეთოს?! როგორი მთავრობაც არ უნდა მოიყვანო, სულ რომ საზოგადოებრივი აზრის ლიდერები ჩამოიყვანო, ფიზიკურად შეუძლებელია აგრესიული ინვესტიცირება.

თვენახევრის წინ ამირჩიეს ერთ-ერთი დიდი ამერიკული კომპანიის ბორდში. ძალიან გვინდა რეგიონში და კერძოდ, საქართველოში ინვესტიციის შემოტანა. ეს კომპანია არის დაკომპლექტებული ხალხით, ვინც ამინდს ქმნის მთელ მსოფლიოში. მიუხედავად დიდი სურვილისა, ყველას აქვს ერთი მოსაზრება - დაველოდოთ პანდემიის დასრულებას და რეგულაციების შემსუბუქებას“, - განმარტავს ბიზნესმენი.

მსოფლიოში არსებული სირთულეების არ სჯერა ზოგიერთ სპეცალისტს. მაგალითად, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ირიბად მთავრობის გადადგომას ითხოვს.

„კოალიციური მთავრობა გვყავდეს და ინვესტიციების ასეთი კატასტროფული მაჩვენებელი გამოქვეყნდეს, რა მოხდებოდა? მინიმუმ ეკონომიკური ბლოკის და მაქსიმუმ მთავრობის უნდობლობის საკითხი დადგებოდა მყისიერად, იმიტომ რომ არც ერთი თავმოყვარე პარტია ასეთ მონაცემებზე პასუხისგებლობას არ აიღებდა. ასეც უნდა ხდებოდეს, თუ განვითარება გვინდა“, - დაწერა ქადაგიძემ.

აღსანიშნავია, რომ მეორე კვარტალში რეინვესტირების მაჩვენებელმა 190 მლნ დოლარს, ანუ 81%-ს გადააჭარბა, სააქციო კაპიტალი კი მხოლოდ 34 მლნ დოლარი იყო, რაც მხოლოდ 14%-ს უტოლდება.